ცვლილების მანდატით: შეძლებს თუ არა საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს ეფექტურ თავმჯდომარეობას?

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურული თვითმყოფადობისთვის თამადობა – ტრადიციული  ცერემონიების გაძღოლა – სიახლე არ არის, ენერგეტიკული გარდაქმნის გზაზე მდგარ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მეთაურობა პირველად მოუწევს. მაგრამ რას ნიშნავს ეს პრეზიდენტობა რეალურად? მხოლოდ ცერემონიული როლია თუ საქართველოსთვის რეალური გავლენის მიმნიჭებელი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე? შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ ახალ როლში რეგიონული თანამშრომლობის გაძღოლას, საკუთარი შიდა პოლიტიკური გამოწვევებისა და ევროკავშირთან არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით? იქცევა კი ეს პრეზიდენტობა სტრატეგიული ლიდერობის მომენტად, რაც ასე ძალიან ესაჭიროება ქვეყანას წლების განმავლობაში შეჩერებული რეფორმების და  ევროპული კურსისადმი ბოლოდროინდელი სკეპტიციზმის ფონზე?

Energy with flags

ენერგეტიკული გაერთიანება 101

ენერგეტიკული გაერთიანება (EnC) მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროკავშირის რეგიონული ენერგეტიკული ინიციატივა. ის უკვე წარმატებული ექსპერიმენტია, რაც უპირატესად ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნაში გამოიხატება. ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ 2005 წელს დადებული ხელშეკრულებით (EnCT), გაერთიანების ძირითადი მისიაა შექმნას ენერგეტიკისა და კლიმატის რეგულირების ერთიანი სივრცე ევროავშირის ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი, დეკარბონიზაციისა და კონკურენციის შესახებ კანონების ევროკავშირის საზღვრებს მიღმა გაფართოების გზით.

თავდაპირველად დასავლეთ ბალკანეთზე ფოკუსირებული გაერთიანება გაფართოვდა და მოიცვა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რითაც გაღრმავდა მისი გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. დღეს EnC ერთიან ჩარჩოში აქცევს ცხრა ხელმომწერ მხარეს, რომელთაგან ბევრი ყოფილი ე.წ. აღმოსავლური ბლოკის ნაწილია, და მიზნად ისახავს მარეგულირებელ რეფორმებს, ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონულ თანამშრომლობას1.

EnC-ს უნიკალურს ხდის მისი ჰიბრიდული ნორმატიული წესრიგი, რომელიც შექმნილია ევროავშირის სამართლის, ენერგეტიკული გაერთიანების სამართლისა და წევრი ქვეყნების შიდა კანონმდებლობებს შორის სამართლებრივი დაახლოების წასახალისებლად2. ამ მოდელის მეშვეობით, EnC ხელს უწყობს სრულად ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნას, რომელსაც განამტკიცებს საერთო წესები კონკურენციის, ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და მდგრადობის სფეროებში (რაც, ამავდროულად, ემსახურება ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის სამმაგ მიზნებს3).

ნამდვილი ძალაუფლების ადგილი: მინისტრთა საბჭო (და მისი თავმჯდომარეობა)

ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუციური ჩარჩოს შუაგულში, რომელიც თავად გაერთიანებისთვის სამართლიანად არის საამაყო მონაპოვარი, დგას მინისტრთა საბჭო – უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. იგი შედგება ხელმომწერ მხარეთა მთავრობების მინისტრებისა და ევროკავშირის წარმომადგენლისგან. საბჭო იღებს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს, განსაზღვრავს სტრატეგიულ პრიორიტეტებს და მეთვალყურეობს გაერთიანების სამართლებრივ და პოლიტიკურ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ენერგეტიკულ გაერთიანებასთან არსებული ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეობა, ყოველწლიურად, პროცედურული აქტით დადგენილი თანმიმდევრობის მიხედვით, მორიგეობით გადადის ხელმომწერ მხარეებზე. თავმჯდომარე ქვეყანა იწვევს და მასპინძლობს მინისტრთა საბჭოს სესიებს, რომელთაც სამდივნო ამზადებს. ეს უკანასკნელი ასევე ადგენს დღის წესრიგს და  მხარეებს რთულ სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევაში ეხმარება4.

მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეობა მასპინძელ ქვეყანას არ ანიჭებს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ის მას შესაძლებლობას აძლევს, დღის წესრიგის განსაზღვრისა დასხდომების მოწვევის მეშვეობით გავლენა მოახდინოს პოლიტიკის მიმართულებებზე და წარმოაჩინოს საკუთარი რეგიონული ხილვადობა ევროპულ ენერგო დიპლომატიაში. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თავმჯდომარეობა ხელმომწერ მხარეს აძლევს შანსს, „თამაშის წესების მიმღებიდან“ რეგიონულ ლიდერად იქცეს, რომელიც წამოიწყებს და განსაზღვრავს დისკუსიებს რეალურ ენერგეტიკულ რეფორმებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ამის გარდა, ოფიციალური შეხვედრების საკუთარ ტერიტორიაზე მასპინძლობის პრივილეგია ქმნის სივრცეს არა მხოლოდ სტრატეგიული ლიდერობისთვის, არამედ ეროვნული იდენტობის რბილი ფორმით გამოხატვისთვისაც. ენერგეტიკის პოლიტიკაშიც კი, კარგად პოზიციონირებად თამადას ნამდვილად შეუძლია, დისკუსიის მიმართულება არა მხოლოდ ფორმალური არხებით განსაზღვროს, არამედ დიპლომატიის კულტურული ნიუანსებიც გამოიყენოს.

ფოკუსი საქართველოზე: ნდობის საკითხი გადამწყვეტია

ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობა დიპლომატიური მიღწევაა, ის ასევე არის ლაკმუსის ტესტი ქვეყნის პოლიტიკურ ნებასა და რეფორმების განხორციელების უნარიანობაზე. თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას,ჩამოაყალიბოს რეგიონული ენერგეტიკული პრიორიტეტები და წამოწიოს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა, რეგიონული ინტეგრაცია და მწვანე გარდაქმნა.

თუმცა, ამ შესაძლებლობას, ასევე, მოაქვს უზარმაზარი ზეწოლა და გაზრდილი ყურადღება ქვეყნის მიმართ. მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ხუთი დავის გადაწყვეტის პროცედურა – რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიას, ნავთობს, გაზს და განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის5არასათანადო გადმოტანა ეროვნულ კანონმდებლობაში – აკნინებს ნდობას, რომ საქართველო რეფორმების წარმმართველი იქნება. თავმჯდომარეობა არც იმუნიტეტს იძლევა. პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს მოლოდინი, რომ ეს დავები სწრაფად გადაიჭრას.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში ინტეგრირებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების მაჩვენებელი მხოლოდ 52%-ია, რაც ხელშესახები პროგრესის საჭიროებას მკაფიოდ უსვამს ხაზს6. ამიტომ, იმისათვის, რომ თავმჯდომარეობა არ დარჩეს მხოლოდ სიმბოლურ ჟესტად, საქართველომ უნდა აჩვენოს პროაქტიული ლიდერობა – აწარმოოს ჩართულობაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესები, დააჩქაროს ენერგეტიკული სამართლებრივი ჩარჩოს იმპლემენტაცია და დაადგინოს მკაფიო ვადები ახალი კანონმდებლობის მიღებისთვის, განსაკუთრებით ბაზრის ინტეგრაციის, დეკარბონიზაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და რეგულაციური მმართველობის მიმართულებებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩართულობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესების ინიციირება პოლიტიკურ და ინსტიტუციურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თავმჯდომარეობა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომკანონმდებლები და საერთაშორისო პარტნიორები გაერთიანდნენ საერთო მიზნების გარშემო. ესშესაძლებელია როგორც ეროვნული არაოფიციალური ინიციატივებით, ასევე ენერგეტიკული გაერთიანებისმინისტრთა საბჭოს ფორმალური სტრუქტურებით. თავმჯდომარე ქვეყნად ყოფნისას, საქართველოს აქვსუფლება განსაზღვროს დღის წესრიგი და უმასპინძლოს მინისტრთა საბჭოს სხდომას, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წარმომადგენლები, ხელმომწერი ქვეყნები და ძირითადიდამკვირვებლები.

თუმცა უნდა ითქვას, რომ თავმჯდომარეობა ქვეყანას ავტომატურად არ ანიჭებს დამატებით უპირატესობებს საშინაო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის. რეფორმების მიღწევა და იმპლემენტაცია კვლავაც რჩება რთულ ამოცანად ევროკავშირის და მისი ინსტიტუტების უწყვეტი პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. ენერგეტიკული გაერთიანება შეიძლება გახდეს ამ პროცესის ხელშემწყობი, მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება საქართველოს მზადყოფნაზე, აქტიურად და სრულად დაიცვას ევროპული ნორმები.

გამოყენებული თუ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა?

საშინაო პოლიტიკური გაურკვევლობისა და ევროკავშირი-საქართველოს გაწევრიანების პროცესის განზრახ შენელების ფონზე, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 2025 წლის თავმჯდომარეობა შესაძლოა საქართველოსთვის იყოს ერთ-ერთი სტრატეგიული საშუალებაც, რათა კვლავ დაუკავშირდეს საერთაშორისო პარტნიორებს. ბოლო პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერებმა შეიძლება მოინდომონ ნდობის ხელახლა მოპოვება საერთაშორისო არენაზე. ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც დამყარებულია წესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე, ამისთვის პოლიტიკურად შედარებით ნაკლებად „დატვირთულ“, მაგრამ ხილვად პლატფორმას ქმნის. ამას გარდა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან ინტეგრაციას, თავმჯდომარეობა შეიძლება იქცეს შესაძლებლობად, ეროვნული ამბიციები ხელახლა დაუკავშირდეს ევროპულ ხედვას – ენერგეტიკა იქცეს ერთიანობის ხიდად საზოგადოების მკაფიო ნებასა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.

საინტერესოა, ენერგეტიკული გაერთიანება თუ ხედავს ამ შესაძლებლობას? გამოწვევების მიუხედავად, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ შეიძლება განაგრძოს საქართველოსთვის ხელშესახები ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სტიმულების შეთავაზება, რაც ეფუძნება ორივე მხარის საერთო ვალდებულებას, გააძლიერონ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარება. უდავოა, რომ ენერგეტიკის სექტორში პროგრესი ბოლო წლებშიც შეინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მოდერნიზაციის კუთხით კვლავაც ჩამორჩენილია – ინფრასტრუქტურა მოძველებულია, მარეგულირებელი ჩარჩო ხარვეზიანია, ხოლო მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციები ნაკლებია – ქვეყანამ ევროკავშირის ენერგეტიკულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გარკვეული პროგრესი აჩვენა. მიღებულია ძირითადი საკანონმდებლო რეფორმები და დამტკიცებულია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა7.

თუმცა, საჭიროა უფრო დიდი ამბიცია ევროპის მწვანე შეთანხმებისა (European Green Deal8) და REPowerEU9-ის მიზნებთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, რაც ინვესტორებს პოლიტიკის პროგნოზირების შესაძლებლობას მისცემს და მწვანე დღის წესრიგის განხორციელებას დააჩქარებს. კლიმატის ეროვნულმა კანონმა, თუ იგი საკმარისად ამბიციურად ჩამოყალიბდება, შესაძლოა საბოლოოდ დააფიქსიროს ეს დღის წესრიგი – კლიმატური ნეიტრალიტეტის ვალდებულებით, ნახშირბადის ბიუჯეტირებითა და სექტორული დეკარბონიზაციის მიზნების განსაზღვრით.

არც უბრალოდ ადგილი, არც ჯილდო – არამედ გამოცდა

ამრიგად, საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობა შესაძლოა იქცეს შესაძლებლობად, რომელიც ყურადღებას კვლავ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანს, როგორებიცაა გამართული მარეგულირებელი ჩარჩო, გამჭვირვალე მმართველობა და სუფთა ენერგეტიკულმომავალზე პასუხისმგებლობა. საქართველოსთვის ენერგეტიკული თავმჯდომარეობა შესაძლებლობაა არა მხოლოდ რეფორმების გაგრძელების მზაობის დასაფიქსირებლად, არამედ რეგიონულ დონეზე ლიდერობის უნარების დასამტკიცებლადაც, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება.

თუმცა, მხოლოდ თავმჯდომარეობა სიღრმისეული ცვლილებების გარანტია სულაც არაა. მტკიცე პოლიტიკური ნების და კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, არსებობს რისკი, რომ ეს თავმჯდომარეობა მხოლოდ სიმბოლურ ჟესტად დარჩეს და იქცეს კიდევ ერთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად, იმ დროს, როცა ხელშესახები პროგრესი კრიტიკულად საჭიროა. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ანგარიშვალდებული მმართველობის სტრუქტურების გარეშე, ამ ამბიციებიდან ვერც ერთი ვერ განხორციელდება.

მეორე მხრივ, თუ ბრძნულად იქნება გამოყენებული, თავმჯდომარეობა შეიძლება იქცეს პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმად, სადაც მდგრადობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ კავშირებზე დაინტერესება დაეხმარება ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენას ევროპელ პარტნიორებთან.

საქართველო ან ამ გამოწვევას მიიღებს და ქმედებით აჩვენებს ლიდერობას – ან კი დაუშვებს, რომ ეს შესაძლებლობა რიტორიკაში ჩაიკარგოს.

ასე რომ, ამ კრიტიკულ ეტაპზე, თავმჯდომარეობა არ არის ჯილდო – ეს არის გამოცდა. გამოცდა იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველო თავისი ევროპული მისწრაფებების ქმედებით გასამყარებლად. და თუ ამ გამოცდას მტკიცე ნებითა და რეფორმებით ჩააბარებს, მაშინ ეს ნამდვილად გახდება იმ ქართველი თამადისთვის სადღეგრძელოს წარმოთქმის საფუძველი დამსახურებულად მოპოვებული რეგიონული ლიდერობის აღსანიშნავად.


Footnotes
  • 1ი. სამხარაძე, „რეგიონული ენერგეტიკული და კლიმატის მმართველობა: პერსპექტივები ენერგეტიკული გაერთიანების ხელმომწერი ქვეყნებისთვისევროპული მწვანე შეთანხმების შემდეგ“ (The Regional Energy and Climate Governance: Prospects for Energy Community Contracting Parties in the aftermath of the European Green Deal), ევროპული გარემოსდაცვითი და დაგეგმარების სამართლის ჟურნალი, 20 (3-4), 2023, გვ. 236-259.
  • 2ს. მინასი, „ევროკავშირის კლიმატის კანონი საზღვრების გარეშე: 2030 წლის ჩარჩოს გავრცელება ენერგეტიკული გაერთიანების ხელმომწერიქვეყნებისთვის“ (EU Climate Law Sans Frontieres: The Extension of the 2030 Framework to the Energy Community Contracting Parties), ევროპული, შედარებითი დასაერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის მიმოხილვა, 2020, 29, გვ. 177-190.
  • 3<https://energy.ec.europa.eu/strategy/energy-union_en&gt; ბოლოს ნანახია: 02.04.2025.
  • 4< https://www.energy-community.org/aboutus/institutions/MC.html&gt; ბოლოს ნანახია: 02.04.2025.
  • 5<https://www.energy-community.org/legal/cases.html&gt; ბოლოს ნანახია: 01.04.2025.
  • 6წლიური შესრულების ანგარიში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო, 2024 წლის ნოემბერი.
  • 7მიღებულია 2024 წლის 27 ივნისს.
  • 8<https://commission.europa.eu/strategy-and-policy/priorities-2019-2024/e…; ბოლოს ნანახია: 01.04.2025
  • 9<https://commission.europa.eu/strategy-and-policy/priorities-2019-2024/e… owereu-affordable-secure-and-sustainable-energy-europe_en> ბოლოს ნანახია: 01.04.2025.