მწვანე სივრცის პოლიტიკა: თბილისის ურბანული განვითარების და მდგრადობის კრიტიკული ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ოფიციალურად გაცნობილი მიზანია „მწვანე ქალაქი“, რეალური სურათი განსხვავებულა. ფუნქციურ მწვანე სივრცეზე წვდომა შეზღუდულია, ურბანული სივრცე სწრაფად ფართოვდება, რაც უპირატესობას ანიჭებს არა ეკოლოგიურ სიჯანსაღეს, არამედ ესთეტიკურ მხარეს ენიჭება. ეს სტატია მიმართულია კრიტიკული თვალით აგვიხსნას მართველობის, დიზაინერული და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ურთიერთმიმართება და გავლენა ქალაქის მდგრად განვითარებაზე.

House with green cover

შესავალი

თუმცა ბოლო წლებში თბილისში ნარგავების რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა, ქალაქი კვლავ მწვანე სივრცეების სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას. ბოლო შეფასებებით, ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის წილი მხოლოდ 1.3 მ²-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც რეკომენდებულ მინიმუმს (9 მ²), ისე ევროპის საშუალო მაჩვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი პირდაპირ საუბრობს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებაზე, თბილისის რეალობა ამ მიმართულებით არც ისე იმედის მომცემია. მართალია თბილისში ეკოლოგიურად გამართლებულ საჯარო ინიციატივებსაც ვხვდებით,  უმეტეს შემთხვევაში, დეველოპერები და ურბანული დაგეგმვის სპეციალისტები უპირატესობას ვიზუალურ ეფექტებს და ნარგავების მოვლის სიმარტივეს ანიჭებენ, ხოლო ეკოლოგიური მდგრადობა და მოსახლეობის კეთილდღეობა ნაკლებპრიორიტეტული ხდება. გამწვანების რაოდენობა მთელ თბილისში საგრძნობლად გაიზარდა – განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, სადაც ქუჩები ახლა უფრო მწვანე და თანამედროვე ჩანს, ვიდრე ათი წლის წინ, მაგრამ ქალაქი კვლავ განიცდის ნამდვილი, ფუნქციური მწვანე სივრცეების დეფიციტს.

ლანდშაფტის არქიტექტორი სარა კოულსი ჩვენთან ონლაინინტერვიუში აღნიშნავს, რომ ცუდად დაგეგმილმა ან მხოლოდ დეკორატიულმა „მწვანე“ პროექტებმა ურბანული კრიზისები, შემსუბუქების ნაცვლად, შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. დრენაჟის, ჩრდილისა და ბიომრავალფეროვნების ნაკლებობა ხელს უწყობს ძლიერ წყალდიდობებს, ექსტრემალურად მაღალ სიცხეებსა და ჰაერის ხარისხის გაუარესებას – პრობლემებს, რომლებსაც თბილისი უკვე მწვავედ განიცდის (იხ. რუკა 1 და 2). „მწვანე“ პროექტები ხშირად მოიცავს ძვირად ღირებული, არაენდემური ჯიშების ნარგავებს, რომლებიც მხოლოდ ესთეტიკური მიზნებით შეირჩევა, ხოლო ჩრდილის მიმნიჭებელი და გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ადგილობრივი სახეობები უმეტესად უგულებელყოფილია. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხშირად ხანმოკლე ეკონომიკური სარგებლის სურვილი  გრძელვადიანი მდგრადობის მიზნებს ჯაბნის.

რიტორიკა რეალობის წინააღმდეგ

ურბანული ცვლილებების რეალურმა ავტორებმა – პოლიტიკოსებმა და დეველოპერებმა, კარგად იციან, რომ „მწვანე“ ეფექტური მარკეტინგული იარაღია, თუნდაც მისი გამოყენება ხშირად მხოლოდ ნახევარ სიმართლედ რჩებოდეს. მწვანე სივრცეები, რომლებსაც  თავიანთ პროექტებში ამატებენ, ვერ ანაზღაურებს რკინა-ბეტონის მასშტაბური გამოყენების შედეგად (მასალა, რომელიც პრაქტიკულად ყველა პროექტში გამოიყენება თბილისში) ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდითა და პროექტების არასრულფასოვნად განხორციელებით გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანს.

ოფიციალური დოკუმენტებით თბილისი „მწვანე ქალაქად“ გარდაქმნისკენ მიისწრაფვის. კერძოდ, ქალაქის გენერალური გეგმა განსაზღვრავს ოთხ ძირითად მიზანს: ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური, მწვანე, შეკავშირებული და მედეგი. „მწვანე“ მიზანი მოიცავს მწვანე ზონების პროპორციების განსაზღვრას, რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და მწვანე ბუფერული ზონების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის მართვად ზრდას და მოქალაქეთა ბუნებრივ გარემოზე ხელმისაწვდომობას ფეხით სავალ მანძილზე. თუმცა, პრაქტიკაში, მუნიციპალიტეტი რეგულარულად არღვევს ამ ვალდებულებებს. 

როდესაც პროექტი გენერალურ გეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის, დეველოპერები  მუნიციპალიტეტისგან გენერალური გეგმის ცვლილებისთვის სპეციალურ ნებართვას ითხოვენ. თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცედურების შემდეგ, მუნიციპალიტეტი, როგორც წესი, ნებართვას გასცემს და ზონირების წესებს დიველოპერის სასარგებლოდ  ცვლის. ამის შემდეგ გაიცემა მეორე ნებართვა – მშენებლობის დასაწყებად. პრაქტიკაში, თითქმის არცერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი არ იბლოკება, რის გამოც გენერალური გეგმა რეალურად დიდი გავლენის მქონე არ არის. 

ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც ინტენსიური, ისე ექსპანსიური განვითარების შემთხვევებში: პირველი გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ დასაშვები სამშენებლო მოცულობის გაზრდას უკვე არსებულ საცხოვრებელ ზონაში (ინტენსიური განვითარება), ხოლო მეორე – მშენებლობების იმ ტერიტორიებზე გახსნას და ქალაქის სამშენებლო საზღვრების გაფართოებას, სადაც ეს აქამდე აკრძალული იყო (ექსპანსიური განვითარება / ურბანული გაფართოება). მეორე შემთხვევა ბევრი მიზეზის გამო გაცილებით პრობლემურია. 

განვითარების ორი ტიპი

ხშირად, კრიტიკოსები ინტენსიფიკაციის უარყოფით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას. მჭიდრო განაშენიანებისადმი გავრცელებული პრეტენზიაა ის, რომ ქალაქის ცენტრი უკვე გადატვირთულია სატრანსპორტო მოძრაობით. თუმცა ამ არგუმენტის მეორე მხარეცაა გასააზრებელი: ცენტრი მეტად მოსახერხებელია ფეხით მოსიარულეთათვის, მაშინ როდესაც  გარეუბნები უფრო დამოკიდებული არიან ავტომობილებზე. გარეუბნებში მცხოვრებთა უმეტესობას მაინც უწევს ცენტრამდე მისვლა, რაც საგრძნობლად ზრდის სატრანსპორტო მოძრაობას და, შესაბამისად, დაბინძურებასაც. გარდა ამისა, დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება მოითხოვს მასშტაბურ ინფრასტრუქტურას: მეტ ქუჩას, გაყვანილობასა და განათებას. თბილისში ამ ტიპის განვითარება ბოლო წლებში სულ უფრო გახშირდა. სატელიტური სურათების სხვადასხვა წლის შედარება ცხადყოფს, თუ როგორ ჩაანაცვლა ყოფილი რეკრეაციული ზონები დაბალი სიმჭიდროვის გარეუბნებმა. ქვემოთ წარმოდგენილია ორი სატელიტური სურათი დიდი დიღმიდან: პირველი 2005 წლისაა, ხოლო მეორე – 2024 წლის.

Satellite image 1: Didi Dighomi (2005)
სატელიტური სურათი 1. დიდი დიღომი (2005)
Satellite image 2: Didi Dighomi (2024)
სატელიტური სურათი 2. დიდი დიღომი (2024)

ეს ყველაზე ცუდი მაგალითი არ არის, განსაკუთრებით, თუ მას კაკლების (რუკა 1) და ლისის ტბის აღმოსავლეთ მხარეს (რუკა 2) შევადარებთ. ორივე შემთხვევაში გარეუბნების განვითარება პირდაპირ სცდება ქალაქის გენერალური გეგმით განსაზღვრულ ნებადართული მშენებლობის ზონას (განვითარების კონტურს). ქვემოთ მოცემულ რუკებზე ნაჩვენებია „განვითარების კონტური“ ნაცრისფერი ფერით.

Map 1. Newly developed territory of Kaklebi (2025)
რუკა 1. კაკლების ახლად განაშენიანებული ტერიტორია (2025)
Map. 2 Eastern part of Lisi Lake (2025)
რუკა 2. ლისის ტბის აღმოსავლეთი მხარე (2025)

ამ ტიპის განვითარებაც წარმოშობს სატრანსპორტო მოძრაობას, მოიხმარს არამდგრად მასალებს და ქმნის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მეტად თვალსაჩინო ეკოლოგიური შედეგია, კონკრეტულად კი, მწვანე შეიძლება გამოიწვიოს, რაზეც ამ დროს გავამახვილებთ ყურადღებას.

მწვანე სივრცეების მნიშვნელობა

მწვანე სივრცეებს როგორც ესთეტიკური, ისე რეკრეაციული ღირებულება აქვთ, თუმცა მათი ეკოლოგიური ფუნქციებიც არანაკლებ – და ხშირად უფრო – მნიშვნელოვანია. ისინი არეგულირებენ ტემპერატურას, ამცირებენ წყალდიდობის რისკებს და ხმაურის დაბინძურებას და ზრდიან საგზაო უსაფრთხოებას. რადგან ქალაქის საზოგადოებრივი სივრცეების დაახლოებით 80%-ს ქუჩები იკავებს, მათი დაგეგმარება არსებით გავლენას ახდენს ურბანულ გარემოზე.

ქალაქების განვითარებასთან ერთად, მცენარეულ საფარს ცვლის ბეტონი და ასფალტი. ეს მასალები შთანთქავენ მზის სითბოს და შემდეგ აბრუნებენ მას ატმოსფეროში, რაც ქმნის „ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტს“ – როდესაც ქალაქები მნიშვნელოვნად უფრო ცხელია, ვიდრე მათი შემოგარენი. ხეები ამ ეფექტს ჩრდილის შექმნით და ზედაპირების გადახურების თავიდან აცილებით ებრძვიან, რაც იწვევს ჰაერის ტემპერატურის განსხვავებას საშუალოდ 4°C-მდე და გზის ზედაპირის ტემპერატურის განსხვავებას 15°C-მდე. რადგან თბილისში პრაქტიკულად ყველა ქუჩა – და ტროტუარების უმეტესობა – შესრულებულია გაუმტარი, მუქი ასფალტით, ხეების ჩრდილი აუცილებელია სიცხის კუნძულის ეფექტის შესამცირებლად. ამიტომ საჭიროა ფართოფოთლოვანი ხეები და არა მხოლოდ დეკორატიული სახეობები. როგორც სარა კოულსმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ჩრდილს და არა ფორმას. 

ასფალტი და ბეტონი ასევე ქმნის სერიოზულ სანიაღვრო პრობლემებს: რაც უფრო მაღალია გაუმტარი ზედაპირების წილი, მით ნაკლებია სივრცე, სადაც ნიადაგს ნალექის შეწოვა შეუძლია. ამის განსაკუთრებით მძიმე შედეგი წყალდიდობებია. თბილისში არსებული სანიაღვრო სისტემა ვერ უმკლავდება გაზრდილი წყლის ნაკადს, რის გამოც თითქმის ყოველ წვიმიან დღეს მცირე მასშტაბის წყალდიდობები მოსდევს. განსაკუთრებით პრობლემურია მტკვრის მიმდებარე ზონა. მდინარის ორივე მხარეს გადაჭიმულია საავტომობილო მაგისტრალები, რის გამოც ნალექს არ გააჩნია ბუნებრივი გზა მდინარეში ჩასადინებლად და მთლიანად დამოკიდებულია გადატვირთულ სანიაღვრო მილებზე. 

თბილისში ურბანული მწვანე სივრცეების სანიაღვრო ფუნქცია ხშირად ირღვევა პროექტის შესრულების ეტაპზე: ქუჩებსა და პარკებში მწვანე ზოლები უმეტესად ოდნავ მაღლაა ამოწეული და შემოსაზღვრულია თხელი მეტალის  კონსტრუქციით, რაც ხელს უშლის ბუნებრივი გზით წყლის მიწაში მოხვედრას.
 

Example of an elevated green space on Melikishvili Street
ფოტო 1. ამაღლებული მწვანე ზოლი მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც განახლდა 2022 წელს. საფარი გარეგნულად გამტარად გამოიყურება, თუმცა რეალურად დაგებულია გაუმტარ ფენაზე, რაც ხელს უშლის წყლის ბუნებრივ დრენაჟს.

სწორად დაგეგმარების პირობებში, მწვანე სივრცეებს გზის უსაფრთხოების გაუმჯობესებაც კი შეუძლიათ. როდესაც მძღოლი აღიქვამს სივრცეს ვიწროდ, ის ინსტინქტურად ამცირებს სიჩქარეს. ხეებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ სივრცის ვიზუალურად შევიწროებაში მათი რეალური დავიწროების გარეშე. კვლევები აჩვენებს, რომ ხეების ერთად თავმოყრით ან  გაფანტვით მიღებული კომპლექსური ვიზუალი მძღოლს შენელებისკენ უბიძგებს, მაშინ როცა გრძელი ბარიერი – როგორიცაა ბეტონის კედელი ან ბუჩქოვანი ღობე – შესაძლოა საპირისპირო ეფექტს იძლეოდეს.
თბილისის ქუჩების დაგეგმარება და მწვანე საფარის მოვლა სხვადასხვა მუნიციპალური სტრუქტურის პასუხისმგებლობაშია, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინაციაში იშვიათად მუშაობენ. შედეგად, იქმნება საზოგადოებრივი სივრცეები, რომელთაც წინააღმდეგობრივი ლოგიკა აქვთ.

A cycling traffic light completely blocked by a continuous hedge on Chavchavadze Avenue
A cycling traffic light completely blocked by a continuous hedge on Chavchavadze Avenue
ფოტოები 2 და 3. ბუჩქოვანი ღობით მთლიანად დაფარული ველოსიპედის შუქნიშანი ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2020 წელს განახლდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ბიომრავალფეროვნების დაცვაა. ჩვენს ინტერვიუში სარა კოულსმა განმარტა, რომ რადგან საქართველოში არ არსებობს ენდემური მცენარეების ადგილობრივი ბაზარი, ახლად დარგული მწვანე საფარის უმეტესობა თურქეთიდან ან იტალიიდან არის შემოტანილი. ეს სახეობები კი რთულად ეგუებიან არამშობლიურ კლიმატს.

ამ შემთხვევაშიც, შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იშვიათად მიიღება გარემოსდაცვით ექსპერტებთან კონსულტაციით. როგორც ინფრასტრუქტურისა თუ სამშენებლო მასალების შემთხვევაში, ეკონომიკური მოსაზრებები უმეტესად ჯაბნის ეკოლოგიურს, რის შედეგადაც არჩევანი კეთდება ხარჯების და არა მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიხედვით.

დასკვნა

ქალაქის გენერალური გეგმის სუსტი აღსრულება მწვანე საფარს მხოლოდ ესთეტიკურ დანამატად აქცევს. მუნიციპალიტეტის მიერ ზონირების რუტინულად ცვლილება, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია და მდგრადობის უგულებელყოფა, ახალ ურბანულ პროექტებს მარცხისთვის იმეტებს. 

საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ალტერნატიული მოდელები შესაძლებელია და აუცილებელიცაა. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „თბილისის ურბანული ტყე“ და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელებული მწვანე ინფრასტრუქტურის პროგრამები, ნათლად აჩვენებს, რომ ეკოლოგიური ფუნქციონალის ურბანულ დიზაინში წარმატებით ინტეგრირება სრულიად შესაძლებელია. ასეთი პროექტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბიომრავალფეროვნებას, წვიმის წყლების მართვასა და კლიმატის მიმართ მედეგობის გაზრდას.

რაც გვაკლია, არის აღსრულება. რიტორიკასა და განხორციელებას შორის სიცარიელის შესავსებად საჭიროა სამი ძირითადი ცვლილება: გენერალური გეგმის არაგონივრული ცვლილებების დაბლოკვა; თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინაციის დანერგვა; ეკოლოგიური ფუნქციის ესთეტიკურ პრიორიტეტებთან გათანაბრება.