შამბას ლიბერალიზმი

Sergey Shamba

პრემიერ-მინისტრმა შამბამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე დადებული პირობა შეასრულა. ამიერიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ნებას დართავენ, მთავრობის სხდომებს დაესწრონ.

აქამდე, ჯერ კიდევ შორეულ 2004 წელს მიღებული კანონის მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დარეგისტრირებული ყველა მასობრივი საინფორმაციო საშუალება თანაბრად ფლობდა უფლებას და მოვალე იყო, გაეშუქებინა მინისტრთა კაბინეტის სხდომები, ამას მხოლოდ რჩეულებს ანდობდნენ - სახელმწიფო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს.

დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის მთავრობის სხდომებისკენ გზა დაკეტილი იყო.

ექს-პრემიერმა, დღეს კი რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა თავის დროზე ღიად მიუთითა, რომ თავად ჟურნალისტებს შეუძლიათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის არეალის განსაზღვრა:  "ჟურნალისტებმა რეპორტაჟები ისე უნდა წერონ, რომ ეს ჩინოვნიკებსაც მოეწონოთ. თუ ჟურნალისტი კარგად წერს, ესე იგი მზადაა გააშუქოს მთავრობის საქმიანობა და რაღაც სისულელეებს არ შეთხზავს".

ალექსანდრ ანქვაბის მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებს ვერც ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვერ მოერგო, და მთავრობის სხდომებს მხოლოდ სახელისუფლებო პრესა აშუქებდა. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჭირვეული ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩის ნაცვლად,  მთავრობის მეთაური სერგეი შამბა გახდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, მოგვარდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების სამთავრობო სხდომებზე დაშვების, ამასთან ერთად კი არსებული კანონის დაცვის მრავალწლიანი პრობლემაც.

თამაშის წლობით დამკვიდრებულ წესებს რომ ცვლიდა, შამბა, ბუნებრივია, შორს იყო იმ ილუზიისგან, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური საინფორმაციო საშუალებები მთავრობის სხდომების გაშუქებასთან ერთად მისი წინამორბედის მიერ შეთავაზებულ წესებსაც მიიღებდნენ, - "კარგად წერასთან" დაკავშირებით. 

მთავრობის მეთაურის ამ ნაბიჯს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ამ ტაბუს მოხსნა მხოლოდ ჟურნალისტებს კი არა, პირველ რიგში თავად სერგეი მირონოვიჩს სჭირდება.

შამბას, რომელიც 13 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, აქამდე ყველაზე გახსნილ აფხაზ პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ, რომელსაც ევროპული აუღელვებლობით შეუძლია მიიღოს მისი მისამართით გამოთქმული ნებისმიერი მკაცრი კრიტიკა.

სერგეი შამბას ოპონენტებთან ურთიერთობის უნარს მისი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი ყოველთვის აფასებდნენ.  ამ კონტექსტშიც, ჟურნალისტების დაშვების პრობლემის მოხსნით, შამბამ ისევ გაიმყარა ლიბერალის რენომე, და ამით მიანიშნა, რომ ახალ თანამდებობაზეც ისეთივე ღია იქნება ჟურნალისტებისთვის, როგორიც საგარეო უწყების ხელმძღვანელობის დროს იყო.  

მართალია, საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდგომი ხუთწლედისთვის მზადება უკვე დაწყებულია. საქმე ისაა, რომ მწირი პოლიტიკური ელიტის პირობებში, მომავალში პრეზიდენტის სავარძლის დაკავების მთავარი კონკურენტების ვინაობა უკვე  გამოკვეთილია. ესენი არიან - ალექსანდრ ანქვაბი და სერგეი შამბა.

ამ ხუთი წლის მანძილზე საზოგადოება ასე თუ ისე მუდამ ერთმანეთს შეადარებს ამ ორ ფიგურას, დაწვრილებით განიხილავს მათ ყველა ნაკლსა და ღირსებას. და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ახლანდელი პრემიერი მშვენივრად აცნობიერებს, რომ, თავისი კონკურენტი ანქვაბისგან განსხვავებით, მეურნე კაცის როლს ვერ მოირგებს  -   ყოველდღიურად თავზე ვერ დაადგება ყველა "რუსულ" მშენებლობას, ფილარმონიის შენობისთვის - სავარძლებისა და სოხუმის ტროტუარების მოსაპირკეთებელი ფილების შერჩევას უბრალოდ ვერ შეძლებს.

ეს მისი ძლიერი მხარე არ არის. 

აშკარაა, შამბას სათანადო სამეურნეო მმართველობის გამოცდილება არ აქვს. 

სამაგიეროდ მას შეუძლია თავი ისეთ ლიბერალურ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, რომელიც საკუთარი ნებით განიკურნა აფხაზურ პოლიტიკაში გავრცელებული სენისგან - პოლიტიკური ოპონენტებისთვის სამაგიეროს გადახდისგან. შამბას, ალექსანდრ ანქვაბისგან განსხვავებით, ძალუძს საარჩევნო ტექნოლოგიებით გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება სცადოს.

თუმცა, შამბა ამ კონტექსტშიც იძულებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, რადგან ლიბერალიზმი მისთვის წარმატების ერთადერთი გზაა.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს".

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.