1934 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველ ყრილობაზე ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი მკაცრად გააკრიტიკეს. თუმცა ამ პერიოდში ითარგმნება მათი თხზულებები, ეწყობა მათი შემოქმედებითი საღამოები, კითხულობენ მათ ლექსებს. ეს გრძელდება საბჭოთა კავშირში მასობრივი ტერორის დაწყებამდე და თავად ამ პოეტების ფიზიკურ განადგურებამდე. 1934 წლის მწერალთა ყრილობა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს დელეგაციის წევრმა და მთავარმა მომხსენებელმა მალაქია ტოროშელიძემ თავის მოხსენებაში შექმნა მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა დაწერილიყო ცალკეული ხალხების ლიტერატურის ისტორია. ამ მოდელის მიხედვით წარმოჩინდა სხვა ხალხების ლიტერატურაც.
“ნაციონალურის კონტურები საბჭოთა იმპერიაში: საქართველოს აღქმა რუსული ლიტერატურის ნაწარმოებებში 1920-1930-იან წლებში” - ამ თემაზე ესაუბრა ქართველ მსმენელს ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი. ამავე ცენტრის თანამშრომელმა და შეხვედრის მოდერატორმა გიორგი მაისურაძემ ასე გაგვაცნო სტუმარი: „მას უმუშავია ისეთი მწერლების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან პასტერნაკი, პლატონოვი, მანდელშტამი, ხლებნიკოვი, მაგრამ იგი მაინც ვარლამ შალამოვის განსაკუთრებულ სპეციალისტად ითვლება. ფრანცისკა თუნ ჰოჰენშტაინის კომენტარებით და რედაქციით გამოდის გერმანულ ენაზე ვარლამ შალამოვის თხზულებათა სრული კრებულის პირველი კომენტირებული გამოცემა. მისი ერთ-ერთი მონოგრაფია, “ტეხილი ხაზები” ბანაკებში შექმნილ საბჭოთა ლიტერატურას ეძღვნება. ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი მრავალი წელია ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ ევროპის პროექტებს, პლურალურ კულტურათა ტოპოლოგიას“.
“ნაციონალურის კონტურები საბჭოთა იმპერიაში” არის ერთ-ერთი ნაწილი წიგნისა, რომელსაც ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი და გიორგი მაისურაძე გამოსაცემად ამზადებენ. ეს წიგნი მთლიანად ეძღვნება საქართველოს. ეძღვნება 1921-დან 1953 წლებს, იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდა საბჭოთა ლიტერატურაში ნაციონალობის კონფიგურაცია საბჭოთა საქართველოს მაგალითზე, როგორ ჩამოყალიბდა რუსულ საბჭოთა ლიტერატურაში საქართველოს სახე. ამ თემაზე, საბჭოთა მწერლობაში ასახულ საქართველოზე და ქართულ მწერლობაზე, საქართველოში დღეს იშვიათად ან თითქმის საერთოდ არ საუბრობენ. ჩვენმა საზოგადოებამ თითქოს ტაბუ დაადო იმ წლების გამოცდილებაზე საუბარს, ვარლამ შალამოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცდილებაზე, რომლისგანაც ვერაფერს გამოიტან ან ცოტათი რომ შევცვალოთ, კარგს ვერაფერს გამოიტან.
და მაინც, როგორ მოხდა რუსული ლიტერატურის მაგალითებზე დაყრდნობით საქართველოს გასაბჭოება და როგორ შეიქმნა საქართველოს სახე საბჭოთა ლიტერატურაში. პირველი ფიგურა, რომელზეც მკვლევარმა ისაუბრა, ირაკლი აბაშიძეა. ფრანცისკა თუნ ჰოჰენშტაინის თქმით, მას აქვს ასეთი ფრაზა -”საქართველომ გადააბიჯა კავკასიის ქედს”. ამგვარად აღწერდა ის 1930 წლისთვის არსებულ სიტუაციას, და ეს არის იმის მაგალითი, რომ რუსეთი კი არ მიუთითებს საქართველოს ახალ მიმართულებას, არამედ თავად ქართული კულტურა ახერხებს იმას, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით გადადგას ნაბიჯი. “ფაქტობრივად ამით იწყება ქართული კულტურის ექსპანსია საკუთარი თავის თვითრეპრეზენტაციისაკენ, ერთი მხრივ ტერორისა და ძალადობის, მეორე მხრივ კი ოფიციალურად დეკლარირებული ხალხთა მეგობრობისა და ძმობის ინსცენირების პირობებს ქვეშ.”
ირაკლი აბაშიძე არ ყოფილა ერთადერთი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ამგვარი წარმოდგენა ჰქონდა და ამ ფორმით აჩვენა საქართველოს განვითარების ახალი პერსპექტივა. თუმცა ირაკლი აბაშიძისგან განსხვავებით, რომელიც მიანიშნებდა “ექსპანსიაზე, ქართული კულტურის გასვლაზე ჩრდილოეთით”, იყო მეორე პერსპექტივაც, როდესაც გარედან შემოსულს უნდა მიეცა ფორმაც და მიმართულებაც ადგილობრივი კულტურისთვის. ამ კონტექსტში მკვლევარმა გაიხსენა ცნობილი რუსი სიმბოლისტი, ანდრეი ბელი, რომელმაც კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები 1928 წელს ასახა თხზულებაში “ქარი კავკასიიდან“, და რომელშიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურთან აგებულ ლენინის უზარმაზარ, 11-მეტრიან ფიგურას, ადგილობრივი ლანდშაფტის გაგრძელება უწოდა. ბელის თქმით, ლენინის ეს ქანდაკება, რომელსაც ხელი აქვს გაშვერილი ქვემოთკენ, ახალი ჰიდროელექტროსადგურისკენ, იმის ნიშანია, რომ ქანდაკება არის განფესვილი (ფესვგადგმული) ქართულ მიწაში და სიმბოლურად უკავშირდება იმ პოლიტიკურ მიმართულებას, რომელსაც შემდეგ “კორენიზაცია” ეწოდა.
“იური სლიოზკინმა, ამერიკაში მოღვაწე ისტორიკოსმა და სოვეტოლოგმა საბჭოთა კავშირი კომუნალურ ბინას შეადარა, სადაც სხვადასხვა ხალხები იძულებით ერთად ცხოვრობდნენ და იძულებულები იყვნენ ერთ ტერიტორიაზე ეცხოვრათ, ერთი სივრცე გაეზიარებიანთ. ამ ტიპის განვითარებამ მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომელმაც საკუთარი თავი განსაკუთრებული სიმძაფრით 1991 წელს აჩვენა, როდესაც იძულებითმა ერთად ცხოვრებამ იფეთქა და მძიმე კონფლიქტებში გადაიზარდა”, განმარტავს ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი. მაგრამ მანამდე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როგორი იყო გაბატონებული რიტორიკა - ხალხთა ძმური ოჯახი, რომელსაც სათავეში ყველა ხალხის მამა სტალინი ედგა. რას გულისხმობდა სტალინის პროექტი - ნაციონალური ფორმა და სოციალისტური შინაარსი, როგორ უნდა გადაზრდილიყო ერთი მეორეში.
“ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულება ჩნდება - ეს არის ერთი მხრივ საქართველოს ეგზოტიკურ-დეკორატიული თვალსაზრისით წარმოჩენა, მეორე მიმართულებაა თავად ენაში გარკვეული სტრატეგიის შექმნა, ნაციონალური დისკურსის იმ მიმართულებით წაყვანა, რომ სოციალისტურ შინაარსში ნაციონალური ფორმის რეპრეზენტაცია ყოფილიყო შესაძლებელი”, ამბობს ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინი. ამავე პერიოდიდან იწყება საქართველოზე საუბარი როგორც ერთი მხრივ არქაულზე და მეორე მხრივ, როგორც სამოთხეზე, “მზიურ მხარეზე”. მკვლევარი იხსენებს სერგეი ტრეტიაკოვს, საბჭოთა მწერალს, რომელმაც 1927-29 წლებში იმოგზაურა საქართველოში. ის განსაკუთრებით მოხიბლულა სვანეთით. სერგეი ტრეტიაკოვი იყო თანაავტორი მიხეილ კალატაზოვის ( კალატოზიშვილის) ცნობილი ფილმისა “მარილი სვანეთს”.
“შეგვიძლია წამოვიდგინოთ, რომ ტრეტიაკოვის პირით თავად საბჭოთა ხელისუფლება ლაპარაკობს... კავკასიის რომანტიულ თემას, რომელიც რუსულმა ლიტერატურამ შექმნა, ფილმში ერწყმის სვანეთის დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულობის თემა, რაც მას ისეთ მხარედ აქცევს, სადაც ადამიანები გამომწყვდეულები არიან, როგორც საპყრობილეში... ფილმის კულმინაცია ბოლო სცენაშია გადატანილი, როდესაც ანგრევენ მთებს, აფეთქებენ, შემოდის საბჭოთა ხელისუფლება, ანგრევს კლდეებისა და მთების გალავანს, გაყავს გზა და ათავისუფლებს იზოლაციისგანაც და ციკლური მითოსური დროიდანაც. სვანეთი საბჭოთა ხელისუფლების სამშენებლო ღინისძიებების შედეგად თანამედროვე აღმშენებლობით რიტმში გადადის. ეს სცენა გადაიქცევა პირველად სცენად ახალი შესაქმისა, სვანეთი შთაინთქმება საბჭოთა ხელისუფლების მიერ და იქცევა საბჭოთა ცივილიზაციის ნაწილად.” საქართველოს გასაბჭოების, რეგიონის “გაცივილიზებულების” თემას ეძღვნება კონსტანტინე პაუსტოვსკის თხზულებაც, “კოლხეთი”, სადაც ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინის თქმით, ჭაობების დაშრობა, არხების მშენებლობა არგონავტების მითს და ანტიკურ წარსულს უკავშირდება - “საბჭოთა ქართული კულტურა ჩნდება როგორც უნივერსალური ანტიკურის მემკვიდრე. უნივერსალური ანტიკური ცოცხლობს თანამედროვე საქართველოში. ეს თანამედროვე საქართველო არის გაგრძელება და ახალი შესაქმე ძველისა საბჭოთა თანამედროვეობაში, მისი ტრანსფორმაცია, მისი სახეცვლილი ვარიანტი”.
რა განსხვავება შეინიშნება პოლიტიკაში ხელოვნების მიმართულებით 1934 წლამდე, საბჭოთა მწერლობის პირველ ყრილობამდე და მას შემდეგ, როგორ გადაიქცა საქართველო რუსი მწერლებისთვის იმის გამოთქმის საშუალებად, რასაც რუსულ მაგალითზე ვერ იტყოდნენ, რა როლი მიუძღვით თავად ქართველებს “მზიური საქართველოს” სახის შექმნაში, რა ფუნქციის მატარებელია ის როლი, რაც რუსებმა ითამაშეს ამ ხატის შექმნით და ქართველმა მწერლებმა შემდეგ მიიღეს და გაითავისეს, როგორ აისახა რუსულ მწერლობაში “ვეფხისტყაოსნის”იუბილე და შეიცვალა თუ არა ქართველის და საქართველოს იმიჯი რუსულ ლიტერატურაში მისი გამართვის შემდეგ, როგორ დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა სხვადასხვა ენაზე და მისი იძულებით წაკითხება საბჭოთა რესპუბლიკებში - დისკუსიის დასასრულს ფრანცისკა თუნ-ჰოჰენშტაინმა დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.