პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია?

Კითხვის დრო: 4 წუთი
გ. ნოდია, გ. გვახარია, დ. უსუფაშვილი

პირველმა მომხსენებელმა, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ საზოგადოებას დღევანდელ ოპოზიციაში არსებულ სტრატეგიებზე საკუთარი მოსაზრება გააცნო. გია ნოდიას აზრით, დღეს ოპოზიციაში სამი ძირითადი სტრატეგია იკვეთება - ზომიერი ანუ საპარლამენტო ოპოზიცია, რადიკალური, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლებასთან ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცედურებით ურთიერთობა აღარ შეიძლება და რევოლუციურ გზას ადგას, და შუალედური ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც, ხელისუფლების შეფასებითა და მის მიმართ წაყენებული მოთხოვნებით რადიკალური ოპოზიციის შეხედულებებს იზიარებენ, მაგრამ თავად ეს მოთხოვნები მათ სხვაგვარად აქვთ შეფუთული; ეს იმაში გამოიხატება, რომ იმის ნაცვლად, პირდაპირ მოითხოვონ ხელისუფლების გადადგომა, ჯერ რეფერენდუმის გამართვას მოითხოვენ.

გია ნოდიას აზრით, ამ გაორებულობის მიზეზი ის არის, რომ შუალედური ოპოზიციის წარმომადგენლები, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრები საქართველოს რეალობას დასავლეთის პოლიტიკური კონიუნქტურის თვალით აფასებენ. ისინი ამოდიან იქიდან, რომ 2007 წლის ნოემბრისა და აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთში პრეზიდენტ სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდა და გარკვეულ წრეეებში გაჩნდა დასავლეთისთვის უფრო მისაღები ლიდერის მოსვლის სურვილი. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების გააქტიურება და პოლიტიკაში გადასვლაც ამ შესაძლებლობის გამოყენებით იყო განპირობებული.

ალიანსის წევრები კარგად იცნობენ დასავლეთის დამოკიდებულებას დღევანდელი ქართული ოპოზიციის მიმართაც და იციან, რომ დასავლეთი ასეთ ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს. დასავლეთში არის მოთხოვნა უფრო ცივილურ და რესპექტაბელურ ოპოზიციაზე და ისინიც ცდილობენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ ამასთან ერთად იძულებულები არიან გაითვალისწინონ ქართული რეალობაც, რომელიც მათგან რადიკალიზმს ითხოვს და ელის. ქმედებების ის წესი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დასავლეთმა გაღიაროს რესპექტაბელურ ოპოზიციად და ქმედების წესი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოშიც გაღიარონ ოპოზიციად, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს წინააღმდეგობა ძალიან რთული დასაძლევია და ეს არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი, რაც თან სდევს ოპოზიციის ამ მიმართულების ქმედებებს.

გამოსვლის დასასრულს გია ნოდიამ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის ფსევდორესპექტაბელურობა ცუდ პრეცედენტს ქმნის. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს მოთხოვნა არანაკლებ გაუმართლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომისკენ იძულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ლოგიკას, რაგორც არ უნდა იყოს იგი შეფუთული.

პოლიტოლოგის აზრით,  თანამედროვე დემოკრატია კონსტიტუციური და წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი როგორც სუვერენი, შეზღუდულია კონსტიტუციით. თუ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი ან პარლამენტი ხუთი წლით, უნდა მოითმინოს და ამართვინოს თავი ამ წლების განმავლობაში.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი შეეცადა საზოგადოებისათვის განემარტა, თუ რატომ აირჩია მათმა ალიანსმა რეფერენდუმის გზა. დავით უსუფაშვილის თქმით, ისინი კონკრეტული რეალობიდან საუკეთესო გამოსავალს ეძებენ, რეფერენდუმი კი არის კონსტიტუციური მექანიზმი და ამ მექანიზმით ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადამწყდარა.

"რესპუბლიკური პარტია" და ახლადშექმნილი ალიანსი სვამს კითხვას: აქვს თუ არა უნარი ხელისუფლებას, გაუმკლავდეს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დიდწილად ამავე ხელისუფლების უუნარობის გამო აღმოჩნდა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ამ ქვეყანაში სასწრაფოდ არ შეიცვალა ბევრი რამ, ყოველ მომდევნო თვეს და წელს, გაცილებით მეტი პრობლემა დადგება, უფრო მეტი რამ იქნება შესაცვლელი და შეიძლება ბევრი რამ შეუქცევადი და შეუცვლელიც აღმოჩნდეს.

დარბაზიდან დასმულ შეკითხვაზე, რატომ აირჩია ალიანსმა რეფერენდუმის დანიშვნის ლეგიტიმური გზა, რაც 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას გულისხმობს, ბ-ნმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ არის რეფერენდუმის ლეგიტიმურად დანიშვნის ერთადერთი გზა და საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტს შეუძლია ამ 200 ათასი ხელმოწერის გარეშეც დანიშნოს რეფერენდუმი. თუმცა, დავით უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის სარეფერენდუმო უფლებამოსილება ერთ-ერთ იმ უფლებამოსილებათაგანია, რომელიც სერიოზულად არის გადასახედი. მაგრამ დღეს მათ რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის მიმართვის გზა იმიტომ აირჩიეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ იძლევა ხანგრძლივი პროცედურების საშუალებას და ამიტომ უფრო სწორად მიიჩნევენ მოკლე გზას, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნაში გამოიხატება.

გია ნოდიამ დავით უსუფაშვილის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადებს, შესაბამისად, რეფერენდუმით ასეთი საკითხის დადგენა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოდის, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარებით უქმდება კონსტიტუცია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილმა საზოგადოებამ დისკუსიის მონაწილეებს შემდეგი შეკითხვები დაუსვა: რა მიზეზები შეიძლება კიდევ არსებობდეს იმისთვის, რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს რეფერენდუმის დანიშვნა; მოვლენების განვითარების რა შესაძლო სცენარებს განიხილავს ოპოზიცია; როგორ წარმოუდგენია ალიანსს თანამშრომლობა რადიკალურ ოპოზიციასთან და მიიღებს თუ არა მონაწილეობას "ალიანსი საქართველოსათვის" 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში; დამოკიდებულება მონარქიისადმი; როგორ შეათანხმებენ "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები" მონარქიისა და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს; როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეფორმების მიმდინარეობას.

დისკუსიის დასასრულს დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს იმედი, რომ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის წასვლაზე, მათი ალიანსი აპირებს განაგრძოს შრომა და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით კი, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხზე და თუ გამოირიცხება ის საფრთხეები და პროვოკაციები, რაც დღევანდელ ვითარებაში შესაძლოა ახლდეს ფართომასშტაბიან აქციებს, ისინი მიიღებენ მასში მონაწილეობას.

თავის მხრივ, დისკუსიის დასასრულს, გია ნოდიამ დაასკვნა, რომ იგი დარწმუნდა იმაში, რომ დავით უსუფაშვილს გულწრფელად არ მოსწონს ეს ხელისუფლება და ძალიან უნდა დაარწმუნოს პრეზიდენტი სააკაშვილი, დანიშნოს რეფერენდუმი, მაგრამ ასევე დარწმუნდა, რომ "ალიანსს საქართველოსათვის" ნათელი სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად არა აქვს.