გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006

რა როლი შეასრულეს ქალებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში?

რომელი ფორმალური და სამართლებრივი ჩარჩოები არსებობს გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში; როგორ და ვის მიერ იქნა ისინი პრაქტიკაში რეალიზებული?

რა როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის?

რომელი ფაქტორები აფერხებს და რომელი უწყობს ხელს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანასწორი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრების პროცესს?

როგორი სახის ზემოქმედება, პოზიტიური თუ ნეგატიური, შეიძლება მოახდინონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ფონდებმა ამ პროცესში?

ნაშრომი “გენდერი და დემოკრატიზაცია: საქართველო 1991-2006” წარმოადგენს მცდელობას, რომ პასუხი გაეცეს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს.

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა და ბერლინის სათავო ოფისებმა თამარ საბედაშვილს ანალიტიკური კვლევა შეუკვეთეს იმ მიზნით, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიზაციის პროცესის ურთიერთმიმართებისა და ამ სფეროში არსებული სირთულეების სურათი მიეღოთ. ამ სირთულეების დაძლევა ხომ აუცილებელია ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.

ჩვენი აზრით, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო ინიციატივა აღმოჩნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის დემოკრატიის მშენებლობის საქმეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გენდერული დემოკრატიის განვითარება ფონდის მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ეს ქალის სოციალურ ემანსიპაციას და კაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობას ნიშნავს. გენდერული დემოკრატია კომპლექსური ამოცანაა და ჩვენი ფონდის ყველა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გენდერული დემოკრატიის მზა სახელმძღვანელო არ არსებობს - საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ორგანიზაციისა და მთელი საზოგადოების წინსვლას განვითარებისკენ. გენდერული დემოკრატიის კონცეფციები მუდმივ გადასინჯვასა და განახლებას მოითხოვს კონკრეტული სოციალური და კულტურული გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით.

ამ ნაშრომში წარმოდგენილი საქართველოს სიტუაციური ანალიზის პრეზენტაცია შედგა 2007 წლის 2-10 მარტს ფონდის საერთაშორისო კონფერენციაზე, პაკისტანის ქალაქ ლაჰორში. ნაშრომმა ცხადყო, თუ რა დიდი შესაძლებლობები აქვს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ზუსტ და თანმიმდევრულ ინტეგრირებას დემოკრატიის მშენებლობის საქმეში.

ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის კონკრეტულ საქმიანობას რაც შეეხება, სიტუაციური ანალიზი დაგვეხმარა ხელახლა შეგვეფასებინა ჩვენი საქმიანობა და გადაგვესინჯა დადგენილი პრიორიტეტები გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიის მშენებლობის სფეროებში, რამაც თავისთავად მომავალი პროგრამების დახვეწის საშუალება მოგვცა. ქ-ნი საბედაშვილი გენდერული და დემოკრატიული განვითარების პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის სრულყოფილ და კრიტიკულ სურათს გვაძლევს. გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნები თუ მასში გაკეთებული განცხადებები გვავალდებულებს დავფიქრდეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც უნდა დავძლიოთ, კერძოდ:

  • საქართველოში შექმნილია დე იურე საფუძველი გენდერული თანასწორობისთვის, მაგრამ მისი პრაქტიკაში ამოქმედების და განხორციელების სურვილი ნაკლებად იგრძნობა. ამაზე მიუთითებს როგორც ვარდების რევოლუციამდელი, ისე რევოლუციის შემდეგდროინდელი ხელისუფლების საქმიანობა.
  • პოლიტიკური ნების ნაკლებობა, ტრადიციული წარმოდგენები სქესთა როლებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე გენდერული თანასწორობის საკითხებზე ამგვარი თანასწორობის დამკვიდრების გზაზე აღმართული დაბრკოლებებია.
  • ამჟამად პოლიტიკურ არენაზე ეფექტურად არ არის წარმოდგენილი მთელი საზოგადოება. ზოგადად, სუსტი პოლიტიკური წარმომადგენლობის ფონზე კი ხალხს გენდერული თანასწორობა არსებით პრობლემად არ მიაჩნია.
  • ქალთა უფლებებისა და მათთვის უფლებამოსილების მინიჭების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთი პროგრამების ზუსტად დაგეგმვასა და მუშაობის კოორდინირებას ხშირად ვერ ახერხებენ, რასაც მივყავართ საქმიანობის დუბლირებისკენ და ქალთა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი კონკურენციისკენ.

მართალია, ნაშრომი თავდაპირველად ფონდის შიდა მოხმარებისთვის შეიქმნა, მაგრამ ჩანს, რომ ის საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის სხვა მონაწილეებსაც გამოადგებათ. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც საჭიროებების შეფასების დოკუმენტი ახალი პროგრამებისა თუ საქმიანობების დაგეგმვის ეტაპზე. ამას გარდა, ნაშრომი საინტერესო საკითხავია ყველასთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ადევნებს თვალს.

ველით თქვენს გამოხმაურებას,

მირა ზოვაკარი

პროექტის მენეჯერი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი

2007

Product details
Date of Publication
2007
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართულ/ინგლისური