მალნუტრიცია – იგივე არასრულფასოვანი კვება, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უქმნის ჯანმრთელობის სერიოზულ და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებს. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ღარიბ ქვეყნებში, სადაც მატერიალური სიდუხჭირე დამატებით სირთულეებს ქმნის არასათანადო ინფორმირებულობასთან ერთად. საქართველოც, ცხადია, ამ რიცხვშია და ამ ყველაფერს ქვეყანაში სწრაფი კვების ობიექტების პოპულარობის ზრდაც ემატება, განსაკუთრებით მოზარდებში. მაშინ, როცა სწორედ ისინი არიან ერთ-ერთი მთავარი რისკჯგუფი.
სტატიაში განხილულია ქვეყანაში არსებული რეგულაციები, სახელმწიფო პროგრამები და ის ხარვეზები, რაც ამ პროგრამებში, პირველადი ჯანდაცვის სფეროში თუ სხვა მიმართულებით არსებობს და შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სიტუაცია.
მალნუტრიცია გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დღეს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. არასრულფასოვანი და არაჯანსაღი კვება ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვების, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ, უამრავ მოზარდს კი ხელს უშლის, სათანადოდ გამოავლინოს საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები.
2019 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ არასრულფასოვანი კვება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. არასათანადო კვების გამო, წელიწადში დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი კვდება. ეს რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე თამბაქოს მოხმარებით ან ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობა. მიუხედვად მასშტაბებისა, პრობლემა ხშირად უხილავია, რადგან განსხვავებით ომების, სტიქიური უბედურებების ან ეპიდემიებისგან, მალნუტრიციის შედეგები ერთბაშად არ იჩენს თავს.
ზუსტი დეფინიციით, მალნუტრიცია არის ბალანსის დარღვევა საკვები ნივთიერებების მიღებასა და ორგანიზმის მოთხოვნილებებს შორის. იგი მოიცავს როგორც არასაკმარის კვებას და მიკროელემენტების დეფიციტს, ასევე ჭარბ კვებას, განსაკუთრებით – არაჯანსაღი საკვებით, რაც სიმსუქნისა და კვებასთან დაკავშირებულ არაგადამდები დაავადებების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია. ამიტომ, როგორც ხშირად ბევრს ჰგონია, მალნუტრიცია მხოლოდ საკვების სიმწირეს არ ნიშნავს და ამ პრობლემას მაღალშემოსავლიან ქვეყნებსა და ოჯახებშიც არცთუ იშვიათად შეხვდებით.
მალნუტრიცია საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ მალნუტრიცია მრავალშრიანი პრობლემაა და არაერთი მიზეზი აქვს, მრავალფეროვან საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო მწვავედ მაინც დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებსა და სოციუმებში დგას. მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა.
ჯერ კიდევ 2009 წელს ჩატარებული „საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევით“ დადგინდა, რომ საქართველოს ნახევარ მილიონ მოქალაქეს – უმეტესად ბავშვებსა და ქალებს, მალნუტრიციის რომელიმე ფორმა აღნიშნებათ. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი (671 337) სოციალურშემწეობაზეადამოკიდებული, ბავშვების 16 პროცენტი კი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ ფონზე, ცხადია, ამ ადამიანებისთვის სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება ვერ იქნება ხელმისაწვდომი, მიუხედავად ამ საკითხზე ინფორმირებულობისა თუ სურვილისა. საინტერესო დამთხვევაა მალნუტრიციის მქონე ადამიანების რიცხვსა და სოციალურად დაუცველების რაოდენობას შორისაც.
2019 წელს გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭრილი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩაატარა. კვლევა თითქმის ყველა იმ ძირითად ინდიკატორს ფარავს, რომლებიც შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების, მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6% ჭარბწონიანია, 1%-ს აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა, 6% ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში, ხოლო 2%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი.
რაც შეეხება ბავშვთა კვების რაციონს, 6-23 თვის ასაკის ბავშვების მხოლოდ 27% იღებს მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით. კვების რაციონის მრავალფეროვნება უფრო მაღალია ქალაქად, ვიდრე სოფლად და 53% და 45%-ს შეადგენს.
2012 წელს Unicef-მა ჩაატარა კვლევა, სადაც ბავშვებსა და დედებში მალნუტრიციით გამოწვეულ ეროვნულ ზარალს აფასებდა. მაშინდელი მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი იღუპებოდა დედის ანემიის, მცირე წონის, ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიებისა და სუბოპტიმალური (არასაკმარისი) ძუძუთი კვების გამო. კვლევამ აჩვენა, რომ 10 წლის განმავლობაში მალნუტრიციამ ქვეყანას მაშინდელი ღირებულებით $1.3 მლრდ ზარალი მიაყენა და 4300 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამავე კვლევის მთავარი რეკომენდაცია ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიკაციას შეეხებოდა. ეს მოსახლეობაში არსებული ნუტრიციენტების დეფიციტის ყველაზე სწრაფად და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეძლებდა. თბილისის სამედიცინო აკდემიის პროფესორი, ლელა სტურუა, რომელიც თავადაც იყო ამ პროცესში ჩართული, ამბობს, რომ 2015 წელს საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, პროგრამა ვერ შედგა.
„Unicef-ის ამ ინიციატივას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც ძალიან უჭერდა მხარს. ჩვენ დამატებით შეთავაზებაც გვქონდა: დაამატე რკინა და ფოლიუმი, შეამცირე მარილი. მაგრამ სამედიცინო საზოგადოებაში აზრები გაიყო ფოლიუმის მასობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ჯანდაცვის უწყების, მხრიდანაც არ იყო საკმარისი ნება ამისთვის. საბოლოოდ, პროგრამა არ დაწყებულა. ამ დროს, ფინანსურად ეს არ ჯდებოდა ისეთი ძვირი, რომ სახელმწიფოს ვერ დაეძლია და ძალიან ეფექტურიც იქნებოდა“,– ამბობს ლელა სტურუა.
შეთავაზებული ინტერვენციებიდან სახელმწიფომ მხოლოდ ორსულების ფოლიუმის მჟავით უფასოდ უზრუნველყოფა და რკინის დეფიციტის შემთხვევაში მათი შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა განახორციელა. 2012 წლის შემდეგ მსგავსი კვლევა აღარ ჩატარებულა, ამიტომ უცნობია, რა რეალური შედეგი ჰქონდა ორსულებისთვის დანერგილ ამ ინიციატივას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება მხოლოდ ორსულობის პერიოდში შესაძლოა საკმარისი არ იყოს, რადგან ჯანსაღი და დაბალანსებული კვება ქალებისთვის მანამდეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ექიმი-ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია ჩვენთან საუბარში სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ბავშვის კვებაზე ზრუნვა მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დავიწყოთ, რადგან მომავალი დედის ნაკვებობა გრძელი ჯაჭვის უპირველესი რგოლია.
„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოზარდები, მათ შორის, პრეპუბერტატული და პუბერტატული ასაკის გოგონები, არასრულფასოვნად იკვებებიან. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრების წესი ხშირად ხელს უშლის სწორი კვების მოდელის ჩამოყალიბებას, რადგან თანამედროვე სტერეოტიპები გოგონებს მძიმე წნეხის ქვეშ ამყოფებს – გაუთავებელი საუბრები წონასა და სილამაზის სტანდარტებზე კვების ხელოვნური შეზღუდვისკენ უბიძგებს. შედეგად, ნებით თუ უნებურად, შეზღუდულ კვებაზე მყოფ მომავალ დედებს ხშირად ორსულობის დადგომამდე უკვე აქვთ ნუტრიციული დეფიციტი. ასევე, საგულისხმოა სამედიცინო მიზეზები, მაგალითად, დაავადება ან ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარება, რასაც შედეგად მოჰყვება მალნუტრიცია“, – აღნიშნავს მარი მალაზონია.
ნაყოფის უზრუნველყოფა ორსული ქალის კვებაზე განსაკუთრებულ მზრუნველობას გულისხმობს, რადგან ამ დროს ქალის ორგანიზმს საკვებ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილება აქვს. ამას გარდა, მალაზონიას თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო არიან მელოგინე/მეძუძური ქალები, რადგან, თუ ორსულობისას ჯერ კიდევ თვალშისაცემია ქალის განსაკუთრებული მდგომარეობა, მშობიარობის შემდეგ ყურადღება ყველას ახალშობილზე გადააქვს.
„უფრო მეტიც, ხშირად, სტერეოტიპების გავლენით, მეძუძურ დედას დაუსაბუთებლად უზღუდავენ კვებას, ცალკეულ საკვებ პროდუქტებს და რატომღაც ავიწყდებათ, რომ ლაქტაციის დროს ქალს კიდევ უფრო უკეთესი კვება სჭირდება როგორც მისი, ისე ბავშვის, ჯანმრთელობისთვის“.
მალნუტრიცია ბავშვებში
მალნუტრიცია ხშირად ინტერგენერაციულ წრეს ქმნის: არასრულფასოვნად ნაკვები დედები, როგორც წესი, მალნუტრიციის პრობლემის მქონე შვილებს აჩენენ და ეს პროცესი მერეც გრძელდება. არასრულფასოვანი კვება მნიშვნელოვნად აფერხებს ბავშვების გონებრივ განვითარებას. ფიზიოლოგიური ცვლილებები, ენერგიის დეფიციტი და სწავლის პროცესში მონაწილეობის უნარის დაქვეითება პირდაპირ ზემოქმედებს მათ შემეცნებით შესაძლებლობებზე. მალნუტრიციის მსუბუქ და საშუალო ფორმებსაც კი შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქომოტორულ განვითარებასა და მოტორულ უნარებზე. ასეთი ბავშვები ხშირად ხასიათდებიან დაბალი აქტივობით, ნაკლები ინტერესითა და ინიციატივით, რაც ზღუდავს მათ გარემოსთან ურთიერთობას და აფერხებს ფიზიკური თუ ინტელექტუალური უნარების ჩამოყალიბებას. ეს კი მომავალშიც გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს მათზე, რადგან აისახება როგორც აკადემიურ მიღწევებზე, ისე პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
ბავშვთა ნუტრიციული სტატუსი ყოველთვის და პირდაპირ სიღარიბესთან არ არის დაკავშირებული, თუ გამოფიტვასა და კლინიკურ შიმშილთან არ გვაქვს საქმე. ამ პრობლემას, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთი, სწორი კვების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ან ამ ინფორმაციის არამნიშვნელოვნად მიჩნევაა.
მარი მალაზონია ამ გამოწვევაზეც საუბრობს:
„ერთი მხრივ, პრობლემურია კვების როლის არასათანადოდ შეფასება და, პრაქტიკულად, უგულებელყოფა, არასაკმარისი ინფორმირებულობა რაციონალური კვების საკითხებთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ბევრი ინფორმაცია და/ან არასწორი ინფორმაცია. დღეს, როცა კვებაზე საუბრობს ყველა, როცა თანამედროვე ადამიანი „სწორი კვების“ შესახებ ყოველდღიურად უამრავ გადაუმოწმებელ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ „რეკომენდაციას“ იღებს, რთულია სწორი ორიენტირის მოძებნა“, – აღნიშნავს ის.
მარი მალაზონია ამბობს, რომ საქართველოში ხშირია, როცა სტერეოტიპულად, „კარგად ნაკვებად“ ითვლება „ჩამრგვალებულ-მოსუქებული“ ბავშვი და ამ შემთხვევაში ოჯახებისთვის ძნელად დასაჯერებელია მალნუტრიციის რისკი. მისი თქმით, ზოგადად, ბავშვების შეფასებისას ხშირია ნაკვებობის პრობლემის უგულებელყოფის რისკი, თუ მას არ აღნიშნება მალნუტრიციის აშკარა ნიშნები. მაშინ, როცა ადრეული ასაკის ნუტრიციული დეფიციტი შეიძლება ბავშვისთვის სამომავლოდ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.
სახელმწიფო პროგრამები
მალნუტრიციასა და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამები საკმაოდ მწირია. სხვადასხვა დროს მიღებული რეგლამენტებით (მაგალითად, 2014, 2017) სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო და ჯანსაღი საკვები, რაც უზრუნველყოფს სწორი ჩვევების ჩამოყალიბებას და ჯანმრთელობის საფუძველს ზრდასრულ ასაკში. გაიწერა ბავშვთა კვების რაციონი, რომელიც უნდა მოიცავდეს ოთხივე ძირითადი ჯგუფის პროდუქტს:
1. პური და მარცვლეული ; 2. ხილი და ბოსტნეული; 3. რძე და რძის ნაწარმი; 4. მჭლე ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, კაკლოვნები და თესლეული.
ამ ნორმებით ხელმძღვანელობენ საქართველოში არსებული საჯარო საბავშვო ბაღები. თუმცა, პერიოდულად დარღვევები მაინც აღინიშნება და წლების განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს საკვების ხარისხის, ჰიგიენის თუ სხვა მიზეზით, არაერთხელ დაუჯარიმებია საბავშვო ბაღები. მათ შორის, გასულ თვეშიც, როცა უწყებაში შესული შეტყობინებების საფუძველზე სააგენტოს თბილისის დეპარტამენტმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში. შემოწმების შედეგებით შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა უსაფრთხოების სტანდარტებთან. იგივე მოხდა 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტზე და ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღში, სადაც შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა ჰიგიენური ნორმების დარღვევის კუთხით.
2023 წლის 24 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტების ფუნქციონირების მინიმალური მოთხოვნები დაამტკიცა. რეგულაციის მიზანია სკოლებში ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოყალიბება და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა. დოკუმენტით განისაზღვრა აკრძალული პროდუქტების სია, მათ შორისაა: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა არომატიზებული წასახემსებლები; მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული; მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული კერძები; დაკონსერვებული პროდუქტები; თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი; სოკო; კრემიანი ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელები და ყავა.
სასკოლო კვება
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები დროის მნიშვნელოვან ნაწილს სკოლაში ატარებენ. სწორედ ამიტომ, სასკოლო გარემო, მათ შორის, იქ მიღებული ინფორმაცია და არსებული პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებს მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების პროცესში. სკოლაში თუნდაც დღეში ერთხელ სრულფასოვანი კვება, პოზიტიურად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე, სწავლის შედეგებსა და ზოგად კეთილდღეობაზე. სასკოლო კვების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეც, რადგან ასე ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ჯანმრთელი საკვები, მიუხედავად ოჯახური ან სოციალური მდგომარეობისა. ამ თვალსაზრისით, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ბავშვთა კვებისა და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველოში საჯარო სკოლებში უფასო საკვები ხელმისაწვდომი არაა. ზოგ სკოლაში, განსაკუთრებით რეგიონებში, ბავშვებს საჭმლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ, რადგან იქ ბუფეტი არ არსებობს. ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა მხოლოდ კერძო სკოლებში ხდება, თუმცა, აქ სწავლა მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუწვდომელია. საქართველოში კერძო სკოლებში ბავშვების მხოლოდ 10 % დადის, 90 % საჯარო სკოლაში სწავლობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარებული 2023 წლის კვლევის „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“ მონაცემებით, სასკოლო საათებში კვება ქვეყნის მასშტაბით კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. კვლევის მიხედვით, სკოლაში ყოველდღიურად მხოლოდ ბავშვების დაახლოებით 27% იკვებება, მაშინ როცა თითქმის 35% საერთოდ არ იღებს საკვებს სასკოლო საათების განმავლობაში. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ოჯახების 45%-ს არ აქვს საშუალება, ბავშვებს სკოლაში საკვების ფული გაატანონ. კიდევ ერთი სერიოზული ბარიერია სკოლების სიახლოვეს კვების ობიექტების არარსებობა, რაც პრობლემის 36.4%-ს შეადგენს. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურული თუ სხვა გამოწვევები კიდევ უფრო ამძაფრებს ბავშვთა კვების პრობლემას.
საქართველოს მთავრობამ უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის საკითხზე საუბარი 2020 წლიდან დაიწყო, თუმცა ინიციატივა ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. ამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის დაიწყება პროგრამის განხორციელება, რა ბიუჯეტით დაფინანსდება ის და როგორ მოხდება მისი მენეჯმენტი.
მალნუტრიცია და ჭარბწონიანობა
მალნუტრიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება ჭარბწონიანობაა, რომელიც თანამედროვე სამყაროში გლობალურ გამოწვევად იქცა. თუმცა, საზოგადოებაში ხშირად არ უკავშირებენ ამ საკითხს მალნუტრიციას, რადგან ბევრი ადამიანისთვის რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება საკვები ნივთიერებების დეფიციტზე საუბარი მაშინ, როდესაც ადამიანი ჭარბად იღებს საკვებს და დიდი წონა აქვს.
მარი მალაზონია მალნუტრიციის ამ ფორმას შემდეგნაირად განმარტავს:
„ესაა მდგომარეობა, როცა ჭარბი (ფუჭი) კალორიების მიუხედავად, ორგანიზმს აკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები. უფრო მეტიც, ჭარბ წონასთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი, ასევე, მალნუტრიციას ანუ არასაკმარის ნაკვებობას გულისხმობს“, – აღნიშნავს ის.
მალაზონიას, როგორც ექიმის და ნუტრიციოლოგის პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სწორედ მალნუტრიციას უკავშირდება. ამიტომ მას მსგავს შემთხვევებთანაც არაერთხელ ჰქონია შეხება:
„მე მომიწია საქართველოში პირველი კვლევის ჩატარება ხანდაზმულთა ნუტრიციული სტატუსისა და მალნუტრიციის შესასწავლად. სწორედ ათასობით პაციენტზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რამდენად ხშირია ნორმალური და ჭარბი წონის პირობებში მალნუტრიციის ფარული რისკი. ჭარბი წონა ყოველთვის არ ნიშნავს ჭარბად კვებას. ასევე, საკვების ჭარბი მოხმარება არ ნიშნავს საკმარისი რაოდენობით საჭირო ნივთიერებების მიღებას. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნუტრიენტებით ღარიბი მაღალკალორიული საკვების მოხმარება რეალობაა, რომელსაც ხელს უწყობს ზემოთ ნახსენები ფაქტორები და, უპირველეს ყოვლისა, ამ ტიპის საკვების ხელმისაწვდომობა, მეტად სასარგებლო საკვებთან შედარებით“, – ამბობს მალაზონია.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ მალნუტრიციასთან მიმართებით, სწრაფი კვების პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარებაა. Globenewswire-ის ინფორმაციით, სწრაფი კვების გლობალურმა ბაზარმა 2024 წელს $8 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და მოსალოდნელია, რომ 2034 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1.3 ტრილიონს გადააჭარბებს. სწრაფი კვების პროდუქტებზე მოთხოვნა ბოლო ათწლეულებში მთელ მსოფლიოში გაიზარდა. ამას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ურბანიზაცია, მზარდი საშუალო ფენა, დატვირთული ცხოვრების რითმი და ონლაინ საკვების მიწოდების სერვისების გამოყენების ზრდა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე მსგავსი პროდუქტების მარკეტინგული კამპანიები. შედეგები კი საკმაოდ მძიმეა, რადგან ფასტფუდის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ზოგიერთი ტიპის სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების განვითარებას. ასევე, მოქმედებს კოგნიტიურ უნარებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძაფრად ბავშვებსა და მოზარდებზე აისახება, რომლებიც, როგორც წესი, სწრაფი კვების პროდუქტების მოყვარულები და ხშირი მომხმარებლები არიან.
ოფიციალური და მასშტაბური კვლევა, თუ რამდენი ადამიანი და რა რაოდენობით მოიხმარს ასეთ პროდუქტებს საქართველოში, არ არსებობს, თუმცა, ემპირიული დაკვირვებითაც ადვილად შესამჩნევია, რომ ურბანულ დასახლებებში სწრაფი კვების ობიექტები მუდმივად სავსეა და იქ ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვებსა და მოზარდებს ნახავთ.
ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე გლობალური აკრძალვა და კანონმდებლობა ამ ტიპის საკვების ასაკობროვ შეზღუდვაზე, თუმცა, კონკრეტულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს გარკვეული ზომების მიღება. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ნორვეგია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სრულად აკრძალა 18 წლამდე ახალგაზრდებზე მიმართული არაჯანსაღი საკვებისა და სასმელების რეკლამა. მანამდე, 2016 და 2019 წლებში, მსგავსი აკრძალვები საფრანგეთმა და პორტუგალიამაც შემოიღეს, ოღონდ ეს მხოლოდ საზოგადოებრივ ტელევიზიებს და მათ ონლაინპლატფორმებს ეხებოდა.
განათლება და მალნუტრიცია
ზემოთ ნახსენები მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა აჩვენებს, რომ ანთროპომეტრული მალნუტრიცია [i]უარყოფით კორელაციაშია ბავშვის დედის განათლების დონესთან. მაგალითად, სიმაღლეში ჩამორჩენა ყველაზე მაღალია და 14%-ს აღწევს, როდესაც დედას მიღებული აქვს დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება და ყველაზე დაბალი – 4%, როდესაც დედას აქვს უმაღლესი განათლება. საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რომ განათლებული დედები უკეთესად არიან აღჭურვილნი, აითვისონ და სწორად გამოიყენონ ჯანმრთელობისა და კვების შესახებ ცოდნა: „თანამედროვე მიდგომით, ადეკვატური განათლება ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ფაქტორია – ისევე, როგორც, მაგალითად, ჯანსაღი კვება, ფაზიკური აქტივობა ან სრულფასოვანი ძილი. ამიტომ, ბავშვის მალნუტრიციის რისკზე ნამდვილად ახდენს გავლენას დედის დასაბუთებული არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რეკომენდაციით, დედამ იცოდეს შვილის ინდივიდუალური საჭიროებები და სწორედ ამ საჭიროებათა შესაბამისად შეურჩიოს ბავშვს კვების მოდელი და საკვები პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინოს შესაძლო რისკები და მოსალოდნელი შედეგები“, – ამბობს მარი მალაზონია.
გამოსავლის გზები და პოლიტიკა
მალნუტრიციის დაძლევა საქართველოში მოითხოვს სისტემურ, მრავალსექტორულ მიდგომას. გლობალური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ აუცილებელია ჩატარდეს სამუშაოები შემდეგი მიმართულებით:
ცნობიერების ამაღლება და განათლება: მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დედებისა და მზრუნველების განათლება და ინფორმირება ჯანსაღი კვების, ძუძუთი კვებისა და დამატებითი კვების მნიშვნელობაზე.
მიზნობრივი პროგრამები: ორსულებისა და ბავშვებისთვის აუცილებელი მიკრონუტრიენტების მიწოდება.
საკვების პოლიტიკა და რეგულაციები: ჯანსაღი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების რეკლამის შეზღუდვა ბავშვებისთვის და საკვების გამდიდრების პროგრამების დანერგვა.
ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება: საკვებსა და ნუტრიციოლოგიასთან დაკავშირებული კონსულტაციების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის რუტინულ სერვისებში.
სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მხარდაჭერა: ადგილობრივი წარმოების წახალისება და ხელმისაწვდომი, ჯანსაღი საკვების უზრუნველყოფა ქვეყნის ყველა რეგიონში.
მალნუტრიცია მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა არ არის. ის ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზეც ნეგატიურად აისახება. დღეს, საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრობლემის მასშტაბის აღიარება და მასზე სწორი და დროული რეაგირება. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქვეყნის მოსახლეობა შეძლებს ჯანმრთელი, პროდუქტიული და მდგრადი მომავლის აშენებას.
[i] კვების სტატუსის განსაზღვრა ადამიანის ფიზიკური ზომების: სიმაღლე, წონა და სხეულის მასის ინდექსის მიხედვით.