მშვიდობასა და კონფლიქტზე საუბრისას, ხშირად რუსეთ-საქართველოს ომს ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობებს ეხებიან, თუმცა, მშვიდობა საქართველოსთვის უფრო კომპლექსურია, ვიდრე შეიარაღებული დაპირისპირების არარსებობა. მშვიდობას საქართველოსთვის სამი თანაბარმნიშვნელოვანი, ურთიერთდამოკიდებული და თანადროული შემადგენელი აქვს: საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივის შექმნა აფხაზებსა და ოსებთან ერთად, და ძალადობრივი სოციალური ურთიერთობებისა და დაყოფის დაძლევა ქვეყნის შიგნით.
„მშვიდობის“ იდეის გამოყენება არა სახელმწიფოებრივი, არამედ პარტიული მიზნებისთვის, ქართულ პოლიტიკაში არახალია. ბოლო 20-25 წელი საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობისათვის მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხები პარტიული ქულების დაწერისა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საშუალება იყო. ამდენი წლის პროფანაციის შემდეგ კი, დღეს მშვიდობის მნიშვნელობა გაცვდა და შინაარსს მოკლებული გახდა. არადა, ქვეყანა, რომელმაც 1990-იან წლებში ეთნიკურ-პოლიტიკური ომები, სამოქალაქო დაპირისპირება და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი გამოიარა, თითქოს უფრო სიფრთხილით და გულისხმიერებით უნდა ეკიდებოდეს მშვიდობის საკითხს.
იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ომებით მიყენებული ტრავმა და მატერიალური ზარალი დღემდე აღმოფხვრილი არ არის და როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილია უსაფრთხოების რისკები, მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავება იქნებოდა ხელისუფლების და მთლიანად საზოგადოების მთავარი ამოცანა. სწორედ ახლა უნდა ვთანხმდებოდეთ მშვიდობის შინაარსსა და მშვიდობის დღის წესრიგზე: შეგვიძლია წარმოვისახოთ მშვიდობის ახალი შინაარსი და იდეა საქართველოსთვის?
მშვიდობა, როგორც გარდაქმნის პროცესი
მართალია, მშვიდობის ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ არსებობს შეთანხმება, რომ ომის არარსებობა მშვიდობას არ ნიშნავს. ავტორები და პრაქტიკოსები მშვიდობას წარმოისახავენ, როგორც ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის პროცესს. ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო საზოგადოების იდეა, რომელიც თავისუფალი და დაცულია შიშის, ძალადობისა და ჩაგვრისგან.[1]
ამ თვალსაზრისით მშვიდობა არის ერთგვარი გარდაქმნის პროცესი: ერთი მხრივ, ეს არის კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ისეთი, ახლებური ურთიერთობების და სისტემების შექმნის პროცესი, რომელიც შესაძლებელს ხდის მათ ღირსეულ და მშვიდობიან თანაარსებობას; მეორე მხრივ, ეს არის ძალადობრივი და მჩაგვრელი სტრუქტურების აღმოფხვრის პროცესი, რომელიც საზოგადოებაში თანასწორობის და სამართლიანობის მიღწევას ისახავს მიზნად.
უფრო ზუსტად კი, მკვლევრები მიუთითებენ მშვიდობის უფრო ვიწრო გაგებაზე, რომელსაც ნეგატიურ მშვიდობას უწოდებენ და ნიშნავს კონფლიქტური სიტუაციის იმ სტადიას, სადაც პირდაპირი ძალადობა და შეიარაღებული დაპირისპირება არ მიმდინარეობს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებისა თუ სამშვიდობო მისიების დახმარებით. თუმცა, ეს მდგომარეობა მშვიდობად ვერ ჩაითვლება, რამდენადაც ნარჩუნდება ის რისკფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ძალადობის და კონფლიქტის განახლებას. ამიტომ, მშვიდობის მშენებლობა ასევე მოიცავს ურთიერთობების, დამოკიდებულებების, და ფესვგამდგარი სტრუქტურული და კულტურული ელემენტების ისე გარდაქმნას, რომ კრიზისებით და კონფლიქტებით დაყოფილმა საზოგადოებამ შეძლოს მშვიდობიანი თანაარსებობა და შერიგება.[2] ამას პოზიტიურ მშვიდობასაც უწოდებენ და მისი მიღწევის უფრო კონკრეტული მექანიზმებია დიალოგი, მოლაპარაკებები და მედიაცია, ურთიერთაღიარება და გამოვლილი ტრავმისა და ზიანის აღიარება, სამართლიანობის აღდგენა, დემოკრატიული მონაწილეობა, სოციალური თანასწორობა, რადიკალური და ძალადობრივი ნარატივების და დისკურსების ცვლილება და ა.შ.
როდესაც ძალადობრივი და მჩაგვრელი სტრუქტურების აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სოციალურ ინსტიტუტებსა და კულტურულ მახასიათებლებს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო, ბიუროკრატია, ეკონომიკური თუ განათლების სისტემა, რელიგია და კულტურა, და ოჯახიც კი, რომელიც შობს ძალადობას და ჩაგვრას. სიღარიბე უნდა განვიხილოთ, როგორც სტრუქტურული ძალადობა, რომელიც წარმოშობს უთანასწორობას, ჩაგვრას და, შესაბამისად, კონფლიქტებსაც. ანალოგიურად, სახელმწიფო სისტემა, რომელიც აღიარებს ერთ უპირატეს ეთნიკურ, რელიგიურ ან რასობრივ ჯგუფს და ჩაგრავს სხვა დანარჩენს, როგორც ეს იყო მაგალითად აპართეიდი, არის ძალადობრივი, უთანასწორო და წარმოშობს კონფლიქტებს. ოჯახი, სადაც ქალის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ რეპროდუქციაა, არის ძალადობრივი, მჩაგვრელი და წარმოშობს კონფლიქტებს. შესაბამისად, მშვიდობის მშენებლობის პროცესი – ეს არის სამართლიანობისკენ სწრაფვა და სოციალური ურთიერთობების გათავისუფლება დომინაციისაგან. ჭეშმარიტი უსაფრთხოება მოითხოვს არა მხოლოდ ომის არარსებობას, არამედ უსამართლო სოციალური ურთიერთობების აღმოფხვრას .[3]
ამ მხრივ საინტერესოა ფემინისტური პერსპექტივაც. ფემინისტი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისეთი სოციალური სტრუქტურები და დისკურსები, როგორიცაა მილიტარიზმი, პატრიარქატი და ნაციონალიზმი, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და განაპირობებენ ძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას, რაც კონფლიქტების წინაპირობა ხდება. როგორც ფემინისტი მკვლევარი სინთია კოკბერნი წერდა, „ნაციონალიზმს სჭირდება პატრიარქატი და დამოკიდებულია მასზე, რადგან პატრიარქატი მისთვის უზრუნველყოფს იმას, რომ ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ პატრიოტებს; მილიტარიზმს ესაჭიროება პატრიარქალური წყობა, რადგან ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ ჯარისკაცებს; ხოლო პატრიარქატს ესაჭიროება ორივე, ნაციონალიზმიც და მილიტარიზმიც, რადგან ეს ორი აყალიბებს „ჭეშმარიტად“ მასკულინურ მამაკაცს“.[4]
ამ სტატიაში შემოთავაზებული თეორიული ჩარჩოს ვალიდურობის კარგ მტკიცებულებად შეიძლება გამოგვადგეს 2022 წლის კვლევა „მშვიდობის ყოველდღიური ინდიკატორები“, რომლის მიხედვითაც კონფლიქტით დაზარალებულ საქართველოში, მოსახლეობა მშვიდობის უფრო ფართო სურათს ხედავდა.[5] კითხვაზე „რას ნიშნავს შენთვის მშვიდობა?“, რესპონდენტები თბილისში, გორში, ახალგორში, ცხინვალში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში საუბრობდნენ დამოკიდებულებებზე, ინსტიტუტებსა და სტრუქტურებზე, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ მშვიდობიან საზოგადოებებს: მაგალითად, ჰარმონია საზოგადოებაში (სოხუმი), საზოგადოების თანასწორ წევრად ყოფნა (გალი, თბილისი), ღირსეული შემოსავალი (ზუგდიდი), სამართლიანობის განცდა (გორი), სიტყვის თავისუფლება (გალი, გორი, ცხინვალი, ახალგორი, თბილისი), განათლების ხელმისაწვდომობა (გალი, სოხუმი, ზუგდიდი, ცხინვალი), უსაფრთხოება (ცხინვალი, გორი, გალი, სოხუმი), და ა.შ. ეს და სხვა მნიშვნელოვანი კვლევები[6] გვიჩვენებს რომ ქართულ კონტექსტში საზოგადოებაში მშვიდობის უფრო ფართო გაგებაა დამკვიდრებული, ვიდრე ომის არარსებობა.
საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები და პოლარიზაცია პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების თანმდევი ნაწილი გახდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გახანგრძლივებული კრიზისების და გაჭიანურებული კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელიც კი ჩანს, რა კონკრეტული გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს მშვიდობას საქართველოში. თუმცა, სწორედ მოცემულ კრიზისსა და ცვალებად საერთაშორისო გარემოშია მნიშვნელოვანი, საქართველოს ჰქონდეს მშვიდობის იდეა და მისი მიღწევის მკაფიო და ტრანსფორმაციული ხედვა.
უსაფრთხოება, თავისუფლება და მშვიდობა საქართველოში
საქართველოს ოფიციალური დოკუმენტები და სტრატეგიები არ განმარტავენ, რა არის მშვიდობა საქართველოსთვის. ექსპერტები და ანალიტიკოსები კი, მშვიდობასა და კონფლიქტზე საუბრისას, ხშირად რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებენ, ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობებს ეხებიან, თუმცა, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობას საქართველოში სამი ურთიერთდამოკიდებული და თანადროული შემადგენელი აქვს და ეს ნაწილები მთლიანობაში უნდა დავინახოთ: ერთი ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება, მეორე – მშვიდობიანი ურთიერთობებისა და თანაცხოვრების პერსპექტივის შექმნა აფხაზებსა და ოსებთან ერთად, და მესამე, ძალადობრივი სოციალური ურთიერთობებისა და დაყოფის დაძლევა ქვეყნის შიგნით. თითოეული ეს კომპონენტი თანაბარმნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის მისაღწევად.
v
არსებულ ცვალებად და ბუნდოვან საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტი წნეხის და გამოწვევის წინაშეა. საფრთხეების ბუნებაც მრავალფეროვანია და მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმით აღარ შემოიფარგლება. სწორედ ეს გარემო პირობები უნდა აიძულებდეს საქართველოს, უსაფრთხოების კომპლექსური და ახლებური მიდგომა ჰქონდეს. მსოფლიოს ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია უსაფრთხოების 100%-იანი გარანტიების შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის, თუმცა ყველა ცდილობს ამ პროცენტული მაჩვენებლის მაქსიმალურად გაზრდას, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის შიდა მედეგობითა და მყარი საერთაშორისო ალიანსებით მიიღწევა.
რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი საფრთხეები მრავალფეროვანია. მათ შორისაა ოკუპაცია, ბორდერიზაცია და მათგან მოსალოდნელი დესტაბილიზაცია; მწვავედ დგას საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული საინფორმაციო და გავლენის ოპერაციები, რომელთა შედეგები უკვე იგრძნობა: გაზრდილია ანტიდასავლური განწყობები, იზრდება ნაციონალისტურ-კონსერვატიული ჯგუფების აქტივობები და გავლენები, და მოსახლეობაში ფესვი გაიდგა იმედგაცრუების, უიმედობისა და დაუცველობის განცდამ.[7]
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რადიკალურად შემოატრიალა და ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად იგი იზოლირებულია დასავლელი პარტნიორებისგან, შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანას აღარ ჰყავს სტრატეგიული მოკავშირეები. ხოლო ახალი პარტნიორები, როგორებიცაა ჩინეთი თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუსეთის შემაკავებელ და დამაბალანსებელ პარტნიორებად ვერ გამოადგება. ამის გარდა, ავტორიტარულ რეჟიმებთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებას უკვე მოჰყვა ავტორიტარული მმართველობის გამყარება საქართველოშიც, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და თავისუფლებების შეზღუდვა, ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება, რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა და ა.შ. ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც მან მშვიდობის გარანტიად წარმოგვიდგინა, საქართველოს შესაძლოა სუვერენიტეტის დაკარგვის და განვითარების შეფერხების ფასად დაუჯდეს.
მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის რისკების შემცირება. საქართველოს უნდა ჰქონდეს რუსეთისგან მომდინარე რისკების ანალიზის, მართვისა და შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგია და გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილებას; რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში რუსული კაპიტალის შემცირებას; სტრატეგიულ ობიექტებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე რუსული გავლენის აღმოფხვრას;[8] რუსული პროპაგანდისა და რუსული მმართველობის სტილისგან მოქალაქეების დაცვას, და ა.შ. ეს ყოველივე, ერთი მხრივ, შესაბამისად მომზადებულ საჯარო სექტორს საჭიროებს, მაგრამ ასევე – მოქალაქეებისა და ბიზნესის მზაობას და მედეგობასაც.
საქართველოსთვის უსაფრთხოება ნიშნავს არა მხოლოდ ეფექტიან დაცვას შესაძლო საფრთხისა ან მავნე ზემოქმედებისგან, არამედ ასეთი ზემოქმედების ან ზიანის პრევენციის, კონტროლისა და შექცევის უნარსაც.[9] ანუ უსაფრთხოების ეს გაგება ნიშნავს საფრთხისთვის მზადყოფნას, ასევე მიღებული ზიანის მყისიერ აღმოფხვრას და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას. ასეთ მიდგომას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უწოდებენ და ფართოდაა დანერგილი ნორდიკულ ქვეყნებში და ინერგება ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. საზოგადოებრივი უსაფრთხოება გულისხმობს უსაფრთხოების დაცვასა და ზიანის აღმოფხვრაში მოქალაქეების როლის ზრდას, იქნება ეს სამოქალაქო თავდაცვა, კრიზისებზე სწრაფი რეაგირება, საინფორმაციო მდგრადობა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება.
გეოპოლიტიკური რყევების დროს, შესაძლოა პატარა სახელმწიფოებისთვის გარკვეული ბალანსის პოლიტიკა გამართლებული იყოს, თუმცა ძლიერი პარტნიორების და მჭიდრო ალიანსების წევრობის გარეშე, ბალანსის პოლიტიკის მცდელობა საქართველოს მხოლოდ სუსტის პოზიციაში ჩააყენებს და კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და რეგიონულ პოზიციას. შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანა მყისიერად დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და ევროპელ პარტნიორებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში. ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს მჭიდრო რეგიონულმა და ორმხრივმა ალიანსებმა, მაგალითად, სამხრეთ კავკასია+თურქეთის ფორმატმა, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატმა, ბალტიისპირეთისა და ნორდიკულ ქვეყნებთან პოლიტიკურმა და უსაფრთხოების ალიანსმა და ა.შ. საქართველო მდებარეობს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე, რაც მას აძლევს მნიშვნელოვან პოტენციალს სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკული ტრანზიტის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება ახალ პარტნიორებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, და სხვა რეგიონულ ძალებთან, ორმხრივი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობების ქონა, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვას მოემსახურებოდა.
ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან და მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხი
შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რუსულმა ოკუპაციამ და განგრძობითმა კრიზისმა მძიმე დაღი დაასვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. ამ რეგიონში დანგრეულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ კრიზისსა და სიდუხჭირეს, კორუფციას, განვითარების პერსპექტივის სიმწირეს, ემატება მოსკოვის პოლიტიკური წნეხი და ეკონომიკური ექსპანსია. ორმაგად დაუცველი და დისკრიმინირებულია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრძელებს ცხოვრებას.
მეორე მხრივ, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ გააღვივა ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უკმაყოფილება და შიში რუსეთის მიმართ, რომელიც ძალმომრეობით ცდილობს მათზე სრული კონტროლის შენარჩუნებას. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსული კაპიტალის დომინაციის შემცირება, უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა, კულტურული იდენტობის შენარჩუნება, რეგიონების დეიზოლაცია და მათი მეტად ინტეგრირება გარე სამყაროსთან, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საერთო ინტერესს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირში გაწევრიანებას ამ ინტერესების მიღწევის და დაცვის პოტენციალი აქვს. საქართველოს კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს ეროვნული ინტერესია, ისინი იყვნენ დაცულები, სოციალურად და ეკონომიკურად ძლიერები, ჰქონდეთ ნდობა საქართველოს სახელმწიფოსადმი, როგორც მათი საჭიროებების და ინტერესების დამცველის. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უნდა იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე, უსაფრთხოებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებული, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს აფხაზებისა და ოსებისთვის განჭვრეტადი, მათ უნდა იცოდნენ რას მოელოდნენ ქვეყნისაგან და, ასევე, საზოგადოებისგან: უნდა ელოდნენ სიძულვილს, მუქარას, იზოლაციას, ჩაგვრას, თუ კეთილდღეობის სახელმწიფოს, სამართლებრივ სახელმწიფოს, რომელშიც დაცულები იქნებიან? და როგორ უნდა ავუხსნათ ჩვენი ხედვები, თუკი მათთან არ გვექნება პირდაპირი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დიალოგი?
უფრო კონკრეტულად, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ოკუპირებული რეგიონების დეიზოლაციის პრინციპს, რაც გამოიხატება რეგიონებში საერთაშორისო ჩართულობის და თანამშრომლობის წახალისებაში, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების ხელშეწყობაში, აქ მცხოვრები ადამიანების სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავებაში, და ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების და ვაჭრობის გამარტივებაში. ამის გარდა, თბილისი უნდა ესწრაფოდეს ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დაცვას, სამოქალაქო საზოგადოების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ ჯგუფს შორის სოციალური იერარქიებისა და უთანასწორობების აღმოფხვრას.
ევროინტეგრაცია სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველომ უნდა შექმნას ალტერნატივა, ერთი მხრივ, დემოკრატიის, ეკონომიკის კუთხით რეგრესირებად და იზოლაციაში მყოფ რუსეთსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში მყოფ პროგრესირებად საქართველოს შორის, რომელიც როგორც თავის სხვა მოქალაქეებს, ისე აფხაზებსა და ოსებსაც შესთავაზებდა უფლებების და უსაფრთხოების დაცვას და სოციალური განვითარების გარანტიებს.
თბილისმა ევროინტეგრაციის პროცესი უნდა დაინახოს ერთგვარ, პოზიტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის შესაძლებლობად: ევროინტეგრაციას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს, ერთი მხრივ, დე ფაქტო და დე იურე ხელისუფლებების პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური გათვლების ცვლილებაზე და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ დონეზე ღირებულებათა სისტემისა და ქცევის ისეთ გარდაქმნაზე, რომელიც გამორიცხავს კონფლიქტების მოგვარების ძალადობრივ მეთოდებს, წაახალისებს დიალოგისა და კომპრომისების კულტურას, შექმნის თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის მყარ ინსტიტუციურ გარანტიებს. შესაბამისად, პოლიტიკურად მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებშიც კი, შესაძლებელი იქნება კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობა და მშვიდობიანი თანაარსებობა, თანამშრომლობა, შერიგება.[10]
თავისუფლება და სოციალური სამართლიანობა შინ
საქართველოში მშვიდობაზე საუბრისას ხშირად გვახსენდება კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანები და იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც დაუსრულებელ სიღარიბესა და ბუნდოვან მომავალში ცხოვრობენ. შეიარაღებული კონფლიქტებიდან 30 წლის თავზე, დევნილებს უკვე მერამდენედ საპოლიციო ძალებით ასახლებენ დროებითი საცხოვრებლებიდან.[11] საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ადამიანები ყოველდღიური საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, რაც საბოლოოდ მათ მიგრაციისკენ უბიძგებთ. ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზის მოსახლეობა 2002-2014 წლებში 33%-ით არის შემცირებული.[12] აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე ათასობით ადამიანი დააკავეს და დაკავებების დროს ხშირია ცემის, არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები. მავთულხლართების გაბმითა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად მოსახლეობამ დაკარგა სახლები, მიწებზე, საფლავებზე მისვლის საშუალება, ტრადიციული კულტურული და რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა; ოკუპირებულ გალის და ახალგორის რაიონებში მშობლიურ (ქართულ) ენაზე დაწყებითი განათლების მიღება აიკრძალა.
ამის გარდა, ქართული საზოგადოება დანაწევრებული და გახლეჩილია. აფხაზებსა და ოსებთან პოლიტიკური კონფლიქტის გარდა, საზოგადოება დაყოფილია გაუცხოებულ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებად, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს ნაციონალისტური, მემარჯვენე ძალების აღზევება და ხელისუფლების კონსერვატიული განწყობები. საზოგადოება ასევე დაყოფილია სოციალურ-ეკონომიკურ კლასებად და მათ შორის უფსკრული უფრო და უფრო ღრმავდება არაჰუმანური სოციალური პოლიტიკის, კორუფციისა და კორპორაციულ ინტერესებს დაქვემდებარებული პოლიტიკური სისტემების გამო. მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით უთანასწორობაა ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის, ეთნიკური უმრავლესობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა შორის, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის.[13] საზოგადოება დაყოფილია ასაკობრივ თაობებადაც და მათ შორის განხეთქილებას აღრმავებს ხელისუფლებების ანტაგონისტური რიტორიკაც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ახალგაზრდების მიმართ დაპირისპირების და დაყოფის გამომწვევი ენა.[14] ოპონენტის დეჰუმანიზაცია და გარკვეულწილად მათ მიმართ ძალადობის წახალისება უკვე ნორმალიზებულ პოლიტიკურ ტაქტიკად ჩამოყალიბდა.
ცხადია, ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმებს სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ, პირიქით, საზრდოობენ და ძლიერდებიან უსამართლობით და უთანასწორობით. ეს ყოველივე ქმნის და კვებავს ღრმა საზოგადოებრივ კრიზისს, გახლეჩვასა და საზოგადოებრივ კონფლიქტებს.
ამის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ქართული საზოგადოება არის დემორალიზებული, იმედგაცრუებული და უმოქმედო. მათ პოლიტიკური სისტემა და სოციალური სტრუქტურები არწმუნებენ, რომ უძალონი არიან, მათზე არაფერია დამოკიდებული, რომ მათ არა აქვთ როლი პოლიტიკასა და მშვიდობის შენებაში და, რომ უსამართლობა და ჩაგვრა გარდაუვალია.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოში მშვიდობის არსებობაზე საუბარი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის მცდელობაა. შეუძლებელია ვისაუბროთ მშვიდობაზე გამოხატვისა და ორგანიზების უფლების გარეშე; შეუძლებელია ვისაუბროთ მშვიდობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის ეკონომიკური სასოწარკვეთის ფონზე, რომელთათვისაც პოლიტიკური მონაწილეობა ფუფუნებაა; შეუძლებელია ვისაუბროთ მშვიდობაზე იქ, სადაც საზოგადოებას და პოლიტიკურ სისტემას გარიყული და მარგინალიზებული ჰყავს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები; მშვიდობა ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი სიკეთეები და სივრცეები მხოლოდ მცირე ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი, დიდი ნაწილი კი პოლიტიკურად და სოციალურად გარიყული და სასოწარკვეთილია.
ნამდვილი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სჭირდება ნამდვილი დემოკრატია ძლიერი და აქტიური მოქალაქით, რომელიც პირდაპირ და მუდმივად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებასა და მმართველობითი ფუნქციების აღსრულებაში. საქართველოს სჭირდება სოციალური და კეთილდღეობის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ სამართლიანობას, სიმდიდრის გადანაწილებასა და მოქალაქეთა ეკონომიკურ გაძლიერებას. საქართველოს სჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მრავალფეროვანი მედია და დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტები. საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის სოციალურ ჯგუფებს შორის მჩაგვრელი პრაქტიკების აღმოფხვრა, თანასწორობა, სოციალური ინტეგრაცია და სოციალური სამართლიანობა მშვიდობის მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.
მშვიდობის წარმოსახვა
მშვიდობა გრძელვადიანი, მტკივნეული და დემოკრატიული პროცესია, რომელიც თანასწორობის, სამართლიანობის, სოციალური სამართლიანობის მიღწევის მცდელობებს მოიცავს და დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. საქართველოს სჭირდება მშვიდობის ახალი, მრავალგანზომილებიანი შინაარსის შექმნა და შესაბამისი პოლიტიკის გატარება. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერებას რუსული აგრესიის, ოკუპაციისა და შესაძლო ანექსიის საფრთხეების ფონზე. სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს შიდა სოციალური თანასწორობა, ეკონომიკური სამართლიანობა, პირდაპირი დემოკრატია, რომელიც თავის მხრივ მიმზიდველს გახდიდა საქართველოს მისგან გაუცხოებული აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის და ქართული სახელმწიფოს მიმართ ნდობას დაუბრუნებდა მათ.
ჩვენ შესაძლოა გვიჭირდეს კიდეც მშვიდობის, როგორც მდგომარეობის წარმოსახვა, რადგან კონფლიქტი ადამიანობის დამახასიათებელი თვისებაა. თუმცა, მშვიდობისკენ სწრაფვა არის ის, რაც შეგვიძლია კარგად წარმოვისახოთ: ეს არის განგრძობადი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები, მასწავლებლები, აქტივისტები, ლექტორები, არტისტები, სასულიერო პირები, სათემო ორგანიზაციები, ბიზნესწრეები და სხვადასხვა ჯგუფი საერთო ძალისხმევით, დიალოგით, დემოკრატიული მსჯელობით, სოლიდარობითა და ემპათიით კრავენ და ამაგრებენ საზოგადოებრივ ქსოვილს. მშვიდობა იქმნება ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებეში და თავისუფალ საზოგადოებრივ თუ მედიასივრცეებში, ხოლო მისი თანაშემოქმედი საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] ტურაშვილი, მ., „მშვიდობა, რომელიც არ არის“, სოციალურის სამართლიანობის ცენტრი, 2023, იხილეთ: https://socialjustice.org.ge/ka/products/mshvidoba-romelits-ar-aris
[2] Miall, H., 2004, Conflict Transformation: A Multi-Dimensional Task, In: Berghof Research Centre for Constructive Conflict Management. s.l.: Berghof Research Centre; Lederach, J., 1997. Building Peace: Sustainable Reconciliation in Divided Societies, Washington: U.S. Institute of Peace Press; Azar, E., 1990. The Management of Protracted Social Conflicts, Dartmouth Publishing; Galtung, J., 1969, Violence, Peace, and Peace Research, Journal of Peace Research, 6(3), 167–191.
[3] Tickner, A., 1992, Gender in International Relations Feminist Perspectives on Achieving International Security, New York Columbia University Press.
[4] Cockburn, C., 2003, Why (and which) Feminist Antimilitarism?. Talk at the Women’s International League for Peace and Freedom, Nantwich. იხილეთ: https://www.cynthiacockburn.org/Blogfemantimilitarism.pdf
[5] მურუსიძე, ქ. და ჭანკვეტაძე, დ., 2022, „ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორები კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში“, PMC კვლევითი ცენტრი, იხილეთ: https://www.pmcresearch.org/policypapers_file/958162ffa40394983.pdf
[6] მაგალითად, 2021, ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და მშვიდობის მშენებლობაში მათი მონაწილეობა, CRRC, https://caucasusbarometer.org/ge/ch2021ge/downloads/; კარაპეტიანი გ. და გოგბერაშვილი ა., 2023, „მწველი სიჩუმე და ყველაფერი მშვიდობის გარდა“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი. იხილეთ: https://socialjustice.org.ge/ka/products/mtsveli-sichume-da-qvelaferi-mshvidobis-garda; კეკენაძე, ნ., 2023, „დაუსრულებელ ომში ჩაკარგული ხმები: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პერსპექტივები მშვიდობასა და მომავალზე“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, იხილეთ: https://socialjustice.org.ge/ka/products/dausrulebel-omshi-chakarguli-khmebi-afkhazetidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-perspektivebi-mshvidobasa-da-momavalze
[7] იხილეთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშები „ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური დისკურსი ონლაინ და სოციალურ მედიაში“ (2023) და „ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოში“(2023). ასევე, Explainer | What is the “Anti-Maidan Movement”?, Civil Georgia, 01.11.2023. ასევე იხილეთ ISSA-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვა. ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევები კი აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირისადმი საქართველოს მოქალაქეების პოზიტიური დამოკიდებულება მცირდება. 2021 წელს ეს იყო 63 %, 2022 წელს 65%, 2023 წელს 54%, 2024 წელს 60%, ხოლო 2025 წელს 43%.
[8] სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2017-2020 წლებში რუსულმა დაზვერვამ შეაღწია საქართველოს სახელმწიფო უწყებების, რკინიგზის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ეროვნული ბანკის ელექტრონულ სისტემებში. იხილეთ: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-10-21/how-russia-s-spies-hacked-the-entire-nation-of-georgia
[9] ბრაკე, ს. 2023, Bouncing Back, „მოწყვლადობა და წინააღმდეგობა მედეგობის ეპოქაში“, გიორგი ჩუბინიძის თარგმანი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
[10] უფრო დეტალურად იხილეთ: ტურაშვილი, მ., 2024, „ევროკავშირი, როგორც მშვიდობის პროექტი საქართველოსთვის“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, https://socialjustice.org.ge/ka/products/evrokavshiri-rogorts-mshvidobis-proekti-sakartvelostvis
[11] ბოლო გამოსახლების დეტალების შესახებ იხილეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება: https://www.gyla.ge/post/tvalchrelidzis-qucha-gamosaxleba-saia
[12] CRRC, 2019, Needs Assessment of the Population Residing Along the Administrative Boundary lines in Georgia.
[13] PISA 2022 საქართველოს შედეგები. იხილეთ: https://naec.ge/uploads/postData/20-24/PISA%20-%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf
ასევე, საჯარო VS კერძო სკოლები – მოსწავლეების შედეგები ეროვნულ გამოცდებზე, 2019, https://forbes.ge/sajaro-vs-kerdzo-skolebi-mos/
[14] იხილეთ: 1000-ლარიანი ახალგაზრდები – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებზე, ტვ პირველი, 20 მარტი, 2023, https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/34945-1000-lariani-akhalgazrdebi-papuashvili-aqtsiis-monatsileebze ასევე, იხილეთ ირაკლი კობახიძის ღია წერილი ახალგაზრდებს, 10 მაისი, 2024, https://www.facebook.com/share/p/17Z5beCYNh/.