ნეოლიბერალური პოლიტიკის გავლენა შრომით უფლებებზე საქართველოში

Teaser Image Caption
Industrylogy: Chiatura

საქართველოში დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური გარანტიებით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ მძიმე გამოწვევაა. პრობლემების წყარო სახელმწიფოს განზე დგომის პოლიტიკაა, რაც ერთი მხრივ, ქვეყნის მიერ ისტორიული ფორმაციების ცვლის შედეგია, მეორე მხრივ კი, ყოველი მომდევნო ხელისუფლების მიერ იმის გაცნობიერების, რომ უზრუნველყოფილი შრომის პირობები ქმნის ადამიანისათვის თავისუფალი სააზროვნო და სამოქმედო სივრცის გაჩენის საშუალებას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამოქალაქო ომისა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მდგომარეობაში, როდესაც პირველი პოსტსაბჭოთა ხელისუფლება ეროვნული იდეალების არარეალურ აღქმებს შეეწირა, ხოლო მომდევნო ხელისუფლებამ ქვეყანა კორუფციის მორევსა და სრულიად უპერსპექტივო ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანა, ქვეყნის განვითარება არც ადამიანის უფლებების და არც შრომის ბაზრის უზრუნველყოფის მიმართულებით არ წასულა. ამ პირობებში მასიური საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, 2003 წელს, ახალგაზრდა,  პოლიტიკოსთა ერთობამ „ვარდების რევოლუციის“ საშუალებით[1] ჩაანაცვლა ხელისუფლება და ეკონომიკური წარმატების გზად თავისუფალი ბაზრისა და სრული დერეგულირების პოლიტიკა განსაზღვრა, რასაც უნდა გაეჩინა შესაძლებლობა, კაპიტალისტური ეკონომიკური მოდელის კრიტიკული გააზრების გარეშე, მისი ავტომატური მიღებით, ეკონომიკური აღმავლობა ახალი ფურცლიდან დაწყებულიყო.

ამ პოლიტიკის ფონზე, 2004 წლიდან აგრესიული პრივატიზაციის ტალღა აგორდა.[2] საპრივატიზაციოდ გამოტანილი იქნა სტრატეგიული რესურსები, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება. ამ პროცესში კერძო პირთა ინტერესები უშუალოდ დაუპირისპირდა საჯარო ინტერესებს, თუმცა, რევოლუციურ ხელისუფლებას ბევრი არ უფიქრია დაპირისპირებულ მხარეთა შორის ვის მიენიჭებოდა უპირატესობა. რესურსების გადაცემა უკანონო გარიგებებით, ოფშორებში რეგისტრირებულ საწარმოებს ამოფარებულ სამთავრობო ჯგუფებსა და კონკრეტულ ავტორიტეტებზე საზოგადოების ჩართულობისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინების გარეშე წარიმართა.[3]

პრივატიზებული საწარმოები თანდათან ამოქმედდა. საქართველოს რეგიონებში განახლდა წიაღისეულის მოპოვება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მიერ დეკლარირებული თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ლიბერალურ შრომით და გარემოს დაცვით კანონმდებლობას, დამსაქმებლის ვალდებულებებს მინიმუმამდე ავიწროვებდა, ხოლო გარემოზე ზემოქმედების ნებართვების მიღებასა და წიაღისეულის წარმოებას მაქსიმალურად ამარტივებდა ბიზნესისათვის[4]. ამ პერიოდშივე შემცირდა მაკონტროლებელი ორგანოების რაოდენობა, ხოლო მათ ნაწილს მნიშვნელოვნად შეეზღუდა უფლებამოსილებები, მათ შორის, უწყების კორუფციულობის მოტივით გაუქმდა შრომის ინსპექცია. შედეგები მთელი სიმძლავრით დააწვა დასაქმებულებსა და გარემოს. ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის არჩევამ, უმწვავესი შედეგები იქონია გარემოსა და შრომით უფლებებზე, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, სადაც მოპოვებითი ინდუსტრია წარმოებდა.

შრომითი უფლებების გამოწვევები 2012 წელს საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლების წინაშე განახლებული სიმძლავრით წარმოჩინდა. ქვეყნის თითქმის ყველა ინდუსტრიულ რეგიონში წარიმართა მუშათა მასიური გაფიცვები. გამოვლინდა დიდი ხნის მანძილზე დამალული უმძიმესი დარღვევები: საწარმოებში დასაქმებულების შრომა საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში,[5] უსაფრთხოებისა და მავნე პირობებისგან დამცავი ეკიპირების გარეშე; დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკის[6] მასშტაბური სახე, რომლის საჯარო გამოქვეყნება შეწყვეტილი იყო შრომის ინსპექციის გაუქმების შემდგომი პერიოდიდან.[7] დისკრიმინაციული ნიშნით, მათ შორის, პროფკავშირის წევრობის გამო ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტის მასიური შემთხვევები.[8] აღნიშნული განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, ვინაიდან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს საწარმოები დასაქმების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. დასაქმებულთა მათზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გასაზრდელად საწარმოები დამატებით სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ, რისთვისაც სისტემაში რთავენენ ფინანსურ ინსტიტუციებს.საავანსო და საკრედიტო სისტემების დავალიანების ქვეშ დასაქმებულები იძულებულნი ხდებიან პრეტენზიის გამოუთქმელად აიტანონ უმძიმესი პირობები. მონოპოლისტი საწარმო, ერთდროულად შემოსავლის ერთადერთ საშუალებად დასიცოცხლისათვის საფრთხის წყაროდ იქცა.

მასიურია გარემოზე მიყენებული ზიანიც. გარემოზე უკონტროლო ზემოქმედებამ და რესურსების დატაცებით მოპოვებამ უზრუნველყო ნიადაგში, წყალსა და ჰაერში, შესაბამისად საკვებში ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა. გაიზარდა სიმსივნური და სხვა მძიმე დაავადებების წილი, რომელთა შესახებ საფუძვლიანი კვლევები სახელმწიფოს დღემდე არ ჩაუტარებია.[9] მიუხედავად წიაღისეული სიმდიდრისა, უკიდურესად გაღარიბდა ინდუსტრიული რეგიონები, გარემოს დაბინძურების ხარისხის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა სოფლის მეურნეობის წარმოება.

ლიბერალურმა შრომის კანონმდებლობამ მძიმე გავლენა მომსახურების  სფეროზეც იქონია, სადაც  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გამო დედაქალაქში ემიგრირებული რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული. სუპერმარკეტებში, კაფეებსა და რესტორნებში დასაქმებულთა მიმართ განხორციელებულმა შრომითმა ექსპლუატაციამ უმწვავეს ხარისხს მიაღწია. კვირაში 60-70 საათიანი სამუშაო დრო და მიზერული ანაზღაურება  ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა პირველადი საჭიროებების მოგვარებას. საწარმოების შიგნით არსებულ უსამართლო გარემოს, რომელიც დისციპლინური წარმოების ბუნდოვან პროცედურებში გამოიხატება, დასაქმებულთა  უსაფუძვლო დაჯარიმება და ხშირად სამუშაოდან გათავისუფლება მოჰყვება.[10]

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში აისახა გარემოზე მიყენებული ზიანისა და შრომითი უფლებების კუთხით არსებული მძიმე დარღვევები და სახელმწიფოს განესაზღვრა მათზე რეაგირების ვალდებულება. აღნიშნული 2013 წლიდან შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზეზი გახდა. შრომის კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლებების დაცვის მინიმალური მექანიზმები, სუსტი ფორმებით აღდგა გაუქმებული მარეგულირებელი უწყებები. თუმცა, მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვისა და პრობლემების სისტემური გააზრების გარეშე კანონმდებლობაში გატარებულმა ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო სამუშაო ადგილებზე დამკვიდრებული დარღვევების გამოსწორება. ცვლილებების არაეფექტურობა აჩვენა ბოლო პერიოდის გაფიცვებმა საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიულ რეგიონში[11], სატრანსპორტო და მეტალურგიის სფეროში წარმოებულმა არაეფექტური მედიაციის შედეგებმა[12], საწარმოების ოპერაციების დაუსაბუთებელმა გაჩერებამ[13] და სხვ. ამ მოვლენებმა, რომელთა საპროტესტო მნიშვნელობა სცდებოდა შრომითი დავის ფარგლებს და ყალიბდებოდა, როგორც ფართომასშტაბიანი სოციალური პროტესტი, აჩვენა სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების, საწარმოების გამჭვირვალე პოლიტიკისა და ღირსეული სახელფასო ანაზღაურების რეგულირების საჭიროება.

მტაცებლური ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს, რომ დღის ბოლოს დასაქმებულის სიცოცხლის გადარჩენა, თვის ბოლოს მისი ოჯახის წევრთა გადარჩენას ნიშნავს. სახელმწიფო უშვებს, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო დატაცების პირობებში ადამიანები მონოპოლისტ საწარმოზე იყვნენ დამოკიდებულნი. ასეთი სოციალური ფონი ახშობს უკეთესი გარემოსათვის ბრძოლის პერსპექტივას, მოქალაქეებისათვის ხურავს სოციალური პოლიტიკის წარმოების გზებს. თუმცა, ზედაპირზე ამოტივტივებული ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგები, გამოკვეთილი სოციალური უკმაყოფილება ამცირებს შანსს, რომ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვებულმა მომავალმა ხელისუფლებამაც ეკონომიკური წარმატების გზად სახელმწიფოს განზე დგომა გამოაცხადოს და ამით შენიღბოს სახელმწიფოს პოლიტიკური მარცხი საჯარო ინტერესებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

 

[1][1]Special report, Georgia’s Rose Revolution, United State’s Institute of Peace:http://www.usip.org/sites/default/files/sr167.pdf

[2]ანგარიში „სახელმწიფოქონებისპრივატიზებისაგრესიულიპოლიტიკა, ანუპრივატიზებაქართულად“ მწვანეალტერნატივა, 2007 წ. გვ. 6: http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/Privatizeba-Geo7…;

[3]„ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012“ პოლ რიმპლი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოცემა.

[4]გარემოსადცვითი მმართველობა საქართველოში, „მწვანე ალტერნატივა“, 2006წ.:http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/garemosdacviTi_m…

[5]ბექაწიქარიშვილისვიდეო, შრომისპირობებიმძიმეინდუსტრიაში. (EMC):http://emc.org.ge/2015/10/28/mzime-industria/

[6]საწარმოოტრავმებისშედეგადდაშავებულთადაგარდაცვალებულთასტატისტიკა: https://emc.org.ge/2016/02/27/emc-10/

[7] “Don’t stop working when you die” May/02/2011. https://www.scribd.com/doc/54426652/Labor-Protection-in-Georgia

[8]პროფკავშირების კვლევა შრომით უფლებებთან დაკავშირებით, გვ.6 : https://drive.google.com/a/kentlaw.iit.edu/file/d/0B29JO5L_QB0MM1oxOHc1NFhCaGM/view

[9]ბექაწიქარიშვილისვიდეომძიმეინდუსტრიაშიგარემოსპრობლემებისშესახებ, EMC: https://www.youtube.com/watch?v=W3uwVvplv2k/;   ინტერვიუ ჭიათურის მაჟორიტარ, მალხაზ წერეთელთან: http://emc.org.ge/2016/01/25/interviu-malkhaz-tsereteltan/

[10]სერვისის სფეროს შრომითი დარღვევების ანალიზი, EMC, 2015.: http://emc.org.ge/2015/09/30/shroma-ar-aris-ioli/

[11]გაფიცვა ქსანში, წყარო: გაერთიანებული პროფკავშირები: http://gtuc.ge/?p=4231

[12]EMC მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების გადაწყვეტილებას აფასებს: https://emc.org.ge/2016/04/19/emc-32/

[13]EMC ჭიათურის მანგანუმის მოვლენების შესახებ: https://emc.org.ge/2016/01/15/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%8…