2010 წლის 20 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია დაეთმო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობისა და მის შესაძლო გავლენის განხილვას საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ხელისუფლების მხრიდან ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული და ისტორიული კავშირების აღდგენის წინაპირობად შეფასდა. თუ ადრე საქართველოს ვიზის ასაღებად ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლობა იძულებული იყო მოსკოვში ჩასულიყო, ამიერიდან მათ საზღვრის გადმოკვეთა და საქართველოში 90 დღე დაყოვნება უვიზოდ შეეძლებათ.
კრიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მიერ საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი პროვოკაციად შეფასდა, რომელიც რუსეთის გაღიზიანებისკენ იყო მიმართული და არანაირ კონკრეტულ სტრატეგიას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ რა ფარული მიზნები ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლბას ამ გადაწყვეტილების მიღებისას და გრძლვადიან პერსპექტივაში რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს მსგავსი ნაბიჯი რუსეთის ისეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონთან მიმართებაში როგორსაც ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენს.
ჰაინრიჰ ბიოლის ოფისში ჩატარებულ დისკუსიაზე საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პაატა ზაქარეიშვილმა, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი მოლოდინმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა.
მის მოხსენებაში კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ნათელი იყოს თუ რა დევს ამ კონრეტული პოლიტიკის მიღმა და რა იგულისხმება მასში რეალურად, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი ერთის მხრივ პოზიტივად შეიძლება იქნას აღქმული, მეორეს მხრივ სერიოზული რისკისა და საფრთხეების მატარებელია.
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით საქართველოს პოლიტიკა იმ ფორმით როგორითაც დღეს იგი მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, რადგან იგი რუსეთის გამოწვევის ხასიათს ატარებს, რითაც საქართველო უფრო “შორეულ უჯრაში დებს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას”.
რუსეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი მოლოდინმა კი თავის გამოსვლაში უფრო დეტალურად განიხილა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ტენდენციები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე, მისი მოსაზრებით იმ ფონზე როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის ინტერესი ჩრდილოეთ კავკასიაში შემცირებულია, მოსკოვი უფრო მეტად ცდილობს მართოს ნებისმიერი მოვლენა რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად საქართველოს მოსაზღვრე ამ რეგიონში დაძაბულობის პერმანენტული ესკალაცია გაგრძელდება და შენარჩუნდება.
ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა კი წინა მომხსენებლებისაგან შედარებით განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა, მისი თქმით საზღვრის გახსნაში არსებობს საქართველოსთვის დადებითი მომენტი საინფორმაციო გახსნილობის კუთხით, რაც შესაძლებლობას მისცემს ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას საკუთარი თვალით ნახონ საქართველოში განვითარებული მოვლენები.
დისკუსიის ყველა მოხსენება თემატურად მრავალფეროვანი იყო და საკითხის სხვადასხვა ასპეექტს შეეხო. ამასთან, საინტერესო მოსაზრება გამოითქვა აუდიტორიიდან ივლიანე ხაინდრავას მიერ, რომელმაც აღმიშნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სფერო ის საკითხია სადაც ინტერესთა თანხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძელებელია და გამოთქვა იმედი, რომ ეს მომენტი კიდევ დადგება შესაბამისი ცვლილებების შემდეგ.