(დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვების ერთ-ერთი მხარდამჭერია. 2020 წლის ბიენალე სახელწოდებით „რა გვაქვს საერთო“, ჩვენს ინდივიდუალისტურ და ფრაგმენტულად დანაწევრებულ საზოგადოებებში სწორედ არსებული საერთოობის საკითხის უფრო ღრმად შესწავლას აპირებს.განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ აისახება საერთოობა ჩვენს ურბანულ სივრცეებზე, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა . საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობას ახალი კულტურული ნორმები და ურბანული ცხოვრების შეცვლილი წესები მოყვა. ურბანული და სოციო-ეკონომიკური ტრანზიციის პერიოდში დაგვავიწყდა რა მნიშვნელობა აქვს საერთო სივრცეებს ან კოლექტიურ სიკეთეებს.
COVID-19-ის გავრცელება ახალ შეკითხვებს აჩენს საერთო სივრცეებთან დაკავშირებით. როგორია საერთო სივრცეების მიმართ დაწესებული შეზღუდვების საზოგადოებაზე გავლენა? როგორ შეგვიძლია მზარდი ნაციონალიზმის პარალელურად საერთოობის განცდის შენარჩუნება, რომელიც ფიზიკურ საზღვრებს სცდება? ცალკეული ქვეყნების ჩაკეტვის, მზარდი მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკისა და მყიფე სახელმწიფოების არსებობის დროს, მნიშვნელოვანია ექსკლუზიის, უთანასწორობის და მისი შედეგების შესწავლა. ეს ასევე იმის ანალიზსაც მოიცავს, თუ როგორ აისახება დანაწევრებული კონტინენტი და მასთან დაკავშირებული ახალი რეალობა საჯარო სივრცეებში.
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვება ციფრულ სივრცეში ჩატარდება და ღონისძიების მთავარ პლატფორმად მისი ვებგვერდი იქცევა. განსხვავებული ფორმატების უზრუნველსაყოფად, ვებგვერდი თავს მოუყრის სხვადასხვა მედიას, ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში ჩატარება კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დაინტერესებული პირების მეტ ჩართულობასა და მონაწილეობას უზრუნველყოფს. ამგვარად, ბიენალე იქცევა სხვადასხვა კონტინენტზე გამართულ ღონისძიებად, რომელიც მისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ადგილს თბილისში გასცდება და მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა კუთხეს გაააქტიურებს.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2020 ჩატარდება 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბიენალეს ფარგლებში გამართული რამდენიმე ღონისძიების მხარდამჭერია, მათ შორისაა ვორკშოპი - მეტაფორმა - ქართული არქიტექტურის კრიტიკული ანალიზი, რამდენიმე ლექცია და დისკუსია.