2016 წლის 16 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსკუსიას თემაზე "ეუთო საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის". დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ბეტინა კადენბახი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, დავით დონდუა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, და სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).
1992 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სამოქალაქო და ეთნო-პოლიტიკურმა ომებმა შეარყია, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აქტიურად იყო ჩართული სტაბილურობის, მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების პირობების შექმნაში. ქვეყანაში აკრედიტებულ მისიას ეფექტური წვლილი შეჰქონდა, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის, ისე სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ინსტიტუციური მოწყობის საქმეში. წლების მანძილზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე დაკვირვება, მათი დაცულობისა და გაუმჯობესებისთვის პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის განსაზღვრის პროცედურის - არჩევნების სისტემის სტანდარტების ამაღლება და გაუმჯობესება, ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პოლიტიკის შემუშავება, მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებიდან რაშიც ეუთომ ამ ხნის განმავლობაში წვლილი შეიტანა და შეაქვს. შესაბამისად არც ისაა შემთხვევითი, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა შეურიგებელი პოზიცია დაიჭირა საქართველოში ეუთოს სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე, რითაც დარტყმა მიაყენა ამ საერთაშორისო ინსტრუმენტის ეფექტურ ფუნქციობას ქვეყანაში. წელს ეუთოს გერმანია თავმჯდომარეობს, რაც საქართველოსთან მისი დამოკიდებულების და თანამშრომლობის გამოცდილების საფუძველზე გარკვეულ იმედებს სახავს ქვეყანაში ორგანიზაციის აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონფლიქტები ჯერ კიდევ მოუგვარებელია და 2008 წლის ომის შემდგომი მდგომარეობა ამ პერსპექტივასთან ქვეყანას არ აახლოვებს, ასევე რუსეთთან ჯერ კიდევ დაძაბული ურთიერთობები, საზოგადოებაში ანტიდემოკრატიული განწყობების ზრდა და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის საჭიროება, მეტ აქტუალობას სძენს საქართველოში ეუთოს როლის გაძლიერებას.
გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს>>