ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა

Კითხვის დრო: 4 წუთი

Image removed.ქუთაისი, 15 მარტი, 2013

ძირითადი მომხსენებლები:

  • ეკა აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • მადონა ბასილაძე, სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისი
  • ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ტარიელ დათიაშვილი, მწერალი

„ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა“ - ეს იყო თემა, რომელმაც მომხსენებლებს შორისაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.

რას ნიშნავს ფემინიზმი და რატომ ითვლებიან ფემინისტები კრიზისის შემქმნელ გარკვეულ წრედ? რა როლს თამაშობს ოჯახი და რატომ იყენებენ პოლიტიკოსები საკუთარი „პიარისთვის“ ქალთა დასაქმებისა და ქართული ტრადიციების „მსხვერპლი“ ქალების მონაცემებს. ეს ასპექტები  მომხსენებლებისა თუ დებატებში მონაწილეების საუბრისა და შეკითხვების მთავარი ხაზი იყო. პირველმა მომხსენებელმა - ეკა აღდგომელაშვილმა ქალთა როლის იმ ძირითად ვექტორზე ისაუბრა, რომელიც მას რეპროდუქციის აქტიურ ფიგურად აქცევს. „რეპროდუქციაში მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლება არ იგულისხმება, აქ მთავარია კულტურული რეპროდუქცია, რომელსაც ქალი ტრადიციებით გადასცემს ახალგაზრდა თაობას. სოციალიზაციის სხვა საშუალებები პრეინდუსტრიალიზაციის პერიოდში ნაკლებად არსებობდა. საბავშვო ბაღები, ინფორმაციის მიღება-გადაცემის სხვა ინსტიტუტები ამ პერიოდში არ არსებობდა, ამიტომ ცოდნის  ყველა ტიპის  მიღება ხდებოდა ოჯახში, ამას კი ქალი - დედა აკეთებდა. სწორედ ეს იგულისხმება კულტურულ რეპროდუქციაში“ - აღნიშნა  ეკა აღდგომელაშვილმა. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წარმოდგენებზე "ქალურ" და "მამაკაცურ" სამსახურებსა და მიგრაციაზე, რომლის ძირითადი „გამცემი“ ქალია, ხოლო „მოსარგებლე“ მამაკაცი.

შემდეგი მომხსენებელი სახალხო დამცველის რეგიონალური რწმუნებული მადონა ბასილაძე იყო, რომლის მოხსენება ძირითადად ქალთა უფლებებს შეეხო. ქალის უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მისი როლის გაზრდა, ეს არის მთავარი თემა, რასაც თავისი საქმიანობით სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს, რადგან საზოგადოებაში ოჯახური თუ სხვა ტიპის ძალადობის ბევრი ფაქტია მოცემული.  „ქართველი ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ შესუსტებულია, ეს იმ ტრადიციების გამო ხდება, რომელიც მკაცრად არის გამჯდარი ჩვენს მენტალობაში“-აღნიშნა მადონა ბასილაძემ. მან მოიშველია 1921 წლის კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომელიც მიმართულია ქალა დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გულისხმობს ინფორმაციის ყველა დონის ხელმისაწვდომობას.  ძალიან ბევრი ფაქტია სახეზე, როცა დაგაწყვეტილების მიმღებ პირებად ქალები არ გვევლინებიან. რის გამო ხდება ეს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადენ როგორც მომხსენებლები, ასევე დებატებში მონაწილე ადამიანები, რომელთა უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ.

როგორ უყურებენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას და როგორ რეგულირდება სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკაში ჩართულ ქალთა ქვოტირება. რა როლს ასრულებდნენ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მიჯნაზე. როგორი იყო მათი სოციალური და კულტურული სტატუსი - ამ საკითხებს შეეხო ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილის მოხსენება. მან საზოგადოებას წარუდგინა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული ბარათების 50 გამოჩენილი ქართველი ქალის მოღვაწეობის შესახებ. ლელა გაფრინდაშვილმა სამ ქალზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფემინისტური კულტურით: ბარბარე ჯორჯაძე, რომელმაც პირველი ქართული ფემინისტური ტექსტი შექმნა. სადაც ის ასახავდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ფორმულირებას; ეკატერინე გაბაშვილი - ცნობილი როგორც საბავშვო მწერალი, თუმცა მისი ძირითადი მიმართულება ქალთა განათლებასა და დასაქმებას შეეხებოდა; და ვარინკა წერეთელი, რომელმაც შექმნა მუსიკა „სულიკოსთვის“.   მას არ ახსენებენ  როგორც მუსიკის ავტორს, და ამავდროულად იგი იყო პირველი ქალი, რომელიც სამართლებრივად შეეცადა საკუთარი უფლებების დაცვას. "სამწუხაროდ ბოლშევიზმმა წაშალა ყველა ნაციონალური ინტერესი, რომლის მიღწევა მოხერხდა ქალთა მიერ მე-19 საუკუნეში. ამდენი წლის შემდეგ ახლა ხელახლა უწევს ქალებს დაიმკვიდრონ საზოგადოებაში ადგილი"- აღნიშნა ლელა გაფრინდაშვილმა.

მეოთხე მომხსენებელი მწერალი ტარიელ დათიაშვილი იყო, რომელმაც მოხსენების დასაწყისშივე აღნიშნა, რომ „თემა რთულია, რადგან თავად ქალი არის რთული თემა. ლიტერატურაში არასოდეს იცის ქალმა რა უნდა. არის გამოთქმაც, ღმერთი მიხვდა რა უნდა ქალს, მაგრამ მან გადაიფიქრა“- ეს ფრაზა აღმოჩნდა ზღვარგამყოფი ტარიელ დათიაშვილსა და დანარჩენ მომხსენებლებს შორის, რამაც აზრთა სხვაობა და დებატები გამოიწვია. ქალსა და მამაკაცს შორის ისეთივე მუდმივი ომია, როგორც მამასა და შვილს შორის. აქ ტერმინთა თამაში უფროა, ვიდრე რეალური პრობლემები. როგორც ტარიელმა აღნიშნა, ქალთა თემა, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირი განხილვის საგანია, უფრო ხელოვნურია, ვიდრე ყოფითი. „წარმატებული ქალი პოლიტიკაში, ჩემთვის რაღაც ხიბლს კარგავს“ - თქვა ტარიელ დათიაშვილმა, რასაც დარბაზში გამოხმაურებაც მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ დებატებში მონაწილე ახალგაზრდა თუ აქტიური ქალებისთვის მწერლის ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია, ხოლო ახალგაზრდა და აქტიური მამაკაცები თვლიან, რომ ისინი მიესალმებიან ქალთა გააქტიურებას, თუმცა ტრადიციები, რომელიც არსებობს ქართულ სუბ-კულტურაში, ერთბაშად არ უნდა დაინგრეს.