"შეღავათი" რუსი ტურისტებისთვის

საგანგებოდ რუსი ჟურნალისტებისთვის  მოწყობილ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც აფხაზეთში საკუთარი ტრანსპორტით ჩასულ რუს მოქალაქეებზე გავრცელდება. ნაბრძანებია მათი არშემჩნევა.

“მე ვუბრძანე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყველა თანამშრომელი გავაფრთხილე, რომ რუსულნომრიანი მანქანები არ გააჩერონ - არც ერთი მანქანა. თუ ვინმეს დავინახავ ან შემთხვევით დავიჭერ, მაშინვე სამსახურიდან გავაგდებ”, - დაიმუქრა ქვეყნის მეთაური.
 პრეზიდენტის მიერ ასეთი ბრძანების გაცემის მოტივი სრულიად გასაგებია - არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მანქანიანი ტურისტები (ისინი ძირითადად რუსები არიან) საკურორტო სეზონზე აფხაზეთის ინსპექციის თანამშრომლებისთვის ოფიციალურ ხელფასზე დამატებულ, გაუთვალისწინებელი  შემოსავლის კარგ წყაროს წარმოადგენენ. მართალია, ბაღაფშს ღიად არ ულაპარაკია, რომ მთელი პრობლემა ფულის გამოძალვაა, მაგრამ მისი ის სიტყვები, რომ “საკუთარი უკულტურობის გამომჟღავნების ნაცვლად, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, როცა მათ ეს სჭირდებათ” - სწორედ ამ შინაარსს ატარებდა. “რუს ტურისტებს ფული არ გამოართვათ”, - რეალურად თითქმის ასე ჟღერდა პრეზიდენტის განკარგულება.

თუმცა, ამ განკარგულებას ძნელად თუ დაარქმევ სიახლეს. ყოველ შემთხვევაში, გასული ორი საკურორტო სეზონის დროს ბაღაფშმა ამ აკრძალვის თაობაზე უკვე განაცხადა. მაგრამ, შესაძლოა, იმის გამო, რომ ახლანდელი პრესკონფერენცია სპეციალურად რუსი ჟურნალისტებისთვის იყო მოწყობილი, იმ ცნობამ, რომ ინსპექტორებმა ქრთამი არ უნდა აიღონ, ერთგვარი სიახლის იმპულსი შეიძინა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ილუზიები არავის აქვს, რომ ინსპექციის მუშაკები ამიერიდან დაშინდებიან და კანონმორჩილად აარიდებენ თვალს გზაზე რუს მოქალაქეებს. ასე რომ იყოს, მესამე წელია ზედიზედ, ამის გამოცხადებას აზრიც არ ექნებოდა.

პრეზიდენტის ამ განკარგულების სამართლებრივ ნაწილში სულ სხვა ასპექტია დაფარული; და რაგინდ კეთილშობილური მიზნებითაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, იურიდიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად გაუმართავია, რადგან იმთავითვე დისკრიმინაციულია. “შეღავათიანი” მგზავრობა ხომ მხოლოდ რუსებს ეხებათ. სხვა ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები, მართალია, არც ისე ხშირად ირჩევენ  თავიანთი დასვენების ადგილად აფხაზეთს, და მათი არშემჩნევა შესაძლებელია. მაგრამ, ადგილობრივ ავტომფლობელებს რაღა უნდა უყო?

დოკუმენტის ლოგიკიდან გამომდინარე, მათი გაჩერება და “გაწეწვა” ისევ ძველებურად შეიძლება, რადგან “ინდულგენცია” ოფიციალურად რუსებისთვისაა დაშვებული. 

სხვათა შორის, თავად რუსეთის ტურინდუსტრიის წარმომადგენლებიც არ არიან განსაკუთრებულად აღფრთოვანებულები სერგეი ბაღაფშის განკარგულებით. რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრესმდივანი ირინა ტიურინა ეჭვობს, რომ მოძრაობის წესების დაუსჯელად დარღვევის ოფიციალური უფლება აფხაზეთში დასვენებისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება და რუსეთიდან ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიზიდავს. “ასეთი ინსტრუქციის მიცემა შეიძლებოდა არა საჯაროდ, არამედ ინსპექტორებისთვის იდასაუწყებო განკარგულების სახით. ასე კი რაღაც უხერხულად გამოვიდა”, - ამბობს ტიურინა.

შეიძლება ამ განკარგულების არაეფექტურობა არასწორად დასმული აქცენტების ბრალი იყოს. უფრო ლოგიკური იქნებოდა, არა რუსი მოქალაქეების გზებზე გაჩერების აკრძალვა, არამედ კორუფციისთვის ტოტალური ბრძოლის გამოცხადება, თუნდაც - გზებზე მაინც. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ჩამოსული ტურისტები კი არა, კმაყოფილები იქნებოდნენ ადგილობრივი ავტომფლობელებიც, რომლებიც, ამ განკარგულების კონტექსტში, სამსხვერპლო ცხვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებს.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა “ლიბერალს”.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.