როგორ ხედავენ პოლიტიკის „მწვანე“ კონტურებს მდგრადი განვითარების კონტექსტში ქართველი სპეციალისტები, რომლებისთვისაც გლობალური და ადგილობრივი პრობლემა, ერთნაირად მნიშვნელოვანია.
მოსახლეობის ზრდა, ტყის მასობრივი გაჩეხვა, წყალსა და ენერგიის წყაროებზე მოთხოვნილებების გაზრდა, გაუაზრებელი ურბანიზაცია... ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც ემუქრება ჩვენს პლანეტას. არასდროს მოქცევია ბუნებას ადამიანი ისე სასტიკად, როგორც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. დისკუსიის მომხსენებელმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლია თოდუამ აღნიშნა, რომ დაბინძურებულია ზღვის წყალი და სანაპირო. ამავე დროს, ლია თოდუას თქმით, არის საშიშროებები, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს. ასე მაგალითად, მიწისქვეშა გრუნტის წყლები არის სერიოზულად დაბინძურებული, დაბინძურებულია წყაროები, ვიანაიდან არ არსებეობს ინფორმაცია, სად მიდის ნარჩენები იმ ტერიტორიებიდან, სადაც არ არსებობს კანალიზაციები. მკვლევართა გაოგნების საგანია ის ფაქტიც, რომ ძალიან დიდ სუპერმარკეტებშიც კი გასაყიდად დადებული პროდუქცია არ არის უვნებელი. იმიტომ, რომ საქართველოში ჭირს უვნებელი წყალი. „წყაროსა და ჭის წყლები დაბინძურებულია და მათი მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ეს არ არის წლების წინ გაკეთებული ნაგებობები და, შესაძლოა, წყლებს არ აქვთ ღრმა დგომა. ხშირ შემთხვევაში ჭებთან ახლოსაა ბოსელი, ტუალეტი ღრმა ორმოზე. ხდება მავნე ნივთიერებების ჩაჟონვა და მოხვედრა მიწისქვეშა წყლებში“- აღნიშნა დიკუსიაზე ლია თოდუამ, რომლისთვისაც ასევე მტკივნეული საკითხია სურსათის უვნებლობა, რომელსაც საქართველოში ყურადღება საერთოდ არ ექცევა, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში ეს საკითხი განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშაა.
მაგრამ, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარების შინაარსი იმ შემთხვევაში, როცა არის ზერელე დამოკიდებულება ბუნების მიმართ, ამავე დროს როცა იზრდება მოასახლეობის რაოდენობა, ხოლო ბუნებრივი რესურსები იკლებს. ევროპული კვლევების საქართველოს ინოვაციური განვითარების თავმჯდომარის, ოლეგ შატბერაშვილის თქმით, არსებობს ისეთი სქემები, ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ნაკლები ზემოქმედება ხდება გარემოზე და ამავე დროს შესაძლებელია, ბიზნესმაც მოგება ნახოს.
დისკუსიაზე დაწვრილებით არ უსაუბრიათ შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ, თუმცა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორმა საშა ხორავამ განიხილა აჭარის რეგიონისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, შავი ზღვის სანაპიროს დაცვა. „ბუნება, როცა მასში ჩარევა მაღალი ხარისხისაა, თვითონ ქმნის დამცავ მექანიზმს. ამიტომ, გარე ჩარევებს მივყავართ კატასტროფამდე“ აღნიშნა საშა ხორავა.
დისკუსიაზე დაისვა კითხვები ნარჩენების მართვის შესახებ, ასევე გლობალური დათბობის ტენდეციებსა და საერთოდ, ყველაზე ხშირად გაისმა კითხვა: რა ელის ბუნებას მიმდინარე საუკუნეში.