
არქიტექტორი-ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. 1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; სწავლობდა ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ინსტიტუტის ასპირანტურაში ქალაქ მოსკოვში; 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
სხვადასხვა დროს ბატონი ვარდოსანიძე მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; იყო "ჰაბიტატ-ჯორჯიას" დირექტორი, გაეროს პროგრამა "ჰაბიტატის" ბიუროს წევრი, ურბანისტთა საერთაშორისო საზოგადოების ბიუროს წევრი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მისი პროფესიული ინტერესების სფეროებია: ურბანიზაცია, ქალაქური კულტურა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა, ქალაქთმშენებლობის თეორია, ქალაქგანვითარების სოციოკულტურული საფუძვლები.