როგორ შეცვალა სამოქალაქო აქტივიზმმა ადგილობრივი დემოკრატია - ბათუმი

Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები ლ. სირაბიძე, ს. ჟღენტი, ლ. ღვინიანიძე, ვ. მენაბდე და მოდერატორი ნ. იმედაიშვილი (ცენტრში)

რამდენად ასახავს ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს? რამდენად აქტიურია საზოგადოება საიმისოდ, რომ თავისთვის საჭირბოროტო საკითხები ადგილზევე მოაგვაროს და პოლიტიკის საგნად აქციოს? ამ და სხვა პრობლემებზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 19 მაისს საჯარო დისკუსია გაიმართა.

იურისტმა ვახუშტი მენაბდემ შეხვედრაზე საკანონმდებლო კუთხით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. ყურადღება საინიციატივო ჯგუფების მიერ მერებისა და გამგებლების წარდგენის უფლების არქონაზე გაამახვილა. მენაბდის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს საზოგადოებისთვის  სარბიელი და არა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი, მაქსიმალურად უნდა გაიზიაროს მოქალაქეების ინტერესი. „სამწუხაროდ, ჩვენი კანონის განწყობა არის ისეთი, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოუდგენია, როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლის მექანიზმი. მაშინ როდესაც  თვითმმართველობა არის  მოქალაქეთა ინსტრუმენტი, რომელიც აგვარებს მოქალაქეთა საკუთარ და საჯარო პრობლემებს“.

იურისტმა ლინა ღვინიანიძემ აქცენტი გააკეთა სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილებაზე. „როცა კითხვა დგას ასე, „როგორ შეცვლა სამოქალაქო აქტივიზმმა თვითმმართველობა“, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ გვაქვს თუ არა აქტივიზმი ადგილობრივ დონეზე.   მე მგონია რომ ჩვენ ასეთი ტიპის გამოცდილებები რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე  არ გვაქვს, ამასთან, ჩემი დაკვვირვებით,   ყველა აქტივიზმი და ყველა რეალური მაგალითი სამოქალაქო აქტივიზმისა იწყება თბილისში, ანუ  რელურად პოლიტიკური ცენტრი არის თბილისში.რაც არის განპირობებული იმით, რომ მთლიანად პოლიტიკური ძალაუფლება არის დიდწილად თავმოყრილი ცენტრალურ ხელისუფლებაში. პოლიტიკური მესიჯის გაცხადების საშუალება  უფრო მეტად შესაძლებელია იქ“.

სამოქალაქო გულგრილობის არსებობაში ლინა ღვინიანიძეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოების აქტიურობის ხარისხიც და დონეც ძალიან დაბალია, თუმცა აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველოებებში დიალოგი არის შესაძლებელი, მაგრამ არაა იმედის მომცემი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

იურისტისა და მესამე სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს არ დაეთანხმა ბათუმის საკრებულოს წევრი. ლაშა სირაბიძის განმარტებით, თვითმმართველ ორგანოში ფუნქციონირებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საზოგადოებრივი დარბაზი, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებენ. ამასთან, საკრებულოს ყველა წევრი ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და მათი ინტერესების გატარებას ცდილობს. თვითმმართველობა განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას მოსახლეობის ხმას და ცდილობს მასთან იყოს დიალოგის რეჟიმში, ხოლო თავსი მხრივ მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი და აქტიურობა  საკრებულოს მუშაობის მიმართ დასაფასებელია