17 წლის წინ, მიუხედავად ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვებისა, აფხაზ ექსპერტთა მცირე ნაწილი თუ ვარაუდობდა, რომ მომავალი ჰქონდა ამ ახლად ჩამოყალიბებულ ცნობიერებას, რომელსაც აფხაზეთის რესპუბლიკა ერქვა.
ომში განცდილი მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგები, სრულად დანგრეული ეკონომიკა, რომლის მდგომარეობას უფრო ართულებდა რუსული ბლოკადა, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც აფხაზეთს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ხედავდა.
უმეგობროდ, სრულიად მარტო დარჩენილი ქვეყანა ავადმყოფ ბავშვს ჰგავდა, რომელსაც ექიმები არათუ გადარჩენის შანსს აძლევდნენ, არამედ გაოცებულებიც კი იყვნენ, საერთოდ როგორ დაიბადა. მაგრამ ინვალიდი ბავშვი ნელ-ნელა გამოცოცხლდა, ამოძრავდა და ნელ-ნელა თავის ჯანმრთელ თანატოლებს ემსგავსება.
აფხაზეთი გადარჩა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აღიარა, ყველასესმის (მათ შორის, ქართველ ექსპერტებსაც), რომ ომამდელი სტატუს-კვოს აღდგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ამ მატარებელმა ჩაიარა და ალბათ, არც არასდროს დაბრუნდება.
თუმცა შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი აფხაზეთისთვის ომისშემდგომი წლები იყო. როცა ქვეყნის ბიუჯეტი მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი გაქვს, ძნელია, ომგამოვლილ საკუთარ ხალხს აუხსნა, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაძლოს, რამდენი რამე მოითმინოს და გადაიტანოს. ნანატრი გამარჯვება, როგორც იქნა, დადგა, მაგრამ მოსალოდნელი კეთილდღეობა, რატომღაც იგვიანებდა.
აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა, ვლადისლავ არძინბამ შეუძლებელი შეძლო - მან იხსნა ქვეყანა ჩეჩენიზაციისაგან, იარაღიანი კაცის ძალაუფლებისაგან, სადაც კალაშნიკოვი შეცვლიდა კანონს და გამოიწვევდა ქაოსს.
იმავე საქართველოსგან განსხვავებით, აფხაზეთი ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, საკუთარი ძალებით ცდილობდა დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტების შექმნას. ამ პროცესს ისიც ართულებდა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე საქართველოს მხრიდან რევანშის შესაძლებლობა ძალიან დიდი იყო.
თუმცა, სწორედ ამ სირთულეებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში. აფხაზური საზოგადოება ერთად დადგა, რათა ბოლომდე მიეღწია მიზნისთვის. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამაში აფხაზეთს საქართველო დაეხმარა - გამსახურდია თავისი ლოზუნგით “საქართველო ქართველებისთვის”, შევარდნაძე 1992-93 წლებში გაჩაღებული ომით და სააკაშვილი დაუფარავი სურვილით, რადაც უნდა ასჯდომოდა, სამხედრო რევანში განეხორციელებინა.
ამ წლების განმავლობაში აფხაზეთს ერთხელაც არ უგრძვნია, რომ მის არაკეთილმოსურნე მეზობელს მასთან ურთიერთობის დალაგების სურვილი ჰქონდა. მეტიც, ისეთი სურათი იქმნებოდა, რომ აგრესიული პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებრივ დაკვეთას ასრულებდა. ჩვენ, აფხაზეთიდან, ამას ასე ვხედავდით.
შევარდნაძეს 1993 წელს რომ გაემარჯვა და სააკაშვილის 2008 წლის ავანტიურა კი წარმატებული ყოფილიყო, ქართველები მათ ხომ გმირებად, განმათავისუფლებლებად აღიქვამდნენ, “წმინდა ძროხის” - ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენებად. და არავინ იკითხავდა, რა მსხვერპლი მოჰყვა ამას აფხაზების და ოსების მხარეს. მათი ადგილი საქართველოს ისტორიის პანთეონში, სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლის ან თამარ მეფის გვერდით იქნებოდა.
მაგრამ ყველაფერი სრულებით სხვაგვარად მოხდა.
ამასთან დაკავშირებით ვეთანხმები ცნობილ რუს პუბლიცისტს იულია ლატინინას, რომელიც აღნიშნავდა, რომ საქართველომ აფხაზეთზე მორალური უფლება ორჯერ დაკარგა: პირველად, როცა 1992 წელს ომი გააჩაღა და მეორედ, როცა ეს ომი წააგო.
მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს მხრიდან შემდგომი აგრესიის შეკავების ვალდებულებაც საკუთარ თავზე აიღო, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების თემა აფხაზებისთვის უკანა პლანზე გადავიდა.
სოხუმში კარგად ესმით, რომ საქართველო, ამ მოკლევადიან პერსპექტივაში, არ შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
მაგრამ უსაფრთხოების შეგრძნებამ და იმის რწმენამ, რომ ახალი ომი არ იქნება, აფხაზეთი სრულიად სხვა, შიდა თუ საგარეო პრობლემების მოგვარებაზე გადართო.
ქართული საკითხის აქტუალობა აღიარების დღიდან გაუფასურდა აფხაზი საზოგადოების თვალში. აფხაზეთის ხელისუფლებას უკვე ახალი თავის ტკივილები გამოუჩნდა. აფხაზები ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათი დამოუკიდებლობის სურვილი მხოლოდ საქართველოსგან დამოუკიდებლობის სურვილი არ არის.
ახლა მათ წინაშე მთავარი გამოწვევაა - დღეისათვის ერთადერთ რეალურ მოკავშირესთან - მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება ისე, რომ ამ ურთიერთობებმა აფხაზეთის სუვერენიტეტი არ შეიწიროს. აფხაზური პროექტის მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის, გაუმკლავდეს ამ ახალ გამოწვევას.
მაშინ, შორეულ 93-ში, ავადმყოფი ბავშვი გადარჩა და ახლა უკვე 17 წლისაა.
ის სავსეა იმედითა და სამომავლო გეგმებით. ამ ყმაწვილს სურს, რომ იცხოვროს.
უკვე 17 წელია, აფხაზეთი არსებობს, როგორც სახელმწიფო. ის არსებობს არა საქართველოს სურვილის საწინააღმდეგოდ, ან რუსეთის კეთილი ნების გამო. ის არსებობს იმიტომ, რომ ასე სურს აფხაზ ხალხს.
სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა “ლიბერალს”.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.