ქართული ენდემური ხორბლისგან გამომცხვარი პურის სუნი და გემო იმდენად მივიწყებულია, რომ მისი დაგემოვნება ან ყიდვა მხოლოდ პურის ფესტივალზე ან თბილისში, რამდენიმე არტიზანულ საცხობში შეიძლება. ხინკალი, ხაჭაპური, კუბდარი თუ სხვა ტრადიციული ქართული კერძები, უმეტესად, რუსული ფქვილისგან მზადდება.
უძველესი ქართული ენდემური ხორბლის თანამედროვე სელექციონერები იმედს არ კარგავენ. მათ ენდემური ხორბლის აღდგენა დამოუკიდებელ საქართველოში, 25 წლის წინ, ენთუზიაზმით და მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესგეგმის გარეშე წამოიწყეს. დღეს, დაგროვილი გამოცდილებით, ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დაძლევა შეუძლია, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდით, ცვალებადი კლიმატის მიმართ მდგრადი და მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანით, ფერმერების მხარდაჭერითა და ცნობიერების ამაღლებით.
ქართული ენდემური ხორბლისგან გამომცხვარი პური ექვსჯერ ძვირია, ვიდრე რუსული. რთულ სოციალურ პირობების პირობებშიც კი, ენდემური ხორბლის პურის შესაძენად მნიშვნელოვანი არგუმენტი არსებობს: 2-3 ნაჭრის კვებითი ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე რუსული ფქვილისგან დამზადებული ერთი მთლიანი ბატონის.
2025 წლის 10 დეკემბერს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-მ „ქართული ხორბალი: ტრადიციები და რიტუალები | Georgian Wheat Culture: Traditions and Rituals“ არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში [Representative List of the Intangible Cultural Heritage of Humanity] ჩასვა.
ქართული ენდემური ხორბლის ამ აღიარებას ქართველი ბიოლოგების, სელექციონერებისა და გენეტიკოსების მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ.
2021 წელს ქართველმა მეცნიერებმა: დავით ბედოშვილმა, მარინა მოსულიშვილმა და სხვებმა ჟურნალში Annals of Agrarian Science გამოაქვეყნეს ნაშრომი Diversity of wheat in modern Georgia versus discoveries of the archaeological excavations of the 6,000 B.C. Neolithic sites of Lower Kartli Region. სტატიის მიხედვით, საქართველო ისტორიულად ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი გეოგრაფიული არეალია. მეცნიერების თქმით, ქვემო ქართლში, ნეოლითურ არქეოლოგიურ საიტებზე, არუხლოს, ხრამის დიდი გორისა და გადაჭრილი გორის გათხრებმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ხორბალი ქრისტეშობამდე მე-7-მე-6 საუკუნეებში მოჰყავდათ.
ქართული ხორბალი მოხსენიებულია სხვადასხვა პერიოდის მოგზაურების, ისტორიკოსებისა და მეცნიერების – ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს, ასევე ქართველი ლექსიკოგრაფის – სულხან-საბა ორბელიანისა და ისტორიკოსისა და კარტოგრაფის – ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებში. საბჭოთა კავშირის დროს, პირველი სამეცნიერო ექსპედიციები 1920-1930-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში რუსმა და ქართველმა მეცნიერებმა: ვასილ ჟუკოვსკიმ, ლეონარდ დეკაპრელევიჩმა, ედუარდ მენაბდემ და ნადნევსკიმ ხორბლის შემდეგი ქართული ენდემური სახეობები აღწერეს: ჩელტა-ზანდური, მახა, დიკა, კოლხური ასლი და ზანდური.
1982 წელს, საბჭოთა დროს გამოცემულ წითელ წიგნში, საქართველოში გავრცელებული ხორბლის 10 სახელია ჩამოთვლილი [მაგრამ დაუზუსტებელია, რომელი მათგანია ენდემური სახეობა და რომელი – გამოყვანილი ჯიში]: დოლის პური, რბილი ხორბალი [Triticum aestivum L], დიკა, ქართლის ხორბალი [Triticum carthlicum Nevsky], ჩაგვერა პური, ნამგალა პური, ქონდარა პური Triticum compactum Host], ნამდვილი ასლი [Triticum dicoccum Schübl], თავთუხი, მაგარი ხორბალი [Triticum durum Desf], გვაწამახა [Triticum macha, et Men], გვაწა-ზანდური [Triticum monococcum var. Hornemannii Clem], ჩელტა-ზანდური [Triticum Timopheevii Zhuk], ძველი კოლხური ასლი [Triticum palaeo-colchium Men] და ჩელტა-ზანდური [Triticum Zhukovskyi Men. et Eritz].
საბჭოთა წითელი წიგნის მიხედვით, ხორბლის ეს სახეობები თუ ჯიშები მოჰყავდათ სვანეთში, რაჭაში, შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში.ენდემური სახეობების უმეტესობა მდგრადი იყო კლიმატის მიმართ: ყინვა/გვალვაგამძლე და მდგრადი სოკოსგან გამოწვეული დაავადებების მიმართ.
UNESCO-ს ძველი რეზოლუცია
2019 წლის 31 მარტს საქართველოს მხარემ [შესაბამისი სამინისტროები: კულტურისა და სოფლის მეურნეობის] გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას [UNESCO] მიმართა და ქართული ხორბლისთვის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
UNESCO-მ განიხილა ეს განაცხადი [ზუსტი სახელი: „ქართული ხორბლის კულტურა [ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების – ლენდრასების მოყვანისა და გამოყენების კულტურა საქართველოში“] და 2020 წელს შესაბამისი რეზოლუცია მიიღო.
UNESCO-მ აღიარა ქართული ენდემური ხორბლის არსებობა და პურის ცხობის ტრადიციები, მაგრამ მაინც არასაკმარისად მიიჩნია მიწოდებული სამეცნიერო მონაცემები ქართული ხორბლის არამატერიალური კულტურული ძეგლის სიაში ჩასმის შესახებ და განაცხადი არ დააკმაყოფილა. ამ წინადადების არდაკმაყოფილების მიუხედავად, UNESCO-მ წაახალისა საქართველო ამ მიმართულებით მეტი სამეცნიერო მონაცემის მოგროვებისკენ და მზადყოფნა გამოთქვა, რომ თუკი ქვეყანა საკმარის მტკიცებულებებს წარადგენს და ხელახლა შეიტანს განაცხადს, შესაძლოა, მომავალი წინადადება დაკმაყოფილდეს.
ხორბლის მოყვანის ტრადიციის წყვეტა მე-20 საუკუნეში
საქართველოში ხორბლის მოყვანისა და შემონახვის ტრადიცია მე-20 საუკუნეში გაწყდა და მისი სრულად აღდგენა და მძლავრი განვითარება ვერც 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ხერხდება, მაგრამ ეს მცდელობები 2000 წლიდან დაიწყო.
ენდემური ქართული ხორბლის მოყვანის კარგვას მთელმა რიგმა მოვლენებმა შეუწყო ხელი, მათ შორის, საქართველოს გასაბჭოებამ, როცა სურსათის სტრატეგიულ მომარაგებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მოსკოვში, ცენტრალიზებულად მიიღებოდა. ამ გადაწყვეტილებებში, ქართული ხორბლის შენარჩუნება ან განვითარება პრიორიტეტული არ იყო.
„რაში სჭირდებოდა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ქართული ხორბალი? – ამბობს ირაკლი ჩავლეშვილი, ქართული ენდემური ხორბლის ენთუზიასტი მწარმოებელი, კომპანია „მზეთამზის“ დამფუძნებელი, – საქართველოდან სჭირდებოდათ ქლიავი, მანდარინი, ყურძენი, ღვინო, ვაშლი და ასე შემდეგ. ხორბალი ბევრი ჰქონდა უკრაინასა და რუსეთს. იმ დროიდან დაიწყო ამის ნგრევა“.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სფეროში ჩართულმა ქართველმა ბიზნესმენებმა გააგრძელეს ხორბლის რუსეთიდან იმპორტის კომფორტული და მოსახერხებელი ტრადიცია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
დღეს საქართველო წლიურად 600 000 ტონამდე ხორბალს მოიხმარს, რომლის დაახლოებით 80% რუსეთიდან შემოდის, ბოლო ათი წლის განმავლობაში. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა და ამით კიდევ უფრო შეუწყო ხელი ხორბლის იმპორტს და არა ქართული ენდემური სახეობებისა თუ ჯიშების გამოყვანის წახალისებას.
ქართული ენდემური ხორბლის სახეობების აღდგენისა და განვითარების სუბსიდირება ან მასზე ცნობიერების ამაღლება, ფართო მასშტაბებით, არასოდეს ყოფილა საქართველოს მთავრობის მიზანი და პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების თესლი ინახება და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, მსურველს მისი აღება, დათესვა, ახალი ჯიშების გამოყვანა, ა.შ. შეუძლია. UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის ტრადიციების აღიარების ერთ-ერთი ბაზისი სწორედ ამ ცენტრის არსებობაცაა.
სუბსიდირებისთვის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას სხვა პრიორიტეტული სურსათი ჰქონდა აღებული, მათ შორის, ღვინო და თაფლი, რომელთა წარმოება, სერტიფიცირება და გატანა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების [DCFTA] ფარგლებში, მკაფიო მიზანი და არჩევანი იყო. ქართველი მეღვინეების ნაწილმა დაიწყო კიდეც ევროპული ბაზრის შესაძლებლობებით სარგებლობა, მაგრამ მასობრივი წარმოებისა და სწრაფ მოგებაზე ორიენტირებული მეღვინეები ისევ რუსეთის ბაზარს ირჩევენ: ადგილს, სადაც ხარისხი არ კონტროლდება, თუკი პოლიტიკური მიზანი არ დადგა და გაყიდვის შესაძლებლობები, ბაზრის მოცულობიდან და გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, მაღალია.
გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებამაც შეუქმნას:
„რუსეთი რომ ამჟამად მკაცრ ზომებს არ იღებს საქართველოს წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ თუკი მას საქართველოს მთავრობის რამე არ მოეწონება, ასე გააგრძელებს. ეს ქვეყანა ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს პოლიტიკურად. როგორც კი რუსეთს დასჭირდება პრობლემები შეგვიქმნას, ამას აუცილებლად გააკეთებს. ამ ქვეყანასთან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა. რაც ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები, მით უკეთესია“.
მისივე თქმით, საქართველოს გაუჭირდება ხორბლის იმპორტიორი ქვეყნის, რუსეთის, ჩანაცვლება.
„ხორბლის იმპორტის ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ბევრი ალტერნატივა არ არსებობს. ეს ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, – ამბობს კეპულაძე, – ძალიან რთულია დიდმიწიან ქვეყნებს გაუწიო კონკურენცია. ალტერნატივამ შეიძლება პროდუქციის გაძვირება გამოიწვიოს. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენს შორის ოკეანე არაა და ვერც გავაჩენთ. სახმელეთო საზღვარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და რუსეთთან გვიწევს სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები“.
შეუძლია თუ არა საქართველოს, იყოს თვითკმარი ხორბლის წარმოების კუთხით?
ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთის, როგორც ხორბლის იმპორტიორის, სრულად ჩანაცვლება უახლოეს მომავალში გაუჭირდება. ხორბლის მწარმოებლების ნაწილის აზრით კი, არსებობს გამოსავალი: მიწების ეფექტიანად და გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია იყოს თვითკმარი ხორბლის შინ მოყვანის და ეროვნული მოთხოვნილების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
„ჩვენმა წინაპრებმა დაახლოებით 9000 წლის წინ დაიწყეს ხორბლის გაკულტურება, – ამბობს კახა ლაშხი, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელ კომპანია „ლომთაგორას“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, – ქართული ენდემური ჯიშისთვის დამახასიათებელია მაღალი ხარისხი: ამინომჟავებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის მარგებელი“.
„ლომთაგორამ“ 2000 წლიდან ქართული ენდემური ხორბლის სხვადასხვა სახეობისგან 105 სასელექციო ნიმუში მიიღო. „ლომთაგორას“ მარნეულის მიწებზე ქართული ენდემური ხორბლის შემდეგი სახეობები/ჯიშები მოჰყავს: წითელი დოლი, შავფხა და დიკა.
მიმდინარე წლამდე კახა ლაშხს მხოლოდ ხორბალი მოჰყავდა, წელს კი დაფქვა და ფქვილის სახით გაყიდვაც დაიწყო იმ მცირე მეწარმეებზე, რომლებსაც ქართული ენდემური ჯიშებისგან მიღებული ფქვილისგან პურის გამოცხობა და მომხმარებლისთვის შეთავაზება სურთ:
„ქართული ხორბალი რომ არ დაიკარგოს, კომერცია დავიწყეთ: ფქვილი უნდა ვაწარმოოთ. განვითარების პოტენციალს ვხედავ: პური სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია“.
„ჩვენ ქართული პური შეიძლება ცხოვრებაში გასინჯული არ გვქონდეს: მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, – ამბობს ილია კუნჭულია, ფერმერთა ასოციაციიდან, – რასაც საქართველოში ვჭამთ: პური, ხაჭაპური, ხინკალი, ნამცხვარი – ყველაფერი რუსული ფქვილისგან არის დამზადებული“.
კახა ლაშხს, საქართველოში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართული ენდემური ხორბლის გამოყვანილი ჯიშები ექსპორტზე არ გააქვს და არც აპირებს, მაგრამ ყაზახეთში გამართულ გამოფენაზე მსოფლიოში წარმოდგენილი 2000 ჯიშიდან მისმა გამოყვანილმა ხორბლის ჯიშმა – „ლომთაგორა 401“, მისი თქმით, პირველი ადგილი დაიკავა. „ლომთაგორა 401“ თეთრი ხორბალია – მისგან თეთრი ფქვილი და პური მიიღება.
ირაკლი ჩავლეშვილი, „მზეთამზის“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია იყოს თვითკმარი ენდემური ხორბლის წარმოებაში და აქ „მცირემიწიანობა“ უკუარგუმენტი არ არის.
„ჩვენი ქვეყანა რომ თვითკმარი იყოს [ხორბლის მოსაყვანად], მხოლოდ 100 000 ჰექტარი მიწა სჭირდება – ეს არის 10 მეწარმე, თითო ათიათასჰექტრიანი მიწით. დღეს ამ რაოდენობის ხორბლის წარმოება იმიტომ არ ხდება, რომ ხარისხს ბაზარი არ ითხოვს, დაკვეთა არ არის. დაკვეთა რაზეც არის, ის პური გვაქვს“, – ამბობს ჩავლეშვილი.
საქართველომ წლიური მოთხოვნა ხორბალზე – დაახლოებით 600 000 ტონა – რომ ეროვნულად დააკმაყოფილოს, ნახსენები 100 000 ჰექტარი მიწიდან ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა 6 ტონა უნდა იყოს, ამჟამად კი დაახლოებით 2 ტონაა.
საქართველომ რომ საკუთარი ენდემური ჯიშების მოყვანა წარმატებით განავითაროს, რაც უკვე დაწყებული აქვს რამდენიმე მეწარმეს, ერთ ჰექტარ მიწაზე მოსავლიანობა უნდა გაიზარდოს.
მოსავლიანობის გაზრდის სხვადასხვა გზა არსებობს. ერთ-ერთია მაღალმოსავლიანი ჯიშების სელექცია: რითაც დაკავებულია „ლომთაგორა“.
ქართული მიწის დაბალმოსავლიანობა
საქართველოს მიწა ხორბლის კუთხით დაბალმოსავლიანია: ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობა დაახლოებით 2 ტონა იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს 1 ჰექტარ ქართულ მიწაზე 2.6 ტონა ხორბალი მოდიოდა, 2017-ში – 2.2, 2018 წელს კვლავ – 2.5. ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჰექტარზე მოსავლიანობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინაში 1 ჰექტარზე, საშუალოდ, 4 ტონა ხორბალი მოდის, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კი – 3 ტონა.
დაბალმოსავლიანობას ემატება ისიც, რომ ხორბლის ძველი ქართული სახეობები და გამოყვანილი ჯიშები დაბალმოსავლიანია. საჭიროა სელექციის მეცნიერების განვითარება.
„ხორბლის ქართული ჯიშები, უცხოურ ჯიშებთან შედარებით, დაბალმოსავლიანია, მაგრამ ხარისხიანი. მაგრამ სელექციის გზით, მაღალმოსავლიანობაზეც გავდივართ. სელექციის დროს ჩვენი მიზანია ქართული გენეტიკის შენარჩუნება“, – ამბობს კახა ლაშხი, „ლომთაგორას“ დამფუძნებელი.
2019 წელს „ლომთაგორამ“ ამ კუთხით, რეკორდი დაამყარა: ერთ ჰექტარ მიწაზე 11 ტონა ხორბალი მიიღო, რაც მაღალშემოსავლიანობად ითვლება. კახა ლაშხის მრჩეველი ირაკლი რეხვიაშვილია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და სელექციონერი.
ხორბლის ჯიშების სელექცია არა მხოლოდ მაღალმოსავლიანობის მისაღებად, არამედ ცვალებადი კლიმატური მოვლენების [გვალვა, მაღალი ტენიანობა] მიმართ გამძლეობის მისაღწევადაც გამოიყენება.
ილია კუნჭულია, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აქაც მიწის საკუთრების საკითხი და მიწის რეგისტრაციის გაჭიანურებაა.
„სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა ეკუთვნის მთავრობას. რაც ხალხის მფლობელობაშია, ისინი სოფლის მეურნეობაში საერთოდ არ არის ჩართული: ქალაქში ცხოვრობს, უცხოეთშია და ასე შემდეგ, – ამბობს კუნჭულია, – მიწების გამსხვილება, ხორბლის მწარმოებლების და ტექნიკური გადაიარაღება თუ არ მოხდა, ასევე მოსავლის შენახვის პირობების შექმნა, არაფერი შეიცვლება. ხორბლის წარმოება ვერ ვითარდება, პირიქით, იკლებს. [ერთსა და იმავე მიწაზე] ხორბალი ყოველ წელს ითესება, – თესლბრუნვა არ არის და ფერმერებს ბევრად მეტი ქიმიკატის გამოყენება უწევთ. რუსეთსაც რომ ვამბობთ, რუსეთი არის უზარმაზარი. ზოგან, შესაძლოა, წყალია დაბინძურებულია, ზოგან – ნიადაგი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რომ დაამატოს ხორბლის შემოწმება, კარგი იქნება“.
როგორ არეგულირებენ პურის დიდი მწარმოებლები ხარისხს საქართველოში?
საქართველოში არსებობენ დომინანტური პურის იმპორტიორები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მოგების მიღება: ბაზრის დაკმაყოფილება, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფა ან ქართული ენდემური სახეობების განახლება ან ჯიშების გამოყვანა მათი ბიზნესინტერესი არ არის, რადგან ეს იდეა მოკლევადიან მოგებას არ იძლევა.
კითხვები ისმის რუსული ხორბლისა და ფქვილის რეალურ შემადგენლობასა და ხარისხზე, რაც საქართველოში შემოდის, მაგრამ რაკი მასში შემავალი პოტენციური დამაბინძურებლები მყისიერ მოწამვლას და ადამიანის სიკვდილს არ იწვევს, მთავრობისთვის ეს მდგომარეობა უფრო კომფორტული და მისაღებია.
აფლატოქსინი
კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, გლობალურად ტემპერატურის მომატების ფონზე, იმატებს ხორბალში აფლატოქსინის გავრცელების რისკებიც: უხვი ნალექების გამო, ზოგი ადგილი უფრო ნესტიანი ხდება, ვიდრე ადრე იყო. ნესტი სოკოს გაჩენისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა.
ტემპერატურის მომატების რისკები ეხება რუსეთის იმ ნაწილსაც, სადაც ხორბალი მოდის. რუსეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის კვლევაში EFFECTIVE AFLATOXIN B1 REDUCTION IN WHEAT GRAIN CONTAMINATED BY Aspergillus flavus VIA COMBINING THE BIOLOGICAL DEGRADATION OF THE TOXIN WITH INHIBITION OF ITS BIOSYNTHESIS, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა, წერია, რომ რუსეთში ხორბლის პროდუქტები სოკოს სხვადასხვა პათოგენით არის დაავადებული.
ხორბლის მინდვრებზე სოკოების გამრავლებას კლიმატის ცვლილების შედეგად შეცვლილი ამინდის პატერნები უწყობს ხელს: წლის განმავლობაში უჩვეულოდ თბილი ან ნოტიო პერიოდები ხელსაყრელ გარემოს ქმნიან სოკოებისთვის, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მარცვლოვან კულტურებში.
2023 წელს რუსმა ავტორებმა კიდევ ერთი კვლევა Diversity of Fusarium Species and Their Mycotoxins in Cereal Crops from the Asian Territory of Russia გამოაქვეყნეს, სადაც აღწერილია, რომ რუსეთის აზიურ ნაწილში – ურალსა და დასავლეთ ციმბირში – ხორბლის მიკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა ერთ-ერთი სოკოს – Fusarium fungi – 16 სხვადასხვა სახეობა და მათგან გამოწვეული ტოქსინები აღმოაჩინა.
„ხორბალი მიკოტოქსინებზე არ შეგვიმოწმებია, – ამბობს ილია კუნჭულია, ფერმერთა ასოციაციიდან, – კარგი იქნება, ხორბალი აფლატოქსინებზე შეამოწმოს ვინმემ“.
დიდი მცხობელები, მაგალითად, “იფქლი დიღომი,” რომლის პურიც საქართველოს ბაზარზე დომინანტურია, უკვეთავენ ისეთ ფქვილს, რომელსაც უნდა ჰქონდეს გარკვეული მახასიათებლები: წებოგვარა, ედეკა, ცილის რაოდენობა ხორბალში და სხვა კომპონენტები.
„ამ მახასიათებლებს წისქვილკომბინატები ხელოვნურად სვამენ. მაგალითად, წებოგვარა, ედეკა, ცილის რაოდენობა ხორბალში და სხვა კომპონენტები. ცილა განაპირობებს ხორბლის კვებით ღირებულებას, წებოგვარა ხორბლის ამოწევას განაპირობებს. რაც უფრო იმპორტირებულია, მით ნაკლები აქვს ეს ხორბალსა თუ ფქვილს ეს შემადგენლები. წისქვილკომბინატები ამის ნაკლებობას ხელოვნურად აბალანსებენ: პროდუქცია მიჰყავთ იმ კონდიციამდე, როგორი დაკვეთაც აქვთ მცხობელისგან და ქართველი მომხმარებლისგან, – ამბობს ირაკლი ჩავლეშვილი, – პური რომ იჭმეოდეს, რაღაც სჭირდება: უნდა გაალამაზო. ‘ლამაზდება’ ქიმიური მინარევებით. მაგალითად, ცილა იმ დონემდე უნდა ავიდეს, რომ პური საკვებად ვარგოდეს. ცილა თუ არ აქვს საკმარისი, პური უბრალოდ არ გამოცხვება. თუ არ აქვს საკმარისი, ხელოვნურად ემატება“.
საქართველოში ხორბლის, ფქვილისა და პურის ცალკე რეგლამენტი არ არსებობს. სურსათის მარეგულირებელი სხვა რეგლამენტების მიხედვით, მათ შორის რეგლამენტი „სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხორბლის მომყვანებს, ფქვილის მწარმოებლებსა და პურის მცხობელებს ავალებს, მიუთითონ ფქვილსა თუ პურში შემდეგი ინგრედიენტები: 1) საერთო ენერგეტიკული ღირებულება, 2) ცხიმები, მათ შორის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, 3) ნახშირწყლები, 4) ცილა და 5) მარილი, მაგრამ არ ევალებათ მიუთითონ, მაგალითად, ცილა ხელოვნურად არის დამატებული თუ ხორბალი მას ბუნებრივად შეიცავდა. ფქვილსა თუ პურს, რომელიც დღეს საქართველოში იყიდება, ძირითადად, სწორედ ეს კომპონენტები აქვს მითითებული შესაფუთ ეტიკეტზე.
„რაც ხელოვნურად ემატება, ის იწვევს ჯანმრთელობის შემდეგ პრობლემებს: გლუტენზე აუტანლობას, ავტოიმუნურ რეაქციებსა და ასე შემდეგ“, – ამბობს ირაკლი ჩავლეშვილი.
„საქართველოში რაც [ხორბალი] შემოდის, არის უხარისხო, – ამბობს კახა ლაშხი, – როცა ბევრი მოსავალი აქვთ [რუსეთი და სხვები], არ აქვთ საკმარისი დასასაწყობებელი ინფრასტრუქტურა, უწევთ გარეთ დასაწყობება. ხორბალი ნესტიანდება, უჩნდება ობი და ასე უჩნდება ხორბალს აფლატოქსინი. თუ პერმანენტულად მიიღებთ ამით დაბინძურებულ სურსათს, ფაქტობრივად, განუკურნებელია. აფლატოქსინი თუ ხორბალშია, შესაბამისად, ფქვილში გადადის. მას [პურის ცხობისთვის საჭირო] თერმული დამუშავება არ ანადგურებს“.
ნიადაგის დაბინძურება – გარემოს ეროვნული სააგენტოს არასაჯარო ანგარიშები
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში ნიადაგის შემოწმების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტო სრულად არ ასაჯაროებს სურსათის შემოწმების აქტებსა და ოქმებს. შესაბამისად, ეჭვის ქვეშ დგება საქართველოში ნებისმიერი პროდუქტის ხარისხიანობის [ბიო, ეკო] საკითხი.
ამ სტატიაზე მუშაობის ფარგლებში, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოსგან [NEA] გამოვითხოვეთ საქართველოში ნიადაგების შემოწმების წლიური ანგარიშები. ეს ანგარიშები, წესით, NEA-ს ვებგვერდზე უნდა იყოს გამოქვეყნებული, მაგრამ ხშირად ეს სახელმწიფო უწყება წლიურ ანგარიშებს არ აქვეყნებს.
მოთხოვნილი ანგარიში NEA-ს არ მოუწოდებია მიუხედავად იმისა, რომ გასულია საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის საჭირო დრო – 10 სამუშაო დღე.
ქართველი მეცნიერები, ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პატარა კვლევებს ატარებენ, სადაც ჩანს ნიადაგის დაბინძურების პრობლემები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უხვმოსავლიან მხარეს – ქვემო ქართლში.
არსებობს ქართველი მეცნიერების მიერ ქვემო ქართლში ჩატარებული სპორადული კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემო ქართლში ნიადაგი მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული, რაც საკვებ ჯაჭვშიც გადადის.
დღეს საქართველოში მოყვანილი ხორბლის უმეტესობა ადამიანის საჭმელად აღარ ვარგა: ცხოველების საკვებად გამოიყენება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ხორბლის მომყვანების ნაწილის აზრით, ისაა, რომ დღეს ხორბალი ან სხვა მარცვლოვნები საქართველოში ისეთ ადგილებში მოჰყავთ, სადაც გვალვა ან სეტყვა მეტია და წყალი – ნაკლები [კახეთი და შიდა ქართლი].
„კახეთი გვგონია მეხორბლეობის მხარე. მეხორბლეობის მხარე ყოველთვის იყო მესხეთი. მესხეთი ახლა საერთოდ არ არის მეხორბლეობის მხარე. ყარსიდან თურქეთში რომ გადახვიდეთ, იგივე ტერიტორიაზე, ჩვენი იყო, სულ მეხორბლეობაა განვითარებული. აქეთ [საქართველოს მხარეს] არსად არაა მეხორბლეობა, – ამბობს ირაკლი ჩავლეშვილი, – ჩვენ წელს იმ ტერიტორიაზე ისეთი ხორბალი მოვიყვანეთ, ორჯერ იმაზე მეტი მარცვალი მივიღეთ, ყოველგვარი სასუქების გარეშე“.
ამჟამად ირაკლი ჩავლეშვილს ქართული ხორბლის ორი ჯიში მოჰყავს: თეთრი დიკა და ახალციხური წითელი დოლი.
„ჩვენ დიდი რეფორმები გვჭირდება, – ამბობს ის, – ახლა ჩანასახში ვართ, მაგრამ მომდევნო 10 წელიწადში მე გარღვევას ველოდები. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რასაც ჭამ, ის ხარ“.
ლომთაგორა, ლაგაზი, მოზილე, ნათელას პური, EndemAia, მზეთამზე – გემოვანი პური, მამას პური ეს ის ქართული, საშუალო ზომის კომპანიები თუ პატარა სტარტაპებია, რომლებსაც ქართული ენდემური ხორბალი მოჰყავთ, ფქვილს ფქვავენ თუ პურს აცხობენ. მათი პროდუქცია ქართული მომხმარებლის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაღალი ფასის ან ფიზიკური სიმცირის გამო, მაგრამ შესაბამისი სუბსიდირებისა და მომხმარებელში ცნობიერების ამაღლების შემდეგ, ეს შეიძლება შეიცვალოს.
საქართველოს, მცირემიწიანი ნიდერლანდების მსგავსად, შეუძლია არსებული მიწა მეტად აითვისოს, გონივრულად მართოს, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი ხორბლის მოსავლიანობაც გაზარდოს და ახალი მომხმარებელიც გაიჩინოს.