სომხეთმა და საქართველომ ერთ პერიოდში დაიწყეს მზადება “ასოცირების ხელშეკრულებისთვის”. ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოებიდან სამწელიწადნახევრის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადა, რომ ვილნიუსში წასვლაზე უარს ამბობდა და “საბაჟო კავშირში” გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. სომხეთი აღრმავებს სტრატეგიულ ურთიერთობას რუსეთთან. საქართველო კვლავ ევროპული არჩევანის ერთგული რჩება და განაგრძობს მუშაობას ევროკავშირთან “ასოცირების ხელშეკრულების” ხელმოსაწერად. ევროატლანტიკურ ვექტორს საქართველოში მხარს უჭერდა ქვეყნის სათავეში მოსული ყველა ხელისუფლება.
“სომხეთი და საქართველო: შიდა პოლიტიკური განვითარების დინამიკა და საგარეო მიზიდულობის ცენტრები” – 17 თებერვალს ამ თემაზე ბიოლის ფონდში დისკუსია გაიმართა. კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდარიანი ამბობს, რომ სომხურმა საზოგადოებამ დღეს ცოტა რამ იცის საქართველოს პოლიტიკური თუ პოლიტიკის მიღმა არსებული ცხოვრების შესახებ. არც საქართველოშია ბევრი ინფორმაცია სომხეთის საშინაო პოლიტიკაზე და მიმდინარე პროცესებზე. როგორ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები ორ მეზობელ ქვეყანაში. როგორია შიდა პოლიტიკური განვითარების დინამიკა. რა ინტერესები აქვს რუსეთს და რა ბერკეტები გააჩნია ერთი მხრივ სომხეთზე, მეორე მხრივ საქართველოზე გავლენის მოსახდენად. რას ცვლის ის, რომ სომხეთის და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დღეს არ ემთხვევა ერთმანეთს. რა გარანტიები შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ მიუხედავად მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა, ამ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა კვლავაც შენარჩუნდება - დისკუსია ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.
- დისკუსიის სრული მიმოხილვა (pdf, 180 კბ)