საქართველო ცხოველური ცილების ეროვნული მოხმარების დაახლოებით ნახევარს აკმაყოფილებს, დარჩენილი ნაწილი შემოაქვს. დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეკონომიკური ტრანზიციის პერიოდში, ორგანიზებული, მსხვილი საბჭოთა ფერმები დაიშალა. ფერმების მართვის ინფრასტრუქტურა, ცოდნა, პრაქტიკა და სისტემური ვეტერინარული კონტროლი დაიკარგა. სფერო კი წვრილი, არაორგანიზებული, ღარიბი და ტექნიკურად გაუმართავი ფერმერების ამარა დარჩა.
სიღარიბიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, სხვა კონტინენტებიდან შემოტანილ, იაფ – გაყინულ და დაბალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე ხორცსა და თევზს მოიხმარს, და არა ეროვნულად წარმოებულს.
გადაუჭრელი პრობლემაა ვეტერინარიაში ანტიბიოტიკის ჭარბი გამოყენებაც. დაბინძურებული ხორციდან ანტიბიოტიკი, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმშიც გადავიდეს და ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
2017 წელს, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მეტი ევროპული დახმარება და ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტის მიუხედავად, დღემდე ვერ მოესწრო მეცხოველეობის ისე აღორძინება და განვითარება, რომ ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება ეროვნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
ღარიბი ქართველი მომხმარებელი, ძირითადად, ოკეანის გაღმიდან იმპორტირებული გაყინული ხორცითა და თევზით იკვებება. საქართველოში წარმოებული ხორცი და რძე, მცირე მასშტაბების, პატარა, არასტაბილური ბაზრის გამო, არასაკმარისი და ძვირია და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
არც ეროვნულად წარმოებული სურსათის უვნებლობაა გარანტირებული და არც იმპორტირებულის, თუკი ის ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში არ არის წარმოებული, სადაც ხარისხს თავად ევროკავშირის რეგულაციები უზრუნველყოფს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმოებული სურსათის ფასი უფრო მაღალია და ისევ ხელმიუწვდომელი რჩება დაბალშემოსავლიანი მოქალაქისთვის.
წარმოება, მოხმარება და იმპორტი
ცხოველური ცილის წარმოების კუთხით, საქართველოში ყველაზე განვითარებულია მეფრინველეობა და კვერცხის წარმოება, შემდეგ – ძროხის და ბოლოს – ღორის ხორცის. მაღალი თვითღირებულებიდან გამომდინარე, განუვითარებელია ნედლი რძის წარმოება.
წარმოება: 2006 წელს ხორცის წარმოება ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და 83.7 მილიონ ტონამდე მიაღწია. შემდეგ ამ მაჩვენებელმა იკლო. 2013 წლიდან ხორცის ადგილობრივი წარმოება ისევ გაიზარდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეროვნული მოთხოვნის დაახლოებით ნახევარს აკმაყოფილებს, ისიც არა ყველა ტიპის ხორცის შემთხვევაში.
მოხმარება: 2022 წელს საქართველოში ხორცის მოხმარება 192 მილიონი კილოგრამი იყო. 2023 წელს ეს მონაცემი ოდნავ შემცირდა და 8 455.3 მილიონი კილოგრამი შეადგინა. 2024 წელს საქართველოში ხორცის მოხმარება გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 45 კილოგრამი შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 40 კილოგრამი იყო. ყველაზე მეტად მოხმარებული იყო ქათმის ხორცი, შემდეგ – ღორის და ბოლოს – ძროხის: უფრო იაფი ყველაზე მეტად მოიხმარება.
ხორცზე მოთხოვნა იზრდება ეკონომიკური და შემოსავლების, ასევე ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო, მაგრამ სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის, სოფლების დაცარიელების, მიგრაციის მაღალი დონისა და ურბანიზაციის პირობებში, ხორცის ეროვნული წარმოება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.
იმპორტი: გაიზარდა ხორცის შიდა წარმოების მაჩვენებელიც, მაგრამ ქვეყანა, დაახლოებით 50%-ით, იმპორტზეა დამოკიდებული.
საქართველოში, ძირითადად, გაყინული ქათმის ხორცი მოიხმარება, რომელიც უმეტესად, იმპორტირებულია ბრაზილიიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტის ტოპ-ხუთეულს დაემატა ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ნიდერლანდები.
იმპორტირებული ხორცი
საქართველოში შემოდის როგორც ახალდაკლული და გაცივებული ხორცი, ასევე ძველი და გაყინული. გაცივებული ან ახალი ხორცი საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, მოლდოვიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მონაცემები და ამ ქვეყნებიდან რაოდენობრივი იმპორტის ტენდენციები არ არის ერთგვაროვანი და იცვლება წლების მიხედვით.
გაყინული ხორცი ყველაზე დიდი რაოდენობით სხვა კონტინენტიდან – ბრაზილიიდან და პარაგვაიდან შემოდის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, დანიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან.
ცხოველური წარმოშობის ცილოვანი პროდუქტის უვნებლობა
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო წლიური პროგრამა აქვს, რომლის მიხედვითაც წლიურად შესამოწმებელი პროდუქტების დასახელებებს, პრიორიტეტებსა და ასაღები სინჯების რაოდენობას განსაზღვრავს. პროგრამაში გაწერილია სურსათის რისკის დონის კრიტერიუმები, სადაც ყველაზე მაღალი – 35 ქულა – ხორცისა და რძის პროდუქტების შემოწმებას ენიჭება, ჩვილის საკვებთან ერთად.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამის მიხედვით, საქართველოში ყველა ტიპის სურსათიდან 7159 სინჯი უნდა აიღონ. ამასთან, 2000-ზე მეტი რძისა და ხორცის პროდუქტებში სხვადასხვა კომპონენტის განსაზღვრაა.
ამ სტატიაზე მუშაობის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სამსახურმა არ მოგვაწოდა მონაცემები – ოქმები და აქტები იმაზე, თუ რომელი საწარმოები შეამოწმეს და რა შედეგები მიიღეს ხორცისა და რძის პროდუქტების შემოწმების შედეგად.
რაკი საქართველოში მეფრინველეობა უფრო განვითარებულია, ვიდრე მეცხოველეობა, ქვეყანა თითქმის აკმაყოფილებს კვერცხზე ეროვნულ მოთხოვნას, მაგრამ გავრცელებული ინფექციის გამო ბოლო დღეებში კვერცხი, დეფიციტიდან გამომდინარე, გაძვირდა.
კვერცხის დეფიციტიფრინველთა ფერმებში გავრცელებულმა ვირუს H9N2-მა გამოიწვია. H9N2 ფრინველიდან ადამიანზე იშვიათად გადადის და უმეტესად, მსუბუქად მიმდინარეობს. ამ შტამის ვირუსი ფრინველებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს არ იწვევს, მაგრამ თუ მას თან დაერთო ბაქტერიული ინფექციები, ინფექცია ქათმების იმუნურ სისტემას ასუსტებს და სიკვდილიანობის რისკები იზრდება. H9N2 დაახლოებით 40%-მდეც კი ამცირებს კვერცხის დების მაჩვენებელს და აუარესებს კვერცხის ხარისხს.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, „რადიო თავისუფლებამ“ აღმოაჩინა, რომ საქართველოში ხშირად ყიდიან კალმახს თვალშისაცემად ნარინჯისფერი ხორცით. ეს არ არის კალმახის ბუნებრივი ფერი და მიღწეულია თევზის პიგმენტირებული საკვებით. იმავენაირად იღებება ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალაც. მყიდველისთვის ხშირად ნათელი არაა, რომ თევზის და ხიზილალის ფერი საკვები საღებავებით, პიგმენტებით, ხელოვნურადაა მიღწეული.
ამავე გამოცემის 13 აგვისტოს პუბლიკაციით, ქათმის საკვებში ურევენ ყვითელ, ხშირად სინთეზურ პიგმენტს, რომელიც ფრინველის კანს შესამჩნევად აყვითლებს და ეს „სოფლის დედლის“ ფერი რომ ძირითადად საღებავის დამსახურებაა, მყიდველს არავინ ეუბნება. ქიმიურ პიგმენტს, რომელსაც ქათმის საკვებში ამატებენ, ნუტრიციული ღირებულება არ გააჩნია – ქათმის კანს და ხორცს მხოლოდ საბაზრო მიმზიდველობას სძენს, და არასწორი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს.
საქართველოში პროდუქტების უვნებლობას სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე ქართველი მომხმარებლისთვის სააგენტოს პროაქტიულად არ უცნობებია. ამ დარღვევებს მხოლოდ ჟურნალისტური პუბლიკაციების შემდეგ გამოეხმაურა.
სააგენტო, საკუთარი ინიციატივითაც, პერიოდულად აფრთხილებს მოსახლეობას რძისა და ხორცის პროდუქტების შეძენის დროს სხვადასხვა რისკის შესახებ, როცა ურჩევს, რომ არ იყიდონ ღია ბაზრობების სურსათი და ცოცხალი ფრინველი ან ახალდაკლული ცხოველები და ფრინველები ღია ცის ქვეშ, ხოლო ონლაინ მხოლოდ ისეთი საკვები შეიძინონ, რომელსაც შეფუთვაზე თან ახლავს შტრიხ-კოდი, სადაც დატანილი იქნება დეტალური ინფორმაცია მწარმოებელზე, სურსათის ინგრედიენტებზე, შენახვის პირობებსა და ვარგისიანობის ვადაზე.
აფლატოქსინი და ანტიბიოტიკები რძეში
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძე საშიშია ჯანმრთელობისთვის. სააგენტოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი დამაბინძურებელი იპოვეს და რომელ პროდუქტში, მაგრამ პოსტში მოხსენიებული იყო ანტიბიოტიკები, აფლატოქსინ M1, ბრუცელოზი და ტყვია, რომლებიც რძესა და რძის პროდუქტებში მოწმდება, 24 კომპონენტთან ერთად.
აფლატოქსინები სოკოებისგან ჩნდება. აფლატოქსინები მყისიერ ინტოქსიკაციას არ იწვევს, მაგრამ ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მათმა ხანგრძლივვადიანმა მიღებამ, შესაძლოა, ღვიძლის სიმსივნე გამოიწვიოს.
მიმდინარე წლის 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ აღებულ ხუთ ნიმუშში, კომპანია „სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინ M1 აღმოაჩინეს, ჭარბი რაოდენობით. რძის ნიმუშები 2025 წლის თებერვლის თვეში იყო აღებული.
აფლატოქსინი წარმოიქმნება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში, როცა მათი შენახვის დროს ტემპერატურული რეჟიმი არაა დაცული. შესაბამისად, აფლატოქსინი გადადის ცხოველში და ცხოველიდან – რძეში.
„პირველად წარმოებაში თუ შეცდომა დაიშვა, შემდეგ რძე რაც არ უნდა წამოადუღოთ, რაც არ უნდა ფილტროთ, აფლატოქსინს ვერ მოაშორებთ, ის სულ გაჰყვება პროდუქტს, – ამბობს მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [Food and Agriculture Organization, FAO] ექსპერტი, – მარეგულირებლის როლია შეამოწმოს დარეგისტრირებული მწარმოებლები. ქუჩაში ნაყიდი სურსათი მათი შემოწმების ობიექტი არ არის. არავითარ შემთხვევაში სურსათი არ უნდა იყიდებოდეს გარეთ და ისეთი, რომელიც მიკვლევადი არ არის. მაგრამ სანამ არსებობს მყიდველი, იარსებებს გამყიდველიც“.
ხორცის წარმოების ციკლი – პირველწარმოება, სასაკლაო, დახლი
ხორცის წარმოების ციკლი სამი ძირითადი ფაზისგან შედგება. საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც სფეროს მარეგულირებელია, ამ ჯაჭვის ყველა რგოლში ავლენს პრობლემებს.
ხორცის წარმოების პირველი ეტაპი პირუტყვის გამოკვება და ვეტერინარული ზედამხედველობაა. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი ინფექციური დაავადებების აფეთქება, გავრცელება და ცხოველიდან ადამიანზე გადაცემაა.
„ყველაფრის საფუძველია პირველადი წარმოება. წარმოების პირველი ეტაპის კონტროლი და შემოწმება ურთულესი საქმეა, რომლესაც სურსათის ეროვნული სააგენტო, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, დღემდე ვერ ახორციელებს, – ამბობს მიხეილ სოხაძე, FAO-ს ექსპერტი, – იმედია, ეს მალე შესაძლებელი გახდება“.
ინფექციური დაავადებების მართვა ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ხორცის წარმოების პირველ ციკლში უნდა მოხდეს. ბრუცელოზის, ასევე სხვა გადამდები ინფექციების, პრევენცია ვაქცინაციით შეიძლება.
ბრუცელოზი აჭარაში
2014 წლიდან საქართველოში ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში აღირიცხა. 2016 წლიდან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [Food and Agriculture Organization, FAO] ტექნიკური დახმარებით, საქართველოში ბრუცელოზის წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო პროგრამა დაიწყო. თუკი პირუტყვს ბრუცელოზი აქვს, ინფექციის ადამიანში გადასვლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკები არსებობს. 2023 წელს ასპინძაში ბრუცელოზი 12 ადამიანსაც გამოუვლინდა.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამის მიხედვით, ნედლი რძიდან 200 ნიმუში უნდა აიღონ და შეამოწმონ ბრუცელოზზე. შემოწმების შედეგები ჯერ საჯარო არაა.
ჯილეხი – საშიში ინფექცია
ჯილეხი საშიში ინფექციაა, რომელიც აუცრელობის გამო, შინაურ ცხოველებში შეიძლება გავრცელდეს, ადამიანსაც გადაეცეს და მისი სიკვდილი გამოიწვიოს. ჯილეხი გამძლე ბაქტერიაა, რომელსაც კაფსულაში 100 წელზე მეტხანს გაძლება შეუძლია, სანამ მასპინძელ ორგანიზმს არ იპოვის და ისევ არ გამოცოცხლდება.
მართალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ჯილეხის შემთხვევებმა იკლო, მაგრამ მაინც დასტურდება ინფიცირებისა და დაავადების განვითარების შემთხვევები. მიმდინარე წლის ივნისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ლაბორატორიულად ორ სულ მსხვილფეხა საქონელში დაადასტურა ჯილეხი. 2017 წელს აჭარაში ცხოველისგან გადადებული ჯილეხისგან მამაკაცი გარდაიცვალა.
ჯილეხის ვაქცინაცია სპეციფიკურია: ის ეროვნულ დონეზე, ყველა პირუტყვზე არ კეთდება და პრევენციულად სავალდებულოა მხოლოდ იმ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც ისტორიულად დადასტურებული იყო, მათ შორის, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო ქართლში.
მიხეილ სოხაძის თქმით, დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი კერაა ცოცხალი ცხოველების ბაზარი.
„ვისურვებდი, რომ მეტად კონტროლდებოდეს ეს ადგილები სახელმწიფოს მხრიდან“, – ამბობს ის.
ხორცის წარმოების მეორე ეტაპი პირუტყვის სასაკლაომდე მიყვანა და მისი იდენტიფიცირებაა. ცხოველის მაინდენტიფიცირებელი საყურეა, სადაც მისი უნიკალური ნომერია დატანილი. ეს ცხოველისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის პირადი ნომერი და შესაბამისი მოწმობა. საყურე საქართველოში პირუტყვის 95%-ზე მეტს აქვს.
2016 წელს საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს“.
კანონიერად, ბიზნესოპერატორად რეგისტრირებულ, ანუ კანონიერ, სასაკლაოში მიყვანილ პირუტყვს ვეტერინარი ხვდება, რომელიც მის წარმომავლობას ამოწმებს და მხოლოდ დადასტურების შემთხვევაში გასცემს შესაბამის ნებართვას მის დაკვლასა და ბაზარზე გატანაზე.
2022 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში 20 სასაკლაო დააჯარიმა. მათ შორის შვიდს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თუკი დაკვლის წინ პირუტყვმა სტრესი მიიღო, სხვა გარემოში გადაყვანის ან დიდ მანძილზე ცოცხლად ტრანსპორტირების გამო, მისგან მიღებული ხორცის ხარისხიც კი ეცემა: მასში მაღალია მჟავიანობის დონე, ხორცი უფრო მუქი ფერისაა და მშრალი.
დაკვლის და ხორცის შესაბამისი დამუშავების შემდეგ, დგება მისი მომხმარებლამდე მიტანის და ხორცის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი: ტრანსპორტირება. ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. ყველა პირუტყვის სასაკლაოდან მაღაზიამდე მიტანის დროს ტრანსპორტირების ტემპერატურა +4-6 გრადუს ცელსიუსია. ამ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს პათოგენური და მალფუჭებადობის გამომწვევი მიკროორგანიზმების ზრდის რისკები ჩნდება.
ხორცის მომხმარებლამდე მიტანის ბოლო ეტაპია მისი ეტიკეტირება. უსაფრთხო პროდუქტს უნდა ახლდეს შეფუთვა და შტრიხ-კოდი, რომლის დასკანირების შემთხვევაში უნდა იძებნებოდეს ინფორმაცია მისი მთელი საწარმოო ციკლის შესახებ. ასე შეფუთული და ეტიკეტირებული ხორცი მხოლოდ ე.წ. ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში იყიდება, ანუ რომელიმე სუპერმარკეტის ქსელში.
მიმდინარე წლის 10 სეტემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა.
ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი, მათ შორის ხორცი, საშიშია, თუკი ის იყიდება ღია სივრცეში, მაცივრის გარეშე და როცა მისი წარმომავლობის მიკვლევადობა შეუძლებელია.
„გარეთ ჩამოკიდებული ხორცი, რომელსაც ნიშანდება არ აქვს, შეიძლება იყოს მკვდარი და გასაყიდად გამოტანილი, ან ეზოში დაკლული. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ გარეთ არაფერი არ უნდა იყიდოთ, – ამბობს მიხეილ სოხაძე, – გარდა ამისა, ლეგალურ სასაკლაოში მუშაობს სახელმწიფოს მიერ კონტრაქტირებული ვეტერინარი, რომელიც ცოცხალი საქონლის შეყვანიდან ხორცის გამოტანამდე, მთელ პროცესს აკონტროლებს“.
საბოლოოდ, ხორცი შედის მაცივარში, სადაც ის უნდა გაგრილდეს და გადატანილ იქნეს მაღაზიაში. თუკი ხორცის გადატანის ტემპერატურული რეჟიმი [+4-6 გრადუსი ცელსიუსი] დაირღვა, სხვა პათოგენებს შორის, შეიძლება გაჩნდეს სალმონელა, ეშერიხია კოლი [E.coli] და ასე შემდეგ.
ანტიბიოტიკები – ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოველების ფერმერობაში
ვეტერინარულ პრაქტიკაში, სხვადასხვა საშუალებასთან ერთად, გამოიყენება ანტიბიოტიკები. ამ დროს ძალიან ხშირად ხდება უხეში დარღვევები, რაც გამოიხატება ანტიბიოტიკების არამიზნობრივ, არასწორ და ჭარბი რაოდენობით გამოყენებაში.
არასწორად და არამიზნობრივად გამოყენებული ანტიბიოტიკები, როგორც წესი, ნარჩენი სახით გროვდება ცხოველის ან ფრინველის ორგანიზმში, – შესაბამისად, ცხოველურ პროდუქციაში და დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია რეზისტენტული შტამების წარმოქმნის პროცესში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის სფეროში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ძალზე მწირი მონაცემებია. NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, ბაქტერიოლოგიური ანალიზი და მგრძნობელობაზე ტესტირება იშვიათად ტარდება ანტიბიოტიკის დანიშვნის კორექციის მიზნით, განსაკუთრებით ვეტერინარიაში.
პროექტი NAITS, როგორც შესაძლებლობა
ხორცის წარმოების პირველ ეტაპზე, მიხეილ სოხაძის თქმით, ანტიბიოტიკების კონტროლი ერთ-ერთია, რომელსაც სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს.
„ანტიბიოტიკები იყიდება რეცეპტების გარეშე და შემდეგ ამას ფერმერი აძლევს პირუტყვს, რომელიც შემდეგ გადადის რძეში. ანტიბიოტიკებით გაჯერებული სურსათის შენელებულ მოქმედებას გაცილებით მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე, მაგალითად, აფლატოქსინს. თუმცა, არც აფლატოქსინია საჩუქარი“, – ამბობს სოხაძე.
„ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა“ [National Animal Identification and Traceability System, NAITS] ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც საქართველოში ხორცის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარეობს და რომელიც საერთაშორისო დონორების დახმარებით ხორციელდება.
NAITS სისტემა აერთიანებს ინფორმაციასა და მონაცემებს შინაური ცხოველების შესახებ, მათი ადგილსამყოფლის, მათზე განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციების, მათი არარსებობის და მფლობელებისა თუ პასუხისმგებელი პირების შესახებ. NAITS-ის მიზანი საქართველოში ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობაა და მას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების [DCFTA] შესრულებაში.
ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით, საქართველოში ათობით ტექნიკური რეგლამენტი არსებობს, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეყანაში რძისა და ხორცის პროდუქტების შემოწმების შესაძლებლობას აძლევს. მათი ნაწილი მოწმდება, მაგრამ ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, ხორცის წარმოების ყველა ეტაპზე მისი კონტროლი ვერ ხერხდება.
გამოსავალი – წვრილი ფერმერობიდან, გამსხვილებისა და განვითარებისკენ
რა უნდა გააკეთოს საქართველომ მეცხოველეობის განვითარებისთვის?
„ძალიან რთული კითხვაა, – ამბობს მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი, FAO-ს ექსპერტი, – რაც ევროპამ გაიარა, ის უნდა გავიაროთ აუცილებლად. ეს გახლავთ ფერმების რაოდენობის შემცირება, მაგრამ გამსხვილება. გამსხვილება და შემცირება პარალელურად უნდა მოხდეს“.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, კოლმეურნეობები დაიშალა, მიწები გადანაწილდა და მოხდა ისე, რომ ჩვენ ამ მსხვილი მეურნეობებიდან მივიღეთ შუა საუკუნის დონის გლეხობა, ფერმერული ცოდნის გარეშე. იმ ვეტერინარებმა, რომლებიც მსხვილ საბჭოთა ფერმებში მუშაობდნენ, სამსახურები დაკარგეს: გლეხმა მას აღარ დაუძახა – ვეღარ დაიქირავა, რადგან წვრილი მესაქონლეობა გლეხს თავის გასატანად სჭირდებოდა და არა მასობრივი წარმოებისთვის. ამავდროულად, ვეტერინარის აყვანა ეკონომიკურად გარდამავალ პერიოდში ღარიბი გლეხისთვის შეუძლებელი ფუფუნება გახდა. ვეტერინარმა ღარიბ ქვეყანაში ფუნქცია დაკარგა.
„ერთი და ორძროხიანი ფერმების ხელშეწყობა არ უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს 25- ან მეტძროხიანი ფერმის ხელშეწყობა. ეს უნდა მოხდეს ჯიშის გაუმჯობესებასთან ერთად. ადგილობრივი ჯიშებიც ძალიან დაკნინებულია“, – ამბობს მიხეილ სოხაძე.
თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოში საშუალო და მსხვილ ფერმებსაც აქვთ გამოწვევები. მაგალითად, 2021 წელს, ქვეყანაში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიის, „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა დაიხურა. ფერმის მფლობელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ, „რადიო თავისუფლებას“ მაშინ უთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საქონლის საკვებად საჭირო ნივთიერება, შროტი, გაძვირდა. ეს პროდუქტი საქართველოში არ იწარმოება და ფერმერებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ. ნიკოლოზ ბენიაიძე გასულ წელს ერთ კილოგრამ შროტში თუ 1.65 ლარს იხდიდა, 2021 წელს 2.50-ს. ერთი ძროხის გამოსაკვებად დღეში 20 ლარზე მეტია საჭირო.
„მე რა ფასშიც ვყიდი რძეს, იმით საკვები არ მომდის. მევენახეობა და მეღვინეობა მაქვს, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო. მარცვლეული კულტურებიც მაქვს ძალიან დიდ ფართობზე. ამ ყველაფრიდან აღებული ფული სრულად მესაქონლეობაში ჩავდე, თუმცა არსებული პრობლემების გამო, მაინც წაგებაზე ვმუშაობ. ის დანარჩენი ბიზნესებიც დავაზარალე. ახლა იძულებული ვარ, საქონელი გავყიდო და მხოლოდ 25 სული დავიტოვო, რომელსაც დოტაციაზე დავსვამ. წარმოიდგინეთ, რა რთულია 9 წელი აკეთო საქმე, ფერმა 400 სულამდე გაზარდო და ახლა დავიწყე დახურვა... ფაქტიურად, ნახევარი უკვე გავყიდე“.
მომავალზე საუბრისას, დარგის ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია ვეტერინარიის განვითარება საქართველოში.
„ვეტერინარი არის როგორც უვნებელი სურსათის, ასევე ცხოველიდან ადამიანში გადამდები დაავადებების მაკონტროლებელი. თუ ქვეყანაში ვეტერინარული [ცხოველის მკურნალობის] სისტემა სუსტია, იქ ადამიანშიც იზრდება ინფექციური დაავადებები“, – ამბობს სოხაძე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეცხოველეობა საქართველოში ვერ ვითარდება, არის ის, რომ სოფელი განვითარებული არ არის: მოსახლეობის უმეტესობა თბილისში ცხოვრობს, დეცენტრალიზაციის დონე კი დაბალია.