რას წარმოადგენს LGBT და რა იცის მის შესახებ საზოგადოებამ? როგორია საქართველოში დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ და იცვლება თუ არა დამოკიდებულება ექსპერტთა დაკვირვებით? არსებობს თუ არა რეალურად საფუძველი ჰომოფობიისთვის? როდის და რომელ კულტურებში გაჩნდა ჰომოფობია? რა განაპირობებს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას? კონკრეტული ქეისები სექსუალური უმცირესობების ჩაგვრის შესახებ საქართველოში. იდეოლოგია თუ ადამიანის არჩევანი, იყოს ის, ვინც არის? ჰომოფობია - "ფანტომური საფრთხე" და "ქამინგ აუთის" პრობლემა - 2011 წლის 22 ივნისს ბიოლის ფონდში ჰომოფობიის თემაზე გამართული დისკუსია ამავე თემაზე ადრე გამართული დისკუსიებისგან განსაკუთრებული ღიაობით გამოირჩეოდა.
წარმოდგენილი მოხსენებები სექსუალური უმცირესობების საკითხს განსხვავული კუთხით იხილავდა. ფილოსოფოსმა თათა ცოფურაშვილმა ჰომოფობიის სოციო-კულტურულ ასპექტებზე ისაუბრა. საუბრის დასაწყისშივე მან განავითარა ორი თეზა: პირველი - ჰომოფობია ქრისტიანულ კულტურაში ქრისტიანობის იუდაიზმზე დაფუძნების შედეგად ჩნდება და მეორე - შესაძლებელია თუ არა სოდომის და გომორის ისტორიის განსხვავებული წაკითხვა, ანუ არის თუ არა ის უფრო პოლიტიკური განაცხადი, ვიდრე მორალური. მან ისაუბრა ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულებაზე ანტიკურ ცივილიზაციაში, გაიხსენა პლატონის "ნადიმი" და თქვა, რომ ბერძნულ სამყაროში ჰომოსექსუალური ურთიერთობა განიხილებოდა როგორც ლეგიტიმური, თუმცა მამაკაცი კანონით ვალდებული იყო შეექმნა ოჯახი და შთამომავლობა დაეტოვებინა.
თათა ცოფურაშვილის თქმით, ქრისტიანულ კულტურაში აშკარად ჩნდება ჰომოფობიური დისკურსი, რადგან ის იუდაიზმს ეფუძნება. ამის შემდეგ მან ძველი აღთქმის ტექსტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ის, რაც სოდომის და გომორის ისტორიაში ხდება, ჰეგემონური ცივილიზაციისადმი განაჩენის გამოტანაა".
რაც შეეხება ჰომოსექსუალობის შესახებ დისკურსის ჩამოყალიბებას, ეს მომხსენებლის თქმით, მე-19 საუკუნიდან ხდება, როდესაც ფსიქიატრიები იწყებენ სექსუალური პრაქტიკებისთვის სახელების დარქმევას. "საქართველოში სექსუალური დისკურსის გაჩენა, სექსის შესახებ დისკურსის რელიგიის სფეროდან გამოყოფა და მისი გასვლა პედაგოგიკის და სამოქალაქო კანონის სივრცეში 1801 წელს მოხდა, როდესაც საქართველო რუსეთის, და შესაბამისად ევროპული ტიპის სამართლის ქვეშ მოექცა", აღნიშნა მან.
ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულებაა ჰომოსექსუალობის მიმართ დღევანდელ საქართველოში. მანვე აღნიშნა, რომ ეს თემა პოლიტიკური დისკურსის საგანია და რელიგიურ დისკურსთან მისი მიბმა სამარცხვინოა. ლელა გაფრინდაშვილმა ისაუბრა საკუთარ სტატიებზე, რომლებიც ამ თემას ეხება. მანვე ისაუბრა საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ჰომოსექსუალობის შესახებ მედიიდან გავრცელებულ ჰომოფობიურ განცხადებებზეც.
თამთა მელაშვილის მოხსენების მთავარი თემა საქართველოში LGBT ემის ჩამოყალიბების ისტორია და მის შიგნით მიმდინარე პროცესები იყო. როგორც მან აღნიშნა, ამ თემზე მომუშავე ორგანიზაციები, ფონდი "ინკლუზივი" და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი'' საქართველოში 2006 წელს შეიქმნა. თუმცა მომხსენებლის აზრით, ლესბი-ქომიუნითი საქართველოში უფრო მალე შეიკრა და უფრო მაღალ კონდიციას მიაღწია გეი-ქომიუნითისთან შედარებით. მას მიაჩნია, რომ ლესბი-ქომიუნითი აღარ არის ორგანიზაციაზე ჩამოკიდებული თემი და დიდი პოტენციალი აქვს ახალ საფეხურზე გადასასვლელად. გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ცვლილებები მარტო გარედან საკმარისი არ არის და ის ამ თემების შიგნით გაცილებით მნიშვნელოვანია.
თეოლოგმა ლევან აბაშიძემ ჰომოსექსუალობის მიმართ თანამედროვე ქრისტიანული ეკლესიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან ძველი აღთქმის წიგნებიც გაიხსენა, სადაც იგმობა და ცოდვად ცხადდება ჰომოსექსუალური პრაქტიკა. მანვე გაიხსენა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, სადაც ჰომოსექსუალური კავშირები არაბუნებრივ ურთიერთობად არის გამოცხადებული. მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს. განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ პროტესტანტული ეკლესიების ნაწილს, სადაც მიაჩნიათ, რომ ეს ცოდვა კი არ არის, არამედ ამ ადამიანებს ეს ბუნებისგან ანუ ღვთისგან აქვთ მოცემული, რასა ეფუძნება ამ ეკლესიების მცდელობა, აკურთხოს მათ შორის ურთიერთობა და და უშვას საეკლესიო ქორწინება ერთი და იმავე სქესის მორწმუნეთა შორის.
"მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს პრეტენზია, რომ მისგან გამოდიოდეს რაღაც იდეოლოგია, რომელიც იქნება თავსმოხვეული მთელ საზოგადოებაზე. ეკლესიას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი სწავლება და პირველ რიგში მიმართავს თავის წევრებს. ჩემთვის ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს ნიშნავს. მოყვასი არ არის ის, ვინც მაინცდამაინც ჩემნაირად ფიქრობს. ეს სიყვარული გამორიცხავს აგრესიას" - აღნიშნა ლევან აბაშიძემ დისკუსიის დასასრულს.
აღნიშნული დებატები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში.
- დებატების სრული ტექსტი pdf (216 კბ)