მოქალაქის როლი პოლიტიკაში - რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი

Კითხვის დრო: 5 წუთი
ზაალ ანდრონიკაშვილი, თამარ გურჩიანი, ნინო რობაქიძე, გია ნოდია

"ყურადღება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიტანეთ. ეს არის მთავარი სტერეოტიპი, რაც უნდა დაინგრეს... ჩვენს საზოგადოებაში ლამის მიჩნეულია, რომ სამოქალაქო აქტივობა რაღაცა ტიპის ორგანიზაციულ თუ არასამთავრობო სექტორს უკავშირდება" - დისკუსიაზე გამოთქმული ეს მოსაზრება ზუსტად ასახავს იმ მთავარ პრობლემას თუ თავსატეხს, რომელიც ჩემი აზრით დღეს საქართველოში სამოქალაქო სექტორის წინაშე დგას.

"მოქალაქის როლი პოლიტიკაში - რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი" - ეს არის თემა, რომელსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა მორიგი საჯარო დისკუსია მიუძღვნა. დისკუსიის მომხსენებლები, თამარ გურჩიანი, ზაალ ანდრონიკაშვილი და გია ნოდია დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობდნენ და ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, გამოსავლის საკუთარ ვერსიებს აყალიბებდნენ.

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა გზა რჩება საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების დასაცავად? - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის შესწავლის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი ამახვილებს ყურადღებას. ის გამოსავალს სამოქალაქო ინიციატივებში ხედავს და მაგალითიც მოჰყავს, გუდიაშვილის სკვერის ისტორია, ის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ამ სკვერის დასაცავად და მისკენ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად წარმოიშვა. მოქალაქემ უნდა შეიგნოს თავისი თავი ამ ქვეყნის პატრონად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია გაიღოს დრო და ენერგია იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოს თუნდაც მის მიკროგარემოში - ამ სიტყვებით ასრულებს ზაალ ანდრონიკაშვილი თავის გამოსვლას.

იმას, რასაც პირველმა გამომსვლელმა ქვეყნის პატრონად თავის იმგვარად აღქმა ან შეგნება უწოდა, რომელიც მას დროს და ენერგიას გააღებინებს თუნდაც თავისივე მიკროგარემოში რაღაცის შესაცვლელად, დისკუსიის მეორე მომხსენებელი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია "სამოქალაქო სიქველეს" უკავშირებს. "სამოქალაქო სიქველე, რომლის გარეგანი გამომჟღავნებაც არის სამოქალაქო აქტივიზმი, არის არა უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არამედ საკვანძო და გადამწყვეტი საკითხი იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობდეს. და როდესაც ზოგადად ვლაპარაკობთ, რომ დემოკრატიაში პრობლემები პოლიტიკურ კულტურას უკავშირდება, ალბათ, პირველ რიგში სწორედ ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები და დეფიციტი სწორედ ამ სამოქალაქო სიქველის თვალსაზრისით, რომელიც მჟღავნდება სამოქალაქო აქტივობაში" - მიაჩნია გია ნოდიას.

მან სხვა პრობლემებიც დაასახელა: საზოგადოებას უჭირს სამოქალაქო აქტივიზმების პლურალიზმის შეწყნარება,  თვისობრივი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სამოქალაქო აქტივიზმის რაოდენობრივ მახასიათებლებზე, სამოქალაქო აქტივობების ორ ძირითად თვისებაზე - ნეგატივიზმზე, როდესაც ადამიანთა თვალში სამოქალაქო აქტივიზმი პროტესტის გამოხატვასთან იგივდება და ემოტივიზმზე, როდესაც სამოქალაქო აქტივიზმისთვის ემოციური აღმაფრენაა საჭირო. მისივე სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ გვქონდეს სამოქალაქო აქტივიზმი "რაღაცისთვის", გვაქვს სამოქალაქო აქტივიზმი "რაღაცის წინააღმდეგ".

იურისტმა თამარ გურჩიანმა საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ის მთავარ აქცენტს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გააკეთებდა. ამიტომ მან ჯერ ის მითები და სტერეოტიპული მიდგომები ჩამოთვალა, რომლებიც მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებს დღემდე უკავშირდება - იყო თუ არა სამოქალაქო სექტორი უფრო ძლიერი რევოლუციამდე, და მათი იმდროინდელი საქმიანობაც უფრო შედეგიანი. თამარმა ის ტენდენციებიც დაასახელა, რომლებიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით სახიფათოდ მიაჩნია - სახელმწიფოს მიერ მათი დაფინანსება და პრობლემებს შორის უმთავრესი - მათი იდენტობის საკითხი, როდესაც ვერ გადაუწყვეტიათ, watch dog ორგანიზაციები უნდა იყვნენ თუ think tank, ანუ უნდა გააკონტროლონ სახელმწიფო თუ უნდა დაეხმარონ მას პოლიტიკის შემუშავებაში. მისი აზრით, "სამწუხაროდ სწორედ იმ იდეების ტირაჟირება ხდება, რომ [სახელმწიფოს] აუცილებლად უნდა დაეხმარო და შენი არსებობის მიზანი და დანიშნულებაც ეს არის. მაგრამ, ამ დროს, სახელმწიფოს დღეს კონტროლი უფრო სჭირდება, ვიდრე დახმარება, იმიტომ, რომ ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ყველაფერს თვითონ გაუმკლავდეს."

მომხსენებელთა მოსმენის შემდეგ დისკუსია გახსნილად გამოცხადდა დარბაზში მყოფი საზოგადოებისთვის და მათთვისაც, ვინც დისკუსიას ლაივ-სტრიმის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს. პირველი შეკითხვაც სწორედ ლაივ-სტრიმით შემოვიდა - დამოკიდებულია თუ არა სამოქალაქო აქტივობა საქართველოში დონორების კეთილ ნებაზე. რომ არ იყვნენ დონორები, რა ელის სამოქალაქო აქტივიზმს. სხვა შეკითხვებიც დაისვა - ვის მიმართ არიან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშვალდებული, რამდენად შესაძლებელია კრიტიკის და თანამშრომლობის - ამ ორი ფუნქციის დაბალანსება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ურთიერთობაში, რატომ გამოიხატება სამოქალაქო აქტივობა უმთავრესად რეაქციაში, ნაცვლად იმისა, რომ ვეძებოთ და წინ წამოვწიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რატომ დადიან მოქალაქეები უფრო ხშირად პოლიტიკური პარტიების მიერ მოწყობილ აქციებზე და უფრო ნაკლებად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულზე, როგორ უნდა ამაღლდეს საქართველოში სოციუმის როლი, რა დასაყრდენი ძალები არსებობს იმისათვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიური გახდეს და საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს  პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაძლებელია თუ არა საზოგადოების მობილიზება, როდესაც ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, იგი არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც იცნობს მათ, რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სამოქალაქო აქტივიზმზე და რამდენად უნდა ველოდეთ აქტიურობას მშიერი მოქალაქისგან, რომელიც ხვალინდელ ლუკმაპურზე ფიქრობს.

რატომ არ რჩება ან თავად მოქალაქეები რატომ არ იქმნიან სივრცეს "სამოქალაქო სიქველისთვის", სამოქალაქო აქტივობისთვის. რატომ უკავშირებენ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს ან კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯერ კიდევ არ გამოსულა საზოგადოება იმ გამოცდილებიდან, როდესაც მის აზრს და ინტერესს ანგარიში არ ეწეოდა და არც მას ჰქონდა გააზრებული საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. ზაალ ანდრონიკაშვილს მიაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი თითოეული მოქალაქის ინიციატივა და თვითორგანიზებაა, ის ნაკლებად უკავშირდება აღზრდას, რადგან ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია საკუთარი როლის და ინიციატივის გააზრება და ეს შეგნება ნელ-ნელა მკვიდრდება კიდეც.

პანელის გვერდით დიდი ბანერი ჰაინრიჰ ბიოლის ფოტოთი და მისივე სიტყვებით - "ჩარევა სასურველია", ბუნებრივ ფონს უქმნიდა მიმდინარე დისკუსიას და პასუხს სცემდა ყველა კითხვას, რომელსაც დისკუსიის თემა და მომხსენებელთა გამოსვლები ბადებდა.