მოსკოვში ბოლო ვიზიტისას ერთ-ერთი რუსული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: “ჩემთვის მოსკოვი იყო დედაქალაქი და დედაქალაქადვე არჩება ისევე, როგორც რუსეთი – ჩვენს დიდ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ.”ეს სიტყვები თუნდაც ცნობილ აფხაზ მწერალს, მხატვარს ან მომღერალს რომ ეთქვა, სავარაუდოდ, ცოტა ვინმე თუ მიაქცევდა ყურადღებას.
შემოქმედებითი ადამიანები ყოველთვის ცოტა კოსმოპოლიტები არიან, ხანდახან საზღვრებს დემონსტრაციულადაც არღვევენ. ერთნი ამას რწმენით აკეთებენ, მეორენი ასე საკუთარ ინდივიდუალურობას უსვამენ ხაზს, სხვებს კი, საკუთარი შემოქმედებით მეტისმეტად გატაცებულებს, უბრალოდ, ავიწყდებათ თავიანთი წარმომავლობა.
მაგრამ აქ აშკარად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საკუთარ დედაქალაქად მოსკოვი აფხაზმა კულტურის მოღვაწემ კი არ დაასახელა, და არც მან, ვისაც ეს განცხადება თანამდებობიდან გამომდინარე შეეფერება (რუსეთის პრეზიდენტი მყავს მხედველობაში), არამედ რუსეთის თუნდაც მეგობარი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი მეზობელი სახელმწიფოს – აფხაზეთის – ხელმძღვანელმა.
როცა პრეზიდენტი ასეთ რამეს ამბობს, ეს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
ინტერვიუ, რომელიც ბაღაფშმა რუსულ გაზეთს მისცა, საკმაოდ ვრცელი იყო და ახალგაზრდა რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა: შავი ზღვის აფხაზურ შელფზე ნავთობის მოპოვებას, რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში საკუთრების შეძენის უფლების მინიჭებას, რუსული ფინანსური დახმარების ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ თუმცა, გაჩნდა თუ არა ეს ინტერვიუ ინტერნეტში, სოციალური ქსელების აფხაზმა მომხმარებლებმა სწორედ მოსკოვის შესახებ გამონათქვამზე მოახდინეს კონცენტრაცია. ალბათ, სერგეი ბაღაფშის არცერთ განცხადებას, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობა არ გამოუწვევია. ერთ-ერთმა, სერგეი ბაღაფშისადმი საკმაოდ ლოიალურად განწყობილმა მომხმარებელმა, რიტორიკული კითხვაც კი დასვა: "ეს კაცი მართლა ჩვენი პრეზიდენტია?"
ზოგიერთები ამბობენ, რომ ბაღაფშმა, უბრალოდ, დაუფიქრებლად ილაპარაკა, ცოტა მოეშვა. ნაწილობრივ, შესაძლოა, დაეთანხმო ამ მოსაზრებას. თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან სრულიად დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, რომ მსგავსი რამე ბაღაფშს აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას არასოდეს წამოსცდებოდა.
რატომ თქვა ეს ბაღაფშმა სწორედ რუს ჟურნალისტთან საუბრისას? ნუთუ, როცა აფხაზეთის ფარგლებს ტოვებს, ბაღაფში კონტროლის დაკარგვამდე ეშვება? რა თქმა უნდა, არა. ბაღაფში მოსკოვში დასასვენებლად ნამდვილად არ ჩადის. ის იქ სამუშაოდ, უფრო სწორად კი – საშოვარზე ჩადის. ამბობენ, რომ მოსკოვში მისი შეხვედრების განრიგი საკმაოდ დატვირთულია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, სამინისტროები და უწყებები, ახელმწიფო კორპორაციები, მსხვილი და საშუალო ბიზნესი – ვისთან აღარ უწევს შეხვედრა.
ყველგან უნდა გაიღიმოს, მადლიერება და სიყვარული უნდა გამოხატოს, საუკუნო მეგობრობის ფიცი-მტკიცი დადოს.
შესაძლოა, მსგავსი დითირამბები აღიზიანებდეს, მაგრამ მაინც იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან იგი მთხოვნელია, ხოლო მეორე მხარემ კი დახმარება უნდა უბოძოს. ფული ქვეყანას ძალიან სჭირდება. მმართველობის ჩამორჩენილი და ჩლუნგი სისტემის გამო, ქვეყანას ფულის გამომუშავება თავად არ ძალუძს.
სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც გამოუსწორებელი ნარკომანი, რუსული დოტაციის გარეშე ვერ არსებობს. ბიუჯეტის შემოსავლების 71% რუსულ დახმარებაზე მოდის. საჯარო მოხელეები, ვისი გამოისობითაც ეს ჩლუნგი სისტემა არსებობს, ასევე არაფრად ვარგიან და უკვე საკუთარ თავზე კი აღარ ფიქრობენ, არამედ შვილთაშვილების კეთილდღეობაზე. მათაც უკიდურესად სჭირდებათ ფული.
შესაბამისად, ამ არგუმენტების გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ აფხაზეთის პრეზიდენტისათვის დედაქალაქი მოსკოვია. ეს წამოცდენა კი არ არის, არამედ ფროიდისეული წამოცდენაა.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.