განათლების სისტემის ახალი პრიორიტეტები

Კითხვის დრო: 3 წუთი

რამ გამოიწვია ცვლილებები განათლების სისტემაში და შეუწყობს თუ არა ისინი ხელს სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას, აამაღლებს თუ არა ათი გამოსაშვები გამოცდის შემოღება მოსწავლეთა ცოდნის დონეს, რამ უნდა დაუბრუნოს სკოლას პრესტიჟი და მოსწავლე, ვინ ადგენს სერტიფიკატებს მასწავლებლებისთვის და ვინ უნდა მოამზადოს მასწავლებლები, რას გამოიწვევს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება, ხომ არ შეუზღუდავს ეს მასწავლებლებს სახელმძღვანელოს არჩევის საშუალებას, მოსწავლეთა რამდენი პროცენტი ფლობს სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს დღევანდელ საქართველოში, რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია - ეს იყო ის საკითხები, რომლებმაც ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. 

მოდერატორმა, გიორგი გვახარიამ, დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ახალი პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში, სამწუხაროდ არ მოხერხდა განათლების მინისტრისა და მისი მოადგილის მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას დისკუსიის მონაწილეები, მარინა ჩიტაშვილი და სიმონ ჯანაშია წარუდგინა.

სიმონ ჯანაშიამ იმ ძირითად ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისივე თქმით, განათლების სფეროს სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს. მათ შორის დასახელებული იყო სკოლებში ათი გამოსაშვები გამოცდის შემოღება და სკოლებისთვის პრესასთან და კვლევით ინსტიტუტებთან ურთიერთობის შეზღუდვა, რომელიც პრიორიტეტების ჩამონათვალში არ ყოფილა, თუმცა კი, მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლებმა ინტერვიუები განათლების სამინისტროს პრესსამსახურთან უნდა შეათანხმონ.

დასახელდა კიდევ რამდენიმე ცვლილება: ახალი დისციპლინების, კულტუროლოგიისა და სამხედრო-პატრიოტული აღზრდის, შემოღება, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ცვლილებები, სკოლისთვის ბავშვების დაბრუნება, დასწრებისადმის გამკაცრებული მიდგომა, და სკოლებში ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა. 

სიმონ ჯანაშიას თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გამოცდების სისტემა ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას, განათლების ხარისხისა და სკოლის პრესტიჟის ამაღლებას, თუ დამატებით არ დაინერგა პარალელური სისტემები, რომლებიც დაეხმარება ამ სისტემას წარმატებაში. სიმონ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემები სხვა ქვეყნებშიც არსებობს და საინტერესოა ის შედეგები, რომლებიც მიიღეს ამ ქვეყნებმა.

მომხსენებლის თქმით, ასეთი სისტემების შემოღების დროს მასწავლებლები ხშირად არიან ორიენტირებულები არა იმ კომპეტენციის სწავლებაზე, რომლებიც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, არამედ ორიენტირებულნი არიან მხოლოდ იმის სწავლებაზე, რაც განაპირობებს მათ წარმატებას სისტემის თვალში.

სკოლის დამამთავრებელ კლასებში, როგორც ამას კვლევები ადასტურებს, მოსწავლეები არაფერს სწავლობენ და ორიენტირებულები არიან მხოლოდ იმ საგნების ჩაბარაებაზე, რომელსაც ითხოვს მისაღები გამოცდები, აღნიშნა დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, მარინა ჩიტაშვილმა. მისივე თქმით, განათლების რეფორმის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მან მოახდინა სტანდარტიზებული სისტემის შემოღება ყველასათვის, რომელსაც სურს უმაღლესი განათლების მიღება. ეს, როგორც მარინა ჩიტაშვილმა აღნიშნა, უდიდესი მიღწევა იყო და მისი უკან წაღება სწორი არ უნდა იყოს. სხვა საკითხია ის, რომ საშუალოა სკოლასა და უმაღლეს განათლებას შორის კავშირი დაიკარგა.

დისკუსიის მეორე მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებლების სერიტიცირების საკითხზე და სწავლების ხარისხის მხოლოდ ათი გამოცდის შემოღების გზით ამაღლების მცდელობა ფასადურ გაფორმებას შეადარა. მან ასევე მოიხმო იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც განათლების რეფორმაში სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს და თქვა, რომ მათ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მასწავლებელთა გადამზადებაზე გააკეთეს.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 21 გვ., 210 კბ)