ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში განხორციელება და ზოგადი ზედამხედველობა. პროექტში მონაწილეობენ: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.
2013 წლის მაისში თბილისში მომხდარი ჰომოფობიური დემონსტრაციებისა და ლგბტი ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტების, ხოლო 2012 წლის მაისში ერევანში ლგბტი-მეგობრული ბარის განადგურების ფონზე, მრავალი სოციალური, პოლიტიკური თუ სიტუაციური ფაქტორი კვლავ ლგბტი ადამიანებს რთულ გარემოს უქმნის და ხელს უწყობს მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ჰომოფობია და ტრანსფობია, ტრადიციასა და კულტურაში ღრმად გადგმული ფესვებით, ამ საზოგადოებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რასაც აძლიერებს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორის მიდგომაც.
ამრიგად, ამ პროექტის უმთავრეს მიზნებს წარმოადგენს ლგბტი პირთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ყველა სახის ძალადობისგან მათი დაცვის გაძლიერება, მათთვის ადამიანის უფლებათა ადეკვატური უზრუნველყოფა, და ქართულ და სომხურ საზოგადოებებში მათი სრულფასოვანი ჩართვა.
პროექტის მიზანია, პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჰომოფობიის/ ტრანსფობიის დაძლევა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დადებითი მედია ხილვადობის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ხელშეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ორივე ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა აქამდე უპრეცედენტო და სრულყოფილი კვლევის განხორციელებას, ასევე არსებული პირობების სიტუაციურ ანალიზს, მათ შორის ლგბტი პირთათვის გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობის შეფასებას. როგორც კვლევა, ასევე სიტუაციური ანალიზი ჩაუყრის საფუძველს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების გრძელვადიანი და პოლიტიკურად მიზანშეწონილი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც თანდათანობით და ეფექტურად შეამცირებს და აღმოფხვრის ჰომოფობიას/ტრანსფობიას საზოგადოების ყველა დონეზე.
ლგბტი სოლიდარობის ქსელი მიზნად ისახავს ადგილობრივი, განსაკუთრებით კი, რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების და ლგბტი ორგანიზაციების გაძლიერებას სხვადასხვა მიზნობრივი ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის მეშვეობით, რათა მათ მიეცეთ საშუალება გააერთიანონ თავიანთი ცოდნა და რესურსები ძლიერი ქსელის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს წარმატებით დაიცვას ლგბტი პირთა უფლებები, ხელი შეუწყოს მათ ინტეგრირებას, აღმოფხვრას დისკრიმინაცია და თავიდან აიცილოს ძალადობა.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საქართველოში სამართალდამცავთა ცნობიერების და მგრძნობელობის ამაღლებას, აგრეთვე, შესაძლებლობების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ლგბტი პირთა ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისგან უკეთეს დაცვას. გარდა ამისა, დაგეგმილია პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამის გაფართოება, რათა მოხდეს მომავალ სამართალდამცავთა ლგბტი ადამიანებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტის დასაძლევად საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით აღჭურვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხილვადობის კომპონენტი ითვალისწინებს მრავალმხრივი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიას, მათ შორის სოციალურ სარეკლამო რგოლებს, მასალებს, საჯარო დისკუსიებს, ლგბტი საკითხებზე დოკუმენტურ ფილმებს და მათ საჯარო ჩვენებებს, და უწყვეტ ლობირებას გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცების მიზნით.
საბოლოო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საკითხების უფრო ღრმად გააზრებას, ლგბტი ადამიანთა მიმართ მეგობრული დამოკიდებულების ინტეგრაციასა და ინტერნალიზაციას, დისკრიმინაციის შემცირებასა და საბოლოო აღმოფხვრას, ლგბტი პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და მათ სრულიფასოვან ჩართვას საქართველოსა და სომხეთის საზოგადოებებში.
ბმულები: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს ლგბტ ვებ-დოსიე http://ge.boell.org/en/lgbt-web-dossier