წარმოუდგენელია იმის გაფიქრება, რომ ამ სახლში ვინმე ცხოვრობს. სახლის კედლებში იმხელა ხვრელებია, ფანჯრები გეგონება. დღის შუქი მთელ სახლში აღწევს.
კიბეზე ასვლა საშინელებაა: მტვერი, ნაგავი, ძველი მაგიდის ფეხი და დამტვრეული კარადის უჯრა, ქალის თეთრი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ბეტონის კედლიდან ამოშვერილი ლითონის ბადე. სახლმა 18 წლის განმავლობაში, ამ მდგომარეობაში გაძლო და ერთი ადამიანის სტუმრობით, ალბათ, არ დაიმსხვრეოდა, მაგრამ ამ კიბეებზე ასვლა მაინც ყინულის თხელ ფენაზე სიარულის შეგრძნებას ჰგავს.
დერეფნებში ყველა კედელი ჩამონგრეულია, კიბეს მოაჯირები არ აქვს და საფეხურებიც აქა-იქ ჩატეხილია. კედლის ღრიჭოები რომ არა, აქ სრული სიბნელე იქნებოდა.
ამ ნანგრევებში, მეორე სართულზე ორი ახალთახალი, საგულდაგულოდ შეღებილი კარია. ზარის ღილაკზე თითის დაჭერისას დაცარიელებულ, ნაცრისფერ შენობაში უცებ ჩიტის ჭიკჭიკის მსგავსი ხმა ისმის. ექო მას რამდენჯერმე იმეორებს და ისევ სიჩუმე დგება.
აქ უკვე რამდენიმე თვეა, თინა ცხოვრობს თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. იგი სტუმრებს არ ღებულობს, მით უმეტეს ჟურნალისტებს, მაგრამ ჩვენ შეგვიშვა.
ზედა სართულებზე თითქმის ყველა ბინის კართან არის წარწერა "დაკავებულია". აქ ბევრი ახალი კარია, ზღურბლთან ცემენტის ტომრები ალაგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მეპატრონეები ბინებს არემონტებენ.
1992-93 წლების ომამდე, ეს სახლი სოხუმის "ახალი რაიონის" სხვა სახლების მსგავსად, სიცოცხლით იყო სავსე.
დღეს, "ახალი რაიონის" ეზოებში მაღალი ბალახი ამოიზარდა და ომის ნაკვალევი თითქმის გადაფარა. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ყველაზე სასტიკი ბრძოლები სწორედ აქ მიმდინარეობდა. დრო გავიდა. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ აფხაზებს უსაფრთხოების გრძნობა გაუღვივა, თუმცა სახლების იერსახე კვლავ წარსულის მოგონებად დარჩა.
რთულია, გაარჩიო "ახალ რაიონში" მდგარი კორპუსებიდან რომლის აშენება ვერ დაასრულეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რომელში ცხოვრობდა ადრე ხალხი. დღეს აქ ყველა სახლი ერთნაირად გამოიყურება, ყველა ჩონჩხია.
ომის შემდეგ სახლები სრულად გაიძარცვა. წაიღეს იატაკის ნაწილები, შპალერები, უნიტაზები, რადიატორები. ჭრელი კაფელის აქა-იქ შემორჩენილი ნაწილები თუ მიგითითებს, სად იყო ადრე სამზარეულო. ოდესღაც თეთრი გაზქურა და ფერადი ჭურჭელი ნამსხვრევებად ქცეულა და ნაცრისფერმა მტვერმა და ნაგავმა შეცვალა.
ზოგ სახლში აქა-იქ ცხოვრობენ, ზოგი - სრულიად ცარიელია. ნატყვიარების შედეგად დარჩენილი დიდი ღრიჭოები სხვადასხვა მასალითაა ამოვსებული.
თინას ბინაში არის დერეფანი, ერთი საძინებელი, ძალიან პატარა სივრცე ტელევიზორისა და დივანისათვის, რომელიც საცხოვრებელი ოთახის ფუნქციას ასრულებს, სამზარეულოდ გადაკეთებული აივანი, აბაზანა და ტუალეტი.
ოთხსულიანი ოჯახისთვის არცთუ საკმარისი ფართია, თუმცა ღია ცის ქვეშ ყოფნას ნამდვილად სჯობს.
ბინა ლამაზად არის მორთული - ღია ფერის შპალერით, სურათებით და ბევრი სხვა პატარ-პატარა, კომფორტის შემქმნელი დეტალით.
თინას ძალიან მოსწონს ახალი სახლი. მისი ოჯახი მაიკოპიდან (რესპუბლიკა ადიღე, ჩრდილოეთ კავკასია) აფხაზეთში გადმოვიდა, რომ სამუდამოდ აქ დასახლდნენ.
"ისინი მალე სახლის ფასადს შეაკეთებენ", - ამბობს იგი, - "ჭერის შეკეთებასაც შეგვპირდნენ."
რეალურად, სახლს "შეკეთება" არ სჭირდება. აქაურობა უფრო კაპიტალური, ბულდოზერებით შესასრულებელი სამუშაოს შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, თინას და სხვებს, რომლებიც აქ გადმოსახლებას აპირებენ, სხვა გზა არ აქვთ.
განსახლების პრობლემა იმ ქალაქისათვის, სადაც უამრავი ცარიელი სახლი და ბინაა, ცოტა უცნაურია. ომის შემდგომ, ის აფხაზები, რომელთაც სახლები დაკარგეს, ქართველების კუთვნილ სახლებში სახლდებოდნენ. ჯარისკაცებმა ქართველთა სახლები ნადავლის სახით იგდეს ხელთ. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სახლების შესაკეთებლად საჭირო ფინანსური რესურსები არ იყო, ამიტომ, ბევრ მათგანში ჯერ კიდევ არავინ ცხოვრობს.
ოფიციალურად, ამ ბინების მესაკუთრეობა საკმაოდ ჩახლართული ამბავია. თინა არ ამბობს, ბინა იყიდა, თუ, უბრალოდ "დაიკავა."
"ეს დედაჩემის საჩუქარია," -ამბობს ის. "არ მიკითხავს, როგორ მიიღო მან ეს ბინა."
ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრება თინას არ აშინებს, რადგან, როგორც ამბობს, - "ჩვენნაირ ხალხს ბინის შეძენის არანაირი საშუალება არ აქვს."
განსახლება აფხაზეთში ახალგაზრდა ოჯახების წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას, რუსეთის მხრიდან ბიზნეს-ინტერესების ზრდაც მოჰყვა. რუსებმა აფხაზეთში მეტი ფულის დახარჯვა დაიწყეს, რამაც სოხუმში ბინების ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუ 2008 წელს ძველი, "ხრუშოვკის" ტიპის ერთოთახიანი ბინა დაახლოებით 4-5 ათასი დოლარი ღირდა, დღეს ფასი გაათმაგდა.
ქალაქის საუკეთესო უბნებში ახალი შენობები შენდება - ასი წლის წინ სოხუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სტილში. "იყიდება" - აწერია აქ თითქმის ყველა ფანჯარას. ფასი დაახლოებით 2000-3000 დოლარია კვადრატულ მეტრზე.
ოფიციალური საშუალო ხელფასი აფხაზეთში 200 დოლარია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სახლები მხოლოდ ბიზნესმენთა ელიტის მცირე წრისა და რუსებისათვის არის განკუთვნილი.
თუმცა, აფხაზეთში რუსებსაც პრობლემები აქვთ - აქ მათ ქონების მარტივად შეძენა არ შეუძლიათ. აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, კერძო საკუთრებაში უძრავი ქონების დაკანონება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია.
თუ რუსეთის მოქალაქეს უძრავი ქონების დასაკუთრება სურს, იგი ამას ჩახლართული სქემით აკეთებს - ამისთვის მას სანდო აფხაზი ბიზნეს-პარტნიორი სჭირდება.
რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცის" თანახმად, ამ სქემამ ბევრ რუსს პრობლემები შეუქმნა: მათი ქონება აფხაზმა კრიმინალებმა, უბრალოდ, მიისაკუთრეს.
გაზეთი ამტკიცებს, რომ ხელთ ჩაუვარდა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის პარლამენტმა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოამზადა, და რომელშიც საუბარია, რომ 1992-93 წლების ომის შემდგომ დაცარიელებული ბინები და სახლები "უპატრონოდ" უნდა გამოცხადდეს და მათ აფხაზ მობინადრეებს გადაეცეს.
ამ გადაწყვეტილების ერთი მხარე გასაგებია: აფხაზეთში ყველა დარწმუნებულია, რომ ქართველები საკუთარ სახლებში არასოდეს დაბრუნდებიან.
თუმცა, როგორც "მოსკოვსკი კომსომოლეცი" წერს, აფხაზმა კრიმინალებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რუსების ბინებიც დაიკავეს.
აფხაზი ადვოკატი თამაზ ქეცბა აცხადებს, რომ აფხაზეთის სასამართლოები დაახლოებით 4 ათას ასეთ შემთხვევას განიხილავს.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერა განკარგულებას იმ კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების კანონიერებას გადაწყვეტს.
ასეთი კომისიის შექმნის იდეა თავდაპირველად მოსკოვს ჰქონდა, მაგრამ ამ იდეამ აგვისტოში აფხაზეთში ცხარე კამათი გამოიწვია.
ამ წინადადების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ეს გზას გაუხსნის ათასობით ქართველის დაბრუნებას, რომლებმაც აფხაზეთი 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსული პასპორტებით რუსეთში ცხოვრობენ.
"არავინ აპირებს რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევას," - განაცხადა რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა. "სხვა საქმეა, მაგალითად, ისეთი პირების საკითხი, რომლებმაც აფხაზეთი 1992 წელს დატოვეს და 2010 წელს, 18 წლის შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტეს. იმ ადგილას უკვე შეიძლება, მისი სახლი აღარც დგას, სხვა ობიექტია აშენებული... ყველა საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება."
ამასობაში, "ახალი რაიონის" მობინადრეები მოყანყალებულ სართულებზე ცემენტის ტომრების ატანას განაგრძობენ.
"ისინი ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის აშენებას შეგვპირდნენ", - ამბობს თინა. "დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, აქაურობა უკეთესი და უფრო ხალისიანი იქნება".
სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს".
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.