სახელმწიფო, კაპიტალი და ახალი ანტაგონიზმი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

მუშები აგებენ გზას

სახელმწიფოებრიობის კრიზისი

დღეს, როცა ნამოხვანჰესის კრიზისი ქართული სახელმწიფოებრიობის ლუსტრაციის ყველაზე ნათელ კონტექსტად გვევლინება და ამავდროულად მისი ფორმის თუ შინაარსის კრიზისზეც მიგვანიშნებს, კიდევ ერთხელ გვმართებს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ მიემართება ჩვენი სახელმწიფო კაპიტალს და საზოგადოებას - რაზე გადის ბრძოლის ხაზი და რის იმედს გვისახავს რიონის ხეობიდან წამოსული ახალი ანტაგონიზმი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან, კაპიტალიზმის აღმოცენების ისტორიაცაა. თუმცა, ეს ორი თანმხვედრი და პარალელური პროცესი კი არ არის, არამედ ერთმანეთისგან განუყოფელი მთლიანობაა, რადგან სახელმწიფო ჩაშენებულია კაპიტალიზმის კვლავწარმოების ურთიერთობებში და კაპიტალის აკუმულაციაც სასოწარკვეთამდეა დამოკიდებული სახელმწიფოზე[1]. შესაბამისად, ეკონომიკური აკუმულაციის რეჟიმის კრიზისი იმთავითვე სახელმწიფოებრიობის კრიზისიც არის. პოსტკრიზისული სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკური კვლავწარმოების ფორმები კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ამგვარი კრიზისების წიაღში აღმოცენებული ბრძოლა ახალი ჰეგემონიისთვის, რა სახის ახალი დიქოტომიები წარმოიქმნება და რომელი დისკურს(ებ)ი მოიპოვებს გამარჯვებას[2].

საქართველოს ისტორიაში ამ დრომდე არსებული პოლიტიკური თუ სოციო-ეკონომიკური კრიზისები არ თარგმნილა განვითარების და ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატიული დისკურსების დაპირისპირებად. ქართული სახელმწიფო, დღეს, ზუსტად ისევეა კაპიტალის ინტერესების გარანტი (და არა ინსტრუმენტი), როგორც ეს დამოუკიდებლობის პირველ დეკადაში იყო. თუმცა, თუ რევოლუციამდელ საქართველოში უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა[3], 2003 წლის შემდგომი ეკონომიკური მოდელი სწორედ უცხოური კაპიტალის უწყვეტი შემოდინების მოლოდინზეა დაფუძნებული.

მოდერნიზაციისთვის თავდადებული საქართველოს მთავრობები წარმატებით ემსახურებიან მოჩვენებითი ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელსაც თავი ვერ დაუღწევია პირვანდელი, ველური სახით შემოსული კაპიტალიზმის თრობისგან. მისი მოუთვინიერებლობა კი უკვე ბევრჯერ დაგვიჯდა ძვირად. დერეგულირებულმა შრომითმა ბაზარმა, ფინანსურმა სექტორმა თუ გარემოსდაცვითმა პოლიტიკამ შეიწირა მშრომელთა სიცოცხლე, დააბინძურა მდინარეები და ჰაერი, გაანადგურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჭარბვალინაობაში ჩააფლო შინამეურნეობები, უსახლკაროდ დატოვა გადახდისუუნარო მსესხებლები. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რიონის ხეობა ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა უნიათო სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის  მსხვერპლთათვის, რომელთა ხმაც არ ჟღერდება სხვა პოლიტიკურ სივრცეში.

კაპიტალიზმის საწყისებთან

მაშინ როცა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად მიანიშნებს რიონის ხეობის მცველების ენაზე, როგორც “ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთზე“[4], თავად მთავრობის არასახელმწიფოებრივი ეკონომიკური პოლიტიკა გვაბრუნებს და სანატრელსაც კი გვიხდის 1990-იანი წლების დისკუსიას ბაზარზე, პრივატიზაციასა თუ სახელმწიფოზე. საბჭოთა მარწუხებიდან თავდახსნილ ქვეყანას თავბრუ დაახვია დასავლურმა კაპიტალიზმმა და სისტემური რღვევის შედეგად ძველი სტრუქტურიდან ამოვარდნილ სუბიექტებს შემოქმედებითობის და თავისუფლების ფართო გზა გაეხსნათ. ამ გამოთავისუფლებულმა ენერგიამ კი დასაბამი დაუდო უკონტროლო, სპეკულაციური საბაზრო საქმიანობების აღმოცენებას, ახალი სოციო-ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების და მნიშვნელობის მინიჭების კვალდაკვალ.

1990-იანი წლების დასაწყისის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის სარეკლამო სივრცე (რომლის მოცულობაც სულ უფრო იზრდებოდა) მთელი სიზუსტით ასახავს კაპიტალიზმის შემოსვლას საქართველოში. საგაზეთო რეკლამები ბოლომდე აშიშვლებს კაპიტალიზმის სახეს, რომელიც ხან ფირმა “დათოს სახელით ჰპირდებოდა გამდიდრებას საქართველოს მოსახლეობას უკანასკნელი დანაზოგების მიბარების ხარჯზე, ხან “კაპიტალბანკის მეშვეობით აძლევდა შანსს გამხდარიყვნენ კაპიტალისტები[5] და ხანაც ფირმა “ერის პირით სთავაზობდა კომპანიებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებას[6]. ამავდროულად, ფეხს იდგამდა საქართველოს სააქციო ბირჟა, სადაზღვევო და უძრავი ქონების ბაზარი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური საქმიანობა კი სავალუტო ოპერაციები და სავალუტო ლატარიები გახლდათ, რომლებიც ასევე სპეკულაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა (განსაკუთრებით ჰიპერინფლაციის დასრულებამდე).

კაპიტალიზმის შემობიჯება იმთავითვე აისახა განათლების ბაზარზე ელვის სისწრაფით აღმოცენებულ სასწავლებლებში, რომლებიც ეკონომიკის, ბიზნესის თუ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლას სთავაზობდნენ მკითხველს[7]. ამ პერიოდის საბაზრო ეიფორია საგაზეთო ფურცლებიდანვე მიგვანიშნებს ქვეყანაში წარმოქმნილ შემოსავლების უთანასწორობაზე. ხორბლის, საწვავის და შაქრის დეფიციტის ფონზე, სხვადასხვა კომპანიები მაიკლ ჯექსონის კონცერტზე დასასწრებად[8], იტალიაში[9], ჰონკონგში, მალაიზიასა და სინგაპურში[10] „პრესტიჟულ მოგზაურობაში წასასვლელად ეპატიჟებოდა მკითხველს. საქართველოს სახალხო საინვესტიციო კომპანია კი ახსენებდა საზოგადოებას: „გახსოვდეთ! ფული ფულთან მიდის, ამიტომ კორპორაცია გააერთიანებს თქვენს ინდექსირებულ და ჩვეულებრივ თანხებს და შექმნის ორ მილიარდიან კაპიტალს[11].

მართალია, დღეს ხშირად გვეუბნებიან, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ არჩეულ ეკონომიკური განვითარების მოდელს ალტერნატივა არ ჰქონდა, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ ცოცხალი პოლიტიკური, აკადემიური თუ საგაზეთო დისკუსიები იყო გაჩაღებული საბაზრო ეკონომიკის ფორმებსა და ავკარგიანობაზე. თუმცა, ლიბერალიზაციის პოლიტიკების გატარებას და საბაზრო ეკონომიკის შოკური თერაპიით დანერგვას წინ ვერაფერი გადაეღობა, ძველი სისტემის ნგრევის შედეგად გამოთავისუფლებულ უმნიშვნელო და უშინაარსო სივრცეში.

საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების კვალდაკვალ

1992 წლის იანვარში გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა იზეიმებს გაზვიადებული სოციალიზმის[12] დასრულებას და გზას დაულოცავს ახალ მომავალს. ფუჭად ჩაივლის ღიად დასმული რიტორიკული თუ გულწრფელად ამოხეთქილი შეკითხვები - როგორი ბაზარი გვსურს?[13], როგორი უნდა იყოს ბანკები?[14] და პრაგმატულად მოაზროვნე სახელმწიფოს მეთაურთა დაჟინებით მალე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიშთობა კაპიტალიზმის ნაირსახეობებზე მსჯელობა. სავალუტო ფონდის 1994 წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის პროგრამამ[15] კი, ჰიპერინფლაციის დაძლევასთან ერთად[16], საფუძველი დაუდო საფინანსო სისტემისა და საბაზრო ეკონომიკის განსაზღვრებას საქართველოში. სწორედ ჰიპერინფლაცია აღმოჩნდა ის ისტორიულად გარდამტეხი მომენტი, რომელმაც დაასრულა ეროვნული ბანკის მნიშვნელობის ფიქსაცია ნეოლიბერალური ცენტრალური ბანკის იდეის კვლადაკვალ. თუ 1994 წლამდე ეროვნული ბანკის ფორმა და ფუნქცია აქტიური პოლიტიკური და აკადემიური განსჯის საგანი იყო, ჰიპერინფლაციის შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა მისი გარდაქმნის ტრაექტორია, სავალუტო ფონდის სარეფორმო პაკეტის მიხედვით. თუმცა, უკვე ჰიპერინფლაციამდეც ჰაერში სავალუტო ფონდის რეფორმების გამარჯვების სუნი ტრიალებდა[17], იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის სასოწარკვეთის და “ჩამორჩენილობის“ შიშის ფონზე. ამის ნათელი დასტურია ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერი რომან გოცირიძის გამოსვლა 1992 წლის 24 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე:

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აპრობირებული, მომუშავე მოდელები. ექსპერიმენტი დაე მდიდარმა ქვეყნებმა ჩაატარონ, თუ ეს მათ სურთ. [...] ახალი მესამე გზის ძიება, განსაკუთრებული ქართული გზის ძება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ფსიქოლოგიაში ძალიან ღრმად არის გამჯდარი, შესაძლებელია, აი, ასეთმა იმპროვიზაციამ მიგვიყვანოს იქამდე, რომ საქართველოს ეკონომიკა სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ჩამორჩენილობისთვის იყოს განწირული[18].

რომან გოცირიძის მიერ წარდგენილ სავალუტო ფონდის კონცეფციას ყველა აღფრთოვანებით არ შეხვდა. მაგალითად სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა გურამ მუჩაიძემ მას საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის “სტიქიურ“ და “ანტიჰუმანურ“ გეგმაში სახელმწიფოს როლიც შეახსენა: “კონცეფცია მიზნად ისახავს იმას, რომ ხალხი ჩავყაროთ ოკეანეში და მერე ვუყუროთ ვინც მიაღწევს ნაპირს მიაღწიოს, ვინც არა და არა[19]. მართალია გოცირიძე დაეთანხმა მუჩაიძეს სახელმწიფო მართვის მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ თან დასძინა: “თუ ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებს ზურგს შევაქცევთ, მაშინ საქართველო, [....] ნახევარი საუკუნის განმავლობაში განწირულია იზოლაციისთვის. დღეს ისინი კარნახობენ მოდას“[20].

სწორედ იმან, რომ საქართველომ გარკვეული ეკონომიკური განვითარების გზა აირჩია, გარდაუვალი გახადა ლიბერალიზაციის, დერეგულაციის და პრივატიზაციის ტალღა. ამასთან, ქართული ეკონომიკა ნაადრევად იქნა გადატყორცნილი გლობალური კაპიტალიზმის ჩარხში, რამაც ის თავიდანვე გაწირა პერიფერიულობისთის. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ბედი, დიდწილად, არჩეული რეფორმების განხორციელების ტრაექტორიამაც განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მეთაური, ედუარდ შევარდნაძე, პირველ ეტაპზე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, ამ პროცესიდან მხოლოდ პოლიტიკურმა და ფინანსურმა ელიტებმა მიიღეს სარგებელი. ედუარდ შევარდნაძე 1992 წლის საპარლამენტო სხდომებზე გააზრებული პრივატიზაციისკენ მოუწოდებდა პარლამენტს:

“ლაპარაკი არ უნდა იყოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოიცილო და ჩქარა გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც სახელმწიფოს გააჩნია. ეს უნდა იყოს მართვადი, გეგმაზომიერი და მეცნიერულად გააზრებული პროცესი[21].

“მინისტრმა არ უნდა აიღოს ისეთი კურსი, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოიცილოს ყველა საწარმო. ეს დამღუპველია. [...] იცით, ორ დღეში გაყიდით თბილისის მაღაზიებს, იაფად გაყიდით, ძვირს არავინ მოგცემთ. მე გეკითხებით თქვენ ვინ იყიდის? ამაზე არავინ არ ფიქრობს. [...] ამიტომ პრიმიტიული მიდგომა არ შეიძლება. ჩვენ ბევრი გავაჩანაგეთ, ბევრი დავღუპეთ და თქვენ ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ ეს სახელმწიფო ქონება ისეთია, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოვიცილოთ [...]. მინისტრები უნდა შევარჩიოთ ისეთი, ვისაც, ჯერ ერთი არ ღალატობს ცოდნა, გამოცდილება და მეორე - იცის დანიშნულება ყოველი კაპიკისა, დაზგისა, ყველა მუშისა“[22]

თუმცა, კერძო ინტერესებზე დაფუძნებულმა პრივატიზაციამ ვერ აღადგინა და განავითარა ქვეყნის ეკონომიკა. წლების განმავლობაში ქართულ ექსპორტში ჯართი ლიდერობდა[23], როგორც ქართული კაპიტალიზმის და პრივატიზაციის სიმბოლო.

პოსტ-რევოლუციური განვითარების დისკურსი

დაუფიქრებელი პრივატიზაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო რადიკალური დერეგულაციის ხარჯზე გაგრძელდა, ისევ ჩამორჩენილობის შიშით და მოდერნულობის სახელით. ამრიგად, ვარდების რევოლუცია კი არ დაუპირისპირდა რევოლუციამდელ კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმს, არამედ მისი ოპტიმიზაცია დაისახა მიზნად უცხოური კაპიტალის შემოდინების საშუალებით. რევოლუციის და პოსტრევოლუციური დისკურსი ხომ არსებითად შევარდნაძის ბიუროკრატიული და კორუფციული სახელმწიფო აპარატის კრიტიკაზე გადიოდა. ეკონომიკური მარცხიც სწორედ ცუდ მმართველობას და არშემდგარ სახელმწიფო ინსტიტუტებს დაბრალდა და არა ეკონომიკური პოლიტიკის ან განვითარების იდეურ საფუძველს. თუ შევარდნაძე 1992 წელს “მექანიკურს“ და “პრიმიტიულს“ უწოდებდა სამინისტროთა  რაოდენობაზე მსჯელობას და მათ რიცხობრივ შემცირებას უფრო მეტი ეფექტურობისთვის[24], რევოლუციის შემდეგ სწორედ მცირე სახელმწიფოს შექმნა აღმოჩნდა სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი დისკურსი. მსოფლიო ბანკი გილიოტინას ადარებს სახელმწიფო მინისტრის ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, კახა ბენდუქიძის მიერ მოწყობილ შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების ყოფნა-არყოფნის შესახებ[25]. ბენდუქიძის აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკა კი ‘უნივერსალური‘ ეკონომიკური პრინციპების რწმენაზე, კერძო საბაზრო აქტორების აბსოლუტურ ნდობაზე, და კაპიტალის წარმომავლობის მნიშვნელობის უგულებელყოფაზე გადიოდა[26]. ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე, 2004 წლის ივნისში, ბენდუქიძე აცხადებდა:

“ეკონომიკის მაქსიმალური დერეგულაცია ნებისმიერი ეკონომიკური პოლიტიკისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა იყოს. საქართველოში ეს ულტრა-ლიბერალიზმის ფორმით უნდა განხორციელდეს, რადგან თუ საქართველოს სურს გახდეს ნორმალური ქვეყანა, მისი ეკონომიკა ძალიან სწრაფად უნდა გაიზარდოს“.[27]

ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ ოფიციალურად მოიხსნა სოციალური პასუხისმგებლობა, ეკონომიკური განვითარება კი შრომის თუ ბუნების ექპლუატაციის ხარჯზე დერეგულირებულ ბაზარს მიანდო.

ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური გადააზრება არც 2012 წლის სამთავრობო ცვლილების შემდეგ მომხდარა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია დღესაც ყველა ეკონომიკური გამოწვევის პასუხად არის მიჩნეული. მისი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური გამოვლინება 2015 წელს, გაუფასურებული ლარის გადასარჩენად, ეკონომიკის სამინისტროს შენობის გაყიდვა გახლდათ, ინვესტორისთვის სასტუმროს აშენების ვალდებულების დაკისრებით[28]. ქართული სახელმწიფო დღემდე უცხოური კაპიტალის შემოდინების იმედზეა დაშენებული და მისი პერიფერიული ეკონომიკა თავს ვერ აღწევს იმპორტზე, კაპიტალსა თუ ვალუტაზე დამოკიდებულებას. საქართველოს მთავრობა მზად არის ყველა პირობა შექმნას და ყველა მსხვერპლი გაიღოს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან სხვაგვარად ჩამოიშლება კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმი და მასთან ერთად ჩამოიღვენთება სახელმწიფო აპარატის ძალაუფლებაც.

რიონის ხეობის ანტაგონიზმი

მართალია საქართველოში არსებული ჰეგემონიური დისკურსი ცოდვად მიიჩნევს კაპიტალიზმის მოთვინიერებას და სახელმწიფო დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობს შეინარჩუნოს არსებული წესრიგი (თუნდაც ნამოხვანჰესისთვის დადებული კაბალური ხელშეკრულების საშუალებით[29]), მაგრამ რიონის ხეობის მცველები დღეს ამ წყობას არღვევენ. სისტემის ნგრევა მარტო იდეურ დისკურსულ დონეზე არ მიმდინარეობს, რიონის ხეობის მცველები მუშტების ბრახუნითაც აჯანჯღარებენ სახელმწიფოს მიერ აღმართულ კედელს და შლიან სტრუქტურის ფიზიკურ საზღვრებსაც. ამასთან, რიონის ხეობიდან ამოზრდილი წინააღმდეგობა კრავს და აძლიერებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ამოხეთქილ სოციალურ პროტესტს და აჟღერებს საქართველოდან გადახვეწილ მშრომელთა სატკივარს. ამრიგად, რიონის ხეობა ქვეყნის სოციო-ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების მიზიდვის ველია, სადაც საქართველოს მთავრობა მხოლოდ კომპანია ენკას კი არ იცავს, არამედ იგი თვითგადარჩენისთვის იბრძვის. ამგვარ სტრუქტურულ რღვევას კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესები წყალს უყენებს გაბატონებულ დისკურსს (ეკონომიკური) განვითარების შესახებ და საფრთხეს უქმნის არსებულ ჰეგემონიას. თვალსა და ხელს შუა ახალ მნიშვნელობას იძენს ისეთი კონცეპტები როგორიცაა განვითარება, კეთილდღეობა, დემოკრატია, სახელმწიფო ინტერესი, უსაფრთხოება, პოლიტიკა და სამოქალაქო საზოგადოება. რიონის ხეობის მცველების სახით ისეთი აქტორები გვევლინებიან, რომელთაც ვერ ეგუება, ადგილს და ახსნას ვერ უძებნის არსებული სისტემა. სწორედ ამგვარ სუბიექტებს შეუძლიათ ახალი ჰეგემონიის დამყარება დაპირისპირების და ანტაგონიზმის საშუალებით. მათი აგენტობა კი ბრძოლის პროცესში იძენს ფორმას და შინაარსს[30] - რიონის ხეობაში ეკოლოგიური წუხილით დაწყებული პროტესტი ხომ ეკონომიკური განვითარების შინაარსის და სახელმწიფოებრიობის ფორმების შეპირისპირებაში გადაიზარდა. თუმცა, ახალი მნიშვნელობების დაბადების შემთხვევაშიც, დისკურსული ფორმაცია ვერასოდეს მიიღებს ბოლომდე დასრულებულ სახეს და ვერც ტოტალურად ჩაკეტილი სისტემა შეიქმნება[31].

ამრიგად, რიონის ხეობის მცველები და მათი სოციალური ანტაგონიზმი ახალი ჰეგემონიის დამყარების იმედს ბადებენ, რადგან მათი არტიკულაცია, კონფრონტაციის გზით, ხელს უშლის არსებული სტრუქტურის მთლიანობას და მის ჩაკეტილობას[32]. სოციალური ანტაგონიზმი ხშირად მტრის ხატს ეფუძნება, რომელიც გარკვეულ დუალიზმს, დიქოტომიას ქმნის და რომლის გარეშეც ახალი ჰეგემონია ვერ აღმოცენდება. რიონის ხეობის წინააღმდეგობის შემთხვევაში შექმნილი დიქოტომია არც ხალხის და მთავრობის დუალიზმზე გადის, და არც კორუფციის და გამჭვირვალობის შეპირსიპირებაზე, როგორც ეს მაგალითად ვარდების რევოლუციის შემთხვევაში იყო. ახალი ანტაგონიზმი აშიშვლებს უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებული პერიფერიული ქვეყნების დამორჩილებულ, უსუსურ ყოფას, კერძო და საჯარო კეთილდღეობის შეპირისპირებით. იგი უპირისპირდება ყველა იმ ფუნდამენტს, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკის მოჩვენებითი განვითარება ვარდების რევოლუციიდან დღემდე: ბუნების გასაგნება და დამორჩილება, მშრომელთა ექსპლუატაცია, საზოგადოების ხმის უგულებელყოფა განვითარების პროცესში, კერძო კაპიტალის ინტერესების საჯარო კეთილდღეობაზე მაღლა დაყენება, ტექნოკრატიული გადაწყვეტილების მიღება, ძალადობრივი მეთოდები. ამრიგად, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება კომუნიკაციამ, ანაზღაურებულმა ფინანსურმა ზარალმა თუ პოლიციამ მოაგვაროს და მოაქციოს ამგვარ დიქოტომიაზე დაფუძნებული ახალი ანტაგონიზმი. მიმდინარე პროცესში მთავარია გაჩნდეს ფიქრი ალტერნატივებზე, რადგან დღეს ისე გვიჭერს კაპიტალის მარწუხები, როგორც არასდროს - დაღვრილია სისხლი, გაჩეხილია ტყეები, ამოკერილია მშრომელთა პირი და დადუმებულია მდინარეები.[33]

 

გამოყენებული ლიტერატურა

Bob Jessop, State Theory: Putting the Capitalist State in its Place, Polity Press, Cambridge, 1990

Ernesto Laclau and Chantal Mouffe, Hegemony and Socialist Strategy: Towards a Radical Democratic Politics, 2nd edn. Verso, London, New York, 1985

European Stability Initiative, “Georgia’s Libertarian Revolution, Part Three: Jacobins in Tbilisi“, 2010

Jacob Torfing, “Discourse Theory: Achievements, Arguments, and Challenges”, in Howart, D. and

Jian-Ye Wang, „The Georgian Hyperinflation and Stabilization”, IMF Working Paper, No 99/65, 1999

Joachim Becker, „Der Kapitalistische Staat in der Peripherie: polit-ökonomische Perspektiven“, in: Journal Für Entwicklungspolitik, XXIV (2), 2008, S. 10-32

Joachim Becker, Akkumulation, Regulation, Territorium: Zur kritischen Rekonstruktion der französischen Regulationstheorie, Metropolis Verlag, Marburg, 2002

Mikheil Saakashvili, Kakha Bendukidze, “Georgia: the most radical Catch-up Reforms”, in: A. Aslund, S. Djankov (eds), The Great Rebirth: Lessons from the Victory pf Capitalism over Communism, Peterson Institute for International Economics, Washington D.C. 2014

Ulrich Brand, Gegen-Hegemonie: Perspektiven globalisierungskritischer Strategien, VSA-Verlag Hamburg, Hamburg, 2005

Torfing, J. (eds) Discourse Theory in European Politics: Identity, Policy and Governance, 2005

World Bank, “Fighting Corruption in Public Services: Chronicling Georgia’s Reforms”, The World Bank, Washington D.C., 2012

საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში

საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში

საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, თბილისი, 2001

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შეფასება, 2021

https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-namakhvanhesis-khelshekrulebit-mnishvnelovani-sakhelmtsifo-interesebi-datmobilia-kerdzo-kompaniis-sasargeblod

სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო, “ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა“, 26 ვინისი, 2015

http://nasp.gov.ge/pages/show.php?postid=100

Civil.Ge, “ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობა პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებას გეგმავს”, 25 თებერვალი, 2015

https://civil.ge/ka/archives/153916

რადიო თავისუფლება, “ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია“, 24 მაისი, 2021

https://www.radiotavisupleba.ge/a/31270333.html

 

გაზეთები

“საქართველოს რესპუბლიკა“, N133, 9 ივლისი, 1991

“საქართველოს რესპუბლიკა“, N10, 22 იანვარი, 1992

“საქართველოს რესპუბლიკა“, N50, 26 მარტი, 1992

“საქართველოს რესპუბლიკა“, N138, 25 ივლისი, 1992

“საქართველოს რესპუბლიკა“, N102, 19 მაისი, 1993

 “საქართველოს რესპუბლიკა“, N125, 15 ივნისი, 1993

“საქართველოს რესპუბლიკა“, N170, 5 აგვისტო, 1993

“საქართველოს რესპუბლიკა“,  N171, 6 აგვისტო, 1993

“საქართველოს რესპუბლიკა“, N247, 17 ნოემბერი, 1993

“საქართველოს რესპუბლიკა“, N155, 2 სექტემბერი, 1994

 

[1] იხ. Bob Jessop, State Theory: Putting the Capitalist State in its Place, Polity Press, Cambridge, 1990; Joachim Becker, „Der Kapitalistische Staat in der Peripherie: polit-ökonomische Perspektiven“, in: Journal Für Entwicklungspolitik, XXIV (2), 2008, S. 10-32; Joachim Becker, Akkumulation, Regulation, Territorium: Zur kritischen Rekonstruktion der französischen Regulationstheorie, Metropolis Verlag, Marburg, 2002

[2] იხ. Ulrich Brand, Gegen-Hegemonie: Perspektiven globalisierungskritischer Strategien, VSA-Verlag Hamburg, Hamburg, 2005

[3] პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში 1997 წლიდან ძირითადად ბაქო-სუფსას და ბაქო-ჯეიჰანის პროექტების განხორციელებასთან იყო დაკავშირებული.

[4]რადიო თავისუფლება, ღარიბაშვილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია“, 24 მაისი, 2021

https://www.radiotavisupleba.ge/a/31270333.html

[5] “საქართველოს რესპუბლიკა“, N102, 19 მაისი, 1993, გვ. 4

[6] “საქართველოს რესპუბლიკა“, N247, 17 ნოემბერი, 1993, გვ. 3

[7] “საქართველოს რესპუბლიკა“, N138, 25 ივლისი, 1992, გვ. 4-6; N170, 5 აგვისტო, 1993, გვ. 4; N171, 6 აგვისტო, 1993, გვ. 4; N247, 17 ნოემბერი, 1993, გვ. 2-4

[8] “საქართველოს რესპუბლიკა“, N138, 25 ივლისი, 1992, გვ. 6

[9] “საქართველოს რესპუბლიკა“, N102, 19 მაისი, 1993, გვ. 4

[10] “საქართველოს რესპუბლიკა“, N247, 17 ნოემბერი, 1993, გვ. 4

[11] “საქართველოს რესპუბლიკა“, N125, 15 ივნისი, 1993, გვ. 4

[12] “საქართველოს რესპუბლიკა“, N10, 22 იანვარი, 1992, გვ. 2

[13] “საქართველოს რესპუბლიკა“, N50, 26 მარტი, 1992, გვ. 2

[14] “საქართველოს რესპუბლიკა“, N133, 9 ივლისი, 1991, გვ. 2

[15] “საქართველოს რესპუბლიკა“, N155, 2 სექტემბერი, 1994, გვ. 2

[16] Jian-Ye Wang, „The Georgian Hyperinflation and Stabilization”, IMF Working Paper, No 99/65, 1999

[17] საქართველოში “შოკური თერაპია“ 1992 წლის თებერვალში დაიწყო.

[18] საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 74

[19] იქვე, გვ. 80

[20] საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 81

[21] საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 104

[22] საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 12-13

[23] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, თბილისი, 2001, გვ. 16

[24] საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის სტენოგრაფიული ანგარიში, გვ. 10-11

[25] World Bank, “Fighting Corruption in Public Services: Chronicling Georgia’s Reforms”, The World Bank, Washington D.C., 2012, p. 96

[26] იხ. European Stability Initiative, “Georgia’s Libertarian Revolution, Part Three: Jacobins in Tbilisi“, 2010

Mikheil Saakashvili, Kakha Bendukidze, “Georgia: the most radical Catch-up Reforms”, in: A. Aslund, S. Djankov (eds), The Great Rebirth: Lessons from the Victory pf Capitalism over Communism, Peterson Institute for International Economics, Washington D.C. 2014, pp. 149-165

[27] European Stability Initiative, “ Georgia’s Libertarian Revolution, Part Three: Jacobins in Tbilisi“, 2010, p. 20 [ავტორის თარგმანი]

[28] Civil.Ge, “ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობა პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებას გეგმავს”, 25 თებერვალი, 2015

https://civil.ge/ka/archives/153916

სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო, “ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა“, 26 ვინისი, 2015

http://nasp.gov.ge/pages/show.php?postid=100

[29] იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შეფასება, 2021

https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-namakhvanhesis-khelshekrul…

[30] იხ. Ernesto Laclau and Chantal Mouffe, Hegemony and Socialist Strategy: Towards a Radical Democratic Politics, 2nd edn. Verso, London, New York, 1985, p. 105

ასევე, Jacob Torfing, “Discourse Theory: Achievements, Arguments, and Challenges”, in Howart, D. and Torfing, J. (eds) Discourse Theory in European Politics: Identity, Policy and Governance, 2005, p. 16

[31] Ernesto Laclau and Chantal Mouffe, Hegemony and Socialist Strategy: Towards a Radical Democratic Politics, p. 111

[32] იქვე, გვ. 121, 134-136

[33] აღნიშნული სტატიის დაწერიდან მალე, რიონის ხეობის მცველების იმედისმომცემი ბრძოლის სხივი და ხიბლი გაფერმკრთალდა, მას შემდეგ რაც მათ მხარი დაუჭირეს ეკლესიას თბილისის პრაიდის წინააღმდეგ. რიონის ხეობის მცველების ეს საჯარო პოზიციონირება კიდევ უფრო საბედისწერო აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ პრაიდი მოძალადობრივ დარბევაში და ჟურნალისტებზე თავდასხმაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა კიდეც ერთი ოპერატორი. მიუხედავადა იმისა, რომ რიონის ხეობის მცველები ამგვარ ძალადობას ემიჯნებიან, მათმა გადაწყვეტილებამ 5 ივლისის პრაიდზე ბევრი შეკითხვა და დიდი იმედის გაცრუება გამოიწვია მათ მხარდამჭერებს შორის. ამრიგად, დღეს ჯერ კიდევ ღიაა რიონის ხეობის მცველების ტრანსფორმაციულ ძალად გადაქცევის ბედი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ეს მოძრაობა დარჩება უპრეცედნეტო ისტორიულ ანტაგონიზმად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც იმედია ზედ დაეშენება მომავალი წინააღმდეგობები.