დოკუმენტური ფილმი "როგორი იყო ოთახი" (2020)

how the room felt პოსტერი

ორგანიზაცია: მიკროკოსმოსი

ფილმი მოგვითხრობს მარგინალიზებული, თუმცა ძლიერად შეკავშირებული ქვიარ ერთობის, ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდის შესახებ.

ფილმის მთავარი გმირი - ლანა და მისი მეგობრები: ანუკა, სოფო და ანანო, ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ისინი ცდილობენ ფეხბურთელის კარიერა აიწყონ. თუმცა, ყოველდღიური დამქანცველი ვარჯიშის გარდა, მათ სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაც უწევთ. ამასთან, მეგობრობისა და თანაგუნდელობის მიღმა, მათ ხომ სხვა, საერთო საწუხარიც აერთიანებთ - ყველა მათგანი ემიგრანტი დედის შვილია.

ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც გოგოებისთვის ძლიერი ქვიარ-ერთობის სახით ჩამოყალიბდა, ერთდროულად გახსნილი და შემბოჭავი სივრცეა.

ფილმის კიდევ ერთი აქტიური პერსონაჟია, საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი - პაატა; ის გუნდში ერთადერთი კაცია და მის მიმართ ახალგაზრდა ქალებს არაერთგავროვანი დამოკიდებულება აქვთ.

ფილმში მოქმედება ვითარდება 2019 წლის, ქალთა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მიმდინარეობისას. ლანას, ტრავმის გამო ოპერაციის გადატანა უწევს, ის ვეღარ თამაშობს; ანუკა ტრავმირებული ფეხით აგრძელებს თამაშს, სოფო ემიგრაციაში მიდის სამუშაოდ, ანანო მამამისთან გადადის საცხოვრებლად. გუნდისთვის რთული პერიოდია, შეხვედრას, შეხვედრაზე აგებს. ამ დროს თბილისში ლგბტ-ქვიარ აქტივისტები პირველი პრაიდისთვის ემზადებიან, ხოლო ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სექსუალურ უმცირესობებს, დასდევენ და ქალქის ქუჩებში, ფიზიკურად უსწორდებიან. ამ დროს ლანა ეყრდნობა ყავარჯნებს და ფეხბურთის მოედანს გაჰყურებს, მისი გუნდი თამაშს აგებს, პაატა ხმამაღლა ყვირის.

ქართული კინორეჟისურისთვის ფილმები ქვიარ თემატიკაზე ჯერ კიდევ აუთვისებელი სამყაროა. რეჟისორის მიმართ დიდი დაინტერესება, ამ თემაზე გადაღებულმა, პირველივე სურათმა გააჩინა; ეს იყო კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 2018 წლის ივნისში გაიმართა.