სოციალური მუშაკები და სოციალური ცვლილება (სოციალურ მუშაკთა კავშირი, 2024)

Კითხვის დრო: 2 წუთი
Social Workers’ Union

სოციალური სამუშაო დიდი ხანია აღიარებულია, როგორც პროფესია, რომელიც ფემინისტურ პრინციპებს და ღირებულებებს ეფუძნება. მას ისტორიულად ქალები უძღვებიან და ახასიათებს ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებების ადვოკატირება, განსაკუთრებით დასავლეთში.

თუმცა, საქართველოში სოციალური მუშაკები მრავალ გამოწვევას აწყდებიან, რაც ხელს უშლის როგორც მათ პროფესიულ ზრდას, ასევე საკუთარი თავისა და ბენეფიციარებისთვის ადვოკატირების და მოწყვლადი ჯგუფების ეფექტურად მხარდაჭერის შესაძლებლობას. ეს დაბრკოლებები არის როგორც ინსტიტუციური, ისე არაინსტიტუციური ხასიათის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა არაადეკვატური ანაზღაურება, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია, ინტერსექციური დისკრიმინაცია, პოლიტიკის შემუშავების პროცესებზე შეზღუდული წვდომა. ეს და სხვა ფაქტორები აფერხებს საქართველოში სოციალური მუშაკების უნარს, სრულად გამოავლინონ თავიანთი პროფესიული პოტენციალი.

კონფერენცია „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილების პროცესში“ პირველია საქართველოში, რომელიც შეეხო სოციალური მუშაკების წინაშე ადვოკატირების პროცესში არსებულ გამოწვევებს. მისი ფოკუსი იყო პოლიტიკის რეფორმაში სოციალური მუშაკების კრიტიკული როლის ხაზგასმა და ამ პროცესში ჩართულობის გზების შესახებ დისკუსია. ჰიბრიდულმა ღონისძიებამ თავი მოუყარა სოციალურ მუშაკებს საქართველოს მასშტაბით, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი გამოცდილებებისა და პერსპექტივების გაცვლას. კონფერენციის დროს განხილული იყო შემდეგი ძირითადი თემები:

  1. სოციალური მუშაკების ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში;
  2. სოციალური სერვისების განვითარების/გაუმჯობესების ადვოკატირება;
  3. პროფკავშირული საქმიანობა და შრომითი უფლებების ადვოკატირება;
  4. სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივები.

გარდა ამისა, ღია კონკურსის საშუალებით შეირჩა ოთხი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეხებოდა კონფერენციის ძირითად თემებს. ავტორებმა ნაშრომები კონფერენციაზე წარმოადგინეს. სტატიები გამოქვეყნდა Google Scholar-ზე, რაც უზრუნველყოფს მათ ფართო და ღია ხელმისაწვდომობას აკადემიური წრეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის.