ქუთაისი, 21 სექტემბერი, 2013
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, კონფლიქტები ის თემაა, რომლითაც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კვკასიის რეგიონულმა ბიურომ დებატების მორიგი სერია გახსნა ქუთაისში. მიუხედავად საკითხის სიმწვავისა და იმისა, რომ შეთავაზებული მომხსენებლებისადმი ნდობის ხარისხი მაღალია, რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და პოლიტილოგ გია ნოდიას მოსასმენად ორი ათეული მსმენელი მოვიდა. დამსწრეთა რაოდენობამ სიმბოლურად ასახა შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავი და რადგან დებატებზე მოსულთა ინტერესი მომხსენებლებისა და თემის მიმართ სერიოზული იყო, პირველი მოსაზრების გამოთქმის უფლებით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ისარგებლა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით კონფლიქტის ბოლო ათვლის წერტილად არა 1992, არამედ 2008 წელი უნდა ჩაითვალოს. „კონფლიქტების მოგვარების პერიოდით დღევანდელი დრო, ძალიან რთულია, რადგან 20 წლის გასვლაც კი ვერ მოესწრო, რომ კიდევ ახალმა კონფლიქტმა იჩინა თავი და ის, რაც იყო თითქოს მომწიფებული მოგვარებისკენ დაიკარგა. როცა კონფლიქტი ძველდება, მისი მოგვარებისთვის მზაობა ჩნდება, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობაში ჩავვარდით. ამიტომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვა, რადგან ეს პროცესი კიდევ უფრო დროში გაიზრდება, ახალგაზრდა თაობას მოუწევს.“ პაატა აქარეიშვილმა რუსეთსა და საქართველოს სამართლებრივ ქმედებებზე ისაუბრა აფხაზურ და ოსურ კონფლიქტთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ მთავარი გზა არა შეიარაღებული და უკომპრომისო ქმედებები, არამედ დიალოგის გაგრძელებაა, თუმცა დიალოგი მხოლოდ საქართველოზე მორგებული არ უნდა იყოს. „უნდა გავითვალისწინოთ ის საჭიროებები, რაზეც მთავარი ღერძი გადის, ის რესურსები რაზეც შეიძლება აპელირება. აფხაზები მცირერიცხოვანი ერია, მათ ირგვლივ არ ჰყავთ ისეთი მეზობელი, რომელიც იდენტობის შენაჩუნებაში დაეხმარება, ამიტომ აუცილებელია კორექტულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება საერთო სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. მინისტრმა მოხსენების დასასრულს თქვა, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის შერიგების პირობები უნდა დავსვათ, სად შეიძლება ისინი იყვნენ, რუსეთთან თუ საქართველოსთან, რომლის წინსვლის მთავარი ვექტორი იქნება ევროპული გზა. ამიტომ საქართველოს მთავარ პრიორიტეტად ზაქარეიშვილი მიიჩნევს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის სიძლიერეს.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ გია ნოდიამ კი დებატებზე დამსწრეთ უთხრა, რომ ქართულ საზოგადოებას საღი აზრი და რაციონალობა აკლია და მისეული ხედვის შვიდი ილუზია წარმოადგინა. ის, რაც მოხსენების დასასრულს პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, გია ნოდიას მეშვიდე ილუზიის ფაბულა აღმოჩნდა. „თუ საქართველო ყველაზე კარგი ქვეყანა იქნება, აფხაზები და ოსები თავად მოინდომებენ შერიგებას“. თუმცა ნოდიას თქმით მისი შეხედულებები კონფლიქტის მოგვარების საკითხში უფრო სკეპტიკურია, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილისა, რომელიც ოპტიმისტური მრწამსით იყო განმსჭვავლული და საქართველოს დღევანდელი მთავრობისა, რომელიც საკითხის მოგვარებას რომანტიკული ილუზიებით უყურებს. საზოგადოება და ხელისუფლება უნდა განთავისუფლდეს იმ ილუზიებისგან, რაც ზოგადად პრობლემების მოგვარებისას გვჩვევიაო, თქვა გია ნოდიამ და ის შვიდი ილუზია წარმოადგინა, რომელიც მან შეიმუშავა. „ილუზიაა ის, რომ ქართველებს და აფხაზებს გასაყოფი არაფერი აქვთ და ყველაფერი მესამე ძალის ბრალია, ის რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მარტო ჩვენი კონფლიქტია, ილუზიაა ის, რომ კონფლიქტი "ეთნიკურია", დიდი ილუზიაა იმის იმედიც, რომ რუსეთის მეშვეობით ამ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია, ასევე ისიც რომ ტერიტორიების პრობლემის მოგვარება რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს, ან ეს დასავლეთის ზეწოლით მოხდება, ან ის რომ საქართველო გახდება განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა და აფხაზებს თავად მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა“.
დისკუსიის მსვლელობისას მინისტრმა პატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ ადრე, როცა იგი სამოქალაქო საზგადოების ნაწილს წარმოადგენდა და ჩართული იყო კონფლიქტის მოგვარების სკაითხში, მას პირადი და ღია შეხვედრები ჰქონდა აფხაზებთან, თუმცა ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ, მას და ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს აღარ ხვდებიან. ამის ერთერთი მიზეზი მისი უწყების დასახელებაა, რომლის შეცვლასაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს არ აწერს. სამწუხაროდ, ასევე ურყევ ფაქტად რჩება აფხაზური და ოსური მხარის პოზიცია, რომ ისინი ოფიციალურ დონეზე არ შეხვდებიან იმ სამინისტროს ხელმძღვანელს, რომლის სახელწოდებაშიც ტერმინი „რეინტეგრაცია“ ხვდება. მსგავსი მდგომარეობა ანელებს მხარეებს შორის კომუნიკაციას და შორს სწევს კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებსაც. მინისტრის თქმით, დღეისთვის ასევე პრობლემურია სამოქალაქო საზოგადოების რესურსი, რომელიც შეავსებდა მხარეებს შორის კომუნიაკაციაში ვაკუუმს და აფხაზებთან და ოსებთან შეხვედრების ინტენსიფიკაციას შეუწყობდა ხელს.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებიც და დებატებში მონაწილეებიც შეთანხმდნენ იმაზე, რომ კონფლიქტის ქართული მხარისთვის აუცილებელია დროის ფაქტორის გათვალისწინება და დიალოგის მუდმივი წარმოება. „საქართველო ყველა მოლოდინისა და გამოწვევისთვის უნდა იყოს მზად“ - აღნიშნეს მომხსენებლებმა.