იდეის დისკრედიტაცია: რას ნიშნავს ლიბერალიზმი საქართველოში?

Კითხვის დრო: 4 წუთი
სალომე ასათიანი, ნინო დანელია

ლიბერალიზმი და ლიბერალური ღირებულებები - საზოგადოების დამოკიდებულება ამ ღირებულებების მიმართ, მისი მზაობა ან უსურვილობა, ამ ღირებულებების მიღების, და 2003 წელს „ვარდების რევოლუციით” მოსული ხელისუფლების დამოკიდებულებაც მათ მიმართ, ხელისუფლების, რომელიც სწორედ ამ ღირებულებების სახელით იყო მოსული, პოლიტიკური ელიტის, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურის როლი ამ პროცესებში, ტრანსფორმაცია, რომელიც განიცადა ან არ განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, ქვეყნის კულტურულმა ცხოვრებამ და სააზროვნო სივრცემ „ვარდების რევოლუციიდან” დღემდე  -  ეს ის თემებია, რომლებზეც საუბრობდნენ 2012 წლის 30 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მომხსენებლები - სალომე ასათიანი, რადიო „თავისუფლების ჟურნალისტი, შორენა შავერდაშვილი, გამოცემა „ლიბერალის რედაქტორი, და გელა ბანძელაძე, რომელიც პარტიას „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვისწარმოადგენს.

დისკუსიის თემა იყო „იდეის დისკრედიტაცია: რას ნიშნავს ლიბერალიზმი საქართველოში. როგორ იქნა გაგებული ფართო საზოგადოების მიერ ლიბერალიზმის იდეა და ლიბერალური ღირებულებების არსი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ წლების შემდეგაც საკამათო ხდება დასავლურ ღირებულებათა გაგება, მათი მიღება-მიუღებლობა კვლავაც ტრადიციებზე უარის თქმასთან ასოცირდება და ფართო ფენებისათვის ამ ჭრილში განიხილება. სალომე ასათიანი ფიქრობს, რომ 2003 წელს მთელმა ქვეყანამ ხელიდან გაუშვა და არ გამოიყენა უიშვიათესი და მნიშვნელოვანი მომენტი, საზოგადოების მზაობა ამ თემებზე დისკუსიის დასაწყებად. დისკუსია არ დაწყებულა, თუმცა მისი დაწყება აუცილებელი იყო იმ პოსტსაბჭოთა გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა და რომელსაც არაერთი მანკიერი თვისება, მათ შორის შოვინიზმი, ეთნიკური ნაციონალიზმი, რელიგიური ობსკურანტიზმი ახასიათებს. და არათუ არ დაწყებულა, როგორც სალომე ასათიანი ფიქრობს, მან ძალიან მალე გროტესკული ფორმებიც კი მიიღო და გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიც არის „ლიბერასტი“ და „გრუზინები“.

რატომ განიცადა დისკრედიტაცია ლიბერალიზმის იდეამ? სალომე ასათიანის აზრით, ეს პირველ რიგში იმ ხელისუფლების ბრალია, რომელიც ქვეყნის სათავეში ამ იდეის და ფასეულობების სახელით მოვიდა, მაგრამ მათი დეკლარირების ფონზე ძალიან მალე საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. იყო თუ არა ეს კომუნიკაციის პრობლემა თუ შეგნებული ტაქტიკა ან სიფრთხილე, თავი აერიდებინა ფართო საზოგადოებაში არაპოპულარულ თემებზე დისკუსიისთვის ან კონკრეტული ნაბიჯების გატარებისთვის და ანგარიში გაეწია იმ განწყობებისთვის, რომელიც პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. რა როლს თამაშობს იდეათა და ღირებულებათა ამ ჭიდილში ეკლესია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი. ეკლესია, რომელიც უმეტესწილად ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ, შოვინისტურ  პოზიციებზე დგას და თავის რიტორიკაში ნაციონალიზმს ეყრდნობა. და კიდევ ერთი საკითხი - ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის სააზროვნო, სადისკუსიო სივრცის წართმევა იყო, რომელზეც სალომე ასათიანმა ისაუბრა.

საქართველოში არა მარტო ლიბერალიზმზე, არამედ პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე საუბრისას, ხშირად დგება დილემა, სად არის პრობლემა, რატომ არ მოგვწონს ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. არის პრობლემა იმ ადამიანებში, რომლებიც ამჟამად არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფრის განხორციელებაზე, თუ პრობლემაა იმ ტენდენციაში, სისტემურ დისკურსში, რომელიც წარმოშობს ამ ადამიანებს. არის ეს პრობლემები ხელისუფლების ბრალი თუ თავად ხელისუფლებაა ლოგიკური შედეგი არასწორი განვითარების გზისა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი არასასურველი რეალობიდან - პერსონალური თუ უფრო ღრმა და ფუნდამენტური ცვლილებები - პარტიის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა გელა ბანძელაძემ თავის მოხსენებაში აქცენტი ამ თემებზე გააკეთა. მას მიაჩნია, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ადამიანებში და ცუდ მმართველებში. პრობლემა არის არასწორ ტენდენციაში.

გელა ბანძელაძემ ასევე განიხილა ლიბერალური ღირებულებები და ლიბერალური თამაშის წესები. „ღირებულებებში ვგულისხმობ ინდივიდუალიზმს, შემწყნარებლობას განსხვავებულთა მიმართ, პლურალიზმს და ა.შ. ანუ ისეთი ტიპის ღირებულებებს, რომლებიც ადამიანის პიროვნების და სინდისის საქმეა. ლიბერალურ პროცედურებში ვგულისხმობ ეკონომიკის თამაშის წესებს, ანუ იმას, თუ როგორ არის მოწყობილი ეკონომიკა. და პოლიტიკური თამაშის წესებს, არის თუ არა დემოკრატია, როგორ იქმნება და იშლება ინსტიტუტები და ა.შ. როგორ ურთიერთობენ პოლიტიკურ ასპარეზზე მოქალაქეები ან მოქალაქეთა გაერთიანებები“, განმარტა მომხსენებელმა.  

სალომე ასათიანისა და გელა ბანძელაძისგან განსხვავებით, რომლებმაც ძირითადი აქცენტი ლიბერალური ღირებულებების სახელით მოსული ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და თავად განვითარების არჩეული გზის არასწორობაზე გააკეთეს, დისკუსიის მესამე მომხსენებელმა შორენა შავერდაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ იზიარებს მათ პათოსს, ყურადღება მაინც თავად საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. და მაინც, ვინ არიან ლიბერალები, არის თუ არა შესაძლებელი მკაფიო კატეგორიზაცია, რატომ დაკარგა ამ ჯგუფმა სოციალური მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა და რატომ გაუუცხოვდა ის საზოგადოებას და ქვეყნის კონტექსტს, ისევე როგორც დაკარგა ეს მგრძნობელობა ხელისუფლებამ, როდესაც მისთვის ლიბერალიზმი ცარიელ რიტორიკად იქცა - ამ საკითხებზე ისაუბრა შორენა შავერდაშვილმა. მანვე გაიხსენა, თუ რატომ შეურჩიეს ჟურნალ „ლიბერალს“ ეს სახელი, რომ ეს მათთვის იყო მცდელობა, ღირებულებათა ეს სისტემა პოლიტიკური ნანგრევებიდან ამოეთრიათ.  

„ლიბერალური ელიტების“ ჯგუფი  საკუთარ თავში ჩაიკეტა. „მისთვის აბსოლუტურად უინტერესოა ის თემები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას და ამ ქვეყნის უფრო დიდ ნაწილს და რომელიც საზრდოობს ზუსტად ისეთივე ან სხვა ტიპის კლიშეებით, როგორითაც საზრდოობს ის ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ ვაკრიტიკებთ, იქნება ეს ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, რომელსაც მართლაც დიდი როლი მიუძღვის ჩვენს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ახდენს ამ დისკურსის არანაკლებ მონოპოლიზაციას. ლიბერალური საზოგადოებაც ზუსტად ისევე ჩაიკეტა საკუთარ თავში, როგორც ხელისუფლება და ეკლესია“ - მიაჩნია შორენა შავერდაშვილს. მისი წერილიც, რომელსაც პოლემიკა მოჰყვა, როგორც თავად განმარტა, „არ ყოფილა ეკლესიის გამოქომაგება, როგორც ინსტიტუციის, და მისი გაკეთილშობილება, ან პირიქით, ლიბერალური საზოგადოების მანკიერებების დრამატიზება. ის იყო იმ დამოკიდებულების კრიტიკა, რომ საკუთარ წვენში ხარშვით თავადვე შევუწყეთ ხელი ლიბერალიზმის იდეის მარგინალიზებას. იმიტომ რომ ვოპერირებთ კლიშეებით, მაგალითად ასეთით - „საზოგადოება ბნელია“, „ეკლესია ბნელია“, „ეკლესია გვექაჩება უკან“ და ა.შ. ეს კლიშეები მხოლოდ ხელს უწყობს ამ „იდეის დისკრედიტაციას და მარგინალიზებას“.

დებატების სრული მიმოხილვა (pdf, 21 გვერდი, 202 კბ)