თელავი
2010 წლის 24 ივნისს, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შედგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციის - რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია თემაზე: "თვითმმართველობის მთავარი გამოწვევები კახეთში".
დისკუსია დაეთმო კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის, ახლადარჩეული საკრებულოების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევების ანალიზს.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, გოჩა შავგულიძე - ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მარეხი მგალობლიშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ლევან ალექსიშვილი, რეგიონალური ტელეკომპანიის "ჰერეთი" აღმასრულებელ დირექტორი.
დისკუსიას ესწრებოდნენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თავმჯდომარეები, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. დისკუსიის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართვის საკითხზე. აღინიშნა რომ ახალი თვითმმართველობების უმთავრესი გამოწვევაა საზოგადოებას ნათლად აუხსნან საკუთარი ფუნქციები და უფლებამოსილებები, მუდმივად ჩააბარონ ანგარიში ამომრჩეველს საკუთარი საქმიანობის შესახებ და მოისმინონ მათი პრობლემები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დღეს საზოგადოებას ვერ გაუგია რა სხვაობაა მუნიციპალურ საკრებულოსა და გამგეობას შორის, ადგილობრივ თვითმმართველობას და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
დისკუსიის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პირველი რაც ახლადარჩეულმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს, ეს არის საზოგადოებასთან სისტემატიური კომუნიკაცია და მათი ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რისი რესურსიც, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღეს ნამდვილად არსებობს.
2010 წლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში აწყობს საჯარო რეგიონალურ დისკუსიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თანამშრომლობს რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრთან, რომლის მეშვეობითაც დისკუსიები ეწყობა თელავში, გურჯაანში, ფოთსა და ბათუმში.