საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები

Კითხვის დრო: 4 წუთი

ძირითადი მომხსენებლები:

ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;

დიმიტრი ღლონტი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" უფროსის მრჩეველი;

ავით თარხნიშვილი - ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ირაკლი მაჭარაშვილი - ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა";

ილია ოსეფაშვილი - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი;

ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე.

მოდერაცია: მედეა იმერლიშვილი 

ტყეს უნდა ჰყავდეს პატრონი, არსებული კანონმდებლობა შესაცვლელია და  და სატყეო სექტორიც სასწრაფო რეფორმირებას საჭიროებს, ეს ის საკითხებია, რომელზეც  დისკუსიის ყველა მონაწილე თანხმდება. თუმცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს რეფორმა, ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მომხსენებლებს სხვადასხვა აზრი აქვთ.

განიხილება თუ არა ტყეების პრივატიზების საკითხი ახალ კოდექსში, ავსტრიის კანონმდებლობის გადმოღებისას თუ იქნება გათვალისწინებული  საქართველოს ტყეების სპეციფიკა, ბუნებრივი ტყეების მართვა გვინდა, რაც ტყის მდგრად მართვას გულისხმობს თუ სამეურნეო ტყეების განვითარება, როგორ შეიძლება დავიცვათ ბალანსი ისე, რომ ტყემ თავისი პირვანდელი სახე არ შეიცვალოს, რამ განაპირობა ტყეების ინვენტარიზაციის ჩაუტარებლად მათი იჯარაზე გატანა, რატომ არის მნიშვნელოვანი, ვინ ჩაატარებს ინვენტარიზაციას, სახელმწიფო თუ მეიჯარე, როგორი იქნება მონიტორინგის სისტემა მეიჯარეებისთვის - ეს ის კითხვებია, რომლებიც დარბაზიდან დაისვა.

დისკუსია უკვე დაწყებული იყო, როდესაც მას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური შემოუერთდა. მომხსენებელთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ იგი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამ თემით დაინტერესებულ პირებს იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელსაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამზადებს და შეეცადა გამოთქმული შენიშვნებისთვისაც გაეცა პასუხი.

თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ შეიცვალა, საქართველოში ცოტა ხანში ტყე აღარ დარჩება, განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა და თქვა, რომ ამის თავიდან ასაცილებლად მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება - 49-წლიანი იჯარები, რამაც მისი განმარტებით, ტყით მოსარგებლეს ეკონომიკური ინტერესი უნდა გაუჩინოს და კვლავწარმოების ციკლი შეკრას, რეგულირების მექანიზმები და ფუნქციების დელეგირება, ტყის ახალი დეფინიცია, ტყის კატეგორიზაცია და პირწმინდა ჭრების საკითხი, კანონის ავსტრიული მოდელის შემოღება. ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ ახალი კანონი ტყით დაფარული ტერიტორიის მდგრად მართვას უზრუნველყოფს.

ირაკლი მაჭარაშვილმა საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის, "მწვანე ალტერნატივა", შენიშვნები კანონპროექტის იმ ვარიანტს ეხებოდა, რომლის გაცნობის საშუალებაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ და ვარაუდი გამოთქვა, რომ ახალ ვარიანტში, შესაძლოა მათ მიერ წინა შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები უკვე გათვალისწინებულიც ყოფილიყო, რაც მინისტრმა დაადასტურა კიდეც. ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ კანონმდებლობის გამოსასწორებლად რესურსი არსებობს და გარემოსდამცველი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კარგი კანონპროექტის მიღება.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს განსხვავებული ხედვა აქვს. ის არც ავსტრიული მოდელის შემოღებას ეთანხმება, ასევე ფიქრობს, რომ  კანონპროექტში არ ჩანს ეკონომიკური გათვლა, ის, თუ რა შედეგების მომტანი იქნება იგი საბოლოოდ ქვეყნისთვის. მისი თქმით, "ეს ყველაფერი გვაგონებს იმ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც იყო შემუშავებული 2006-07 წლებში ტყეებთან მიმართებაში, სადაც საუბარი იყო აუზებით დაყოფასა და სარგებლობაზე და ტერიტორიების გაყიდვაზე" და არ შეეესაბამება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. მან ახსენა ტყეების ფრაგმენტაციის საკითხიც, თუმცა მინისტრმა უარყო ეს შესაძლებლობა და თქვა, რომ ეს ან არასწორი ინტერპრეტაციაა, ან პირვანდელ ვარიანტში მართლაც იყო ნახსენები, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი აღარ არის.

მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო 44 პუნქტად დაიყოფა და მეიჯარე ვალდებული იქნება, დაცვითი ტყე დაიცვას, სამეურნეო კი სამეურნეო სარგებლობისთვის გამოიყენოს. მინისტრის განცხადებით, ტყის ინვენტარიზაციაც მეიჯარეს დაეკისრება და ამისთვის მას ორი წელი მიეცემა. ამ პერიოდში ის გათავისუფლებული იქნება საიჯარო გადასახადისგან. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ მან სახელმწიფოს ტყითსარგებლობის გეგმა უნდა წარუდგინოს. მხოლოდ ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების შემდეგ მიეცემა მას ხე-ტყით სარგებლობის უფლება.

უზრუნველყოფს თუ არა კანონპროექტი ბალანსს ტყის დაცვასა და გამოყენებას შორის, ამ თემაზე ისაუბრეს ილია ოსეფაშვილმა და დავით თარხნიშვილმა.  დავით თარხნიშვილის თქმით, კარგი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის კომპრომისულია. მას აინტერესებს, როგორ დაბალანსდება ბიზნეს ინტერესები და კონსერვაციული პოლიტიკა. მისი თქმით, "საკითხი დგას არა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ ჩამოყალიბდეს სერიოზული ინტერესთა ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება". ილია ოსეფაშვილის აზრით, ქვეყანას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შედგენილი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი. სასურველია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ქონაც.

დისკუსიაზევე მინისტრისგან ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტი სავარაუდოდ ორ კვირაში განსახილველად მთავრობას გადაეცემა. ამასთან ერთად, მინისტრი შეპირდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ შეხვედრები გაგრძელდებოდა და მათ კიდევ მიეცემოდათ შენიშვნების წარდგენისა და რეკომენდაციების შეთავაზების საშუალება.