ქუთაისი. 17.05.2013
„მე შენი სწორი ვარ“, ჩვენ კანონის წინაშე ერთნაირად ვალდებული ვართ და შესაბამისად კანონმა ერთნაირად უნდა დაგვიცვას ყველანი. მიუხედავად ამ ბანალური ჭეშმარიტებისა, ფობია განსაკუთრებით მძინვარებს ჰომოსექსუალთა მიმართ და ჰეტეროსექსუალებშიც, რადგან ფობია იმისა, რომ შესაძლოა „ჩემი ყველაზე ახლობელი ჰომოსექსუალი აღმოჩნდეს“ გაუთვითცნობიერებლად ძლიერია. რატომ არიან დაუცველები, რატომ შეიძლება შეიზღუდოს უფლება იმ ადამინებისა, რომლებიც სოციუმში ერთნაირ სოციალურ ქმედებას ახორციელებენ და გააჩნიათ მავანისგან განსხვავებული პირადი ცხოვრება? რატომ არის განმსაზღვრელი სექსუალური ქმედება - კანონის და სამართლის შერჩევისას. ვინ ამკვიდრებს ნორმებს და რა როლს ასრულებენ საზოგადოების გარკვეულ წრეებში დომინანტად აღიარებული ინსტიტუციები?
ამ კუთხით წარიმართა დისკუსია ქუთაისში, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს, თბილისში მომხდარი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბლოგერმა და ჟურნალისტმა გივი ავალიანმა, რომელმაც უმრავლესობის წევრი პარლამენტარებისგან აიღო ინტერვიუები მიმდინარე მოვლენებზე, დისკუსიისას აღნიშნა, რომ კანონმდებელთა უმრავლესობა აქცენტებს მხოლოდ პოლიციის მუშაობაზე აკეთებდა. მათი თქმით „უნდა გადავუხადოთ მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან მინიმუმამდე დაიყვანეს მოსალოდნელი ზიანი“. როგორც გივი ავალიანმა აღინშნა, მათ ნაკლები აქცენტი გააკეთეს ჰმოსექსუალთა უფლებების დასაცავად, რათა არ მოხდეს მათი პროპაგანდა(პარლამენტარები).
„ჩვენი კულტურა პატრიარქალურია და საზოგადოებაში ქალის როლი შედარებით დაკნინებულია. ბავშვებს თავიდანვე არატოლერანტულად განვაწყობთ, რადგან სიტყვიერი დასჯის ერთ-ერთი ფორმა ბიჭის ქმედების ქალის ქცევასთან შედარებაა. ჩვენში გაუცნობიერებლად მიდის განსხვავებულის ანტიპროპაგანდა და სიძულვილის დანერგვა, რამაც მიგვიყვანა შედეგემდე, როდესაც საზოგადოების ნაწილში ჩამოყალიბდა ანტიგანწყობა, თუმცა ისინიც კონკრეტულ სახელს ვერ არქმევენ რის მიმართ“-ამბობს გივი ავალიანი და განმარტავს, რომ ამ კუთხით სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეტი უნდა იმუშავონ, რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში მოხდეს ტოლერანტული მიდგომებისადმი გააზრება.
ფილოსოფოსმა თათა ცოფურაშვილმა თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არასწორადაა გაგებული. „პოლიტიკურ წრეებში დღეს აპელირებენ იმაზე, თუ კი სექსუალური უმცირესობის ან მათი დამცველები ხილვადები გახდებიან, ამით შეილახება უმრავლესობის უფლებები. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ, საზოგადოებას არ გვაქვს გააზრებული ცნება „უფლებები“ და დამოკიდებლებაში ვერ ვაცნობიერებთ ზოგადი უფლებების ასპექტს“. დემოკრატია არის ის, სადაც ადამიანს აქვს იმ უფლებების რეალიზების საშუალება, რომლითაც მას იცავს კანონი,რომელიც ბანალური ჭეშმარიტების მიხედვით, დაბადებიდანვე აქვს მინიჭებული. თუმცა კანონი მხოლოდ ცალკეულთა უფლებების დამცველად გვევლინება. თათა ცოფურაშვილმა, კონკრეტული მაგალითი მოიტანა, როდესაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება საჯაროდ გამოხატონ საკუთარი გრძნობები, ჩვენს საზოგადოებაში მოხდეს ერთსქესიანთა ქორწინება და ა.შ. სწორედ ამ უფლებების დამკვიდრებისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის გაძლიერება და არა ანტიდამოკიდებულების გაზრდა ქართულ სუბკულტურაში.
„ჩემთვის დღევანდელი დღე ყველაზე სევდიანია, მაგრამ თან ვარ ამაყი, რადგან მოვისმინე ღია კრიტიკა ტაბიურებული თემისა, რომელსაც საპატრიარქო ქვია“-ასე დაიწყო მოხსენება უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა, რომელმაც შემდგომ გამოკითხვის შედეგები მოიყვანა, სადაც აღნიშნულია, რომ განსხავებულ ორიენტაციის მქონე ადამიანთა 86% სამსახურში სხვა ადამიანად წარმოაჩენს თავს, 65% კი საკუთარ დედას უმალავს თავის ორიენტაციას. მსგავსი შედეგი, სწორედ შიშის საფუძველია, რომელსაც ეკლესიის მიმართ განიცდის ის მრევლი, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. საქართველოში დღეს არავინ კამათობს იმაზე რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება, არამედ ეს არის ადამიანის თავისებურება და თუ კი არ მოხდა ამ ადამიანთა უფლებების დაცვა, კანონში ცვლილება ვერაფრეს მოახდენს, თუ არ შეიცვალა დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ ჩვენს გულებში - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.
დღეს პარადოქსულია, როდესაც საკითხს აყენებენ ასე - უნდა ქონდეთ თუ არა ჰომოსექსუალებს ოჯახების შექმნის და ბავშვის აყვანის უფლება, საზოგადოებაში, სადაც მათ არა აქვთ უფლებების ქონის უფლება. იურისტი თამარ გურჩიანი ამბობს, რომ მათი უფლებები უნდა დაიცვას სწორედაც საზოგადოებამ, უმრვლესობამ, რომელიც თავის მხრივ უფლებების მოპოვებისთვის მებრძოლია.
დებატების ფორმატში გადასვლამდე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს კოორდინატორმა მალხაზ სალდაძემ, ყურადღება გამახვილა ფონდის მთავარ პოსტულატზე, რომელიც გულისხმობს „ჩარევა სასურველია“. რატომ არის ჩარევა სასურველი? სწორედ იმიტომ , რომ განსხვავებულობა არ გახდეს გაუცხოვების საფუძველი. არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემები, უნდა მოხდეს საკითხებზე და თემებზე ღია მსჯელობა, დებატები. სორედ ამას უწყობს ხელს ბიოლის ფონდი.
დებატებზე დამსწრე საზოგადოება ასაკობრივად და გენდერულად ჭრელი იყო. სურვილი იმისა, რომ საუბარი ყოფილიყო ჰომოფობიისა და ტანსფობიის თავისებურებებზე, ძირითადად 17 მაისს, თბილისში განვითარებული დაპირისპირების სიბრტყეზე მიმდინარეობდა. უმცირესობის და მათი უფლებების დამცველთა უფლებები, ერთი ჯგუფის, (შეიძლება ითქვას გარკვეული წრის მიერ „აღიარებული ლიდერის-ეკლესიის ნაწილის წარმომადგენლების“ )მიერ იქნა შელახული და ამას დარბაზის 90% გმობდა. თუმცა იყვნენ დებატებზე ისეთი გამომსვლელებიც, რომლებიც „ტრადიციული ერისთვის“ შეურაცხყოფად აფასებდნენ მათ მიერ გაგებულ და აფიშირებულ „გეების პარადს“. შესაბამისად მართებულად მიიჩნიეს „დედა ეკლესიის“ და „მორწმუნე მრევლის“ ჩარევა აღსაკვეთად. თუმცა, ძალადობა რომ ძალადობას შობს, და ეს შესაძლოა უმართავ და გრძელვადიან დაპირისპირებაში გდაიზარდოს, ამის გამართლება არავის დაუწყია. მოდებატეები თავიდანვე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ კანონი და სამართალი ყველასთვის ერთანაირად უნდა არსებობდეს და თუ მსგავსი ფორმებით დისკრიმინაცია არ აღმოიფხვრება, ქართული სახელმწიფო დაკარგავს ყველანაირ შანსს ევროინტეგრაციასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.