ვის იცავს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება, მიიღებდა თუ არა მას საქართველოს მთავრობა, რომ არ ყოფილიყო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ადგენს თუ არა კანონი აღსრულების მექანიზმებს, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ზოგიერთი სხვა კანონის მსგავსად მანაც მხოლოდ დეკლარაციის დონეზე იარსებოს, როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში გარემო მისი ეფექტიანი ამოქმედებისთვის, რას გულისხმობს საზოგადოება სიტყვაში „დისკრიმინაცია“, იქნება თუ არა საზოგადოება პრინციპული, კანონის ფარგლებში არ დაუშვას ისეთი გადაცდომა და დანაშაული, როგორიც არის დისკრიმინაცია და ბოლოს, კანონის მიღებამ გაუჩინა თუ არა იმედი ადამიანებს, რომლებიც არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რომ ამის შემდეგ დაცულები იქნებიან - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც თემაზე - „ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის“ სასაუბროდ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.
კანონის მიღებას ქართულ საზოგადოებაში იმხელა წინააღმდეგობა მოჰყვა, როგორც არაფერს სხვას, ბოლო ხანებში. 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ზეწოლის მიუხედავად კანონი მაინც დაამტკიცა. სხვა საკითხია, რა დარჩა კანონში და რამდენად იქნება იგი ეფექტიანი მექანიზმი ქვეყანაში თანასწორობის პოლიტიკის გატარებისთვის. „იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არის ქვეყანაში, ამ კანონის მიღება არის გარღვევა“, მიაჩნია პარლამენტის წევრს, თამარ კორძაიას, თუმცა მისივე თქმით, კანონს არა აქვს ეფექტიანი დაცვის მექანიზმები.
„დებატებმა, რომელიც მოყვა კანონის მიღებას, აჩვენა, რომ საზოგადოება ისე მიეჩვია დისკრიმინაციის გამოვლინებას, რომ უკვე ნორმა გვგონია“, ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. მას კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ისიც მიაჩნია, რომ „ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გაჩნდა დისკრიმინაციის პირდაპირი და არაპირდაპირი ფორმის დეფინიცია. თავად კანონი კი ამ ეტაპისთვის ადეკვატურად ასახავს იმას, სადამდე შეეძლო ერთიანად, მთავრობასაც, პარლამენტსაც და მთლიანად საზოგადოებასაც, წასვლა“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გიორგი გოცირიძის აზრით, ამ კანონის მიღებას ჰქონდა უფრო მეტად პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი მნიშვნელობა. „პოლიტიკური მნიშვნელობა იყო ის, რომ ეკლესიის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის მიუხედავად სახელმწიფომ დეკლარაციულ დონეზე მაინც გამოხატა თავისი ნება, რომ პატივს სცემს თანასწორობის უფლებას განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი. და სახელმწიფომ გაუძლო ზეწოლას და წნეხს და კანონიდან არ ამოიღო ის ოთხი სიტყვა, რომლის ამოღებასაც დაჟინებით ითხოვდნენ - სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“ - მიაჩნია გიორგი გოცირიძეს.
მისი აზრით, არსებობდა შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონოდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შანსი გავუშვით ხელიდან, კანონპროექტის ბოლო ვარიანტი, რომელშიც აღარ იყო ჩადებული ინსპექტორის ინსტიტუტი და დაჯარიმების მექანიზმი, მოულოდნელი აღმოჩნდა სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც დასაწყისიდან ჩართული იყო ამ პროცესში. თუმცა იგი მიუთითებს იმ ორ პოზიტიურ ნაბიჯზეც, რაც კანონს ახლავს თან - „კანონი გვთავაზობს, დისკრიმინაციის მსხვერპლმა ვარაუდის დონეზე ამტკიცოს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, გადადის დისკრიმინაციის სავარაუდოდ განმახორციელებელზე, ამ შემთხვევაში დამსაქმებელზე... მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ სახალხო დამცველი მიმართავს რეკომენდაციით კერძო დაწესებულებებს და საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია მაინც ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კერძო სექტორში, ანუ სახალხო დამცველის ანგარიშების მეშვეობით მას ექნება ინფორმაცია კერძო სექტორზე“.