
რატომ არის მნიშვნელოვანი, იყო განსხვავებული? რა უდევს საფუძვლად ერის იდენტობას? რას ნიშნავს მეხსიერების პოლიტიკა? როგორია პოსტსაბჭოთა სივრცის გამოცდილება, კოლექტიური ტრავმა და მისი დაძლევის მექანიზმები? ვერ ვახერხებთ თუ სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა წარსულის გააზრების ნება ხელისუფლებაში და სურვილი მთელ საზოგადოებაში? როგორ გადავლახოთ შიში და სირცხვილის გრძნობა, რომელიც გვიშლის ხელს საბჭოთა და უახლოესი წარსულის მოვლენების გადაფასებაში? რა როლს თამაშობს რელიგია იდენტობის ჩამოყალიბებაში და როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იმ კონიუნქტურის განსაზღვრაში, რომელიც გვაკეთებინებს სელექციას? რა გავიხსენოთ და რა არა? რატომ არის საჭირო კრიტიკული აზროვნების განვითარება? რატომ დაგვიანდა ან საერთოდ არის კი მოსალოდნელი ლუსტრაცია საქართველოში? - ეს ის კითხვები და თემებია, რომლებიც 30 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “მეხსიერება და იდენტობა: პოლიტიკა და წარსულის ინტერპრეტაციები” გამართულ დისკუსიაზე დაისვა და რომელზეც საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მომხსენებლები.
ჯგუფური მეხსიერება ერისთვის თავდაცვის ერთ-ერთი ფორმაა, იმისათვის რომ იგი არ გაუჩინარდეს, არ გაქრეს. ამ შემთხვევაში საკუთარ მნიშვნელობას საკუთარი წარსულით ამყარებ, მიაჩნია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ჰუდსონის ინსტიტუტის მთავარ მკვლევარს, ჩარლზ ფერბენქსს.
“რა და როგორ გავიხსენოთ, ამას საზოგადოებაში არსებული ნორმები და პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს. თუმცა საბჭოთა კავშირში დაწერილ ისტორიას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით დაწერილი ისტორია, რადგან ეს უფრო იყო არა კონიუნქტურის, არამედ მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოში შექმნილი ისტორია”, ფაქტობრივი მასალა ყოველთვის არსებობს, მაგრამ რას ამოვარჩევთ და რაზე დაყრდნობით გავაკეთებთ ინტერპრეტაციას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეუძლია მოგვცეს წარსულის სხვადასხვა აღქმა. წარსულის სხვადასხვა აღქმა კი გვაძლევს სხვადასხვა იდენტობას - ისტორიკოსმა დავით კოპალიანმა ისტორიული მეხსიერების და წარსულის შესწავლის ტრადიციებზე ისაუბრა.
ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა კი ყურადღება საზოგადოების იდენტობაში ჩაქსოვილ ტრავმებზე და სირცხვილის აუღიარებლობის ფენომენზე გაამახვილა, რომელსაც მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმული სტრესის ჩამოყალიბებაში - “თუ დიდი მასშტაბის ტრავმას არ მოჰყვება გამოგლოვება საზოგადოების მხრიდან, ის თაობიდან თაობაში გადაიცემა და ყოველი შემდეგი თაობა ხდება წინა თაობის ტრავმის რეზერვუარი და თუ გამოჩნდა “პათოლოგიური ლიდერი”, რომელსაც ძალაუფლების გამყარებისთვის უნდა ნაციონალურ გრძნობებზე თამაში, ამან შეიძლება საზოგადოება უბედურებამდე მიიყვანოს”.
- მეხსიერება და იდენტობა: პოლიტიკა და წარსულის ინტერპრეტაციები (pdf, 20 გვ., 187 კბ)