საქართველოს სოფლები სიღარიბით, ბიომრავალფეროვნების კლებით და მცირე ზომის, დაბალპროდუქტიული ფერმებით ხასიათდება, რომლებიც იძულებულები არიან ინდუსტრიალიზაციასა და პესტიციდების მზარდი რაოდენობით გამოყენებაზე იფიქრონ. „ეკოსოფელი საქართველო“, ერთგვარი „ცოცხალი ლაბორატორიაა“, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეუძლია თემზე დაფუძნებულ, რეგენერაციულ და ორგანულ სოფლის მეურნეობას იყოს რეალური ალტერნატივა – გააცოცხლოს სოფელი, აღადგინოს ნიადაგი და ბიომრავალფეროვნება და შექმნას სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური მოდელები. ორგანული სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს მცირე ფერმერობას, არ იყენებს აგროქიმიკატებს და ზრდის კლიმატის მიმართ მედეგობას.
შესავალი – საქართველოსმცირე ფერმერები და სოფლის მომავალი
საქართველოს სოფლის რეგიონებისთვის სიღარიბე, სოფლის მეურნეობის დაბალპროდუქტიულობა და მოსახლეობის ჭარბი მიგრაცია მთავარი გამოწვევებია. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 38% სოფელში ცხოვრობს, ხოლო 1.24 მილიონი ადამიანი ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რომელთაგან 98% საოჯახო ფერმებში მუშაობს. საშუალოდ, მცირე ფერმერებს 1-2 ჰექტარი მიწა აქვთ, სადაც მცირე რაოდენობის კულტურები მოჰყავთ და დიდწილად ხელით შრომობენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 220,700 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენები არაოფიციალურად მუშაობენ.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი მხოლოდ 93 ლარს (დაახლოებით 31 ევროს) შეადგენს. ფერმერული მეურნეობების ნახევარზე მეტი ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს და წარმოებული პროდუქციის 10%-ზე ნაკლებს ყიდის. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და თევზჭერა ერთად ქმნის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 6.2%-ს, მაშინ როცა ამ სექტორებში მოსახლეობის 40%-ია დასაქმებული. საქართველოს ხორბლის 77%, ბოსტნეულისა და ხორცის ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს.
მიწის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც მსგავსი კლიმატი და ნიადაგი აქვთ. მათთან შედარებით პესტიციდების გამოყენება საქართველოში სამჯერ უფრო მაღალია და 2006 წლიდან ხუთჯერ გაიზარდა. პესტიციდების მოხმარებით საქართველო (6 კგ ერთ ჰექტარ მიწაზე) თითქმის უახლოვდება ნიდერლანდებს (8 კგ/ჰა), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროექსპორტიორია, თუმცა, მისგან განსხვავებით, მოსახლეობის მხოლოდ 2% ჰყავს დასაქმებული სოფლის მეურნეობაში.
აგროქიმიკატების იმპორტი და გამოყენება სუსტად რეგულირდება; აკრძალული ნივთიერებების კონტროლი სუსტია, არც პესტიციდების ნარჩენების მონიტორინგი ხდება საკვებ პროდუქტებში ან წყალში. სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით მესამედი ეროზიით არის დაზიანებული, რაც უმეტესად გამოწვეულია გადაჭარბებული ძოვებითა და არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებით.
ცხადია, სექტორს სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია, რათა გაიზარდოს ეკონომიკური და ბუნებრივი მდგრადობა კლიმატის ცვლილების, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისა და გლობალური ეკონომიკური დაძაბულობის ფონზე. სოფლის მეურნეობა ასოცირდება ეკონომიკურ სირთულეებთან, ცხოვრების დაბალ ხარისხსა და მძიმე ფიზიკურ შრომასთან.
მცირე ფერმერები კვლავ ინარჩუნებენ აგრობიომრავალფეროვნებას – ისინი ინახავენ ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ხილის ჯიშებს, ინარჩუნებენ ტრადიციულ ცოდნას და კულტურულ მემკვიდრეობას. მათი წვლილი ქვეყნის სურსათის უსაფრთხოებაში შეუცვლელია.
ამის მიუხედავად, მცირე ფერმერები და სოფლის თემები მნიშვნელოვანი სტრუქტურული ბარიერების წინაშე დგანან, როგორებიცაა: ცოდნის არქონა, ტექნიკური უნარების ნაკლებობა, არასაკმარისი დაფინანსება და სუსტი ხელმისაწვდომობა ბაზრებზე. ქალები და უმცირესობები დამატებით დისკრიმინაციულ დაბრკოლებებს აწყდებიან ქონებაზე წვდომის, საკრედიტო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 2024 წლის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 80% მამაკაცების ხელშია და მათი 90% 40 წელზე უფროსია, რაც მიუთითებს როგორც გენდერულ, ისე თაობათა უთანასწორობაზე.
ევროპული მოდელით ინდუსტრიალიზაციისკენ სვლა – როგორც ამას აგროქიმიური ინდუსტრია, მთავრობის ნაწილი და ზოგიერთი განვითარების პროგრამა ახალისებენ – მძიმე შედეგებს გამოიღებს. საქართველოში ეს პროცესი უკვე დაწყებულია: ისეთი კომპანიები, როგორიცაა „Syngenta“ და „Monsanto“, ფერმერებს აიძულებენ კრედიტების აღებას ძვირადღირებული, იმპორტირებული ჰიბრიდული თესლების შესაძენად, აგროქიმიკატების შესყიდვისა და გამოყენებისთვის, რომელთა ფასიც ბაზარზე მკვეთრად მერყეობს. ეს იწვევს გავალიანებას, სახეობების დაკარგვას, ნიადაგის გამოფიტვასა და ქიმიურ ნივთიერებებზე მზარდ დამოკიდებულებას. მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები კი შემდეგია: უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა, სოფლის რეგიონების კიდევ უფრო დაცლა და აგრობიომრავალფეროვნების კლება. სხვა ქვეყნებში ინდუსტრიული ფერმერობის სწრაფმა განვითარებამ ფერმერებში თვითმკვლელობების შემთხვევებიც კი გაზარდა. ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობას სჭირდება უფრო დიდი სავარგულები, დიდი ფერმები, მეტი ინვესტიციები, რაც საბოლოოდ ნაკლებ მიწათმფლობელსა და ფერმერს ტოვებს სფეროში. ასეთი „გაიზარდე ან გაქრი“ მოდელები, როგორც წესი, დიდ ფერმებს აძლევს უპირატესობას და გრძელვადიან პერსპექტივაში არახელსაყრელი ხდება საოჯახო ფერმებისთვის.
საქართველოში მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის გამო გარკვეული ცვლილებები მოხდება, მაგრამ დასაქმების სხვა სექტორები ასე სწრაფად ვერ აითვისებენ სოფლის მოსახლეობას. ამიტომაც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინდუსტრიული ფერმერობა ვერ იქნება მცირე მასშტაბის სოფლის მეურნეობების საპირწონე. საჭიროა ალტერნატიული მოდელების ძიება.
ალტერნატიულიგზა: რას გვთავაზობს ორგანული სოფლის მეურნეობა?
მდგრადი, ორგანული და რეგენერაციული სოფლის მეურნეობა წარმოადგენს განვითარების ალტერნატიულ ტრაექტორიას, რომელიც უპასუხებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რეალობებს.
ორგანული სოფლის მეურნეობა ზრდის პროდუქციის ღირებულებას, ამცირებს იმპორტირებულ ქიმიკატებზე დამოკიდებულებას და აძლიერებს სასურსათო სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. იგი ბუნებრივად უწყობს ხელს ბიომრავალფეროვნების აღდგენას, ნიადაგის რეგენერაციას, წყლის რესურსების დაცვასა და ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას.
საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ – გვალვები, ღვარცოფები და დეგრადირებული მიწები იზრდება. ორგანული სოფლის მეურნეობა ზრდის ნიადაგის ხარისხსს, აუმჯობესებს ტენის შეკავების უნარს, ამაღლებს გვალვაგამძლეობას და ამცირებს ეროზიას.
საქართველოს კარგი სტრუქტურული და ეკოლოგიური საფუძვლები აქვს ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასასვლელად: მცირე საოჯახო ფერმები იდეალურია შრომატევადი ორგანული მეთოდებისთვის, ხოლო მრავალფეროვანი კლიმატი, მდიდარი ბიომრავალფეროვნება და ნოყიერი ნიადაგები ამ პოტენციალს აძლიერებს.
საქართველოს მცირე ნაკვეთები და სოფლის სამუშაო ძალა შეიძლება კონკურენტულ უპირატესობად იქცეს, თუ ისინი მაღალი ღირებულების ორგანულ პროდუქტებზე, ნიშურ ბაზრებსა და თემზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობაზე იქნებიან გამართული. ეს კი ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული გამოწვევების დაძლევას და აგროსამრეწველო განვითარების საზიანო შედეგების თავიდან არიდებას.
თემზე დაფუძნებული ორგანული სოფლის მეურნეობა, როგორც წესი, ჰექტარზე უფრო მაღალ მოგებას იძლევა, უკეთესი და სტაბილური ფასების, ასევე დაბალი წარმოების ხარჯების გამო. მრავალფეროვანი, პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოება ინარჩუნებს და ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ გადამუშავებაში, სწავლების სფეროში, ფერმერების ბაზრებზე და ვაჭრობის სხვა სეგმენტებში. ჯანმრთელი, ბიომრავალფეროვნებით მდიდარი და დასახლებული სოფლები, სადაც საინტერესო მცირე მასშტაბის ორგანული საქმიანობები ხდება, გააძლიერებს შესაძლებლობას, განვითარდეს ფერმერული სასტუმროები, „ფერმიდან-მაგიდამდე“ გამოცდილებები და ეკოგანათლება.
ბოლოდროინდელი საკვების სკანდალების ფონზე, თბილისელი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურ პროდუქტებს სანდო წყაროებიდან. ინიციატივები: „ეზო ბაზარი“, „სამყურა“, „ბიო მეურნეობა ფონა“, „ოდიში“ და სხვ., წარმატებით იყენებენ პირდაპირი გაყიდვების მოდელებს. ბაზარი ჯერ მცირეა, მაგრამ აქვს მაღალი ზრდის პოტენციალი, რომელსაც უნდა ერთვოდეს საინფორმაციო კამპანიები იმაზე, რომ ორგანული პროდუქტი შესაძლოა ვიზუალურად ნაკლებად „იდეალური“ იყოს, მაგრამ ხშირად უფრო გემრიელი, ჯანსაღი და კვებით ღირებულია.
ეკოსოფელი საქართველო – სოფლის რეგენერაციის კატალიზატორი
„ეკოსოფელი საქართველო“ არის მოხალისეობრივი, თვითორგანიზებული თემი, რომელიც აერთიანებს განათლებას, კვლევასა და სათემო ინიციატივებს რეგენერაციული სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ცხოვრების მიმართულებებით. ის იკვლევს ჰოლისტიკურ მოდელებს, თუ როგორ უნდა განვითარდნენ საქართველოს სოფლები ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიკური კუთხით მაქსიმალურად სამართლიანად.
ეკოსოფელი ქმნის სადემონსტრაციო ბაღსა და ხეხილის ტყეს, სადაც ორგანული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: ინტერკროპინგი (Intercropping - ერთ ნაკვეთზე რამდენიმე სახეობის მცენარის მოყვანა) და ნარგავების მონაცვლეობა ამცირებს დაავადებებსა და მავნებლებს, აქრობს მონოკულტურას როგორც ბაღში, ისე თხილის პლანტაციაში. მულჩირება აფერხებს სარეველების გადაზრდას და ეხმარება მიწაში ტენიანობის შენარჩუნებას; მიუხედავად იმისა, რომ ხელით სარეველების აღმოფხვრა და ნიადაგის გაფხვიერება აუცილებელია, ჰერბიციდების გამოყენება აღარ არის საჭირო. კომპოსტი და მწვანე სასუქი ცვლის მინერალურ სასუქებს – ისინი ნიადაგს ამდიდრებენ მიკროორგანიზმებითა და ორგანული მასალით. ეს მეთოდები ეფექტიანი და მდგრადია: ისინი აღადგენენ ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებას და შესაძლოა გაზარდონ მოსავლიანობაც. ამ დაბალბიუჯეტიანი, ბუნებრივი მეთოდების გამოყენებით, ფერმერები დამოკიდებულნი არ ხდებიან აგროინდუსტრიაზე. მართალია, ეს მეთოდები მოითხოვს უფრო მეტ შრომას, ცოდნას, გამოცდილებასა და დროს, რათა ნიადაგი და ეკოსისტემური ბალანსი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვიდეს, მაგრამ სწორი მიდგომისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, სრულიად რეალურია იმ ფერმერების რაოდენობის ზრდა, რომლებიც მდგრად მეთოდებს პრაქტიკაში გამოიყენებენ.
როგორც სადემონსტრაციო და ექსპერიმენტირების სივრცე, „ეკოსოფელი“ წარმოაჩენს და აზიარებს იმ პრაქტიკებს, რომლებიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებში მუშაობს, მასაც იმავე სირთულეებთან უწევს გამკლავება, რასთანაც ქართველ მცირე ფერმერებს. „ეკოსოფელი“ აქტიურად უზიარებს გამოცდილებას და მხარს უჭერს ძირითადად ქალ ფერმერებს, რათა ისინი უფრო მდგრად სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ და, ამავდროულად, გაზარდონ წარმოება. ქალ ფერმერებს ხშირად გამოუხატავთ ნაკლები ქიმიკატების გამოყენების სურვილი, რადგან თავადაც ამჩნევენ პესტიციდების მავნე ზეგავლენას ჯანმრთელობაზე და სურთ, თავიანთ ოჯახები ჯანმრთელი პროდუქტებით გამოკვებონ.
სეზონური ვორკშოპები, საჩვენებელი მაგალითები, საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის და ღია დღეები ფართო საზოგადოებისათვის, რომლებსაც „ეკოსოფელი“ მასპინძლობს, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საკვების წარმოებისა და გადამუშავების ალტერნატიულ გზებს. ეს აქტივობები აძლიერებს უნარებს, ზრდის ცნობიერებას ორგანული სოფლის მეურნეობის პოტენციალზე და ხელს უწყობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებას.
პოლონელ ექსპერტებსა და ადგილობრივ ფერმერთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს ცოდნის გაცვლას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობას. ეს თანამშრომლობა აჩვენებს, რომ მსგავსი ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნებში ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლა შესაძლებელია პროდუქციის დამატებითი ღირებულების შექმნითა და ადგილზე გადამუშავებით, თემის გაძლიერებით და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიებით.
სოფლის მეურნეობის ტექნიკებს მიღმა, „ეკოსოფელი“ ხელს უწყობს ჰოლისტურ, რეგენერაციულ მოდელს, რომელიც აერთიანებს ნიადაგის ჯანმრთელობას, წყლის რესურსების მართვას, ბიომრავალფეროვნების აღდგენას, თესლის კონსერვაციას, ბუნებრივი მასალებით მშენებლობასა და განახლებად ენერგიას. სისტემურ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო სივრცეები იკლებს და სოფლის თემები ერთმანეთთან გადაჯაჭვულ გამოწვევებს უპირისპირდებიან: სიღარიბეს, გარემოს დეგრადაციასა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. სხვადასხვა მდგრადი პრაქტიკის ერთმანეთთან დაკავშირებით და კვლევით, „ეკოსოფელი“ ავითარებს ეკოლოგიური და ეკონომიკური მედეგობის გრძელვადიან მოდელებს, რომლებიც ინკლუზიურ და სოლიდარულ თემებზეა დაფუძნებული.
ბუნდოვანი მომავალი
საქართველოს მთავრობის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო მნიშვნელოვანი დონორების დაფინანსება შეწყდა. არასამთავრობო და სათემო პროექტები, მათ შორის ფერმერული ინიციატივები, „უცხოეთის აგენტების“ სტიგმის ქვეშ არიან.
2025 წლის მაისიდან, რეპრესიული კანონების ამოქმედების შემდეგ, „ეკოსოფელმა“ და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა უცხოური დაფინანსების მიღება შეწყვიტეს. შედეგად, გაჩნდა მძიმე ფინანსური დეფიციტი – ყველაზე დაუცველი ჯგუფები მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, ბევრმა ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო დანარჩენები გადარჩენისთვის იბრძვიან.
„ეკოსოფელი“ ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ წევრების მოხალისეობრივი მუშაობით, მცირე კერძო შემოწირულებებითა და ფერმერული ბაზრებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ის მიზნად ისახავს შექმნას სამართლიანი, მდგრადი და თვითკმარი ადგილობრივი ეკონომიკა, გააგრძელოს ცოდნის, თესლისა და ორგანული პრაქტიკის უფასო გაზიარება და განავითაროს ფერმერული წარმოება, ეკოტურიზმი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
დღევანდელ რეალობაში, ინკლუზიური და დემოკრატიული სივრცეები სწავლისა და გამოცდილების გასაზიარებლად უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „ეკოსოფელი“ საქართველოს სოფლებისთვის ახალ, პოზიტიურ ნარატივს ქმნის – ნარატივს, რომელიც ეწინააღმდეგება ეკონომიკური სიდუხჭირის, პოლიტიკური რეპრესიების, დეპოპულაციის და სოფლის მეურნეობის გლობალური და ეროვნული ინდუსტრიალიზაციის ტენდენციებით შექმნილ პესიმიზმს.
ის აჩვენებს, როგორ შეუძლიათ სოფლის რეგიონებს იქცნენ ინოვაციის, სწავლების, თემებს შორის თანამშრომლობისა და რეგენერაციის სივრცეებად და ხელი შეუწყონ ეროვნულ დისკურსებს უფრო ჯანსაღი, მედეგი და სამართლიანი საქართველოსთვის.