ადამიანი და ადამიანობის სივრცე ტოტალურ ერთობაში: რა ცოდნას გვაძლევს არქივები

Კითხვის დრო: 3 წუთი
ირაკლი ხვადაგიანი, ვალენტინ გეფტერი, ლაშა ბაქრაძე, ირინა ოსიპოვა და ომარ თუშურაშვილი

დისკუსია, რომელიც 12 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართა, არქივებს ეხებოდა. რა ცოდნას გვაძლევს, ან რა ცოდნას ინახავს არქივები? რამდენად შესაძლებელია მკვლევრებისთვის ან რიგითი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მოძიება, საქმის მასალების გაცნობა? რა დაბრკოლებები არსებობს ამ თვალსაზრისით საქართველოში და რუსეთში, საიდანაც ჩამოსული რამდენიმე სტუმარი მონაწილეობდა დისკუსიაში და ყველას ჰქონდა საშუალება, მოესმინა თუ რა გაკეთდა ან კეთდება იქ სახელმწიფოს მიერ ან საზოგადოებრივი ძალისხმევით. და კიდევ ერთი საკითხი - დაინტერესება. რამდენად ინტერესდებიან დღეს მოქალაქეები ისტორიის ამ პერიოდით, რეპრესიის წლებით და მასთან დაკავშირებული მასალებით?

დაინტერესება რუსეთში ამ თემით, როგორც ჩანს უფრო მაღალია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მკვლევარებს ჰქონდათ კიდეც „ფსბ“-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) არქივში თავისუფლად მუშაობის საშუალება, თუმცა პუტინის მოსვლისთანავე არქივები, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონალური, ოფიციალურად დაიკეტა, იხსენებს ირინა ოსიპოვა, საზოგადოება მემორიალის წევრი. ირინა ოსიპოვამ ბოლშევიკური ტერორის პერიოდებზე და რუსეთის არქივებში დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.     

ვალენტინ გეფტერმა, ადამიანის უფლებების ინსტიტუტის დირექტორმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს წევრმა საზოგადოებას რუსული მემორიალის საქმიანობაზე მოუთხრო. მანვე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა, ტოტალიტარული წარსულის შეფასება ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ საზოგადოებრივ მცდელობებს ეფუძნებოდეს. დროა ამ საქმიანობას სახელმწიფოც შეუერთდეს და შეასრულოს თავისი აუცილებელი ფუნქცია.

გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ამდენი წლის შემდეგ არც საქართველოში და არც რუსეთში არ არსებობს ტოტალიტარული რეპრესიების მსხვერპლთა სახელმწიფო მემორიალი. პრობლემაა საბჭოთა წარსულის სამართლებრივ შეფასებაშიც. ვალენტინ გეფტერის თქმით, „ჩვენ გვინდოდა სახელმწიფოს ეღიარებინა, რომ ეს არის დანაშაული, რომელსაც არა აქვს ხანდაზმულობის ვადა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გენოციდი ან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ჩვენი მიზანია ავუხსნათ თანამედროვეებს, რომ პასუხისმგებლები ვართ, გვახსოვდეს ეს ყველაფერი და ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ ის ხშირ შემთხვევაში იმეორებს იმ ძველ პრაქტიკას და მიდგომებს. იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს, სახელმწიფომ საზოგადოებასთან ერთად უნდა აღიაროს, რომ ეს პრაქტიკა დანაშაულებრივია.

როგორია პიროვნების ადგილი ამ ისტორიებში, რას ინახავს ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტები ადამიანების და ადამიანობის შესახებ. ამ თემაზე ისაუბრა ირაკლი ხვადაგიანმა, რომელმაც დავით ჯიშკარიანთან ერთად საქართველოს არქივებში არსებული ტექნიკური და იურიდიული ხასიათის პრობლემების  მიმოხილვა გააკეთა.

ომარ თუშურაშვილმა, შსს არქივის დირექტორმა, ამ არქივის ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდი, 1991 წელი გაიხსენა, როდესაც თბილისის ომის პერიოდში, მისი საარქივო ფონდების დაახლოებით 80% განადგურდა. მან იმაზეც ისაუბრა, რას აკეთებს არქივის ხელმძღვანელობა დღეს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. გამოსვლის ბოლოს მან ყურადღება საარქივო დოკუმენტებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა. საქართველოში არქივები ღიაა და მუშაობაც უფრო გაადვილებულია, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, სადაც საბჭოთა კავშირის ისტორიაზე დღემდე  უამრავი კრებული თუ წიგნი იბეჭდება, ჩვენთან ინტერესი ამ პერიოდის და შესაბამისად, არქივების მიმართ ნაკლებია.