ჩახვეული მუსიკალური ფირფიტის მსგავსად, ერთსა და იმავე ნოტზე ბორძიკი ძალიან სარისკო საქმეა. რაც უნდა შესანიშნავი სიმღერა იყოს, ფირფიტების საკრავის დეფორმაციას დღესასწაულის ერთხელ და სამუდამოდ ჩაშლა შეუძლია. ადრე თუ გვიან ჩახვეული მუსიკა აუცილებლად მობეზრდება „პატეფონის“ მფლობელს. ამ დროს კი მესაკუთრე ან ფირფიტას ცვლის, ან საკრავის შეკეთებას ცდილობს.
ომის შემდეგომ წლებში საკმარისი იყო ვინმეს გულუბრყვილობით საქართველოს მხრიდან კონტრაბანდის ლეგალიზაციის იდეა გამოეთქვა, რომ ხელისუფლება იმავე წამს მორალური ღირებულებების მქადაგებლის როლს ირგებდა: „მანამ საქართველო არ გვაღიარებს, მტრებთან ვაჭრობა არ გვექნება!“
კონტრაბანდისტებს ასეთი მიდგომა მხოლოდ ახარებდათ. სახელისუფლებო გარანტიების წყალობით, მალე მათი ბიზნესები ისეთ მასშტაბებზე გავიდა, რომ დღეს რთულია სოხუმის საკოლმეურნეო ბაზარში ქართულ ხილს ან ბოსტნეულს არ წააწყდე, ავეჯის მაღაზიაში - თბილისიდან იმპორტირებულ საძინებელს, დიდი აფხაზური ქორწილი კი ზუგდიდური ინდაურის და კახური ღვინის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
რაც მთავარია, ოფიციალური სოხუმის ასეთი მიდგომა არა მარტო კონტრაბანდისტებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობდა. ტვირთების საბაჟო გაფორმების არარსებობა და ენგურზე მათი შეუფერხებელი გატარება სრულიად შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციას. თბილისი ხომ აფხაზეთს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ამასობაში კი, აღურიცხავი ტვირთი, რომელმაც აფხაზეთის ბაზრები გაავსო, არა მარტო კორუფციას უწყობდა ხელს, არამედ დიდ ადამიანურ მსხვერპლთანაც იყო დაკავშირებული. გალის რაიონში სისხლიანი დაპირისპირებები ხშირ შემთხვევაში კონტრაბანდაზე კონტროლის მოსაპოვებლად გამართული ბრძოლის მანიშნებელი იყო.
მნიშვნელოვანი პერსონების ფუჭი საუბრები, რომ საზღვრის მოწყობით არალეგალურ ვაჭრობას მოეღებოდა ბოლო, ილუზია აღმოჩნდა. საზღვარზე რუსების გამოჩენას არანაირი გავლენა არ მოუხდენია კონტრაბანდის ნაკადებზე. პირიქით, ახლა ენგურზე ნებისმიერი გადასვლა კარგად ორგანიზებულ სავაჭრო კორიდორს დაემსგავსა. მთლიანობაში, „ყარაულის“ შეცვლის შემდეგაც, ლოზუნგი „არანაირი ვაჭრობა“ შენარჩუნდა. სხვათა შორის, თავად ვაჭრების მტკიცებით, ყველაზე უსაფრთხო მესაზღვრეების საგუშაგოების მიმდებარე გზებია. აქ გასვლის ტარიფიც მყარია და ერთი „სარკმლის“ წესიც გარანტირებულად მოქმედებს. არანაირი გაუთვალისწინებელი ხარჯი აქ არ არის მოსალოდნელი. ქარავნები მიდიან და მიდიან.
ერთი ჩემი ამხანაგი (ის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს), რომელიც კარგად არის გარკვეული ამ სიტუაციაში, ხუმრობს: „ღმერთმა დაგვიფაროს საზღვარი ერთი კვირით გადაიკეტოს, თორე ქვეყანაში სავაჭრო კრიზისი შეიქმნება.“ თუმცა ამ იდეის განხორციელება არავის არასდროს არც ჰქონია დაგეგმილი. ამ კონტრაბანდით პურის ფულს ხომ არა მხოლოდ „ვაჭრები“, არამედ ამ სავაჭრო კორიდორების „მფარველებიც“ აკეთებენ. ეს უკანასკნელნი ყველაზე მეტადაც კი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციას. ეს ამად ღირდა. ფული, რომელიც შესაძლოა სახელ- მწიფოს შესვლოდა, ამ „პატრიოტების“ ჯიბეებში გროვდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბიზნესი სერიოზული გამოცდის წინ დგას.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველოდან იმპორტირებული ტვირთების ლეგალიზაციის საკითხი დააყენა. მან ტვირთების შესაბამისი გაფორმების სისტემის და საბაჟო გადასახადის დაწესების პირობა დადო. კონტრაბანდის აისბერგს ანქვაბი ცეცხლს უნთებს. თუმცა ეს ალბათ ამ ოპერიდან იქნება - როდესაც რაიმეზე გავლენას ვერ ახდენ, სჯობს მას სათავეში ჩაუდგე.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.