აზიზიეს მეჩეთი: არგუმენეტების ჭიდილი

Კითხვის დრო: 2 წუთი
Aziziye Mosque in Batumi

19 აპრილს ბათუმში პრესკაფეში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო  დისკუსია თემაზე: "აზიზიეს მეჩეთი: არგუმენეტების ჭიდილი".  მთავარი მომხსენებლები იყვნენ ისტორიის აკადემიური დოქტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2004 წლის სტიპენდიატი, რუსლან ბარამიძე, ისტორიის მეცნეიერებათა დოქტორი ზაზა შაშიკაძე და ისტორიკოსი სულხან ოქროპირიძე.

2012 წლის დასაწყისში კულტურის სამინისტრომ საზოგადოებას წარმატებული მოლაპარაკებების შესახებ ამცნო. თურქეთში იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება, ხოლო ახალციხეში – რესტავრირდება.

დღეისათვის აჭარაში 184 მუსლიმანური საკულტო და სასწავლო ნაგებობაა - ეს სტატიტიკა დისკუსიის ერთერთმა  მომხსენებელმა რუსლან ბარამიძემ წარმოადგინა, რომელმაც ადგილობრივი თუ ცენტრალურ მედიასაშუალებებში აზიზიეს მეჩეთზე   დაბეჭდილი პუბლიკაციებიც მიმოიხილა და გაშუქებისას დაშვებულ  უზუსტობებზე ისაუბრა.

"უზუსტობები გამოითქმის ისტორიულ ფაქტებთან დაკავირებითაც და ხდება იდეოლოგიისა და სინამდვილის აღრევა," – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზაზა შაშიკაძემ.  „მე არ ვარ მომხრე ბათუმში აშენდეს სულთან აზიზიეს სახელობის რაიმე საკულტო ნაგებობა, მაგრამ იმის თქმა, რომ სულთან აზიზი იყო სისხლისმსმელი დამპყრობელი, ეს არის შეცდომა," - ზაზა შაშიკაძემ  საქართველოს ისტორიიდან ის ეპიზოდი მიმოიხილა, როდესაც ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აიგო.

ვინ იყო სულთან აზიზიე, იყო თუ არა მისი დედა წარმოშობით ქართველი და რა განზრახვა ამოძრავებდა ამ სულთანს  საქართველოსთან, ამის შესახებ მომხსენებელმა სულხან ოქროპირიძემ ისაუბრა.

დისკუსიაზე  მონაწილეთა უმარავლესობამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო უნდა გახდეს და მეჩეთი უცხოეთიდან შემოსული თანხით არ უნდა აშენდეს. მათი თქმით, რეგიონში თურქეთის რესპუბლიკის დაკვეთითა და დაფინანსებით რაიმე სახის შენობის აშენება დაუშვებელია.

დისკუსიას აჭარის თეოლოგთა კავშირის თავმჯდომარე თემურ გორგაძეც ესწრებოდა. თემურ გორგაძემ აღნიშნა, რომ ვინ ააგებს ბათუმში მეჩეთს - თურქეთი, საქართველოს მთავრობა თუ სხვა ქვეყანა - ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თეოლოგთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქალაქში არსებული მეჩეთების რაოდენობა მუსლიმანი მორწმუნეებისთვის საკმარისი არ არის.

დისკუსიის მონაწილეების უმრავლესობა თვლის, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე საზოგადოებამ პოზიცია უკვე გამოხატა.

აღნიშნული დებატები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის” ფარგლებში.