რამდენად რთულია ორგანული მეურნეობის წარმოება საქართველოში, რა ბარიერებს აწყდებიან ფერმერები და როგორ ვითარდება ეს სფერო ქვეყანაში?
სტატიაში მიმოხილულია, როგორ დაიწყო ბიოპროდუქციის წარმოების ისტორია საქართველოში, რა გზას გადიან მეურნეები სერტიფიცირებამდე, ვისთვის არის ის ხელმისაწვდომი და როგორია ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოების პროცესი.
ასევე გაიგებთ, რას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს და რატომ მიიჩნევენ ექსპერტები, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორგანულ მეურნეობაში, როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრისთვის.
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბიო, იგივე ორგანულ საკვებს, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, ეკოსერტიფიცირებული რძის პროდუქტები თუ მარცვლეული. ინდუსტრიულ მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური პესტიციდების ზემოქმედებაზე, ნიადაგის გამოფიტვასა და ეკოსისტემების დაბინძურებაზე ცნობიერების ამაღლებამ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ბუნებრივ, მდგრად და ეთიკურად წარმოებულ საკვებზე. ადამიანები უკვე ინტერესდებიან არა მხოლოდ პროდუქტის გემოთი, არამედ მისი წარმომავლობითაც, სად და როგორ არის ის მოყვანილი, რამდენად გამჭვირვალეა წარმოების პროცესი და რა გავლენას ახდენს მათი არჩევანი როგორც ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე.
ბიოსაკვები მიიღება ისეთი მეურნეობიდან, სადაც წარმოების ყველა ეტაპი, ნიადაგის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, ბუნებრივ პროცესებს ემყარება.
- ორგანული პროდუქტი მოჰყავთ ქიმიური პესტიციდებისა და სინთეზური სასუქების გარეშე.
- წარმოებაში არ გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (GMO).
- ცხოველური წარმოშობის ბიოპროდუქტების მისაღებად, ცხოველები უნდა იკვებებოდნენ ორგანული საკვებით და არ იღებდნენ ზრდის ჰორმონებსა თუ არასაჭირო ანტიბიოტიკებს.
- დაცული უნდა იყოს ე.წ. ნიადაგიდან თეფშამდე (ან ფერმიდან თეფშამდე) პრინციპი: პროდუქტი იღებს „ბიო“ ნიშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანი წარმოების ჯაჭვი, ნედლეულიდან შეფუთვამდე, სრულად შეესაბამება ორგანულ სტანდარტებს.
საქართველოში ბიოპროდუქტების მოხმარება ჯერ კიდევ ნიშურია, რაც ფასთან, რაოდენობასთან, ფიზიკურ ხელმისაწვდომობასა და სხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული.
ორგანული პროდუქტების ისტორია საქართველოში
საქართველოში ორგანული საკვები პროდუქტების წარმოება დაახლოებით 20 წლის წინ, 2 000-იანი წლების შუა პერიოდიდან იწყება. იმ დროისთვის შექმნილი პატარა ბიომეურნეობების უმეტესობა, ძირითადად, ღვინოს, ჩაის, თაფლსა და თხილეულს აწარმოებდა და უმეტესწილად ექსპორტზე გაჰქონდა.
ბოლო ათწლეულში ჯანსაღ კვებაზე ცნობიერების ამაღლებამ და საინფორმაციო ველის გაფართოებამ, ორგანულ და ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას ადგილობრივ ბაზარზეც შეუწყო ხელი. შესაბამისად, გაჩნდა ახალი მეურნეობები, რომელთა ფოკუსიც უკვე ქართული ბაზარია.
2014 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტი იყო ორგანულ საკვებზე ქვეყანაში. „წესების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, –ვკითხულობთ დადგენილებაში.
თუმცა, მთავრობის ამ ინიციატივამდე დიდი ხნით ადრე, ბიომეურნეობების თემაზე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანამ“ დაიწყო. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ 1994 წელს დაარსდა და თავდაპირველად აგრარული მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი გამოყენების საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ორგანული ფერმების გაჩენის შემდეგ კი, ამ მიმართულებითაც აქტიურად დაიწყო საკონსულტაციო საქმიანობა და ქვეყნის მასშტაბით ფერმერებისთვის პრაქტიკული თუ თეორიული დახმარების გაწევა.
2005 წელს საქართველოში „ელკანას“ ძალისხმევით და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით დაფუძნდა ბიოსერტიფიცირების ორგანო შპს „კავკასსერტი“, რომელსაც ევროკომისიისგან აქვს მინიჭებული უფლება. 2022 წლიდან კი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტია სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ველური მცენარეების შეგროვებისა და მათი გადამუშავების მიმართულებით.
„ელკანას“ წარმომადგენელი ელენე შატბერაშვილი ამბობს, რომ ბიომეურნეობის სრული ციკლის წარმოება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია და მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ, თავიდანვე უნდა გქონდეს გამართული შესაფერისი ინფრასტრუქტურაც და სხვა უამრავი დეტალიც გათვლილი:
„სოფლის მეურნეობა ისედაც პატარა სექტორია ჩვენთან, მით უმეტეს ბიოწარმოება, სადაც მოსავლიანობა უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია ნიადაგის თემაც: როდესაც მანამდე იყენებდი ქიმიურ საშუალებებს და მერე აღარ იყენებ, თავიდან სტრესი აქვს ნიადაგსაც და მცენარესაც. დაახლოებით 5-7 წელი მაინც სჭირდება, რომ ეკოსისტემა წარმოების სხვა სისტემაზე გადაეწყოს. ჩვენს არაპროგნოზირებად ქვეყანაში, შეზღუდული ფინანსებით, ძალიან რთულია ეს შეინარჩუნო“, – ამბობს შატბერაშვილი.
ცალკე საკითხია ორგანული პროდუქტების ფასი, რაც მინიმუმ 20-40 პროცენტით მაღალია, ვიდრე ბაზარზე ინდუსტრიული წესით წარმოებული პროდუქტების. ასეთი პროდუქტები, ზოგადად, ყველგან უფრო ძვირია, თუმცა, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანსაც აქვს შესაძლებლობა, ხარისხიანი საკვები შეიძინოს, საქართველოში კი ეს, ჯერჯერობით, შედარებით მაღალშემოსავლიანი სეგმენტის პრეროგატივაა. გამოწვევაა ასევე ამ პროდუქტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, რადგან მეურნეების უმეტესობას საკუთარი სარეალიზაციო ობიექტები არ აქვთ. ისინი ან ონლაინ ყიდიან, ან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე, ისიც არასისტემატიზებული მომარაგებით.
„ძვირიანი პროდუქციაა, შრომატევადია, წლების მუშაობა სჭირდება. საქართველოში ჯერჯერობით მიწოდებაც ფრაგმენტულია. მაღაზიებიც ძალიან ცოტაა, სადაც ასეთ პროდუქტს შეიძენ. მაგალითად, გლდანში რომ ხარ, ვერაზე უნდა გახვიდე, რომ რამე იყიდო. ფასზეც ბევრს არ მოუწვდება ხელი. თუმცა ფაქტია, რომ პროცესი გამოცოცხლდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს. დარწმუნებული ვარ, 5 წელიწადში უკვე სულ სხვა სიტუაცია იქნება. მიწოდების ჯაჭვის გაზრდით, სავარაუდოდ, ფასებიც ცოტა დაიწევს“, – ამბობს ელენე შატბერაშვილი.
ერთ-ერთი პირველი ბიომეურნეობა საქართველოში Jammy Green იყო. ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როცა გერმანელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა იოჰან იაგერმა ქართველ მეუღლესთან, ელენე ჭანტურიასთან ერთად, კახეთში, სოფელ ბაკურციხეში პატარა მიწის ნაკვეთზე სალათის მოყვანა გადაწყვიტა საკუთარი ოჯახისათვის. ამისთვის მათ ქიმიური დანამატები არ გამოუყენებინათ. ნიადაგს 3 წლის განმავლობაში ამზადებდნენ ბიომეურნეობაზე გადასასვლელად, რაც პესტიციდებისა და მავნე ელემენტებისგან გასუფთავებას გულისხმობს. საბოლოოდ, ნოყიერი ნიადაგისა და კლიმატის დახმარებით ცდა წარმატებული გამოდგა. მალე მათი პროდუქტით რესტორნებიც დაინტერესდნენ და წარმოებაც გააფართოვეს. თანდათან მოთხოვნა სხვა პროდუქტებზეც გაჩნდა და უკვე ბოსტნეულის, ხილის და მოგვიანებით მარცვლეულის, თაფლისა და სხვა პროდუქტების წარმოებაც დაიწყეს. დღეს ეს მეურნეობა ბევრად მასშტაბურია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 ჰექტარამდე მიწაზე მოჰყავს ბიოპროდუქტის ფართო ასორტიმენტი.
მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის შედეგად, მეურნეობამ 12 წლის წინ საკუთარი მცირე ზომის მაღაზიაც გახსნა რუსთაველზე. „მზესუმზირა“ პირველი სარეალიზაციო პუნქტი იყო საქართველოში, სადაც მხოლოდ ბიოპროდუქტები იყიდებოდა და ის დღემდე გამორჩეულია ამ თვალსაზრისით. როგორც მაღაზიის მენეჯერი, ალექსანდრა კალანდაძე გვიყვება, იოჰან იაგერმა თავის დროზე პირველმა ჩამოიტანა საქართველოში უცხო ჯიშები, მაგალითად, ცუკინი (მუქი ფერის ყაბაყი), წითელი გოგრა, 22 სახეობის სალათი და სხვ.
„მაშინ ბევრი უცხოელი შეფ-მზარეული მუშაობდა აქ და ამ სალათების გემო ძალიან მოეწონათ. მოთხოვნაც მალე გაჩნდა რესტორნებიდან. იოჰანს თესლები გერმანიიდან ჩამოჰქონდა და აქ ყველაფერს თავად აკეთებდა. ამ საქმეში ქართველი ექიმი-ჰომეოპათიც ეხმარებოდა. მალე მოხალისეებიც გამოჩნდნენ, ბევრი ახალგაზრდა მოდიოდა და სწავლობდნენ ამ ტექნოლოგიას. ნიადაგისთვის კომპოსტის სწორად გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში“, – ამბობს კალანდაძე და იხსენებს, რომ როცა თავიდან ნიადაგის გასუფთავება დაიწყეს, იოჰანმა ჯერ სარეველა ბალახი, იონჯა დათესა, როცა ის ამოვიდა, იმავე წელს მიწაში ჩააბრუნა გუთნით და მეორე წელს უკვე ლობიო დათესა. როცა მოსავალი მოვიდა, მთლიანად გადაყარა, რადგან, მისი თქმით, ლობიოს ყველაფერი ამოაქვს, რაც ცუდია. მესამე წელს კი უკვე სხვადასვა კულტურა დათესეს და მოსავალიც აიღეს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნიადაგი ახლო რადიუსში არ იყოს პესტიციდებით დაბინძურებული, რადგან ეს ბიომეურნეობაზე ნეგატიურად აისახება.
ალექსანდრა კალანდაძე ამბობს, რომ თავდაპირველად ასეთი ტიპის პროდუქტებით დაინტერესება ძირითადად მათი განსაკუთრებულად არომატული გემოს გამო დაიწყო და ის ცნობიერება, რომ ბიოპროდუქტი ბევრად უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა, თანდათან მოვიდა: „ბოლო წლებში პედიატრებიც სულ ამას ამბობდნენ, ნატურალური საჭმელი აჭამეთ ბავშვებსო, ამიტომ მშობლებმაც დაიწყეს ასეთი პროდუქტების ძებნა. დღეს ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ჯანსაღი კვებით. თავიდან ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ნაცნობები იყვნენ, მერე მათ სხვებს უთხრეს და ასე გაფართოვდა წრე. ჯერ მხოლოდ ბავშვებისთვის მიჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე ოჯახებიც ყიდულობენ“.
ალექსანდრა კალანდაძის თქმით, ორგანულ მეურნეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურების მონაცვლეობა და ნერგების სწორი მოვლა. მაგალითად, თუ ერთ ნაკვეთზე წელს კარტოფილი დაითესა, მეორე წელს იქ ხორბალი უნდა მოიყვანო. მნიშვნელოვანია მონაცვლეობა, რომ ნიადაგი არ გადაღალო. „მწერებისა და მღრღნელების თავიდან ასაცილებლად სპეციალურ ყვავილებს დებენ მწკრივებს შორის, ორი კვალი კარტოფილი, შემდეგ ყვავილი, მერე სტაფილო და ისევ ყვავილი. ეს ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებასა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ყველაფერი ზუსტადაა დაგეგმილი, რომ ბუნებამ თვითონ იმუშაოს“.
კიდევ ერთი, ასევე საკმაოდ მასშტაბური, თუმცა ძალიან ახალი ბიომეურნეობაა „იორლენდი“, რომელიც საგარეჯოს რაიონში, მდინარე იორის ნაპირზე, ყორუღის ნაკრძალთან ახლოს მდებარეობს. მეურნეობა 25 ჰექტარზეა გაშლილი და ის 2019 წელს კომუნიკაციების სპეციალისტმა თამთა კალანდაძემ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დააარსა.
მათ საქმიანობა პირადი დანაზოგით დაიწყეს და პარალელურად რამდენიმე საგრანტო კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაში, პროექტში „დანერგე მომავალი“ და ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში. თუმცა, როგორც კალანდაძე აღნიშნავს, ინვესტიციის ძირითადი ნაწილი მაინც პირადი იყო.
„იორლენდი“ მულტიფუნქციური მეურნეობაა, სადაც თანაბრად ვითარდება მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და მეთევზეობა. მიწის ყიდვისას სპეციალურად შეარჩიეს ადგილი, სადაც ნიადაგი დაბინძურებული არ იქნებოდა და სარწყავი წყლის მიღებაც სუფთა მდინარიდან იქნებოდა შესაძლებელი.
რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მეურნეობამ პირველი მოსავალი წელს მიიღო. ამ ეტაპზე განაშენიანებულია 5 ჰექტარი ხეხილი, 3 ჰექტარი კაკლოვნები (თხილი, ნუში, კაკალი) და 5 ჰექტარი ვაზი. მოჰყავთ ასევე ძველი ქართული ჯიშის ორი სახეობის სიმინდი. მეურნეობა უკვე მესამე წელია კონვერსიის ეტაპზეა, ანუ ბიოსერტიფიცირების პროცესში იმყოფება და მომავალ წელს ოფიციალურ სერტიფიკატსაც მიიღებს.
თამთა კალანდაძის თქმით, მეურნეობაში ადგილზევე ამზადებენ ბიოსასუქებს, ხოლო მომავალში ფრინველებისა და საქონლისგან ბიოპროდუქტის წარმოებას გეგმავენ.
„ჯერჯერობით ჩვენი ფერმა განვითარების პროცესშია, ამიტომ გაყიდვებზე მთავარი აქცენტი არ გვაქვს. ვაზის და ხილის პირველი მოსავალი წელს გვქონდა. ამას დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ზუსტად იმ მიზნისკენ, რაც დასაწყისში გვქონდა. სერტიფიცირების პროცესი ძალიან ბევრ რამეს აწესრიგებს, გვასწავლის დაგეგმვას, სწორად განაწილებას, დოზირებას, ყველაფრის ჩაწერას და კონტროლს“.
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაცია სულ ახლახან, 2025 წლის ივლისიდან დაიწყეს, „იორლენდს“ უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები. გაყიდვები ძირითადად ონლაინ ხორციელდება, თუმცა თბილისში მცირე სასაწყობო სივრცეც აქვთ, სადაც პერიოდულად ადგილზეც იყიდება პროდუქცია.
„ორგანული პროდუქტი საქართველოში დეფიციტურია, მოთხოვნა კი მაღალია და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ინდუსტრიულ საკვებზე ნდობა დღითი დღე კლებულობს. ჩვენი ფერმა საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდია, მაგრამ სრულად ათვისების შემდეგაც კი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგვიჭირდება“.
თამთა კალანდაძე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეალიზაციის სირთულეს მიიჩნევს. მისი თქმით, ფერმერებს უჭირთ სწორი მომხმარებლის მოძებნა და ეფექტური კომუნიკაცია.
„მე მარკეტინგიდან და კომუნიკაციების სფეროდან მოვდივარ, ამიტომ ეს მიმართულება ჩემთვის ბუნებრივია, მაგრამ ბევრ ფერმერს ამისთვის არც რესურსი აქვს, არც დრო. კარგი იქნებოდა, ამისთვის რაიმე მხარდაჭერის მექანიზმი თუ იარსებებდა“.
რაც შეეხება ტექნიკურ და წარმოების პრობლემებს, ერთ-ერთი გამოწვევა დამცავი ბადეებია, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და, როგორც თამთა კალანდაძე ამბობს, ჯერჯერობით მხოლოდ პატარა ადგილისთვის, მზისადმი სენსიტიური ბოსტნული კულტურებისთვის მოახერხეს მისი შეძენა. თუმცა, სამომავლოდ, უნდათ, რომ უფრო მეტი ფართობის დაფარვა შეძლონ.
გამოწვევებზე საუბრისას კალანდაძე ხაზს უსვამს ასევე პრაქტიკული ცოდნისა და კვალიფიკაციის ნაკლებობას: „ელკანა“ რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ფერმერებს სრულფასოვან საკონსულტაციო დახმარებას უწევს. ყველაფერი მათთან ერთად დავიწყეთ და დღემდე მათ რჩევებს ვეყრდნობით“.
მეურნეებისთვის პრობლემურია ასევე სერტიფიცირებული სათესლე მასალის და ბიომოვლის საშუალებების დეფიციტი. როგორც თამთა ამბობს, სათესლე მასალას ისინი ან „ელკანას“ მეშვეობით იღებენ, ან ევროპიდან იწერენ, ძირითადად გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან იტალიიდან, რაც, მისი თქმით, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. „რეალურად, ამით იწყება ყველაფერი. თუ თავი არაა მოწესრიგებული, რა აზრი აქვს სხვა დანარჩენს“, – ამბობს ის.
„ორგანული მეურნეობის კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითობის იდეა, ანუ ის, რომ სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდეს ნიადაგს. ერთია, რომ ჯანსაღი და სუფთა პროდუქტი აწარმოო და მეორე, ისე აწარმოო, რომ არ დააზიანო გარემო და კიდევ ბევრჯერ შეძლო სარგებელის მიღება“, – ამბობს თამთა კალანდაძე და ფიქრობს, რომ როცა მსგავსი მეურნეობები უფრო დიდ მასშტაბებზე გაიშლება, ფასიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლისთვის.
სახელმწიფო პროგრამები
2022 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პროექტი დაამტკიცა, რომელიც არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. პროგრამის განსახორციელებლად 300 000 ლარის ოდენობის საწყისი კაპიტალი გამოიყო და ის სოფლის განვითარების სააგენტოს ჩაბარდა, კოორდინაცია კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.
პირველ ეტაპზე სოფლის განვითარების სააგენტომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ორ პრიორიტეტულ მიმართულებად მევენახეობა და საფუტკრე მეურნეობა გამოყო, რადგან ამ მიმართულებებში ყველაზე დიდია ბიოპროდუქტების წარმოების პოტენციალი და მათი ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც. თუმცა აღინიშნა, რომ მომავალში პროექტის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიც დაემატება. პროგრამა ითვალისწინებს კონვერსიის (გარდამავალ) პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურებას: ბიოწარმოების სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. ის ასევე მოიცავს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებასაც: მევენახეობა: ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა. მეფუტკრეობა: ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენა.
პროგრამის ინიციირების და სამომავლო დაპირებების გაცემის შემდეგ სამი წელი გავიდა, თუმცა, მისი გაფართოება ამ დრომდე არ მომხდარა და არც ბიომეურნეების მხარდაჭერა გაზრდილა. ქვეყანაში ყოველ წელს ჩნდება ახალი მეურნეობები და სტარტაპები, რომლებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ ბიოპროდუქტების და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის გლობალურ ტენდენციას, თუმცა, მათ უმეტესობას ძალიან უჭირს ამ ინიციატივების ბიზნესად ქცევა და აქედან შემოსავლის მიღება. ამას სერტიფიცირების პროცესის კომპლექსურობა და სიძვირეც ართულებს, რაშიც სახელმწიფო მეფუტკრეობა/მევენახეობის გარდა დახმარებას სხვა მეურნეობებს არ უწევს. შესაბამისად, გამოდის, რომ სახელმწიფო აქცენტს რეალურად ექსპორტზე აკეთებს და ადგილობრივ ბაზარზე ბიოწარმოების განვითარება მისი პრიორიტეტი არაა.
სერტიფიცირების პროცესი
დღეს საქართველოში 130-ზე მეტი ბიომეურნეობაა. მათი დიდი ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია, ნაწილი კი კონვერსიის ეტაპს გადის და მალე აიღებს სერტიფიკატს.
სერტიფიცირებას საქართველოში სახელმწიფო არ ახორციელებს. ამ პროცესს ზემოხსენებული ორგანიზაცია „კავკასსერტი“ კურირებს, რომელსაც საერთაშორისო – ევროპული და ამერიკული – აკრედიტაცია აქვს. მაკონტროლებელი ფუნქცია სახელმწიფო უწყებას – სურსათის ეროვნული სააგენტოს მაინც აქვს.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა შველიძე, ამბობს, რომ კომპანია/მეურნეობა ბიოს ვერ დააწერს ეტიკეტზე, თუ შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს:
„თუ პროდუქტს აწერია „ბიო“ და სურსათის სააგენტოს შემოწმების არეალში მოხვდება, მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს სერტიფიკატი. ამიტომ, მართალია, მასერტიფიცირებელი ორგანო სხვა არის, მაგრამ ამ ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ხორციელდება. სააგენტო ყოველთვიურად ამოწმებს სამომხმარებლო ბაზარს და ცხადია, პერიოდულად ასეთ პროდუქტებთანაც აქვს შეხება“, –ამბობს თეა შველიძე.
„კავკასსერტის“ დირექტორი, ზუჰაირ რაზა ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობამ, მათ შორის, ჯგუფური სერტიფიცირების სისტემებმა და უწყვეტმა ტექნიკურმა კონსულტაციებმა, შესაძლებელი გახადა არაერთი მცირე ფერმერის გასვლა საერთაშორისო ორგანულ ბაზრებზე, რომლებიც სხვაგვარად მიუწვდომელი იქნებოდა მათთვის. თუმცა, სერტიფიცირება მუდმივი არ არის. ფერმები ყოველწლიურად გადიან ინსპექტირებას: ისინი ვალდებულნი არიან, მუდმივად აწარმოონ ჩანაწერები და იყვნენ გამჭვირვალეები. ამისთვის ზოგჯერ დამატებითი შემოწმებები და აუდიტებიც ტარდება.
„ორგანული სექტორი საქართველოში იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ მცირე და კონცენტრირებულია. სერტიფიცირებულმა მწარმოებლების ნაწილმა შეძლეს ნიშური საექსპორტო არხების ჩამოყალიბება (მაგალითად, ბიოღვინო, ჩაი, კენკრა). თუმცა, ფერმერების უმეტესობას კვლავ სჭირდება მყიდველებზე სტაბილური წვდომა, საიმედო ლოგისტიკა, მარკეტინგის უნარები და, რაც ყველაზე მთავარია – სწორი ცოდნა ორგანული მეურნეობის ეკოსისტემის შესახებ. მხოლოდ სერტიფიცირება წარმატების გარანტიას არ იძლევა“, –ამბობს რაზა და ფიქრობს, რომ საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის მომავალი პერსპექტიულია, თუმცა, არა სწრაფი გარდაქმნის, არამედ თანმიმდევრული და სტრუქტურირებული განვითარების გზით. მისი აზრით, ქვეყნის მრავალფეროვანი მიკროკლიმატი, ნოყიერი ნიადაგები, ტრადიციული დამუშავების მეთოდები და ადგილობრივი კულტურები მყარ საფუძველს ქმნის ორგანული წარმოებისთვის, განსაკუთრებით, მაღალი ღირებულების სექტორებში, როგორიცაა თხილი, ღვინო, სურნელოვანი ბალახები, კენკრა, ჩაი და გარეული სამკურნალო მცენარეები. თუმცა, პროგრესი მხოლოდ ბუნებრივ უპირატესობებზე ვერ იქნება დამოკიდებული.
„ორგანული ეკოსისტემის შესახებ ცნობადობა, ორგანულ სასუქებზე წვდომა, პროფესიული გადამზადება, სერტიფიცირების ხარჯების თანადაფინანსება და მოსავლის შემდგომი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება ძირითად გამოწვევებად. მცირე მწარმოებლების უმეტესობა სირთულეს აწყდება ასევე სერტიფიცირების ხარჯებთან და პროცესის სირთულესთან დაკავშირებით. თუ სახელმწიფო პოლიტიკა აგრარულ სექტორს თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს, ქვეყანას შეუძლია მცირე ორგანული ნიშიდან რეგიონულ პრემიალურ ექსპორტიორად ჩამოყალიბდეს, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა“, – აღნიშნავს ის.