აფხაზეთში იმედი აქვთ, რომ თურქეთი მათთვის ახალი იმიგრანტების წყარო გახდება, რაც რესპუბლიკაში დემოგრაფიულ ბალანსს ეთნიკური აფხაზების სასარგებლოდ შეცვლის. აფხაზეთის მოსახლეობა დღეს მხოლოდ 250 ათასს შეადგენს, მათგან ეთნიკური აფხაზი მხოლოდ 100 ათასია.
ამავდროულად, თურქეთში აფხაზური წარმოშობის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხროვრობს - ისინი იმ ემიგრანტთა შთამომავლები არიან, ვინც კავკასიის ეს ნაწილი რუსეთის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ დატოვა.
მათი უმრავლესობა ახლა მხოლოდ თურქულად საუბრობს, მაგრამ აფხაზეთის მთავრობას მაინც იმედი აქვს, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს გადმოსვლა და წინაპრების სამშობლოში ახალი ცხოვრების დაწყება ბევრს მოუნდება.
იავუზ კუაძაბა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ასე მოიქცა - იგი აფხაზეთში 200 სხვა აფხაზთან ერთად 1993 წელს ჩამოსახლდა. მათგან ბევრი ისევ უკან დაბრუნდა, რადგან ომის შედეგად გამოწვეული ნგრევა, შიმშილი და სიღარიბე, ასევე ომის შემდგომი 10-წლიანი ბლოკადა მათთვის აუტანელი აღმოჩნდა.
მაგრამ კუაძბა დარჩა და რუსული და აფხაზური ენები ისწავლა.
„თუ სურვილი გაქვს, ისწავლი. მე მქონდა სურვილი," - ამბობს იგი. მას ახლა სოხუმის ცენტრში ტურისტული სააგენტო აქვს. ეს სააგენტო ერთ-ერთი ინტერნეტ-კაფეს ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ასევე ერთ-ერთ „რეპატრიანტს" - რეჯებ უჩაშს ეკუთვნის.
„ბიზნესის წამოწყება ადვილი არ არის. თურქეთში კრედიტს ვერ აიღებ, აფხაზეთში კი საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია", - ამბობს კუაძბა.
აფხაზეთის მთავრობა კუაძბას მსგავსად ჩამოსახლებულებს ქონებას აძლევს. კუაძბამ სახლი გაგრაში, სოხუმის ჩრდილოეთით მიიღო. მას სახლის აღსადგენად ფული არ აქვს, მაგრამ თურქეთში დაბრუნებას მაინც არ აპირებს.
„რა თქმა უნდა, ზოგჯერ რთულია. მაგრამ ვფიქრობ, ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ზოგიერთმა თქვა, რომ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებდა და უკან დაბრუნდა. თუ ვინმე სიმდიდრეს ეძებს, ისინი უკან ბრუნდებიან", - ამბობს კუაძბა.
ორი წლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, საქართველოს მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, აქაური მთავრობა შეეცადა, რეპატრიაციის პროცესი უფრო სისტემატური გაეხადა.
დღეისათვის აფხაზეთში მუდმივი მცხოვრების სტატუსით დაახლოებით 300 თურქი აფხაზი ცხოვრობს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი ნაკადი გაიზრდება, მით უფრო, რომ ახლა უკვე რეპატრიანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამა არსებობს.
„აქამდე იყო მოწოდება დაბრუნებისაკენ, მაგრამ არანაირი პროგრამა", - განაცხადა აფხაზურ-აბაზური კონგრესის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა გენადი ალანიამ.
ალანიას თქმით, თავიდან იყო შიში, რომ რუსეთი მის საზღვრებთან დიდი რაოდენობით თურქეთის მოქალაქეების ჩამოსახლებას შეეწინააღმდეგებოდა.
„აფხაზეთში ხალხის რეპატრიაციის პრობლემა მთავარ პრიორიტეტად იმიტომ არ იქცა, რომ არსებობდა რუსეთის მხრიდან ნეგატიური რეაქციის რისკი," - ამბობს იგი. „ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობას დაუფარავად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თანამემამულეების დაბრუნება აფხაზი ხალხის გადასარჩენადაა აუცილებელი. დიასპორაში ათჯერ მეტი აფხაზია, ვიდრე აქ - მათ ისტორიულ სამშობლოში."
ალანიას თქმით, მისი ეჭვები გაიფანტა მას შემდეგ, რაც გასულ წელს იგი პირადად შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ "მთავარი აფხაზი ხალხის გადარჩენაა".
რეპატრიაციის კომიტეტი ახლად ჩამოსულებს მოქალაქეობის მიღებაში, ფულითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფაში ეხმარება. რეპატრიანტებს აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ გარკვეული პირობების შესრულება უწევთ - მათ 15 წლის განმავლობაში მათთვის გადაცემული სახლის გაყიდვა არ შეუძლიათ, რათა ნაღდი ფულის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში არ დაბრუნდნენ.
სექტემბერში მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი ზურაბ ადლეიბა რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და მისი რეფორმირება დაიწყო.
"გვსურს, რომ უმეტესწილად ახალგაზრდები დაბრუნდნენ", - ამბობს იგი. „მათთან მუშაობა ადვილია. ისინი უფრო სწრაფად ადაპტირდებიან და ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან."
ადლეიბამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელსაც მალე მთავრობას წარუდგენს. „გეგმა ყველაფერს მოიცავს, ენის სწავლებითა და ადაპტაციით დაწყებული. გვაქვს ბევრი იდეა, რომელიც პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ", - ამბობს იგი.
ადლეიბას თქმით, მათთვის, ვინც სოხუმში დაბრუნებას გადაწყვეტს, სახლების აშენების სურვილი თურქმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს. რუსები კი მზად არიან, რეპატრიანტებს საცხოვრებელი ბინები ოჩამჩირის რაიონში აუშენონ.
ფარუკ ქარჩაა და მისი ოჯახი ერთ-ერთ იმათგანია, ვინც თურქეთიდან ჩამოვიდა აფხაზეთში სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა. 50-წლის ფარუკმა სოხუმში ცოლი და შვილი ოთხი წლის წინ ჩამოიყვანა. ახლა იგი ქალაქის ცენტრში კაფეს ფლობს.
ქარჩაამ ცოტა აფხაზური ისწავლა, თუმცა რუსულს ჯერჯერობით ვერ ფლობს, რაც ცხოვრებას ურთულებს, რადგან რუსული აქაური ლინგვა ფრანკაა.
ქარჩაას ოჯახს სოხუმში სახლი გამოუყვეს, მაგრამ მისი განახლების ფული არ აქვთ და ამიტომ ქირით ცხოვრობენ.
ქარჩაა თურქულად ლაპარაკობს, მის საუბარს შვილიშვილი - ნესრენი თარგმნის. იგი ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, არაფერს ნანობს.
"მე ჩემი წინაპრების სამშობლოში დავბრუნდი. ეს ჩემი სახლია".
სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს".
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.