საქართველო დამოკიდებულია იმპორტირებულ ენერგიაზე, რომლის ენერგიის მოხმარება ერთ ადამიანზე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კლება განპირობებულია ენერგიის მოხმარების შემცირებით და არა ენერგოეფექტურობით. ენერგიის ინტენსიურობა საქართველოში მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, რაც გარემოზე მძიმე შედეგებს ტოვებს.
კლიმატის ცვლილება და მის შედეგებთან ადაპტაცია შესაძლებელია საქართველოსათვის მომავალი ათწლეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდეს. დაბალი კარბონების ეკონომიკაზე გადასვლას თავისი უპირატესობა გააჩნია, რომელთა შორის მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობის გაზრდა და ეკონომიკური განვითარება. მოსახლეობისათვის ენერგიის გადასახადების შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებისთვის აღნიშნული პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
ფართო საზოგადოებას, ისევე როგორ გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებს, ლიმიტირებული ცოდნა გააჩნიათ ეკონომიკური აქტივობების გარემოზე გავლენის შესახებ. აუცილებელია საზოგადოების, ისევე როგორც სახელმწიფო ორგანოების ცნობიერებისა და ინფორმატიულობის ამაღლება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მდგრადი სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის.
2011 წელს, ფონდი გეგმავს ენერგიისა და გარემოსდაცვითი პროგრამების განახლებას და საქართველოში მცირემაშტაბიანი პილოტური პროექტის განხორციელებას. 2010 წლის 8 დეკემბერს, ფონდმა უმასპინძლა ექსპერტების შეხვედრას, რათა მათგან მოესმინა იდეები და რეკომენდაციები ფონდის სტრატეგიისა და 2011 წლის განმავლობაში საქართველოში განსახორციელებელი ენერგიისა და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ექპერტები: გიორგი აბულაშვილი (ენერგიის ეფექტურობა - საქართველო), მურმან მარგველაშვილი (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის) და ქ-ნი მანანა ქოჩლაძე (მწვანე ალტერნატივა).
დადგინდა 2011 წლის პროგრამის რამდენიმე შესაძლო მიმართულება: ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში გარემოსდაცვითი/ენერგიის კომპონენტის ჩართვა, ქართველ და გერმანელ ექსპერტებს შორის კონტაქტებისა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა, და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გარემოსდაცვითი კომპონენტის გაძლიერება.
ეკოლოგია და მდგრადობა ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ბიოლის ფონდი გახლავთ გერმანიის მწვანეთა პოლიტიკური მოძრაობისა და მწვანეთა მოძრაობის გლობალური ქსელის აქტიური წევრი. მოცემული მომენტისათვის ფონდი დიდ ყურადღებას უთმობს გლობალური ენერგიისა და კლიმატის პოლიტიკის საკითხებს, რაც მოიცავს დისკუსიებს განახლებადი ენერგიისა და ატომური ენერგიის შესახებ. მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარება და მხარდაჭერა ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის პრიორიტეტების შესახებ შესაძლებელია მოიძიოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: