ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე, არქიტექტორი-ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დაიბადა 1945 წელს ქ. ვლადიკავკაზში (ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა, რსფსრ - სსრკ). 1969 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; სწავლობდა ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში ქალაქ მოსკოვში (რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა - სსრკ); 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; იყო "ჰაბიტატ-ჯორჯიას" დირექტორი, გაეროს პროგრამა "ჰაბიტატის" ბიუროს წევრი, ურბანისტთა საერთაშორისო საზოგადოების ბიუროს წევრი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მისი პროფესიული ინტერესების სფეროებია: ურბანიზაცია, ქალაქური კულტურა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა, ქალაქთმშენებლობის თეორია, ქალაქგანვითარების სოციოკულტურული საფუძვლები.