დევნილობაში დაბადებულები – ახალი თაობა ძველი პრობლემებით

ქვეყნაში იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის საკითხი, დღემდე აქტუალური პრობლემაა. 

ინტეგრაციის არ არსებობას განიცდიან როგორც აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაბადებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც უკვე დევნილობაში დაიბადნენ.

დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდობის ინტეგრაციის საკითხი მწვავედ დგას საზოგადოებაში. არასამთავრობო, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციები ამ კუთხით სხვადასხვა ღონისძიების გატარებას ცდილობენ, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

22 დეკემბერს ფოთში ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - რა უშლის ხელს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას. დისკუსიისას დიდი დრო დაეთმო ახალგაზრდა დევნილების პრობლემებს.

მომხსენებლებად მოწვეული იყო ფსიქოლოგი მანონი ბასილაია, რომელიც თავად გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი და აქტიურად მუშაობს დევნილების ინტეგრაციის საკითხებზე, ფილოსოფოსი მანანა სანაია, რომელსაც დევნილ სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ასოციაცია "ათინათის" აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ხასია.  "ათინათი" კონფლიქტის ზონასთან უშუალო სიახლოვეს, ზუგდიდში დაფუძნებული ასოციაციაა. ქალბატონმა რუსუდანმა და მისმა კოლეგებმა დევნილებთან მუშაობა აფხაზეთის კონფლიქტის გაჩაღებისთანავე დაიწყეს და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ფრიად ღირებული გამოცდილება დაუგროვდათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ოგრანიზაციების წარმომადგენლები. საგულისხმოა, რომ დებატებში აქტიურად მონაწილეობდნენ ფოთის თემის განვითარების ცენტრის ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის მოზარდები, მათ შორის დევნილი ოჯახებიდან.

ფოთში დღეისათვის 25 000 დევნილი ცხოვრობს. აფხაზეთის ომიდან 17 წლის შემდეგაც მწვავედ დგას დევნილების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი. დისკუსიაში განსაკუთრებით ახალგაზრდა დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული პრობლემები გამოიკვეთა.

ქალბატონმა რუსუდან ხასიამ ახალგაზრდა აუდიტორიიდან წამოსულ შეკითხვას - მისი აზრით, მოხდა თუ არა ინტეგრაცია დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ცალსახა პასუხი ვერ გასცა. მან აღნიშნა, რომ ასეთი პასუხი არც არსებობს და დასძინა:  "ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ იმედით ცხოვრობს, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში. ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შორის არსებობს, კომუნიკაციის პრობლემა. ეს უკანასკნელი კი პირველ წლებში აქტიურად იჩენდა თავს, ახალგაზრდა თაობაში. გამოიხატებოდა, როგორც ფსიქოლოგიურ ჩაკეტილობაში ასევე ენობრივ ბარიერში. დევნილი ახალგაზრდების ძირითადი სასაუბრო ენა  რუსული და მეგრული იყო, ქართულს თითქმის არ ფლობდნენ. ფსიქოლოგიური პრობლემა გამოიხატებოდა მათ ჩაკეტილობაში. არ ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი,  ვერ ახდენდნენ ადაპტაციას გარემოსთან. ბოლო წლებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა პრობლემა ისევ არსებოს".

ფსიქოლოგმა მანონ ბასილაიამ ყურადღება კომუნიკაციის პრობლემებზე გაამახვილა: "მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა თაობას აქვს კომუნიკაციის და ინტეგრაციის პრობლემა, ძირითადად ოჯახიდან მოდის. როდესაც ოჯახში მუდმივად არის საუბარი აფხაზეთის ომზე, გამოვლილ გაჭირვებაზე, იქ დაბრუნებაზე,  ბუნებრივია ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს და ის თავს გარიყულად გრძნობს, ადგილობრივ მოსახლეობასთან საერთო ინტერესებს ვერ პოულობს. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი, ვთვლი, რომ სურვილი დაბრუნებისა უნდა იყოს მასტიმულირებელი ძალა, მათ უნდა გაითავისონ, რომ გაჭირვება შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო, რათა საბოლოოდ  არ დაეცე".

დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განსხვავებული მენტალიტეტზე ისაუბრა ფილოსოფომა მანანა სანაიამ. მისი აზრით,  დევნილებმა მსოფლმხედველობის კრახი განიცადეს: "ყველაზე მძიმე, ნებისმიერი ადამიანისთვის, არის მსოფლმხედველობის კრახი. რაც გამოიხატება შემდეგში: მათ ქონდათ  მოწესრიგებული სამყარო. აწყობილი ურთიერთობები, ეს ყველაფერი ერთბაშად ქრება და ისინი იქცევიან ადამიანებად, რომლებიც მოწყვეტილი არიან ფესვებს.

აფხაზეთის მოსახლე ქართველობა ძალიან იყო მიჯაჭვული თავის ფესვებს, სანათესაოც კი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავდათ, ისინი ნაკლებად ინტეგრირებულნი იყვნენ დანარჩენ საქართველოსთან. აფხაზეთში მცხოვრებნი იყვნენ ეკონომიურად ძლიერი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ კარგად ან ძალიან კარგად. სწორედ ამ ყველაფრის დაკარგვა ნიშნავს, მსოფლმხედველობის კრახს. ეს კატაკლიზმები აუცილებლად გადადის ახალ თაობაზე, რაც იწვევს გათიშულობას ადგილობრივ მოსახლეობასთან".

შეხვედრაზე თავიანთი აზრი დააფიქსირეს ასევე მედიის წარმომადგენლებმაც. ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა თვლის, რომ ინტეგრაციას ხელი ქვეყანაში მუდმივად გამეფებულმა მძიმე სიტუაციებმა შეუშლა, როდესაც ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტით მოქმედებდნენ. ინტეგრაციაზე ფიქრისთვის დრო არ რჩებათ. 

რადიო "იმედის ჟურნალისტი იზა სალაყაია  თვლის, რომ აგრესია ორივე მხრიდან მოდის (იგულისხმება იგპ და ადგილობრივი მოსახლეობა). ის მიიჩნევს, რომ, როდესაც საუბარია ინტეგრაციაზე, მაშინ მათ ერთნაირი უფლებები უნდა ქონდეთ და სახელწიფო პოლიტიკაც ერთნაირად უნდა გატარდეს.

ნანა წულაია (დევნილი მოსწავლე), რომელიც ფოთის #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოსულ აგრესიაზე ღიად საუბრობს და იხსენებს: "კარგად მახსოვს ერთმა ფოთელმა ქალბატონმა, როგორ მითხრა - შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ გაქვს ერთი ნაკლი - შენ ხარ დევნილი. ჩემთვის ეს იყო მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც ძალიან ძნელად გადავიტანე".

დისკუსიის მსვლელობის დროს აზრი ორად გაიყო: ერთნი აღნიშნავდნენ, რომ დევნილების ინტეგრაციის პრობლემა არსებობს, ხოლო მეორენი - რომ იგი უკვე აღმოფხვრილია.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მონაწილეები კონსენსუსამდე მაინც მივიდნენ - ინტეგრაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპლექსების გარღვევას დევნილების მხრიდან და კომუნიკაციის პრობლემების დაძლევას დიალოგის ფორმით.

ეს ღონისძიება ემსახურებოდა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის და ნდობის აუცილებლობას.
 შეხვედრის ბოლოს დევნილმა მონაწილეებმა აღნიშნეს რომ ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია ნაყოფიერი გამოდგა. ყველამ აღნიშნა, რომ მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია მოწვეული სტუმრებისაგან და საინტერესო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრებისა და ისტორიების მოსმენა, რომელიც დამსწრეებს უფრო მეტ მობილიზაციასა და პრობლემის გადაწყვეტის სურვილს აღუძრავს.