ანტი-ლგბტქ რიტორიკა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული შემობრუნების ძირითად ნაწილად იქცა. როგორ ეხმარება ანტი-ლგბტქ განცხადებები და პოლიტიკა ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და როგორ მუშაობს ეს სტრატეგია?

შესავალი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულმა შემობრუნებამ ბევრის ყურადღება მიიქცია. პარტიამ, რომელიც თვითგამოცხადებული მემარცხენე-ცენტრისტული პლატფორმით მოვიდა ხელისუფლებაში, საკუთარი იდეოლოგია 180 გრადუსით შემოატრიალა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობების იდეოლოგია შეითავსა. ამ შემოტრიალების ძირითადი ნაწილი ანტი-ლგბტქ განწყობას ეფუძნება, რომელიც ქართული ოცნების რიტორიკაში უფრო და უფრო მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. ეს ცვლილება, რომელიც პარტიის ადრინდელ რიტორიკასა და პოლიტიკას ეწინააღმდეგება, თავად ქართულ ოცნებასაც ულტრამემარჯვენე პარტიად აქცევს.
როგორ ეხმარება ანტი-ლგბტქ განცხადებები და პოლიტიკა ქართულ ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და როგორ მუშაობს ეს სტრატეგია? თავისი 12-წლიანი მმართველობის პერიოდში, ქართულმა ოცნებამ ისწავლა, რომ ულტრამემარჯვენე იდეების შეთავსება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოზიდვის ეფექტიანი საშუალებაა. ეს სტრატეგია ორ ეტაპად მუშაობს: პირველი ეტაპია მტკიცება, რომ პარტია „ხალხს“ წარმოადგენს და მას იცავს „მტრებისაგან“, რომლებიც საზოგადოებაში პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევენ. მეორე ეტაპი კი ძალაუფლების კონსოლიდაციაა, რაც, პარტიის თქმით, ხალხის დაცვისთვის არის აუცილებელი. ამ სტრატეგიით, ქართული ოცნება ამარტივებს კომპლექსურ საკითხებს, თავიდან ირიდებს საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებლობას და იხვეჭს პოლიტიკურ ძალაუფლებას.
„ხალხის“ განმარტება: ნატივიზმი და ულტრამემარჯვენე იდეოლოგია
ანტიდემოკრატიული შემობრუნების პროცესში, ქართული ოცნება ევროპული და სხვა ულტრამემარჯვენე პარტიების კარგად ნაცად პრაქტიკას ეყრდნობა. მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ, ულტრამემარჯვენე პარტიები ცდილობდნენ, საკუთარი რეპუტაცია გამოესწორებინათ, რისთვისაც ემიჯნებოდნენ ნაცისტურ პარტიას და თავს უფრო ზომიერ პოლიტიკურ მოთამაშეებად წარმოაჩენდნენ. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ანტიდემოკრატიული ხასიათის შენიღბვა იყო, რასაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ენის გამოყენებით ცდილობდნენ. დემოკრატიული მმართველობა თავისთავად გულისხმობს ხალხის წარმომადგენლობას. შესაბამისად, ფართოდ გავრცელდა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ულტრამემარჯვენე აქტორები ავიწროებდნენ „ხალხის“ განსაზღვრებას და შემდეგ თავს ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად ასაღებდნენ.
ეს სტრატეგია ნატივისტურ შეხედულებებს ეფუძნება, რომლებიც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის განუყოფელი ნაწილია. ნატივიზმი ნაციონალიზმის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც საზოგადოებას ორ ჯგუფად ჰყოფს: ერთია „ხალხი“, ანუ „ჩვენ“, რომლებიც საზოგადოების კუთვნილ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მეორეა „მტრები“, ანუ „ისინი“, რომელთა ადგილიც საზოგადოებაში არ არის. ულტრამემარჯვენე იდეოლოგია ამ ორივე ჯგუფს წარმოაჩენს, როგორც ერთგვაროვანსა და ერთმანეთთან დაპირისპირებულს და შემდეგ ამტკიცებს, რომ თავად „ხალხს“ წარმოადგენს და მას „მტრებისაგან“ იცავს.
ამ ორი ჯგუფის გამიჯვნა, კონტექსტის მიხედვით, სხვადასხვა ფორმას იღებს და შეიძლება ეყრდნობოდეს ადამიანის იდენტობის სხვადასხვა ნაწილს, მაგალითად, გენდერს, სექსუალობას, რელიგიას, ეთნიკურ კუთვნილებას და ა.შ. ყველა, ვინც „ხალხის“ ვიწრო განმარტებაში არ ჯდება, ერისათვის უცხოა, „მტერია“, შესაბამისად, მისი ადგილი საზოგადოებაში არ არის. ეს ორი ჯგუფი, ანუ, ერთი მხრივ, „ხალხი“ და, მეორე მხრივ, მისი „მტრები“ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა საკითხებია მნიშვნელოვანი კონკრეტულ კონტექსტში. შესაბამისად, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიამ შეიძლება ხაზი გაუსვას სხვადასხვა მახასიათებელს ან მათ კომბინაციას. მაგალითად, ინდური ჰინდუტვა მოძრაობისათვის, ეს ნიშნავს დაპირისპირებას ჰინდუებსა და მუსლიმებს შორის, უკრაინული ულტრამემარჯვენე მოძრაობისათვის – რუსების მოწინააღმდეგეებსა და პრორუსებს შორის, უნგრული ულტრამემარჯვენე მოძრაობისათვის – ეთნიკურ უნგრელებსა და რომა უმცირესობას შორის, გერმანული ულტრამემარჯვენე მოძრაობისათვის – თეთრკანიან გერმანელებსა და მუსლიმ იმიგრანტებს შორის, ხოლო რუსული ულტრამემარჯვენე მოძრაობისათვის – რუსებსა და „დასავლეთს“ შორის. ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფებისათვის ეს ორი ჯგუფი მოიცავს ჰეტეროსექსუალ ქართველებსა და ლგბტქ ადამიანებს. შესაბამისად, ჰეტეროსექსუალი ქართველები „ხალხს“ მიეკუთვნებიან, ლგბტქ ადამიანები კი მათ „მტრებად“ არიან წარმოჩენილი.
კონტექსტის განსხვავებების მიღმა, ულტრამემარჯვენე მოძრაობა, როგორც წესი, ემხრობატრადიციულ გენდერულ როლებსა და ჰეტეროსექსუალობას. ამ იდეოლოგიის მიხედვით, ოჯახი, რომელიც ვიწროდ განიმარტება, როგორც მამის, დედისა და მათი შვილებისაგან შემდგარი ერთეული, ერის, ანუ „ხალხის“ სტაბილურობისა და გამრავლების საფუძველია. შესაბამისად, ყველა და ყველაფერი, რაც ამ ვიწრო განმარტების მიღმა ექცევა – გეი წყვილი, ტრანს ადამიანი, უშვილო ქალი, ან დედა, რომელიც მუშაობს – „უცხოდ“ მიიჩნევა, რადგან მათი არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ერთგვაროვანი, მუდმივად გამრავლებადი ერის იდეას. ამის გამო, ულტრამემარჯვენე მოძრაობები ხშირად იბრძვიან ლგბტქ უფლებების, აბორტის უფლებისა და ფემინიზმის წინააღმდეგ.
„ხალხი“ ქართულ კონტექსტში
ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების განმარტებით, „ხალხი“ ძირითადად მოიცავს სისგენდერ, ჰეტეროსექსუალ ადამიანებს, ეთნიკურ ქართველებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მათ, ვისაც ჰეტერონორმატიული ოჯახი აქვთ და შვილები ჰყავთ. ეს მახასიათებლები, როგორც წესი, ერთიანდება, როგორც საზოგადოების ღირსეული წევრის საუკეთესო მაგალითი. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გენდერი და სექსუალობა ულტრამემარჯვენე ჯგუფების დღის წესრიგში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ბოლო ათწლეულზე მეტია, ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად მობილიზდებიან ოჯახებისა და ბავშვების „დასაცავად“ ლგბტქ ადამიანებისაგან, რომლებსაც საფრთხედ წარმოაჩენენ.
შედეგად, ანტი-ლგბტქ პროტესტი ის საკითხია, რომელიც ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ყველაზე ხშირად აერთიანებს. ამის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მასშტაბური მაგალითი 2013 წლის 17 მაისი იყო, როდესაც ათასობით ადამიანი თავს დაესხა მცირე ჯგუფს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა. ანტი-ლგბტქ პროტესტი ასევე მიემართება ხოლმე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებს, ფილმის ჩვენებებს, ფესტივალებსა და ცისარტყელას დროშისგამოფენასაც კი. ულტრამემარჯვენე აქტივისტები ასევე ხშირად ესხმიან თავს მათ, ვისაც ლგბტქ თემის მხარდამჭერად მიიჩნევენ, მაგალითად, ფეხბურთელ გურამ კაშიას, რომელსაც საზღვარგარეთ, როცა ნიდერლანდური გუნდისთვის თამაშობდა, ცისარტყელას სამკლავური ეკეთა.
ლგბტქ თემის წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზაციამ ეს თემი ქართული ოცნებისათვის მიმზიდველ განტევების ვაცად აქცია. ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში, პარტიამ ისწავლა, რომ ულტრამემარჯვენე მოძრაობისაგან ანტი-ლგბტქ იდეების მითვისება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების ეფექტიანი საშუალებაა.
შედეგად, ქართულმა ოცნებამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებისაგან თანდათან მიითვისა „ხალხის“ ვიწრო განსაზღვრება. შესაბამისად, მის რიტორიკაში „ხალხი“ ძირითადად ჰეტეროსექსუალ ოჯახებს (მამა, დედა, შვილები) გულისხმობს. ყველა, ვინც ამ ჯგუფის გარეთ რჩება, „მტრად“ მოიაზრება. ლგბტქ ადამიანების გარდა, ეს ასევე მოიცავს მათაც, ვინც ლგბტქ თანასწორობას ემხრობა და უფრო ზოგადად, მათ, ვინც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება.
ნატივიზმი სიტყვებსა და საქმეში
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ოცნება იმ პარტიებს შორის ლიდერობს, ვინც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად იყენებს და მხოლოდ ღიად ულტრამემარჯვენე პარტიებს, პატრიოტთა ალიანსსა და კონსერვატიულ მოძრაობას ჩამორჩება. მაგალითად, 2019 წელს, თბილისი პრაიდის წინა პერიოდში, ქართული ოცნების წევრმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი“ პრაიდს არ დაუშვებდა. 2021 წელს, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება „მიზანშეუწონელი“ იყო, რადგან მას „ხალხი“ ეწინააღმდეგებოდა. 2023 წელს, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას, მაშინდელმა პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ დაიცავდა „უმრავლესობას“, რომელიც ქორწინებას ქალსა და კაცს შორის ერთობად მოიაზრებს და არა მათ, ვინც „ლგბტ პროპაგანდას“ ეწევა. ამგვარ განცხადებებში, ქართული ოცნება ჰეტეროსექსუალ ოჯახებს წარმოაჩენს როგორც უმრავლესობას, იმ „ხალხს“, რომელსაც პარტია წარმოადგენს და იცავს. ეს განმარტება კი თავისთავად გამორიცხავს ლგბტქ ადამიანებს და მათ მტრებად რაცხს. ეს რიტორიკა ოჯახების უფლებების დაცვასა და ლგბტქ ადამიანების არსებობას ურთიერთგამომრიცხავად წარმოაჩენს.
ქართული ოცნების ნატივისტური შემობრუნება პარტიის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ინიციატივებშიც ჩანს. ჯერ კიდევ 2017 წელს, პარლამენტმა ფაქტობრივად აკრძალა გეი ქორწინება (რომელიც არც მანამდე ყოფილა ლეგალური), როდესაც კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებად ქალისა და კაცის ერთობლიობა განისაზღვრა. 2024 წელს, პარტიამ გადადგა ლგბტქ უფლებების უპრეცედენტოდ შემზღუდველი ნაბიჯი, როდესაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მიიღო. ამ კანონმა ფაქტობრივად აკრძალა ერთნაირსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანა, აფირმაციული ზრუნვა, ანუ ბიოლოგიური სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ოპერაციები და მედიაში ლგბტქ ადამიანების წარმოჩენა.
„ხალხის“ დაცვა
„ხალხსა“ და „მტრებს“ შორის ხაზის გავლება ეფექტიანი სტრატეგიაა არა მხოლოდ ულტრამემარჯვენე, არამედ სხვა პარტიებისთვისაც, რომლებიც იდეოლოგიურად მემარჯვენეობისაკენ იხრებიან, რათა ულტრამემარჯვენე პარტიებს მომხრეები წაართვან. ამის მაგალითები გვინახავს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, უნგრეთი, თურქეთი, ბრაზილია დარუსეთი, სადაც ულტრამემარჯვენე იდეები ხელისუფლებაში მყოფ პარტიებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და მის კონსოლიდაციაში ეხმარება. ულტრამემარჯვენე სტრატეგიაში, რომელსაც ქართული ოცნება მიჰყვება, „მტრების“ განსაზღვრება და მათი დადანაშაულება ეფექტიანი მეთოდია, რადგან ის ერთდროულად ემსახურება სამ მიზანს: პრობლემების გამარტივებას, პასუხისმგებლობის არიდებასა და ძალაუფლების კონსოლიდაციას.
გამარტივება
საზოგადოების ორ ჯგუფად – „ხალხად“ და მის „მტრებად“ – გაყოფით, ულტრამემარჯვენე აქტორები ამარტივებენ რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ქართული ოცნების მიხედვით, საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემა „მტრებამდე“ მიდის. „მტრები“ ამ კონტექსტში ლგბტქ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს მოიცავს. ამგვარი მტრის ხატის შექმნა ქართულ ოცნებას ქართულ საზოგადოებაში არსებული პრობლემებიდან, რომელთა ძირითადი ნაწილიც ეკონომიკურია, ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევს. როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უკვე წლებია, აჩვენებს, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბე, უმუშევრობა და ფასების ზრდა აწუხებს. ოჯახები გაჭირვებაში ცხოვრობენ, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვალი აქვს, 90%-ს კი დანაზოგი არ გააჩნია. ქართული ოცნების ულტრამემარჯვენე რიტორიკა ამ პრობლემებს ამარტივებს და მათგან ყურადღება გადააქვს არარსებულ პრობლემებზე, რომლებსაც, მისი თქმით, „მტრები“ ქმნიან. ამგვარად, ქართულ ოცნებას აქვს საშუალება, თვალი აარიდოს იმ ოჯახების რეალურ პრობლემებს, რომლებსაც თითქოსდა წარმოადგენს: საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ქალთა მიმართ ძალადობა, ბავშვები კი ხშირად არიან ნაადრევიქორწინების, ძალადობისა და პედოფილიის მსხვერპლები, მათ შორის, მართლმადიდებელეკლესიაში. ამ კონტექსტში, ლგბტქ უფლებებთან ბრძოლა ერთადერთ მიზანს ემსახურება: საზოგადოებაში არსებული რეალური საჭიროებებისაგან ყურადღების გადატანასა და იმ პრობლემების გამარტივებას, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან ყურადღება ესაჭიროება.
პასუხისმგებლობის არიდება
ამასთან, კონკრეტული მტრის ხატის შექმნა ქართულ ოცნებას პასუხისმგებლობის არიდებაში ეხმარება. საზოგადოებაში არსებულ რთულ პრობლემებს კომპლექსური გადაჭრა ესაჭიროება, კონკრეტულ და მარტივ „მტრებს“ კი შეგიძლია, მარტივი მეთოდებით ებრძოლო. შესაბამისად, იმასთან ბრძოლა, რასაც ქართული ოცნება „ლგბტ პროპაგანდას“ უწოდებს, მას რეალურად აძლევს საშუალებას, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს. ამის ნაცვლად, მას შეუძლია დაიბრალოს, რომ „ხალხზე“ ზრუნავს და მათ „მტრებისაგან“ იცავს ისეთი საშუალებებით, როგორიც ანტი-ლგბტქ კანონია. ამდენად, ულტრამემარჯვენე გადახვევა ქართულ ოცნებას თავისი ძირითადი მიზნის, პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებაში და კონსოლიდაციაში ეხმარება. ნატივიზმთან ერთად, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ძირითადი ნაწილია ავტორიტარიზმი, რაც ავტორიტეტის, იერარქიის, კანონის სიმკაცრისა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის რწმენას მოიცავს. ავტორიტარული გადმოსახედიდან, ყველაფერი, რაც „ნორმის“ ფარგლებს გარეთაა, მკაცრად უნდა დაისაჯოს. ეს შეიძლება მოიცავდეს ძლიერ ხელისუფლებას და მკაცრ სასჯელებს მათ მიმართ, ვინც ხელისუფლებას დაუპირისპირდება, მით უფრო მათ, ვისაც ხელისუფლება „მტრებად“ მოიაზრებს.
ძალაუფლების კონსოლიდაცია
საზოგადოების ორ ჯგუფად გაყოფა ქართულ ოცნებას არა მარტო არსებული პრობლემების გამარტივებისა და პასუხისმგებლობის არიდების, არამედ ძალაუფლების კონსოლიდაციის საშუალებასაც აძლევს. ეს ყველაფერი „ხალხის“ სახელით ხდება, რის შედეგადაც ქართული ოცნება საკუთარ თავს ლეგიტიმაციას აძლევს. შესაბამისად, „მტრების“ სია მოიცავს არა მხოლოდ ლგბტქ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ ზოგადად, ყველას, ვინც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება ან არ ეთანხმება. ეს ახალი სტრატეგია არაა: ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქართული ოცნება რეგულარულად ცდილობს, თავისი ოპონენტები ლგბტქ ჭრილში წარმოაჩინოს (რომლის ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმა მათი „პედერასტებად“ მონიშვნაა): ამის მაგალითი იყო ხელისუფლების რეაქცია 2018 წელს კლუბ „ბასიანში“ პოლიციის შეჭრის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 2019 წელს სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 2020 წელს არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციაზე, 2021 წელს ქართული ოცნების მიერ პრაიდის დაცვაზე უარის საპროტესტო აქციაზე, 2022 წელს უკრაინის ომის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების საპროტესტო აქციაზე, 2023 წელს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე და ბოლოს, 2024-25 წლებში, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აქციებზე.
ნატივიზმი, როგორც სტრატეგია
შესაბამისად, ქართული ოცნების ულტრამემარჯვენე შემობრუნება არა იდეოლოგიური, არამედ – სტრატეგიული ნაბიჯია. მისი მიზანი პრობლემების გამარტივება, პასუხისმგებლობის არიდება და პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია და შენარჩუნებაა. როგორც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული განსაკუთრებით მკაცრი კანონები აჩვენებს, პარტიის მიზანი კრიტიკის ჩახშობაა, რასაც იგი „მტრებისაგან“ „ხალხის“ დაცვის მოტივით გაამართლებს. ეს მიდგომა კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა ქართული ოცნება საქართველოს რუსეთისათვის ჩაბარებას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, დაუფიქრებლად უპასუხა: „აბა, “პიდარასტებს” უნდა ჩავაბაროთ?“