ქუთაისი, 5 აპრილი, 2013
ძირითადი მომხსენებლები:
- თინათინ ზურაბიშვილი, სოციოლოგი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველოს კვლევების დირექტორი;
- თამთა თურმანიძე, ხელოვნებათმცოდნე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ვასილ ფერაძე, ისტორიკოსი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab)
ჩვენგან ათწლეულებით და თაობებით დაშორებული სტალინი, დღეს ისევ სიმპათიებს იწვევს. რას ასწავლიან მოსწავლეებს სკოლებში სტალინზე, როგორ და რატომ ხვდება ახალი თაობა სიმპატიით სტალინის სახეს - ეს არის მოსაზრებები და კითხვები, რომელიც ბიოლის ფონდის დებატებზე „სტალინის კულტის გააზრება დღევანდელობისთვის“, ქუთაისში გაიმართა. დამსწრე აუდიტორიის ძირითად ნაწილს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენდნენ. ვიდრე დებატები დაიწყებოდა, მათ მომხსენებლებს მოუსმინეს. პირველად აუდიტორიის წინაშე ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) წარმომადგენელი წარსდგა . მან ისაუბრა სტალინის მიმართ კეთილგანწყობაზე ქართულ საზოგადოებაში. ამას ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც. ეს განსაკუთრებით შეინიშნება გორში, სადაც სტალინის დაბადების დღეს, ლოცვაც კი ჩაატარეს. თუმცა როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სტალინი ნაკლებმნიშვნელოვანი თემაა. შეკითხვაზე „რა ვიცით სტალინის შესახებ?“ - პასუხები არ არის კონკრეტული. ქართული საზოგადოება აბსტრაქციაში გადადის და მას, როგორც კულტს, ასე მოიხსენიებს. დღეს, როცა გადაფასების პერიოდია და ახალგაზრდა თაობა სხვა პოზიციიდან უყურებს ზოგადად კულტებს, სტალინის სახეც კარგავს შინაარსს. თუმცა დარბაზში მყოფი ახალგაზრდები, ირაკლის ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ და პირიქით, მოითხოვეს სტალინის შესახებ მეტი დადებითი პოზიციის დაფიქსირება.
მეორე მომხსენებელი ისტორიკოსი ვასილ ფერაძე იყო, რომელმაც გაავლო პარალელები სხვადასხვა ქვეყნებთან და პერიოდებთან, როდესაც საზოგადოებებში ჩნდებოდა კულტის მოთხოვნის აუცილებლობა. მაო ძედუნი, ჰიტლერი, მუსოლინი, იაპონიის იმპერატორი და სტალინი. რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვთ ამ ადამიანებს. რატომ არიან ისინი აღიარებული კულტებად და რატომ იბოდიშებს გერმანული საზოგადოება დღეს ნაციზმის გამო. ეს იყო საკითხები, რომლებზეც ვასილ ფერაძემ აუდიტორიას მოახსენა.
ხელოვნებათმცოდნე თამთა თურმანიძემ კინოსა და კულტურის სხვადასხვა სფეროებში აღბეჭდილი კულტის შესახებ, საკმაოდ მოცულობითად ისაუბრა. სტალინის ხატები და დანთებული სანთლები. სტალინის ფენომენი და დღემდე, ხშირ შემთხვევაში რკინის მუშტის გაუცნობიერებელი მოთხოვნილება. თამთა თურმანიძის თქმით, ადამიანებში დღემდე არის მხსნელის მოლოდინი და სწორედ ეს იწვევს კულტის წარმოშობას.
„მხსნელის მოლოდინი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში რაღაც არ არის წესრიგში, ამ რაღაცას საზოგადოება ვერ აგვარებს და სწორედ ამისთვის სჭირდებათ მხსნელი“. სტალინისმაგვარი კულტის სურვილი, დღესაც არის ქართულ საზოგადოებაში, გამოისახება ეს პიროვნებებსა თუ ინსტიტუციებში. ხშირ შემთხვევაში კულტის როლში ეკლესია გვევლინება, სწორედ ამიტომ არის, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებს, ხატებს უქმნიან, ლოცულობენ და ევედრებიან.
დებატების მეოთხე მომხსენებელი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევების დირექტორი, თინათინ ზურაბიშვილი იყო, რომელმაც ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. როგორც ცნობილი გახდა, კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც რამდენიმე კითხვა სტალინთან დაკავშირებითაც იყო დასმული. გაირკვა, რომ საქართველოში გამოკითხულ ადამიანების 27%-ს სტალინის მიმართ პატივისცემის გრძნობა აქვს. კითხვაზე - სურდათ თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა, სადაც სტალინის მსგავსი ადამიანი არის მმართველად, მოსახლეობის 63%-ს არ უნდა იცხოვროს და იმუშაოს ასეთ ქვეყანაში. როგორც თინათინ ზურაბიშვილმა კვლევების კომენტირებისას აღნიშნა, ბევრ შეკითხვაზე ქართველებს და რუსებს ერთნაირი პასუხები ჰქონდათ, რაც ერთგვარ სურათს იძლევა იმისას, რომ საბჭოთა მენტალობა, დღემდე მასდევს პოსტკომუნისტურ ქვეყნებს.
აუდიტორიაში სხვადასხვა მოსაზრებები გაჟღერდა: „კულტი არ უნდა ასოცირდებოდეს სამშობლოსთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან“, „სტალინმა ჰიტლერისგან გადაგვარჩინა“, „პრობლემა ის არის, რომ ჩვენს წინაპრებს არ მოვთხოვეთ პასუხი იმ დანაშაულის გამო, რაც ჩაიდინეს“, „სკოლებსა და უნივერსიტეტებში აუცილებელია ამ საკითხის შესწავლას უფრო მეტი დრო დაუთმონ“, „მე პატივს ვცემ სტალინს, მისი სიძლიერის გამო“. ძირითადი მოდებატეები სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომელთაც არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ.