პარლამენტარიზმი სომხეთში

რატომ გადაწყვიტა  მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და, კერძოდ, სერჟ სარგსიანმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასასვლელად? ოფიციალურ მიზეზად უფრო დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის სურვილი სახელდებოდა, თუმცა ამ ოფიციალური ვერსიის თავიდანვე არ სჯეროდათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ ძალებს. გაისმოდა მოსაზრებები, რომ ყველაფერი ეს დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ სერჟ სარგსიანს მისცემოდა შესაძლებლობა, მესამეჯერ, და კიდევ მეტჯერ, გამხდარიყო  ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერ მინისტრის პოსტზე გადანაცვლებით,  ისე რომ კონსტიტუცია არ დარღვეულიყო ფორმალურად.

Კითხვის დრო: 7 წუთი
პარლამენტის შენობა სომხეთში

ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციები, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და  სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა სომხეთში 2018 წლამდე არსებულ პოლიტიკური წყობას არადემოკრატიულად მიიჩნევდნენ. მაგალითად, ფრიდომ ჰაუსი, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, სომხეთში არსებულ რეჟიმს აღწერდა როგორც ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს. არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მმართველი პარტია და სახელმწიფო ფაქტიურად ერთი იყო.   

2018 წლის გაზაფხულამდე სომხეთში მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა იყო. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ისეთ არადემოკრატიულ რეჟიმებში, როგორიც იყო სომხეთში, მმართველობის ფორმალურ სისტემას არ შეუძლია სათანადოდ ფუნქციონირება, რადგან არსებობს სხვა, არასამართლებრივი, არაფორმალური ანტიდემოკრატიული სტრუქტურებიც. ამდენად, რთულია რეალისტურად შეფასება იმისა, თუ რამდენად ეფექტური იყო სომხეთის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. აღმიშნულის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, რომ ავტორიტარული ქვეყნის პოლიტიკაზე საერთოდ არ აქვს ზეგავლენა იმას, თუ რა ტიპის მმართველობის სისტემაა ქვეყანაში. სომხეთის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემამ ხელი შეუწყო ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი ადამიანის - პრეზიდენტის - ხელში. ასეთ პირობებში პრემიერ მინისტრი და მთავრობა ფორმალურ ინსტიტუტებად რჩებოდნენ, რომლებიც დიდწილად იყვნენ დამოკიდებული პრეზიდენტის აპარატზე, ან, რეალურად, ოლიგარქების პატარა ჯგუფზე. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს სომხეთში სხვადასხვა წარუმატებლობის და გადაუჭრელი პრობლემის მიზეზად. გარდა ამისა, ბევრი დამკვირვებელი თვლიდა, რომ პარლამენტი გადაიქცა ორგანოდ, რომელიც აკანონებდა აღმასრულებელი მთავრობის, რეალურად კი, ოლიგარქების პატარა, არაფორმალური ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. არც აღმასრულებელი მთავრობა არ იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს: მთავრობის სხდომები დაცლილი იყო მნიშვნელოვანი შინაარსისგან და სხდომებზე არ იმართებოდა არანაირი განხილვები; სხდომები მხოლოდ ფორმალურად იმართებოდა, რათა დაემტკიცებინათ არაფორმალურ კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილებები.  

და მაინც, რატომ გადაწყვიტა  მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და, კერძოდ, სერჟ სარგსიანმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღება მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასასვლელად? ოფიციალურ მიზეზად უფრო დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის სურვილი სახელდებოდა, თუმცა ამ ოფიციალური ვერსიის თავიდანვე არ სჯეროდათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პოლიტიკურ ძალებს. გაისმოდა მოსაზრებები, რომ ყველაფერი ეს დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ სერჟ სარგსიანს მისცემოდა შესაძლებლობა, მესამეჯერ, და კიდევ მეტჯერ, გამხდარიყო  ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერ მინისტრის პოსტზე გადანაცვლებით,  ისე რომ კონსტიტუცია არ დარღვეულიყო ფორმალურად.

უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი ძალის ეს ინიციატივა უცნაური იყო იმიტომაც, რომ იქამდე ხელისუფლება ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ნახევრად საპრეზიდენტო სისტემას. პროცესის დაწყებისას, როდესაც იქმნებოდა კონსტიტუციური ცვლილებების კონცეპტუალური ჩარჩო, სერჟ სარგსიანი ამბობდა, რომ ის პირადად არ ემხრობოდა მმართველობის სისტემის შეცვლას. თუმცა, სარგსიანმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა და ის მიემხრო ცვლილებას კონცეპტუალური ჩარჩოს მიღებისთანავე. კონსტიტუციური ცვლილებების  ინიცირებამდე ოფიციალურ განხილვებში დომინირებდა მოსაზრება, რომ სომხეთი არ იყო მზად საპარლამენტო მმართველობაზე გადასასვლელად იქამდე, სანამ პოლიტიკურ პარტიათა სისტემა არ გაჯანსაღდებოდა და მტკიცედ არ დაიმკვიდრებდა თავს. სატელევიზიო დებატებში, რომელშიც სტატიის ავტორი მონაწილეობდა, მმართველი კოალიციის წარმომადგენლები და თოქშოუს წამყვანები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ სომხეთისთვის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა იყო ოპტიმალური და რომ საპარლამენტო სისტემა დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. ამ საკითხზე 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ოპოზიციურმა ჯგუფებმა გაყალბებულად ჩათვალეს. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე ბევრი მათგანი გაერთიანდა ცვლილებების მიღების საწინააღმდეგოდ საპროტესტო კაპმანიაში „ვოჩ“ (არა). ისინი ამტკიცებდნენ, რომ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების მიზანი იყო სერჟ სარგსიანის ხელახლა მოსვლა ხელისუფლებაში. მიუხედავად ამისა, ცვლილებები მიიღეს და ქვეყანამ, თუნდაც ფორმალურად, დაიწყო საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე ფორმალური გადასვლის პერიოდი საპარლამენტო პრინციპების საწინააღმდეგოდ გამოიყენა. როდესაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე კარენ კარაპეტიანი - რომელიც ფაქტიურად პირადად მართავდა წინასაარჩევნო კამპანიას- აირჩიეს პრემიერ მინისტრად, ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, ვინ იქნებოდა პრემიერ მინისტრი, როდესაც პრეზიდენტს მეორე ვადა ამოეწურებოდა. გარდამავალ პერიოდში შექმნილი ამ შესაძლებლობის გამოყენებით, რესპუბლიკურმა პარტიამ უგულებელყო საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ის ირჩევს იმ ფიგურებს, რომლების ხილვაც სურს პრემიერ მინისტრის და მთავრობის წევრების თანამდებობებზე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შეიცავდა ისეთ დებულებებსაც, რომლებიც არანაირად არ ეხებოდა სომხეთის რეალობას და რომლებიც ზოგადად დამახასიათებელია საპარლამენტო სისტემისთვის. ერთ-ერთი ასეთი დებულების მაგალითია დებულება „სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის“ შესახებ. მსოფლიო პრაქტიკაში ამ დებულებას იღებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში პოლიტიკურ პარტიათა სისტემის ძლიერი ფრაგმენტაციის კონტექსტში, როდესაც  პარლამენტის თუნდაც ერთი წევრის ხმამ თავისი ფრაქციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეიძლება დაარღვიოს პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი, გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი, კოალიციის რღვევა და ვადამდელი არჩევნები.

სინამდვილეში, ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. შეიძლება გავიხსენოთ სან მარინო და იტალია, სადაც ასეთი პრობლემები გაჩნდა და ამგვარი გადაწყვეტა გახდა აუცილებელი. სომხეთში ასეთი პრობლემის გაჩენა არაა მოსალოდნელი. როგორც ადგილობრივ და უცხოელ დამკვირვებლებს არაერთხელ შეუნიშნავთ, რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ახერხებდა - სხვადასხვა მაქინაციების გამოყენებით - ხმათა უმრავლესობის მიღებას და საკუთარი მთავრობის ფორმირებას, კოალიციის ჩამოყალიბების საჭიროების გარეშე. კოალიციებიც შექმნილა სომხეთში და მათში სხვადასხვა დროს შედიოდნენ პარტიები „წარმატებული სომხეთი“ და „კანონიერებაზე დაფუძნებული ქვეყანა“ და სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტუნი“, მაგრამ ეს კოალიციები იქმნებოდა ხელოვნურად, პროპაგანდისტული მიზნებით - იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ იყო სრული საჯარო კონსენსუსი, როდესაც ის საერთოდ არ არსებობდა.

მოკლედ, ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგი იყო. 2018 წლის აპრილში სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრად არჩევამ დაადასტურა ვარაუდი, რომ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის მიზანი სარგსიანის მმართველობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება იყო კონსტიტუციის გვერდის ავლით, რომელიც კრძალავდა პრეზიდენტის სამი ვადით ზედიზედ არჩევას. ამ გარემოებებში ოპოზიციამ გამოიყენა თავისი მცირერიცხოვანი ფრაქციის საპარლამენტო მანდატები და ორგანიზება გაუკეთა წარმატებულ სამოქალაქო კამპანიას სარგსიანის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ. ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ოპოზიციურ ფრაქციას - იელკ-ს (გამოსავალი) - ხელმძღვანელობდა, თავის თანაპარტიელებთან ერთად, ეფექტიანად გამოიყენა საპარლამენტო ასპარეზი კრიტიკული მოსაზრებების გასაჟღერებლად და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის წამოსაწყებად. ამ ჯგუფმა წარმატებით გამოიყენა საპარლამენტო უფლებამოსილება სხვადასხვა გზით, მათ შორის, იმით, რომ პარლამენტში მიღებაზე მოიწვია ათასობით მოქალაქე, და პოლიციასთან დაპირისპირების გადაწყვეტის გზებზე გამართა მოლაპარაკება. რაც მთავარია, 2018 წლის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიამ შედეგად მოიტანა პრემიერ მინისტრის პოსტზე ახლად არჩეული სერჟ სარგსიანის გადადგომა. მმართველობის  საპარლამენტო სისტემაში შესაძლებელი გახდა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად დანიშვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარეშე და ისეთი მთავრობის შექმნა, რომელსაც ხალხის ნდობა ჰქონდა.

ამრიგად, სომხეთში შეიქმნა რეალური საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობის შესაძლებლობა. თუმცა, სანამ არ შედგება ისეთი პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას, ძნელია იმის თქმა, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სრულფასოვანი საპარლამენტო სისტემა. ზოგადად, აკადემიურ წრეებში მიღებული მოსაზრებაა, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელია ის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები საპარლამენტო მმართველობის  სამართლებრივ დონის გასაუმჯობესებლად: იყო მოსაზრებები, რომ საჭიროა საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული საარჩევნო ბარიერის დაწევა, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების და გაერთიანებებისთვის დადგენილი მინიმუმის გაზრდა, კოალიციის შექმნისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნა, სრული და ნამდვილი პროპორციული სისტემის დანერგვა, პრემიერ მინისტრის ძალაუფლების შეზღუდვა და სხვა. მაგრამ ყველა ეს წინადადება, რომელსაც ფაშინიანის გუნდი წარმოადგენდა და რომელსაც სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა, შეხვდა წინააღმდეგობას ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარების მხრიდან. ეს ადასტურებს, რომ აუცილებელია  ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რათა გაიმარჯვონ  ჯანსაღმა ძალებმა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგული იქნებიან.

ცხადია, პოლიტიკური პარტიები და პარტიული სისტემები, ზოგადად, გადამწყვეტ როლს თამაშობენ პარლამენტარიზმის დამკვიდრებაში. ხავერდოვანი რევოლუციის წინა პერიოდში პარტიებს, რომლებიც ხშირად პოლიტიკურ კლუბებს მოგვაგონებენ, არანაირი ხელშესახები როლი არ ჰქონიათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უფრო მეტიც, მმართველი პარტიაც კი არ იყო გადაწყვეტილების მთავარი მიმღები. ნაცვლად ამისა, დიდი რესურსების მქონე რამდენიმე არაფორმალური ჯგუფი განსაზღვრავდა და იღებდა გადაწყვეტილებებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამ ჯგუფების ბევრი წევრი, ცხადია, ჩართული იყო მმართველი პარტიის ან მასთან კოლაბორაციაში მყოფი სხვა პარტიების საქმიანობაში. პოლიტიკური მონაწილეობის უკან იყო არაფორმალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავდა პროცესებზე კონტროლის დამყარებას. პარლამენტს იყენებდნენ უკვე მიღებული გადაწყვეტილებებისთვის ცივილიზებული ფორმის მისაცემად და დემოკრატიის ილუზიის შესაქმნელად. რესპუბლიკური პარტია, მისი კოალიციის წევრები და სხვა პარტნიორები თითქმის ავტორიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი თამაშის წესებით თამაშობდნენ და ეს წესად მიაჩნდათ. მართალია, მცირერიცხოვანი ოპოზიციური ფრაქციები პერიოდულად იყენებდნენ პარლამენტის არენას და საკუთარ მანდატებს ხელისუფლების გასაკიცხად და ადამიანის უფლებების დასაცავად, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში გაეწიათ კონკურენცია მმართველი პარტიისთვის, და არ მიეცათ სათანადო რესურსები, რათა სრულფასოვნად დამკვიდრება მოეხერხებინათ. 

დღეს, როდესაც აღარაა პოლიტიკური მონოპოლია და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თანაბარ პირობებში ერთმანეთთან შეჯიბრის შესაძლებლობა, აუცილებელია, სასწრაფოდ  მოხდეს ჯანსაღი ძალების იდეური გადახალისება და, პარალელურად, პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ახალი იდეოლოგიის მქონე პარტიების შექმნა. სომხეთში რევოლუციის შედეგად ჭეშმარიტი საპარლამენტო დემოკრატიის დასამყარებლად ასევე აუცილებელია სხვა გადაუდებელი ზომების მიღება, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური ასპარეზი უნდა დატოვონ ერთკაციანმა პარტიებმა და იმ ადამიანებმა და ჯგუფებმა, რომლებიც სხვადასხვა არასამართლებრივ საქმიანობაში არიან ჩართული; პარტიებს, ყოველ შემთხვევაში გავლენიან პარტიებს მაინც, უნდა ჰყავდეთ ნამდვილი წევრები, უნდა იყვნენ დაკავშირებული საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან და გამოხატავდნენ მათ ინტერესებს; პარტიების შიგნით ყველასთვის უნდა არსებობდეს პარტიის ლიდერობისთვის თანასწორი პირობები, დაწყებული რიგითი წევრით და დამთავრებული პარტიის ლიდერით და ა.შ.. პარტიებს უნდა ჰქონდეთ ერთნარი წვდომა საექსპერტო რესურსებზე, რათა შეძლონ  შინაარსიანი და სიღრმისეული პროგრამების შემუშავება, ნაცვლად დეკლარაციული ხასიათის, უშინაარსო პროგრამებისა. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ზომის მიღება აუცილებელია იმის მიუხედავად, მმართველობა მომავალში საპარლამენტო იქნება თუ სხვა ტიპის.

ასევე ცხადია, რომ საპარლამენტო დემოკრატია სომხეთში მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც მოხდება გადასვლა პიროვნებაზე დაფუძნებული სისტემიდან მონაწილეობით სისტემაზე, რომელიც კოლექტიურ პასუხისმგებლობას ეფუძნება, და როდესაც ქვეყნის ან მმართველი პარტიის ლიდერის ცვლილება აღარ შეუქმნის საფრთხეს სახელმწიფოს დემოკრატიულ არსებობას.