ენერგეტიკა და ეკოლოგია: ინტერესთა ბალანსი

Კითხვის დრო: 2 წუთი
Teaser Image Caption
მომხსენებლები დ. ჭიპაშვილი და ზ. დიასამიძე

ბათუმი, 26.07.2013

"ენერგეტიკა და ეკოლოგია: ინტერესთა ბალანსი" - დისკუსია ამ თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრი ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ბათუმში 26 ივლისს გამართა. შეხვედრას ეკოლოგები, ენერგეტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემი ესწრებოდა, რომელსაც ჰესების მშენებლობა უშუალოდ ეხება.

ეკოლოგიური რისკებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური სარგებლის შედარებისას გარემოს დამცველები იმ მოსალოდნელ გართულებებზე საუბრობდნენ, რომელიც აჭარაში მშენებარე ჰესების ფუნქციონირებას შეიძლება მოჰყვეს. მათი მოსაზრებით ბალანსი დაცული არ არის.

მაღალმთიან აჭარაში ჰესების  მშენებარე ერთერთი კომპანიის შპს "აჭარისწყალი ჯორჯია" აჭარის მაღალმთიანეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტებში დამატებითი თანხების მობილიზებას გეგმავს. ამ კომპანიის წარმომადგენლის ზვიად დისამიძის თქმით, აჭარის სოფლებში  ასევე იგეგმება ასობით სამუშაო ადგილის შექმნა, რაც თავისთავად ზემო აჭარაში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ წევრის დათო ჭიპაშვილის თქმით,  ეს თანხები, რომელზეც ჰესების მშენებარე კომპანიები საუბრობენ, სახელმწიფოსთვის არ იქნება საკმარისი,  მხოლოდ ერთი კომპონენტის - ნატანის ჩამოტანასა და შავი ზღვის სანაპიროს გამაგრებითვის.  ამასთან, დავით ჭიპაშვილმა  და  დისკუსიის სხვა მონაწილეებმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, იქნება თუ არა დაზღვეული ის ადგილობრივები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ჰესების მშენებლობის საკითხი და კონკრეტულად, იმ არეალში ცხოვრობენ, სადაც ეს ჰესები შენდება.  ჰესების მშენებარე კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  რომ დისკუსიაზე გამოთქმული  რეკომენდაცია თუ შენიშვნა ჰესების მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნება. ენერგეტიკოსებს კი აქვთ პრეტენზია, რომ მხარეები არაკომპეტენტურია და ამიტომაც,  ხშირად დისკუსია დაპირისპირებაში გადადის. „გარემოს დამცველებისა თუ  ენერგეტიკოსთა არგუმენტები ხშირად არის მოკლებული პროფესიულ სიმყარეს, პროფესიულ სიმტკიცეს, რაც შემდგომში გამოდის    არაპროდუქტიული“ აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა, ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.  და რა იქნება, შედეგი ამ არაპროდუქტიული კამათისა? ამ კითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ უპასუხა. „აჭარაში ამ ჰესების აშენებას მოჰყვება ეკომიგრანტთა არმიის ზრდა და მიგრაციის პროცესის ჩქარი ტემპით გაგრძელება“  ციალა ქათამიძის ვარაუდით, მცირემიწიანი აჭარა ვერ გაუძლებს ამ პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია.